ინტერნეტრეკლამის დროა! - კვირის პალიტრა

ინტერნეტრეკლამის დროა!

"ეკონომიკური კრიზისი, ინტერნეტრეკლამის განვითარებისთვის საუკეთესო პირობად იქცა"

რეკლამირების სხვადასხვა საშუალებებს შორის ინტერნეტრეკლამა განვითარების ყველაზე მზარდი ტემპებით გამოირჩევა. სხვა გარემოებებთან ერთად, ამას ისიც განაპირობებს, რომ ინტერნეტაუდიტორია სულ უფრო მრავალრიცხოვანი ხდება. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ სარეკლამო ბაზარზე, ინტერნეტრეკლამამ შესაძლოა სატელევიზიო რეკლამაც კი ჩამოიტოვოს.

გიორგი ჟორჟოლიანი (საინფორმაციო საიტ "ამბები.გე"-ს რედაქტორი): "ეკონომიკური კრიზისებისას, ხშირად ბიზნესის სხვადასხვა სფეროების დაკნინების ხარჯზე რომელიმე ერთი სახეობა განიცდის აღმავლობას. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ფაქტობრივად, ინტერნეტრეკლამის განვითარებისთვის საუკეთესო პირობად იქცა. სწორედ წლეულს გაუსწრო მოწინავე ქვეყნებში ინტერნეტრეკლამამ ბრუნვით ტელერეკლამას, რომელსაც აქამდე პირველობა არ დაუთმია.

გარდა იმისა, რომ ინტერნეტრეკლამა საკმაოდ იაფია სატელევიზიო "კოლეგაზე", ის მომხმარებლისთვის მიზნობრივი ინფორმაციის მიწოდების საუკეთესო საშუალებაცაა. იმას არ ვამბობ, რომ სატელევიზიო რეკლამა ნაკლებეფექტურია, თუმცა შედეგის მისაღწევად გაცილებით მეტი კაპიტალდაბანდებაა საჭირო. მიზნობრივი აუდიტორიის წვდომის თვალსაზრისით კი ინტერნეტრეკლამას ძალზე დიდი უპირატესობა აქვს. ბანერი ან ტექსტური რეკლამა შეიძლება აჩვენო მარტო იმ აუდიტორიას, რომლის ასაკი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი და მოთხოვნილებები კონკრეტულ პროდუქტს შეესაბამება. ვთქვათ, ქალის ჰიგიენური საშუალებების სარეკლამო ბანერი აჩვენო მხოლოდ თბილისში მცხოვრებ ქალებს, 15 წლიდან და ზემოთ. ეს ყველაზე მომგებიანი ვარიანტია, როცა რეკლამის ფასი მისი "ჩვენებების" რაოდენობით იანგარიშება. ანუ შემკვეთი ფულს იხდის მხოლოდ პოტენციური კლიენტისთვის ნაჩვენებ რეკლამაში.

არსებობს რეკლამის განსაზღვრული დროით განთავსების პრაქტიკაც. მომხმარებელი ფულს "ჩვენებების" რაოდენობის მიხედვით კი არ იხდის, არამედ იმის მიხედვით, რამდენ ხანს "ეკიდა" ესა თუ ის ბანერი საიტზე. ეს მეთოდი ხელსაყრელია როგორც ზოგად, ისე თემატურ საიტებზე. ინტერნეტრეკლამის დახარისხება თემების მიხედვით ძალიან ადვილია. მაგალითად, არსებობს სამედიცინო ან სამხედრო თემატიკის საიტები. მართალია ე.წ. ვიწრო სპეციალიზაციის საიტების მომხმარებელთა რაოდენობა იმდენად დიდი არ არის, როგორც გასართობის ან საინფორმაციოსი, მაგრამ დადებითი მხარეები ამასაც აქვს.

არსებობს სამედიცინო საიტი "მკურნალი.გე", სადაც იხილავთ სტატიებს დაავადებებზე, მკურნალობის მეთოდებზე, ინფორმაციას საქართველოს სამკურნალო მცენარეების, სამედიცინო დაწესებულებების, მედიკამენტების შესახებ და სხვ. აქ შეიძლება კითხვა დაუსვა ექიმს და მიიღო კვალიფიციური კონსულტაცია... ამ საიტის მომხმარებელი ვერ იქნება თინეიჯერი ან გართობას მოწყურებული მკითხველი. ამ საიტზე ხვდებიან პოტენციური პაციენტები, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს. მკითხველები არიან ექიმები ან მედიცინის სფეროს მუშაკები, რომლებსაც საიტზე არსებული დიდი მონაცემთა ბაზა აინტერესებთ. ესეც გამოკვეთილი მიზნობრივი აუდიტორია...

მართალია, დღესდღეობით საქართველოში ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობა ვერ შეედრება ტელე და რადიო მომხმარებლების რიცხვს, თუმცა ყურადსაღებია, რომ ზოგადად "ხარისხი" (მსყიდველუნარიანობა) ბევრად მაღალია... ინტერნეტის მომხმარებელთა დიდი ნაწილი 50 წლამდე ადამიანებია, რომლებიც, სავარაუდოდ, მუშაობენ და სამსახურიდან შედიან ინტერნეტში ან აქვთ კომპიუტერი და შეუძლიათ შინიდან გაუსვლელად ადევნონ თვალყური ვირტუალურ სამყაროს. ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტრეკლამის მომხმარებლების დიდი ნაწილი თავად გამოიმუშავებს ფულს და თავადვე წყვეტს, როგორ დახარჯოს ის. თან ინტერნეტი მაინც ნოვატორული სფეროა და ეს ხალხიც შესაძლებელია ნოვატორებად ჩავთვალოთ. სტატისტიკურად სწორედ ასეთები მისდევენ მოდას, ყიდულობენ თანამედროვე მობილურებს, ახალ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, მოგზაურობენ, ანუ -ხარჯავენ ფულს.

სხვა სფეროებისგან განსხვავებით, ინტერნეტი საშუალებას გვაძლევს, დამატებითი დანახარჯებისა და კვლევების გარეშე გვექნეს ზუსტი სტატისტიკა, რამდენი დამთვალიერებელი ჰყავს ამა თუ იმ საიტს და შესაბამისად, იქ განთავსებულ რეკლამასაც. ადვილად დასათვლელია, რა ინტერესი გამოიწვია რეკლამამ. ამით სარეკლამო კამპანია უფრო მოქნილი ხდება. შეცდომების აღმოჩენა და შესაბამისად გამოსწორებაც აქ უფრო ადვილია და პროცესიც არ ჭიანურდება.

ქართული სარეიტინგო სისტემების დაუხვეწაობის მიუხედავად, ისინი მაინც ასრულებენ თავის დანიშნულებას. არსებობს ბევრად უფრო გამართული საშუალებებიც, რომელთა დახმარებითაც შეიძლება საიტის, სტატიის ან ბანერის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის გაგება -რომელი ქვეყნიდან ან ქალაქიდან რამდენი მკითხველი იყო შემოსული, საშუალოდ რა დრო დაჰყო ვებგვერდზე და სხვ. ამ ყველაფერს დაწინაურებულ ქვეყნებში ადვილად აუღეს ალღო და შედეგსაც იმკიან როგორც რეკლამის შემკვეთები, ისე შემსრულებლებიც.

საქართველოში ინტერნეტრეკლამის ბუმი ჯერ ნამდვილად არ დაწყებულა. ამას ბევრი რამ უშლის ხელს, ინტერნეტის ე.წ. სიჩქარეებით დაწყებული, პროვაიდერების შიდაომებითა და ურთიერთდაბლოკვებით დამთავრებული. მაგრამ ძვრები აშკარად თვალში საცემია. ბოლო დროს "ამბები.გე"-ზეც გაიზარდა რეკლამის რაოდენობა. კლიენტების უმრავლესობა შედეგით კმაყოფილია, თუმცა ჩვენ მაინც არ ვართ კმაყოფილი საკუთარი მიღწევებით. ჩვენი თვითმიზანი არ არის, კლიენტს თანხა გამოვართვათ და მისი ბანერი გამოვკიდოთ. ვცდილობთ ავუხსნათ, რა სახის, რა რეკლამა იქნება მაქსიმალურად ეფექტიანი. ხშირად ისეთ მიდგომასაც ვაწყდებით: მე ფულს ვიხდი და არაფერი მაინტერესებს. გაგეცინებათ და იყო შემთხვევა, როცა რედაქციაში მოტანილი უსახური ბანერი საკუთარი სახსრებით გადავაკეთეთ ან საერთოდ ვთქვით უარი რეკლამის განთავსებაზე, იმიტომ რომ, ჩვენი აზრით, ამ რეკლამას შედეგი არ ექნებოდა. ამით მარტო კლიენტებზე კი არ ვზრუნავთ, საკუთარ სახელსაც ვუფრთხილდებით, უკმაყოფილო კლიენტი ხომ ჩვენ გაგვიწევს ანტირეკლამას. ჩვენს ინტერესშია, წამიერ მოგებას არ გამოვეკიდოთ, გამოუცდელ შემკვეთს სპეციფიკა ავუხსნათ და ერთად მივაღწიოთ წარმატებას".

ირაკლი ლექვინაძე ("ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის" კომერციული დირექტორი): "ბუნებრივია, ინტერნეტრეკლამის წილი საერთო სარეკლამო სტრუქტურაში საქართველოშიც იზრდება, თუმცა მომხმარებლების რიცხვი ჯერ არ არის იმდენი, რომ ეს ბაზარი დიდი ინვესტიციების მიღებისთვის იყოს მზად. ზუსტი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ თუ სხვადასხვა წყაროს გავითვალისწინებთ, საქართველოში დაახლოებით 400 ათასი ინტერნეტის მომხმარებელია, ანუ მთლიანი მოსახლეობის 10%. ტელევიზიას ან რადიოს გაცილებით მეტი მსმენელი და მაყურებელი ჰყავს. მაგრამ ეს დროის ამბავია, კრიზისული ვითარების მიუხედავად, საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი მზარდია და დარწმუნებული ვარ, უახლოეს ხუთ წელიწადში ინტერნეტრეკლამა აუცილებლად გახდება სარეკლამო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

დღეს ყველაზე იაფი სარეკლამო საშუალება, რადიოსა და ტელევიზიასთან შედარებით ინტერნეტრეკლამაა. ჩვენი კომპანია უკვე სამი წელია ინტერნეტბაზარზეა და ამ სამწლიან დინამიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ინტერნეტრეკლამის ზრდა მნიშვნელოვანია (როცა ჩვენ ვიწყებდით, ინტერნეტრეკლამის მოცულობა მინიმალური იყო, სარეკლამო ბანერის განთავსება მეტწილად არაკომერციული მიზნით ხდებოდა). დღეს ბევრი კომპანია ინტერნეტრეკლამას უკვე სათანადოდ აფასებს.

ინტერნეტბაზარს რეკლამის თვალსაზრისით დიდი შესაძლებლობები აქვს. ბოლო დროს ძალიან მრავალფეროვანი ტექნოლოგიები შეიქმნა ამ სფეროში. არის გამოკითხვების პრაქტიკაც, რაც ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტერნეტმომხმარებლის აზრის ჩამოყალიბებაში. მსოფლიო ბაზრის ტენდენციებს საქართველოშიც მივყვებით, რაც მეტი იქნება ინტერნეტმომხმარებელი, მით მეტ დატვირთვასა და მნიშვნელობას შეიძენს ინტერნეტრეკლამა და ეს ფასებზეც აისახება. ცოტა შორეულ პერსპექტივაში, არ არის გამორიცხული, ინტერნეტრეკლამამ ტელერეკლამას გაუწიოს მეტოქეობა. მსოფლიოში ეს ტენდენცია თვალში საცემია. მაგალითად, 2009 წლის პირველ ნახევარში, ბრიტანულმა კომპანიებმა, პირველად სარეკლამო ბიზნესის ისტორიაში, ინტერნეტრეკლამაში მთელი სარეკლამო ბიუჯეტის 23,5% დახარჯეს, სატელევიზიო სივრცეში კი რეკლამის 22% განათავსეს.

ეს პირველ რიგში გამოწვეულია იმით, რომ დასავლეთში ჯერ კიდევ კრიზისული ვითარებაა. სატელევიზიო რეკლამა საკმაოდ ძვირი ღირს, ინტერნეტრეკლამა კი ბევრად იაფია და მომხმარებლების რაოდენობით ტელემაყურებელთა რიცხვს არ ჩამოუვარდება. თუ საქართველოში ინტერნეტიზაციის უფრო მაღალი დონე გვექნება, მოსახლეობის 30% მაინც თუ ჩაერთვება ინტერნეტსივრცეში, დიდი პოტენციალი გაჩნდება, რომ ინტერნეტრეკლამა სულ უფრო მოთხოვნადი გახდეს".

ტარიელ ზივზივაძე (ბიზნესკონსულტანტი): "ფაქტია, რომ ინტერნეტრეკლამის ბაზარი იზრდება, მაგრამ კონკრეტული ციფრების მოყვანა რთულია. საშუალო წლიური ზრდა კრიზისამდელ პერიოდში შეადგენდა 30-40%-ს წელიწადში. ბოლო წლის განმავლობაში ალბათ ასეთი ზრდა არ იქნებოდა.

ინტერნეტრეკლამის უპირატესობა სხვა სახის რეკლამასთან შედარებით მრავალია. მასშტაბურობა, მიზნობრიობა, დანახარჯეფექტურობა - ალბათ ეს არის სამი დიდი უპირატესობა, რაც ინტერნეტრეკლამას გააჩნია. მასშტაბურობა გულისხმობს, რომ ინტერნეტრეკლამა შეიძლება აკეთო მსოფლიოს მასშტაბით. მიზნობრიობაში იგულისხმება, რომ შესაძლებელია კონკრეტულ მიზნობრივ აუდიტორიებზე, სეგმენტებზე მუშაობა. დანახარჯეფექტურობა კი ნიშნავს, რომ იმავე მარკეტინგული ხარჯით ინტერნეტში მეტი შედეგის მიღებაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, საქართველოში ინტერნეტრეკლამის დამკვეთთა უმრავლესობა ცუდად იცნობს ამ თემას. მეტიც, მათი 95% ჰაერზე ისვრის ფულს და შედეგებს ან ვერ აანალიზებს, ან ძალიან მიამიტად აკეთებს ამას. რა შემთხვევაშია ინტერნეტრეკლამა ეფექტიანი? ის მაშინაა ეფექტიანი, როცა მას მცოდნე ადამიანი, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, საჭირო პროდუქტისთვის, საჭირო მომხმარებლისთვის და სხვ. გამოიყენებს. ფაქტია, ინტერნეტრეკლამის ბაზარი მთელ მსოფლიოში იზრდება. ცნობილი "გუგლი" ამ საქმით მილიარდებს აკეთებს. საქართველოში, რეალობიდან გამომდინარე, ინტერნეტრეკლამა სწრაფად გაიზრდება. ეს ზრდა შესამჩნევი უკვე 2010 წლის შემოდგომაზე გახდება".

რეკლამა online

-მსოფლიოში ონლაინ-მარკეტინგის ხარჯების საერთო მოცულობამ 2008 წლის განმავლობაში 65 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა;

-2011 წლის პროგნოზი 106 მილიარდი აშშ დოლარია;

-ონლაინ-მარკეტინგზე დახარჯები წელიწადში საშუალოდ 20-23%-ით იზრდება.