ხელოვნურ მონოპოლიებს ერთი მოაკლდება
05-08-2013
ხელოვნურ მონოპოლიებს ერთი მოაკლდება
კონკრეტული კომპანიის სახელი კანონში ჩაწერილი აღარ იქნება

გასულ კვირას, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, სახელმწიფო ტენდერების გამოქვეყნებაზე გაზეთ "24 საათის" მონოპოლიის გაუქმების თაობაზე იმსჯელეს. საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს "საქართველოს პრესის ასოციაციამ" მიმართა და კომიტეტის წევრებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონიდან გაზეთ "24 საათის" ამოღებას, თუმცა როგორ დარეგულირდება საკითხი შემდგომში, ინიციატივისთვის კანონპროექტის სახის მიცემისას გადაწყდება.

"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონის თანახმად, სატენდერო განცხადება, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გარდა,
გაზეთ "24 საათშიც" უნდა გამოქვეყნდეს. "საქართველოს პრესის ასოციაცია" ამ ნორმის გაუქმებას ითხოვს, რადგან კანონი ერთი გაზეთის პრივილეგიას აწესებს და ის ამ თვალსაზრისით მონოპოლისტია. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ სამომავლოდ ტენდერის მეშვეობით და შეჯიბრებითობის პრინციპით უნდა შეირჩეს ის ბეჭდური მედიასაშუალებები, სადაც ასეთი ტიპის განცხადებები გამოქვეყნდება.

ლაშა ტუღუში (საქართველოს
პრესის ასოციაცია):
"გაზეთ "24 საათისთვის" სახელმწიფოსგან მინიჭებული ექსკლუზიური უფლება გულისხმობდა, რომ სავალდებულო იყო სახელმწიფო შესყიდვების მხოლოდ ამ ბეჭდურ საშუალებაში გამოქვეყნება. "24 საათის" გარდა, ეს განცხადებები მხოლოდ ელექტრონულ გამოცემებში იბეჭდებოდა. ამდენად, ამ გაზეთს უპირატესი უფლება ჰქონდა ყველა სხვა მედიასაშუალებასთან შედარებით, რისთვისაც ანაზღაურებას ბიუჯეტიდან იღებდა. ძალიან უცნაურია, როცა კანონით განისაზღვრება ასეთი ექსკლუზიური უფლება ერთი გაზეთისთვის. ასეთი გადაწყვეტილებები გასაგები საბჭოთა კავშირის დროს იქნებოდა. ჩვენი ინიციატივით, ერთი გაზეთი პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. გვინდა, ეს ნორმა გაუქმდეს".

წინა ხელისუფლების პირობებში კომპანიებისთვის სასათბურე პირობების შექმნა და მათთვის პრივილეგიების მინიჭება იშვიათი არ იყო. სწორედ ასე ჩამოყალიბდა ბაზარზე რამდენიმე არაოფიციალური და ოფიციალური მონოპოლია, რაც სხვა მოთამაშეებისთვის არაკონკურენტულ პირობებს ქმნიდა. სახელმწიფო შესყიდვების გამოქვეყნების ექსკლუზიური უფლება გაზეთ "24 საათის" ერთადერთი პრივილეგია არ ყოფილა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამ გაზეთის შეთანხმება ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იყო, როგორ იდებოდა მინის გამჭვირვალე შენობებში "გაუმჭვირვალე გარიგებები". სააგენტომ 2011 წელს ასეთი გაუმჭვირვალე ტენდერი მოაწყო განცხადებების გაზეთის გამოსაცემად და შპს "მვპ" (იგივე გაზეთი "24 საათი") გამარჯვებულად გამოაცხადა.
ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, კანონის ფარგლებში დაბრუნების ნაცვლად, საჯარო რეესტრმა ტენდერის გამართვით თავი საერთოდ აღარ შეიწუხა და პირდაპირ გაუფორმა კონტრაქტი იმავე "24 საათს". განათლების სამინისტროს დახმარებით, "24 საათის" დამფუძნებლები სასკოლო სახელმძღვანელოების ბიზნესში მთავარი მოთამაშეები გახდნენ - მათ ჰქონდათ სახელმძღვანელოების ბეჭდვისა და გავრცელების ექსკლუზიური უფლება. სახელმწიფოს ხელშეწყობით ამ კომპანიამ 2005-2012 წლებში რამდენიმე მილიონი ლარის შეკვეთა მიიღო.
წინა ხელისუფლება პრესის გავრცელების მონოპოლიზებასაც ეცადა. ამისთვის მერიამ "უსახურ" ჯიხურებთან ბრძოლა დაიწყო.

ძირითადი იერიში პრესის გამავრცელებლებზე მიიტანეს და ქალაქის ცენტრალური ადგილებიდან რამდენიმე ათეული პრესის ჯიხური ააღებინეს, ქალაქის იერსახეს ამახინჯებენო. სანამ ჟურნალ-გაზეთების გამავრცელებლები ქალაქის ხელისუფლებისგან ახალი ჯიხურების ჩადგმის ნებართვას ელოდებოდნენ, მათ მიერ გათავისუფლებული ადგილები კომპანია "ვაიდდისტრიბუშენის", ე.წ. "პრაიმტაიმის" პრესის ჯიხურებმა დაიკავა. ხსენებულმა კომპანიამ "მოახერხა" და თბილისის მასშტაბით, ერთდროულად 300-მდე ჯიხური ჩადგა, საუკეთესო ადგილებზე, ყოველგვარი ტენდერისა და კონკურსის გარეშე(!). ჯიხურების ამ ქსელს თავდაცვის ყოფილ მინისტრ კეზერაშვილისა და თავად ქალაქის მერის, უგულავას სახელსა და ინტერესებს უკავშირებდნენ. და ეს მაშინ, როცა პრესის გამავრცელებლები რეგულარულად (ორ თვეში ერთხელ) უშედეგოდ მიმართავდნენ მერიას განცხადებებით, რომ მათთვის ჯიხურის ჩადგმის უფლება მიეცათ. სწორედ ამ მიზეზით, დამოუკიდებელმა მედიამ უნდობლობა გამოუცხადა მთავრობის კონტროლირებად "ვაიდდისტრიბუშენს" და მათ ჯიხურებში საკუთარი გამოცემების შეტანაზე უარი თქვა. ეს ნაბიჯი კი, როგორც ჩანს, მეორე მხარეს ვეღარ გათვალეს და, როგორც იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. დღესაც ე.წ. პრაიმტაიმის ჯიხურებში ლატარეის ბილეთები, თამბაქო და გამაგრილებელი სასმელები უფრო დიდი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი, ვიდრე პერიოდული გამოცემები.

ლაშა ტუღუში: "ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, რომ წინა ხელისუფლება კომპანიებს ანიჭებდა პრივილეგიებს ან თავად ცდილობდა ბაზარზე უპირატესი მდგომარეობის მოპოვებას. რამდენიმე წლის წინ მერიამ შეავიწროვა სხვა კომპანიები, აიღეს ჯიხურები და, ფაქტობრივად, მონოპოლისტი კომპანია გაჩნდა. მონოპოლიების არსებობა პრობლემურია ზოგადად, მით უფრო, როცა შესაძლოა ამას პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდეს. ჯიხურებთან დაკავშირებით კი სწორედ რომ არსებობდა პოლიტიკური საბაბი, რადგან პრესის სადისტრიბუციო ქსელის გაკონტროლება მედიის კონტროლის საშუალება იყო. ამას მედიის მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა და რაღაც დონეზე შევძელით კონკურენტული ვითარების შენარჩუნება. რომ არა ჩვენი ასეთი წინააღმდეგობა, სიტუაცია, შესაძლოა, ბევრად გართულებულიყო.

დადგა ბაზარზე ყველა ე.წ. ოფიციალური მონოპოლიის შესწავლის დრო. ევროკავშირის წინაშეც აღებული გვაქვს ეფექტიანი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შექმნის ვალდებულება. განვითარება კონკურენციის გარეშე არ ხდება, ამიტომ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, რათა თუნდაც ლოკალური არაკონკურენტული სისტემები არ ჩამოყალიბდეს".

მართალია, პრესას ვერ მოერივნენ, მაგრამ გარე რეკლამას დაეპატრონნენ და დღემდე ასე გრძელდება. დღესაც, კომპანია "აუტდორჯის", რომელიც წლების განმავლობაში დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა, გარე რეკლამის ბაზრის, დაახლოებით, 70% უკავია. საერთაშორისო სტანდარტებით კი, როცა სუბიექტს, საშუალოდ, ბაზრის წილის 35% აქვს, უკვე მონოპოლისტია. ბოლო ცნობებით, "აუტდორჯი" კეზერაშვილის უფროსი პარტნიორის, დავით იაკობაშვილის ხელში გადავიდა. თუმცა ითქვა ისიც, რომ ეს თვალის ასახვევი ფორმალური გარიგება იყო. ამ კომპანიას არა მხოლოდ გარე რეკლამაზე აქვს მონოპოლია, არამედ სრული მონოპოლისტია რეკლამის განთავსებაზე მეტროში, ავტობუსებზე, მონიტორებსა და ლიფტებში. კეზერაშვილსა და მის თანამოსაქმეებს სატელევიზიო ბაზარზეც ჰქონდათ მონოპოლია, როგორც მაუწყებლობის, ასევე რეკლამის თვალსაზრისით.

2009 წელს თბილისის მერიამ აუქციონის წესით გასცა ორი ნებართვა, რომელიც გარე რეკლამების განთავსების 12 წლის ვადით მართვას ითვალისწინებს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ყველა აბრა გადაეცა "აუტდორჯის", რომელსაც მერიამ სხვა კომპანიებისთვის ქველიცენზიით გადაცემის უფლებაც მიანიჭა. მარცხენა სანაპიროზე მდებარე აბრებზე განთავსების უფლება კი „მაგი სტილი მედიამ“ მიიღო, რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ფლობდა. 2011 წლის დასაწყისში „მაგი სტილი მედია“ ჩაანაცვლა „სმოდ ედვერტაიზინგმა“, რომელიც მხოლოდ 2011 წლის იანვარში შეიქმნა და რომელსაც პანამაში რეგისტრირებული ჰოლდინგური კომპანია „სმოდ იქუიტიზ კორპი“ ფლობს. შედეგად, დედაქალაქის გარე რეკლამების ბაზარზე დომინანტური პოზიცია "აუტდორჯიმ" და „სმოდმა“ დაიკავეს, რომელიც "აუტდორჯისთან" მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიაა. ესეც კიდევ ერთი, ოფიციალური მონოპოლია, რომლის საქმიანობითაც აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით