რატომ მიცურავს საქართველოს კუთვნილი ტვირთი სხვა ქვეყნებში
29-07-2013
რატომ მიცურავს საქართველოს კუთვნილი ტვირთი სხვა ქვეყნებში
"არაერთი კომპანია დაზარალდა, მაგრამ ჩინეთის საელჩოდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია"

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს, რომ ჩინეთიდან ტვირთის ჩამოტანასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება. ცოტა ხნის წინ "ეკოპალიტრას" რამდენიმე ბიზნესმენი დაუკავშირდა. მათ გვითხრეს, რომ ჩინეთიდან თბილისში წამოსული ტვირთი გაუგებარი მიზეზით რატომღაც უკრაინაში, კერძოდ კი ილიჩევსკის პორტში აღმოჩნდა. იქ შესული კონტეინერის გამოხსნა კი ლამის მეკობრეების ხელში ჩავარდნილი ტვირთის დახსნას ჰგავს.

ბიზნესმენები ყვებიან, რომ ილიჩევსკის პორტის საზღვაო აგენტები მათგან წარმოუდგენლად მაღალ გადასახადებს
ითხოვენ და რომ ეს სატრანზიტო პორტი ძალიან ჰგავს ყაჩაღობის ზონას. საქმოსნების თქმით, პორტში კონტეინერების რამდენიმე თვით გაჩერება და გაძარცვა ჩვეულებრივი ამბავია და ეს უკრაინული პორტი ბიუროკრატიისა და კორუფციის ბუდეა. მაგრამ ძაღლის თავი სწორედ იქ მარხია, თუ რატომ ხვდება ტვირთები უკრაინაში და რა სქემა მოქმედებს ჩინეთიდან
წამოსული ტვირთებისთვის, რაც მავანთათვის სარფიან საქმედ იქცა და განმკითხავიც ჯერჯერობით არავინაა.

როგორც საზღვაო ხაზების სპეციალისტები განმარტავენ, მსოფლიო ლოგისტიკაში დაუშვებელია, რომ საქართველოსთვის აზიიდან მომავალი ტვირთისთვის გადატვირთვის პორტი უკრაინაში იყოს. ეს იტალიისა და სტამბოლის პორტების საქმეა.

შორს რომ არ წავიდეთ და ბევრი მაგალითის მოყვანით არ გადაგღალოთ, თვალსაჩინოებისთვის კომპანია "ბიბლუსის" მაგალითიც კმარა, მით უფრო, რომ ამის შესახებ ოფიციალურად ინფორმირებულია როგორც ჩინეთის საელჩო საქართველოში, ასევე ჩინეთის ბიზნესატაშე. შესაბამისად, ეს შემთხვევა ნათელი მაგალითია, როგორ რეაგირებენ ოფიციალური უწყებები მსგავს პრობლემებზე და რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებში კერძო სექტორი მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების ამარა რჩება.

შარშან კომპანია "ბიბლუსმა" ჩინეთის ადგილობრივი კომპანია Yongkang Wangshun Industry & Trade Co.-სგან შეისყიდა სადღესასწაულო შუშხუნები, რომელიც პიროტექნიკა არ იყო და ფერად-ფერად ქაღალდს ისროდა. ქართულმა კომპანიამ პროდუქციის საფასური წინასწარ გადაიხადა, ჩინურ მხარეს ტვირთი კონტეინერში ყველა წესის დაცვით უნდა ჩაეტვირთა. ჩინეთის საზღვაო ხაზის ინსპექციამ კონტეინერი იმ მიზეზით გააჩერა, რომ პროდუქციას არ ახლდა უსაფრთხოების დოკუმენტი, რომლის უზრუნველყოფა ჩინური კომპანიის ვალდებულება იყო. ტვირთი, დაახლოებით, ერთი თვით გააჩერეს, ჩინური კომპანია კი დოკუმენტის არარსებობისთვის 8 ათასი დოლარით დააჯარიმეს. კონტეინერში სხვა ქართული კომპანიის ტვირთიც იდო და ჩინური კომპანიის დაუდევრობის გამო ისიც დაზარალდა. ჩინურმა მხარემ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ამხელა ჯარიმა გადაიხადა და ფულს, რომელიც "ბიბლუსს" პროდუქციაში ჰქონდა გადახდილი, ვეღარ დაუბრუნებდა.

მათ ითხოვეს, იქნებ თავიდან წაეღოთ ეს ტვირთი საქართველოში. "ბიბლუსმაც" კეთილი ნება გამოხატა და შესთავაზა, გაეკეთებინათ უსაფრთხოების დოკუმენტი და ქართული სატრანსპორტო კომპანია ამ ტვირთს საქართველოში წამოიღებდა.

ჩინურმა კომპანიამ მაინც არ აიღო უსაფრთხოების დოკუმენტი, იმ მიზეზით, რომ ხარჯები საგრძნობლად ეზრდებოდა და "ბიბლუსს" შესთავაზა, რომ თავად გამოგზავნიდა თბილისამდე ტვირთს ჩინური საზღვაო სატრანსპორტო კომპანიის დახმარებით, რომელიც მისგან ამ დოკუმენტს არ ითხოვდა. ჩინურ და ქართულ კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც ჩაიწერა, რომ ტვირთის ტრანსპორტირება მოხდებოდა პირობით, რომ ჩინური მხარე ტვირთს თბილისამდე ჩამოიტანდა (ჩIF-თბილისი). "ბიბლუსმა" დაუმატა ჩინურ კომპანიას ტრანსპორტირების ხარჯი და კონტეინერის გემზე ჩატვირთვის შემდეგ ქართულმა კომპანიამ მიიღო დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ გემი, რომელზეც კონტეინერი დევს, მიდის პორტ ილიჩევსკში, თუმცა მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი თბილისია. ჩინურმა მხარემ თავი იმით იმართლა, რომ უკრაინიდან ტვირთს საავტომობილო ტრანსპორტში გადაიტანდნენ და თბილისში ასე ჩამოვიდოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ტვირთი ილიჩევსკის პორტს მიუახლოვდა, "ბიბლუსს" უკრაინელი საზღვაო აგენტი დაუკავშირდა და ტვირთთან დაკავშირებული საპორტო ხარჯებისთვის $900 მოითხოვა, მაშინ როცა სხვა პორტებში ეს ხარჯები $280-ს არ აღემატება. ასეც რომ არ იყოს, ქართული და ჩინური კომპანიების მოლაპარაკებებში უკრაინული მხარე საერთოდ არ ფიგურირებდა და თბილისამდეც ტვირთი ჩინურ კომპანიას უნდა ჩამოეტანა. ახლა კი ჩინური კომპანია უკრაინელი ექსპედიტორული კომპანიისკენ იშვერს ხელს, ისინი კი "დატყვევებული" ტვირთის სანაცვლოდ გაუგებარ თანხებს ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან ტვირთი ოქტომბერში გამოიგზავნა და თბილისში დეკემბერში უნდა ყოფილიყო, ის კი დღესაც უკრაინის პორტშია გაჩერებული და კონტეინერის შენახვისა და მოცდენის ხარჯები ერიცხება, რომელიც ლამის უკვე აღემატება ტვირთის ღირებულებასაც. რაც დრო გადის, იზრდება საშიშროება და საფრთხე, ტვირთი აუქციონზე გაიყიდოს ან განადგურდეს.

ბუნებრივია, რომ "ბიბლუსმა" საქართველოში ჩინეთის ბიზნესატაშეს მიმართა. მასთან შესახვედრად ქართულ კომპანიას ერთი კვირა დასჭირდა. ბატონი შე დია ბაო ქართულ კომპანიას დაჰპირდა, რომ საკითხში გაერკვეოდა და მოქმედებაზეც გადავიდოდა, მაგრამ დაპირება დაპირებადვე დარჩა. ქართულმა კომპანიამ კვლავ მიმართა ბიზნესატაშეს შესაბამისი რეაგირებისთვის, რაზეც მისი ასისტენტისგან ასეთი პასუხი მიიღო: ბატონ ატაშეს არც ხვალ და არც პარასკევს არ აქვს დრო შესახვედრად, მომავალ კვირასაც არ ეცლება და თუ რამე შეიცვალა, შეგატყობინებთო. ამაზე რაჭის წისქვილის ამბავი გამახსენდა, რომელსაც წარწერა ჰქონდა: არ მუშაობს დღეს, ხვალ და ზეგო. ასეთი ბიუროკრატია და გულგრილობა საელჩოს წარმომადგენლისგან, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდი ჟესტია.

ვალერი ნადირაშვილი (საქართველო-ჩინეთის სავაჭრო პალატის დამფუძნებელი): "ჩინეთში საქმიანი კავშირები წლების განმავლობაში გვქონდა. ვხედავდით, რომ ქართული და ჩინური კომპანიების ურთიერთობებში პრობლემები არსებობდა. ამ ურთიერთობებს სახელმწიფო არ არეგულირებს და საელჩოს ფუნქციებშიც ნაკლებად შედის. ჩვენმა ბიზნესჯგუფმა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო პალატა დააფუძნა. ქართულ კომპანიებს ვაკავშირებთ ჩინურ კომპანიებთან და პირიქით. ინფორმაცია ორივე მიმართულებით მოწმდება. ბოლო დროს ჩინეთიდან წამოსული ტვირთები ხშირად ხვდება არა მხოლოდ ილიჩევსკის, არამედ თურქეთის, ევროპის პორტებში. ერთი მხრივ, ამის მიზეზი არაპროფესიონალიზმია, თუმცა მუშაობს თაღლითური სქემაც. როცა გადამზიდავები "შეკრული" არიან ჩინურ კომპანიებთან, ტვირთი სხვა პორტში, ხშირად უკრაინაში ხვდება და დანიშნულების ადგილამდე მისი მიტანისთვის დამატებით ითხოვენ თანხას. მაგალითად, ჩინეთიდან საქართველომდე ტვირთის ჩამოტანა თუ ჯდება $2000 ფრახტი, ილიჩევსკიდან საქართველომდე ზოგჯერ იმავე თანხას ითხოვენ ტვირთის, ფაქტობრივად, "გამოსასყიდად". ყოველთვის ჯობს პრევენცია, პროფესიონალი გადამზიდავის აქვე, ადგილობრივად მოძებნა. ასეც ხდება, რომ შესაძლოა აქაურ მიმღებს კონტეინერი გამოუგზავნონ, ის შემოვიდეს საქართველოში, მაგრამ ტვირთი რეალურად სხვისი აღმოჩნდეს, სხვა, რეალური მფლობელი ჰყავდეს.

ისეთი თაღლითური სქემები მუშაობს, რომ საკმაოდ მსხვილი კომპანიებიც კი ებმებიან. ამ სქემებით დაზარალებული ათამდე კომპანია ახლავე შემიძლია დავასახელო. ბოლო დროს ამან სისტემატური სახე მიიღო და შემთხვევითობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ბუნებრივია, ბიზნესატაშემ ჩინურ მხარეს უნდა მიმართოს, რათა მსგავს ფაქტებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს. მაგრამ ასეთი რეაგირება ჯერ ერთხელაც არ მომხდარა. კარგი იქნება, თუ ჩვენი სახელმწიფოც ჩაერევა ამაში, რათა ბიზნესი ასეთ უსამართლო ვითარებაში არ აღმოჩნდეს".

P.S. "ეკოპალიტრამ" კომენტარისთვის მიმართა როგორც ჩინეთის საელჩოს საქართველოში, ასევე ბიზნესატაშეს. მათ საკონტაქტო ინფორმაცია დაიტოვეს და დაგვპირდნენ, რომ ოფიციალურ კომენტარს "ზეგ" გააკეთებდნენ. პირადი საუბრიდან კი ცნობილი გახდა, რომ პროტოკოლის მიხედვით, საელჩო ისევ მოუცლელ ბიზნესატაშეს მიმართავს საკითხის შესასწავლად, ის კი ქართულ მხარეს დააკვალიანებს, რომ ჩინეთში საქართველოს საელჩოს უნდა მიმართონ.
soso
07 აგვისტო 2013 08:31
სოსო! რო პროფესორობ აზრზე არა ხარ რას ბოდიალობ ვისაც საერთაშორისო ბიზნესი აქვს ძალიან კარგაD იცის ინკოთერმსებიც და კიდე უფრო მეტიც. მაგრამ ეს ჩინეთია ვისთანაც ამერიკულმა უმსხვილესმა კომპანიებმაც ვერ მოუხერხა ვერაფერი. უბრალოდ ეს არის ჩინელი პარტნიორი როგორი გყავს თორე არც დოკუმენტები გიშველის და არც სასამართლო როცა ჩინურ ფირმას ედავები.
aleqsandre
05 აგვისტო 2013 03:47
თქვენი ბრალია რატომ არ დადეთ კონტრაქტი მეორე მხარესთან არაფერი გსმენიათ ინკოტერმებზე? დროა კონტრაქტების დადება ვისცვალოტ ქარტველებმა და ტქვენ კიდე სანამ საერთაშორისო შესტიდვას განახორციელებთ გაიარეთ კონსულტაცია იურისტებთან
alex
30 ივლისი 2013 17:15
მარტო საქართველოში ჩინეთის საელჩოს რომ მიმართეთ,თვითონ ჩინეთში,პეკინში, საქართველოს საელჩო ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არავითარ რეაგირებას არ ახდენდა ამ აშკარა მაქინაციებზე და ყაჩაღობაზე?

თუმცა რა რეაგირებას მოახდენდა გიული ალასანიას ერთ-ერთი რიგითი ,,ბოიფრენდი,, ტაკიმასხარა მამუკა გამყრელიძე,რომელიც დღემდე გახლავს ,ოფიციალურად ,რუსეთის მოქალაქე,და სულ რამდენიმე კვირის წინ დატოვა მხოლოდ გიული ალასანიასაგან მისთვის ნაჩუქარი საქართველოს ელჩის თანამდებობა ჩინეთში!

რედაქტორის რჩევით