მეღვინეები წარმოების ზრდას ელიან - კვირის პალიტრა

მეღვინეები წარმოების ზრდას ელიან

"რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისთვის ნორმალური სამუშაო ვითარებაა"

ქართული ღვინის კომპანიები წლევანდელი რთვლისთვის უკვე ემზადებიან. რუსეთის ბაზარი ქართული სასმელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო სივრცე იყო და მისმა გახსნამ ღვინის ინდუსტრია გამოაცოცხლა.

"ღვინის ეროვნული სააგენტოს" წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ რუსეთში ექსპორტით სასმელი უკვე გააქვთ კომპანიებს: GWS-ი, "ალავერდი", "ასკანელი ძმები", "ბადაგონი", "თბილღვინო", "ბატონო", "თელავის ღვინის მარანი", "კახური ტრადიციული მეღვინეობა", "მარნისკარი", "დუგლაძის ღვინის კომპანია" და სხვ. სხვები მათ ახლო მომავალში შეუერთდებიან. ზოგიერთი კომპანია უკვე "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტითაც სარგებლობს, მასში ჩაერთნენ "წინანდლის ძველი მარანი" და "შუხმან ვაინს ჯორჯია". მიღებული სესხით მათ საწარმოების გაფართოება და თანამედროვე დანადგარების შეძენა დაიწყეს. იმავდროულად, რუსულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთში პოპულარული "ხვანჭკარისა" და "ქინძმარაულის" ფალსიფიცირებული ბოთლების გავრცელების შესახებ. ეს კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" ხელმძღვანელმა ზურაბ ჩხაიძემაც დაადასტურა.

ზაზა დუგლაძე ("დუგლაძეების ღვინის კომპანიის" ხელმძღვანელი): - წლევანდელი რთველი ახლოვდება და ჩვენც სამზადისში ვართ. პირველ რიგში, შესასყიდი თანხის მობილიზებასა და ტექნიკური მხარის მოწესრიგებაზე ვზრუნავთ. ყველა იმედის თვალით უყურებს ამ საქმეს, ზოგიერთმა ფერმერმა ყურძნის მოშენება და ნაკვეთების გაფართოებაც დაიწყო. "შეღავათიანი კრედიტის" პროგრამაში ჩართვა მეწარმის სურვილზეა დამოკიდებული. ვინც მოისურვებს, შეუძლია კრედიტი აიღოს და მერე თანდათან გაისტუმროს. პროცენტი იმდენად დაბალია, რომ ვინც ამ თანხას სწორად გამოიყენებს, გადახდა არ გაუჭირდება.

რუსულ ბაზარზე კი იქაური მყიდველი უკვე ელოდა, რომ ქართული ღვინო ჩავიდოდა, ამიტომ ის კარგად იყიდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ბაზარზე ჯერჯერობით ნორმალური სამუშაო ვითარებაა. ჯერ 450-500 ათასი ბოთლი გავიტანეთ, ჩვენი კომპანიის ღვინო მოსკოვსა და მის შემოგარენში შევიდა სავაჭრო ობიექტებში და ძალიან კარგად იყიდება. აღმოჩნდა, რომ 7-წლიანი ემბარგოს მიუხედავად, რუსეთში ჩვენი ღვინო ჯერ კიდევ არ მიუვიწყებიათ. ფალსიფიცირებული ღვინის გამოჩენა მოსალოდნელიც იყო, მაგრამ გამორიცხულია მაღალი დონის სავაჭრო ობიექტებში ასეთი პროდუქციის მოხვედრა. ფალსიფიცირებული ღვინო შეიძლება მოხვდეს პერიფერიებში, პატარა ჯიხურებში ან მცირე სავაჭრო ობიექტებში. ჩვენი პროდუქცია იმდენ ინსტანციას გადის და იმდენად საფუძვლიანად ამოწმებენ, რომ მისი ხარისხი უდავოდ მაღალია. იმედი გვაქვს, ამ პრობლემას ადგილობრივი ხელისუფლება მიხედავს და რუსეთის ბაზარზე მომავალში მეტი ქართული ღვინო გავა.

ზურაბ ჩხაიძე (კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" გენერალური დირექტორი): - საერთოდ, ხარისხიან ქართულ ღვინოს ფასიც კარგი აქვს. რა თქმა უნდა, ფალსიფიცირების მცდელობა ყოველთვის იყო და ახლაც არის. ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის სავაჭრო ქსელში ქართული დასახელების დაბალფასიანი ღვინო გამოჩნდა. ამგვარი ფაქტები აუცილებლად უნდა ვამხილოთ და უნდა გავაგებინოთ როგორც მომხმარებელს, ასევე ჩვენს იმპორტიორსაც. ამას დროც სჭირდება, მომხმარებელიც უყურებს, აკვირდება, ალბათ მოკლე ხანში შეამჩნევს, რომელია ფალსიფიცირებული და რომელი არა. ყველაფრის მიუხედავად, ჯერჯერობით კმაყოფილი ვართ: მას შემდეგ, რაც რუსული ბაზარი გაიხსნა, 250 ათასი ბოთლი გადავტვირთეთ - როგორც ღვინო, ასევე კონიაკი, შევედით მოსკოვის ცენტრალურ უბნებში და რამდენიმე რეგიონულ ქალაქში. მიმდინარეობს მუშაობა სხვა ქალაქებში შესვლისთვისაც.

ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენზე და კონტროლის მექანიზმებზე, რომლებიც ძალიან გამკაცრებულია. ჩემი აზრით, ის კიდევ უნდა გამკაცრდეს და სახელი, რაც ქართულ ღვინოს ჰქონდა, აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ. რუსეთში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია და ამ ინტერესს ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ. მოთხოვნა ჩვენს ღვინოზე აშკარად არის, ღვთის წყალობით, მოსავალსაც ძალიან კარგი პირი უჩანს და თუ კლიმატიც ხელს შეგვიწყობს, მომავალში ქსელის კიდევ უფრო გაფართოებაც შეიძლება. ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთში აშკარად არ ელოდნენ, ბოლო წლებში ქართული ღვინის ხარისხი ასე თუ ამაღლდებოდა.

- შეღავათიანი კრედიტის პროგრამით თუ სარგებლობთ?

- მთელ მსოფლიოში მიღებულია, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ დარგს, რომელსაც ვალუტა შემოაქვს, დიდ შეღავათს უწევენ. სასიხარულოა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით დაინტერესებულია, რასაც ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დახმარებისა და ხელშეწყობის გარეშე ძალიან გართულდება ექსპორტის წარმოება. შეღავათიანი კრედიტი საშუალებას მოგვცემს, დაგეგმილზე მეტი ყურძენი გადავამუშაოთ. ჯერჯერობით ვერ დავაზუსტებ, მაგრამ სულ მცირე, 5-7 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვასა და გადამუშავებას ვაპირებთ. ცოტა მოგვიანებით, აგვისტოს შუა რიცხვებში, როცა რთველი მოახლოვდება, ზუსტი ციფრების დასახელებასაც შევძლებ. აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში საგარეჯოს რაიონში ახალ ქარხანას ვხსნით, გვინდა წარმოებაც გავაფართოოთ და ექსპორტიც გავზარდოთ. შეღავათიანი კრედიტებით სარგებლობა ჩვენს დარგს აშკარად დაეტყობა და ყველა კეთილსინდისიერ, გამოცდილ მეწარმეს საგრძნობად წაახალისებს.

რთვლის მოლოდინში

- სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს კონსულტაციები ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან. გაკეთდება შეფასება, რამდენად საჭირო იქნება წლეულს რთვლის სუბსიდირება. სამინისტროში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რა ფორმით ანაზღაურდება თანხა.

- 2012 წელს რთველში 37 კერძო კომპანია მონაწილეობდა, წლეულს მათი რაოდენობა, დაახლოებით, 50%-ით გაიზრდება.

ხათუნა ჩიგოგიძე