საბაზრო მაგალითის ძალა - კვირის პალიტრა

საბაზრო მაგალითის ძალა

"როცა ხედავ წარმატებულ ბიზნესს, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას თავის დროზე გაბედული ნაბიჯი გადაუდგამს", - ამ სიტყვების ავტორი პიტერ დრუკერი გასულ საუკუნეში სამართლიანად აღიარეს მენეჯმენტის თეორიის ერთ-ერთ მამად. წარმატების მიღწევა ძნელია როგორც მცირე, ისე მსხვილ ბიზნესში და რისკთან ერთად, მეწარმისგან სხვა უნარებსაც მოითხოვს. გადაცემა "ბიზნესფაილმა" მსმენელსა და მაყურებელს კიდევ ორ ბიზნესზე მოუთხრო, რომლებიც ქართულ ბაზარზე გაჩნდნენ და ადგილი დაიმკვიდრეს.

* * *

მომხმარებელს ფირმა თანამედროვე აუზების მშენებლობასა და მონტაჟს სთავაზობს. თავად არის იმპორტიორი, მშენებელი და შემდგომი მომსახურების შემსრულებელიც. ორი ადამიანის დაწყებული ბიზნესი დღეს ოცზე მეტ თანამშრომელს ითვლის, შეკვეთები კი რამდენიმე ასეულია.

ზურაბ ღლონტი (კომპანია "ნოკის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი): "გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ჩეხეთში, ერთ-ერთ დიდ ადგილობრივ კომპანიაში ვმუშაობდი. მაშინ ჩეხეთში მცირე და საშუალო ბიზნესმა მასშტაბურად დაიწყო განვითარება. ქვეყნის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობდა ადგილობრივ ბიზნესს, იოლად გასცნობოდა სიახლეებს სხვა ქვეყნებში.

იმ დროს ავსტრიასა და გერმანიაში ინოვაციური სამშენებლო ტექნოლოგიების ბუმი იყო, საცურაო აუზების მშენებლობასა და მონტაჟზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. ჩემ თვალწინ, სწრაფად გაიზარდა აუზებზე მოთხოვნა ჩეხეთშიც. იმპორტი ძვირი ჯდებოდა და ყველასთვის ხელმისაწვდომიც არ იყო. გაჩნდა მცირე ადგილობრივი საწარმოების შექმნის აუცილებლობა, სადაც საცურაო აუზების აღჭურვილობას დაამზადებდნენ. ეს საწარმოები ჩეხეთის ბაზარზე საკმაოდ ძლიერ კომპანიებად ჩამოყალიბდნენ.

რამდენიმე წლის შემდეგ, როცა საქართველოში დავბრუნდი და გადავწყვიტე, აქ მომეკიდა საქმისთვის ხელი, დავინტერესდი, რამდენად იყო ათვისებული საცურაო აუზების ბაზარი. კვლევა ან რამე მონაცემები არ არსებობდა, რიგითი მომხმარებელივით დავდიოდი რამდენიმე კომპანიაში, რომლებიც საცურაო აუზების მონტაჟსა და მშენებლობას სთავაზობდნენ. შევიტყვე, რომ ეს კომპანიები ძირითადად სხვა საქმიანობას მისდევდნენ, მათ შორის, ამონტაჟებდნენ გათბობის, ვენტილაციის სისტემებს და ამასთან ერთად, საცურაო აუზებსაც აშენებდნენ. გამახსენდა ჩეხეთის ბაზრის მაგალითი და გადავწყვიტე, აუზების თანამედროვე ტექნოლოგიები შემომეტანა.

მაგრამ, ჩეხეთისგან განსხვავებით, საქართველოში ძალიან ბევრი ხელის შემშლელი გარემოება იყო. არასტაბილური ვითარება, განუკითხაობა და ქაოსი საბაჟოზე, მარტივი საბანკო ოპერაციები, ზოგჯერ თანხის გადარიცხვაც კი, სირთულეებს უკავშირდებოდა. მაინც გავრისკე და პარტნიორის ძებნა დავიწყე, ვინც ტექნოლოგიებს მომაწვდიდა საქართველოში. ერთია მზა პროდუქტის შემოტანა და სულ სხვა საქმეა მისი შესაქმნელი მასალა-დანადგარები. ტექნოლოგიები ისე შემოვიტანეთ, წინასწარ შეგულებული მომხმარებელი არ გვყოლია, რაც საკმაოდ დიდი რისკი იყო. გაგვიმართლა, რომ პარტნიორებმა გაგვიწიეს დიდი დახმარება, პირველ რიგში, საკითხის შესწავლის საქმეში. დაახლოებით წელიწადი დაგვჭირდა, რათა კვალიფიციურად გავრკვეულიყავით ყველა წვრილმანში.

ზაფხული ახლოვდებოდა. სეზონის ჩავარდნა ამ ბიზნესში, ფაქტობრივად, წელიწადის დაკარგვას ნიშნავს. ჩვენი პირველი მომხმარებლები ნაცნობ-მეგობრების წრიდან იყვნენ. გვენდნენ და აუზების მშენებლობა შეგვიკვეთეს. მინდა გითხრათ, პირველი შეკვეთის შესრულებიდან 12 წელი გავიდა და ის კლიენტები არჩევანში არ შემცდარან, აუზები დღემდე გამართულად მუშაობს.

საწყისი კაპიტალი ჩემი მცირე დანაზოგი იყო, რომელიც მანამდე სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობით დავაგროვე. ახლა ვიღაცას შეიძლება გაეცინოს კიდეც დაახლოებით 5 ათას დოლარზე. ამ თანხით მსგავსი ბიზნესის დაწყება დღეს ძნელი იქნება. თავდაპირველად შემოსავალი თითქმის მთლიანად ბიზნესის რეფინანსირებაში იხარჯებოდა. თუმცა ძალიან დაგვეხმარა ნდობა, რომელიც უცხოელმა პარტნიორებმა გამოგვიცხადეს. მათ ჯერ ერთი თვით, უბრალოდ, გვანდეს და წინასწარი გადახდის გარეშე მოგვცეს პროდუქცია. შემდეგ ეს ვადა ორ თვემდე გაზარდეს, მერე პროდუქციის რაოდენობას მოუმატეს... ჩვენს შორის გამართლებული ნდობა უკვე 12 წელს ითვლის.

ორი თანამშრომელი ვიყავით 12 წლის წინ და ორი აუზი გვქონდა გაკეთებული. დღეს თანამშრომლები ოცზე მეტია და დამზადებული საცურაო აუზების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა იზრდება. მართალია, იყო ძნელი დრო, აგვისტოს ომი, კრიზისი, მაგრამ ეს დროებითია და ყოველი ასეთი სირთულე რაღაც ახალის შესაქმნელად უნდა გამოიყენო. მაგალითად, ჩვენ სასაწყობო მარაგები შევქმენით. ეს ნიშნავს, რომ თუ კლიენტი დღეს დაგვიკვეთს აუზის მონტაჟს, ჩვენ ხვალვე დავიწყოთ შეკვეთის შესრულება".

მისამართი: თბილისი დ. აღმაშენებლის 176

ტელეფონი: 341219, 356508

ელ. ფოსტა: info@noki.ge

მისამართი: ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 27

ტელეფონი: 182535, 44514

ელ. ფოსტა: batumi@noki.ge

* * *

თავისუფალი ნიშა - მწვავე კონკურენციაშიც

ბიზნესის კეთება ყველაზე რთული ძლიერი კონკურენციის პირობებშია, თუმცა გონივრულ სვლებსა და გათვლილ სტრატეგიას შეუძლია წარმატების მოტანა. ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ოპტიკაა და კიდევ ერთი სათვალის მაღაზიის გახსნა შესაძლოა ვინმეს წინდაუხედაობად მოეჩვენოს. მაგრამ თუ ყველა შენს შეთავაზებას მომხმარებლის მოთხოვნებს მოარგებ, შესაძლოა კონკურენტებსაც აჯობო.

რუსუდან კაბალაძე ("ექსპრეს ოპტიკის" მენეჯერი): "სათვალის მაღაზიათა ქსელი "ექსპრეს ოპტიკა" პროფესიით ექიმ-ოფთალმოლოგმა მაია მამულაშვილმა დააფუძნა. თუნდაც მზის სათვალის შეძენისას, არ არის საკმარისი მხოლოდ ჩარჩოს მორგება ან შეფერილობის შერჩევა, კვალიფიციური ოფთალმოლოგის კონსულტაცია აუცილებელია. სწორედ ეს გახდა მოქმედების მთავარი პრინციპი. პირველი სალონი თბილისში, თამარ მეფის გამზირზე გავხსენით. მომხმარებელს აქ სრული სერვისი ხვდებოდა, როგორც კვალიფიციური კონსულტანტის, ისე პროფესიონალი ექიმის რჩევები. ამიტომ ბიზნესი სწრაფად განვითარდა და შემდეგი ფილიალი დავით აღმაშენებლის გამზირზე გაიხსნა. დაახლოებით ერთი წლის წინ კი ქსელს მორიგი ფილიალი ჭავჭავაძის გამზირზე შეემატა. დრო ახალ საჭიროებებს აჩენდა და მაღაზია-სალონებში საბავშვო ხაზი დავამატეთ. ახლა კლიენტებს ყველგან ემსახურება ბავშვთა ოფთალმოლოგი. შევქმენით სასაწყობო მარაგები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ნებისმიერი სირთულის სათვალე 10-15 წუთში დავამზადოთ, რისი საშუალებაც ყველა კონკურენტს არ აქვს. ამაში მაღალტექნოლოგიური სახელოსნო გვეხმარება და ამდენად, სახელსაც ვამართლებთ.

კომპანია ცდილობს, ბაზარი სხვადასხვა ბრენდული პროდუქციით გაამდიდროს. დავდივართ მსოფლიო გამოფენებზე, ვეცნობით მოდის ახალ ტენდენციებს, ოპტიკისა და ოპტომეტრიის ინოვაციებს. თუმცა ჩვენი პროდუქცია გათვლილია ნებისმიერი სოციალური შესაძლებლობების მომხმარებელზე. მაგალითად, არაბრენდული, ჰოლანდიური წარმოების სათვალეები, როგორც ოპტიკური, ასევე მზის, ულტრაიისფერი სხივისგან 100%-იანი დაცვით, ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ჩვენი ბიზნესის წარმატების საიდუმლო ექსკლუზიური შეთავაზებებია. მაგალითად, შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში სათვალის შეკეთება ჩვენს სახელოსნოში უფასოა. ქსელის გაფართოებას თბილისის პერიფერიულ უბნებშიც ვგეგმავთ, ამას მომხმარებლის მოთხოვნა გვკარნახობს".

მის.: ქ. თბილისი, თამარ მეფის #17

ტელ.: 247-69-47

http://www.expressoptics.ge/

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში.

გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.

გადაცემა "ბიზნესფაილი", ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, "პალიტრა TV"-სა და რადიო "პალიტრის" ეთერში, 15:10 საათზე