კრედიტები გაიცემა, მაგრამ... არ გაიცემა - კვირის პალიტრა

კრედიტები გაიცემა, მაგრამ... არ გაიცემა

"ბანკებს კრედიტის გაცემა სურთ, მაგრამ რისკის გაწევა - არა"

ბანკირები არცთუ გულახდილი ხალხია, თავიანთ ბიზნესზე ლაპარაკი არ ეხალისებათ. კრიზისის დროს კი ბანკებმა გულახდილობა საერთოდ დაივიწყეს. რისკების ზრდის გამო მომხმარებლებისთვის პირობები ყველა ბანკში გაუარესდა, პროცენტი გაიზარდა, თუმცა საიტებზე საკრედიტო პროდუქტები მიმზიდველი პირობებით ისევ უდევთ. მაგრამ როცა კლიენტი ბანკში მიდის, ირკვევა, რომ კრედიტის მიღების შანსები ან ნულის ტოლია, ან საკრედიტო განაკვეთი წინასწარ შემოთავაზებულზე ბევრად მაღალია.

ბოლო ერთი თვეა იმ ბანკებმა, რომლებიც კრიზისს გადაურჩნენ და ანგარიშებზეც თანხები უმოქმედოდ უდევთ, საკრედიტო პროდუქტების რეკლამა გაააქტიურეს. თითქმის ერთი წელი თითო-ოროლა კრედიტს თუ გასცემდნენ, ახლა კი გამოაცხადეს, რომ კრედიტებსაც გასცემენ და პროცენტებიც დაწიეს. კლიენტების მისაზიდად განსაკუთრებით ლიდერთა ხუთეული აქტიურობს, რომელთაც დეპოზიტებზე ყველაზე მეტი ფული მოუგროვდათ. სარეკლამო შეტევა კი ნაცადი ხერხია.

"საქართველოს ბანკში" აცხადებენ, რომ საპროცენტო განაკვეთები რამდენიმე ტიპის სესხზე შეამცირეს - იპოთეკურზე 14,5%-მდე, სამომხმარებლოზე - 20%-მდე, ავტოსესხის განაკვეთი კი 16%-დან იწყება. "თიბისი"-ში ამბობენ, რომ პროცენტების დაწევა აგვისტოდან დაიწყეს და პირობებიც გაამარტივეს. იპოთეკურ სესხზე წლიური განაკვეთი 14,9%-დან იწყება, სამომხმარებლო სესხებს კი 21-27%-ის ფარგლებში გასცემენ. პროცენტის 3-4 განაკვეთით დაწევაზე საუბრობენ ბანკ "რესპუბლიკასა" და "პროკრედიტბანკშიც". მაგრამ საქმე ის არის, რომ ბანკების უმრავლესობა პროცენტის ზედა ზღვარს არ ასახელებს. კრედიტის მსურველს კი მწირი არჩევანი აქვს - ბაზარზე მოქმედი 19 ბანკიდან უმრავლესობას კრედიტების გაცემა წელიწადზე მეტია შეჩერებული აქვს და ჯერჯერობით არც განახლებას აპირებს. ბევრი მათგანის სასესხო პორტფელი კვლავაც პრობლემური სესხებითაა სავსე, რის გამოც დაკრედიტებისგან თავს იკავებენ.

ბანკები საკრედიტო პროდუქტებს კი სთავაზობენ კლიენტებს, მაგრამ წინასწარ არავინ იცის, რეალურად რამდენ პროცენტად მიიღებს სესხს. ბანკები საგულდაგულოდ ნიღბავენ კრედიტის პროცენტს, მისი წინასწარ გარკვევა სპეციალისტსაც გაუჭირდება. მომხმარებელი სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდის, მანამდე სასესხო პირობებში ვერ გაერკვევა. როცა კლიენტი თანხმობას მიიღებს, აღმოჩნდება, რომ კრედიტი მას არა დაპირებულ 16-17%, არამედ ზოგჯერ ორჯერ ძვირი დაუჯდება. კრედიტის მოპოვება ბიზნესსაც უჭირს და ფიზიკურ პირსაც. ამიტომ ვისაც კრედიტი ძალიან სჭირდება და სხვა გზაც არ აქვს, ნებისმიერ პირობებზე თანხმდება, საპროცენტო განაკვეთს უკვე აღარ დაეძებს. მცირე შემოსავლის მქონე საბანკო სესხზე ვერც იოცნებებს, მაგრამ ვისაც საშუალო შემოსავალი აქვს და გადახდისუნარიანიც არის, კრედიტის აღება მისთვისაც საკმაოდ რთულია.

სოფო ბაქრაძე (მომხმარებელი): "ოჯახური მდგომარეობის გამო ბინის ყიდვა გადავწყვიტე, თანხა არ მყოფნიდა და ბანკიდან იპოთეკური სესხის გამოტანა დავაპირე. 13 ათასი დოლარი მჭირდებოდა. მივაკითხე ერთ-ერთი ლიდერ ბანკს. ვამჯობინე, იმ ბანკისთვის მიმემართა, სადაც ხელფასი მერიცხება. ხელფასი 1700 ლარს აღწევს, მაქვს დამატებითი შემოსავალიც, რომელსაც ამავე ბანკში ვიღებ. ანაბარიც აქ მაქვს გახსნილი, სადაც რამდენიმე წელი ვაგროვებდი და უკვე საკმაოდ სოლიდური თანხა მომიგროვდა. ბინის ფასში ჩემი თანამონაწილეობა 50%-ს აჭარბებდა. ბანკში მივიტანე ყველა სახის დოკუმენტაცია და საბუთი, რაც მომთხოვეს. ანუ მათი მხრიდან ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებდი. ერთადერთი საფეხური იყო გასავლელი - ბინის შეფასება, რომელსაც იპოთეკით ვტვირთავდი. ბანკის შემფასებელს ორი კვირის განმავლობაში ველოდეთ, ბოლოს მოვიდა და 5-ოთახიანი, 92 კვ.მ. ფართის ბინა, რომელიც უძრავი ქონების რამდენიმე ფირმამ 45 ათას დოლარად შემიფასა, 5 ათას დოლარად შეაფასა და ამის გამო სესხზე ბანკმაც უარი თქვა. ვფიქრობ, ბანკს არ უნდოდა სესხის გაცემა. რეკლამასაც იმიტომ აკეთებენ, ილუზია შექმნან, რომ ყველაფერი კარგად არის. თავიდან სხვა პირობებს გვეუბნებიან, მაგრამ როცა მიხვალ, სხვა ვითარება გხვდება".

ექსპერტები კრედიტის მსურველს ურჩევენ, ჯერ გადაწყვიტოს, ბანკისგან რამდენის სესხება სურს, დეტალურად შეისწავლოს საკრედიტო შეთანხმება, საკომისიოს ოდენობასა და საბოლოო პროცენტს მიაქციოს ყურადღება, შემდეგ სხვა ბანკების პირობებს შეადაროს და ყველაზე მისაღები ვარიანტი შეარჩიოს. ამასთან საკუთარი შესაძლებლობები და გადახდისუნარიანობაც გაითვალისწინოს.

არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ბანკებმა საკრედიტო შეზღუდვები მოხსნან? - ამის შესახებ საბანკო ექსპერტ მერაბ კაკულიას ვკითხეთ:

- დაკრედიტების მოცულობის რეალური მატება ჯერ არ ჩანს, თუმცა კომერციულ ბანკებს სხვა გზა ნამდვილად აღარ რჩებათ. მაისიდან მოყოლებული იზრდება საბანკო დეპოზიტები, ეკონომიკის დაკრედიტებაში კი კვლავ კლების ტენდენციაა. თუ ბანკებმა სადეპოზიტო და სასესხო განაკვეთები არ შეამცირეს, მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება. რისკების მიმართ ბანკები ადრინდელზე კონსერვატიული იქნებიან, რადგანაც გარემო კვლავ არასტაბილურია და ძნელი სათქმელია, რამდენად დინამიკური იქნება პოსტკრიზისული გამოცოცხლება. ასე რომ, ბანკების განწყობა დღეს ასეთია: მათ უნდათ კრედიტის გაცემა, მაგრამ უჭირთ მეტ-ნაკლებად სერიოზული რისკის გაწევა.

- რა კატეგორიის მსესხებელს აქვს ამჟამად კრედიტის მიღების მეტი შანსი?

- კრედიტის მიღების მეტი შანსი იმ კომპანიებს ექნებათ, რომელთა საქმიანობის სფეროში კრიზისის დაძლევის უკეთესი პერსპექტივაა. მაგ. მრეწველობაში კრედიტის მიღება მის პროდუქციაზე საგარეო მოთხოვნის მატებაზე იქნება დამოკიდებული; მშენებლობაში - უძრავი ქონების ფასების ზრდაზე, ვაჭრობაში - იმპორტულ საქონელზე მოთხოვნის აღდგენაზე. მნიშვნელოვანია კომპანიის კრიზისამდელი საკრედიტო ისტორია და მენეჯმენტის ადეკვატურობა კრიზისის პერიოდში. მეტი შანსი იმ კომპანიებს აქვთ, რომელთა საქმიანობა უკავშირდება საჯარო სექტორში დონორთა დახმარებით მიმდინარე პროექტებს - გზების, ენერგეტიკული, კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ფიზიკური პირების დაკრედიტებისას ბანკები, სავარაუდოდ, მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ, რადგანაც მათზე გასესხება მდგრად დასაქმებასა და რეგულარულ შემოსავლებს მოითხოვს.

- რა უნდა გაითვალისწინოს კრედიტის მსურველმა ბანკში კრედიტის მოთხოვნისას?

- კორპორაციულმა კლიენტმა, სულ ცოტა, სამი პირობა უნდა დააკმაყოფილოს: პირველი, ბანკი თავისი ბიზნესის პერსპექტიულობაში უნდა დაარწმუნოს; მეორე, უნდა გააჩნდეს სუფთა საკრედიტო ისტორია; და მესამე, უნდა ჰქონდეს გამჭირვალე მენეჯმენტი, განსაკუთრებით ფინანსური. ფიზიკური პირების შემთხვევაში, თუ საქმე იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხს ეხება, გადამწყვეტი მნიშვნელობა შემოსავლების წყაროს მდგრადობას ენიჭება. დიდ როლს თამაშობს საკრედიტო ისტორიაც.

- როდიდან გაიზრდება ბანკიდან კრედიტის მიღების შანსები?

- ბანკები დღესაც მზად არიან დაკრედიტების გასაზრდელად, თუმცა გადახდისუნარიანი მსესხებელი ჯერ კიდევ ცოტაა. ეკონომიკური გამოცოცხლების კვალობაზე მათი რიცხვი გაიზრდება, მაგრამ კრიზისიდან გამოსვლას ორი წელი მაინც დასჭირდება. აქედან გამომდინარე, საკრედიტო ექსპანსია 2010 წელს ნაკლებადაა მოსალოდნელი. მიუხედავად ამისა, კრედიტის ხელმისაწვდომობა მაინც საგრძნობლად გაიზრდება, რადგან გაზრდილი კონკურენცია ბანკებს აიძულებს, ჭარბი თანხის განთავსების გზები ეძებონ. გამორიცხული არ არის, საპროცენტო განაკვეთები კიდევ შემცირდეს. გარდა ამისა, შესაძლოა გაიზარდოს შედარებით მცირე მოცულობის დაკრედიტება, რითაც უპირატესად წვრილი ბიზნესი ისარგებლებს.

შემცირებული სესხები

- ბოლო ერთ წელიწადში ბანკების მიერ დაკრედიტება 13%-ით შემცირდა (მართალია, კლების ტემპმა იკლო, მაგრამ სესხების მოცულობა მაინც მცირდება). ნოემბრისთვის მათ 5,277 მილიარდი ლარი აქვთ გაცემული.

- გაცილებით მეტად შეზღუდეს სამომხმარებლო სესხები - 34%-ით და ფიზიკურ პირებზე დეკემბრისთვის სულ 636,4 მილიონი ლარი აქვთ გასესხებული;

- შესაბამისად, ბანკები ზარალობენ. 13-თვიანი წაგების შემდეგ სექტემბერში ბანკებმა პირველად აღირიცხა 7 მილიონი ლარის მოგება, მაგრამ ოქტომბერში ისევ 2,180 მილიონი ლარით იზარალეს.

ნონა ქვლივიძე