ბიზნესი "გონების გასახსნელად" - კვირის პალიტრა

ბიზნესი "გონების გასახსნელად"

ცნობილი ქართული ფილმის ასევე ცნობილი კინოგმირისა არ იყოს: "რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო!" ადრე სათამაშოებს საქართველოშიც აწარმოებდნენ, ახლა კი ქვეყანა მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. სათამაშოებზე მოთხოვნა ყოველთვისაა, რბილ სათამაშოს კი ხშირად საჩუქრად მოზრდილებისთვისაც ყიდულობენ. სწორი მენეჯმენტის პირობებში, სათამაშოების იმპორტი და დისტრიბუცია სარფიანი საქმეა.

ვახტანგ ჟორდანია (კომპანია "სანსიტის" ხელმძღვანელი): "სეზონურობა, ბევრი სხვა ბიზნესის მსგავსად, ჩვენზეც მოქმედებს. ძალიან მაღალია გაყიდვა საახალწლოდ - ერთ თვეში რამდენი სათამაშოც იყიდება, მთელი დანარჩენი წლის განმავლობაში იმის მეოთხედსაც ვერ ვყიდით. როგორ დავიწყე ბიზნესი? მეგობარმა მთხოვა სათამაშოების იმპორტისა და დისტრიბუციის ბიზნესში პარტნიორად შესვლა. ბაზარი შევისწავლეთ და პროდუქცია დავუკვეთეთ. აქცენტი გავაკეთეთ რაც შეიძლება ფართო ასორტიმენტზე. სწორედ ასე შეიძლება სათამაშოების ბიზნესში კონკურენციის გაძლება, სხვაგვარად ადგილს ვერ დაიმკვიდრებ. ასორტიმენტში აუცილებლად უნდა გქონდეს შემეცნებითი სათამაშოები, რაც ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია. გამოგიტყდებით, თავიდან გაგვიჭირდა საქმის წარმატებულად წარმართვა, მაგრამ გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელი აღმოჩნდა. უმთავრესი ის იყო, რომ კარგი გუნდი შევკრიბეთ. ამისთვის საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა, არაერთი ადამიანი შევცვალეთ, სანამ შიდა მენეჯმენტს ავაწყობდით.

თავდაპირველად პროდუქცია დუბაიდან შემოვიტანეთ, შემდეგ შემოტანა ჩინეთიდან დავიწყეთ. ჩინეთი მწარმოებელია და იქ ფასები დუბაიზე გაცილებით დაბალია. მაგრამ ჩინეთიდან ტრანსპორტირებას დიდი ხანი სჭირდება. დუბაიდან საქონელი ათ დღეში ჩამოდის. სათამაშოები რომ ამომეწურება და მომხმარებელს საჭირო რაოდენობასა და ასორტიმენტს ვერ შევთავაზებ, მიმდინარე ხარჯებიც მეზრდება და კლიენტსაც ვკარგავ. ბრუნვა მუდმივად უნდა გქონდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

საქმეს ის ართულებს, რომ მაღაზიების უმეტესობას პროდუქცია კონსიგნაციით მიაქვს. ეს ამუხრუჭებს ბიზნესის განვითარებას, მაგრამ ასეთია რეალობა. უჭირთ დროულად გადახდა. არიან პრობლემური გადამხდელებიც და თვეობით ველოდებით წაღებული პროდუქციის საფასურს. ბევრი რჩება ნაშთი - სათამაშოები, რომლებიც არ გაიყიდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი მაღაზიაც გაგვეხსნა საცალო მყიდველებისთვის, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროა.

ზოგჯერ ბიზნესში გაუთვალისწინებელი რამ ხდება. ამის მაგალითი ბოლო დროს "გაცოცხლებული" რეგულაციაა, რომლის არსებობა წლების განმავლობაში აღარავის ახსოვდა: სადაც სათამაშო იყიდება, იქ თამბაქო არ უნდა გაიყიდოს. სამართალდამცველები მაღაზიებს აფრთხილებენ, დახლიდან ან სიგარეტი გაიტანონ, ან სათამაშო. არჩევანის უფლება მაღაზიებს მიეცათ, თამბაქოს კი მეტი მომხმარებელი ჰყავს და სიგარეტით ვაჭრობას ირჩევენ. ამ რეგულაციამ გაყიდვა საგრძნობლად შეამცირა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია და დამხმარე ბიზნესზე დავიწყე ფიქრი - გერმანიიდან საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის საშუალებების შემოტანა დავიწყე. ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა, თანაც საქართველოში გერმანული პროდუქცია მცირე რაოდენობით შემოდის. მოვიძიეთ ქარხნები დიუსელდორფსა და დორტმუნდში და ამიერკავკასიაში მათი დისტრიბუტორები გავხდით. პროდუქცია პირდაპირ გერმანიიდან იგზავნება საქართველოში, ის ტოქსიკურ ნივთიერებებს არ შეიცავს და ფასებიც კონკურენტულია. ევროპული ბაზრებისთვის გათვლილი პროდუქცია საინტერესო აღმოჩნდა ადგილობრივი მომხმარებლისთვის".

მის.: ჩოლოყაშვილის ქ. #50ა

ტელ.: 570-509-702; 245-97-89

info@sancity.ge

http://www.sancity.ge/

* * *

იუველირული ბიზნესდიპლომატია

სტერეოტიპი, რომ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს, ფუფუნების საგნებზე მოთხოვნა დაბალია, კომპანია "დელფოსმა" დაამსხვრია. ის ადგილობრივ ბაზარზე საიუველირო ნაწარმით 2008 წელს გამოჩნდა. ომის, კრიზისისა და უმუშევრობის მიუხედავად, ბრენდმა ორი მაღაზია 19-მდე აიყვანა.

ნინო ფრანგულაშვილი (კომპანია "დელფოსის" მარკეტინგის მენეჯერი): "დელფოსი", როგორც ბრენდი, საქართველოს ბაზარზე 2008 წელს შემოვიდა. პირველი მაღაზია აგვისტოს ომის პერიოდში გაიხსნა. სარისკო იყო, მაგრამ ნამდვილად ღირდა, ამისთვის დიდხანს ვემზადებოდით. ჯერ მოთხოვნას ვიკვლევდით, შემდეგ ადგილის შერჩევაზე ვიზრუნეთ. პეკინის ქუჩა საკმაოდ ხალხმრავალია და ამიტომ ჩვენი სავაჭრო ობიექტისთვის ის ავირჩიეთ. სწორედ კვლევამ გვიჩვენა, რომ მოთხოვნილება არსებობდა, მომხმარებელი კი მაშინ საიუველირო მაღაზიებით განებივრებული არ გახლდათ. ძალიან დიდი იყო მოთხოვნა ბიჟუტერიასა და ვერცხლზე. მაღაზიის პირველი პროდუქციაც "კარლა ბისის" ბიჟუტერია და იაფი ვერცხლი იყო. შემდეგ ვერცხლის ბრენდული პროდუქციის შემოტანა დავიწყეთ. 2008-ში მომხმარებელი, გასაგები მიზეზების გამო, ზედმეტი ხარჯებისგან თავს იკავებდა და ამის მიუხედავად, პირველი კოლექცია - ვერცხლი ავსტრიული კრისტალებით - ძალიან სწრაფად გაიყიდა. ბიჟუტერიაც თვალის დახამხამებაში გაიყიდა და ამიტომ პროდუქციის რაოდენობა გავზარდეთ. ჩვენთვის მთავარი ხელსაყრელი ფასი და ფასდაკლებებია. მომხმარებელს შევთავაზეთ შესაბამისობის სერტიფიკატები, რათა იცოდეს, რას ყიდულობს, რა სინჯის ძვირფას ლითონს იძენს.

ბაზარზე ჩვენი პროდუქცია უჩვეულო, განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა. მაღაზიაში ისეთი ნაკეთობები გვაქვს, რომლებიც შემდეგ კოლექციებში აღარ მეორდება. ეს ექსკლუზიური ნივთებია, რომლებიც მხოლოდ ერთ მფლობელს ექნება. სხვათა შორის, ბიზნესი საბანკო კრედიტით დავიწყეთ. წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერამ შეასრულა. სასტარტო კაპიტალის ძირითადი თანხა დაიხარჯა კოლექციის შესაძენად და შემდეგ, კადრების მოსამზადებლად. კონსულტანტებისთვის, ვინც საიუველირო ნაკეთობებს ყიდის, საგანგებოდ ვაწყობთ ტრეინინგებს, გამოცდას აბარებენ და მუშაობას მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ. პერიოდულად მიმდინარეობს დასაქმებული კადრების გადამზადება, რადგან საიუველირო სფეროში ტენდენციები ხშირად იცვლება და გვინდა, ამ პროცესს ფეხი ავუწყოთ. უცხოელი პარტნიორებიც ჩამოდიან და ჩვენს კონსულტანტებს ასწავლიან, როგორ განალაგონ პროდუქტი, რომ კარგად გაყიდოს. პარტნიორებისა და სასურველი პროდუქციის მოძიების ყველაზე კარგი საშუალება გამოფენებზე დასწრებაა. იქ ხედავთ როგორც პროდუქციას, ასევე საკონტაქტო პირებს, ასე უფრო ადვილია მათთან მოლაპარაკება. ეს ერთგვარი ბიზნესდიპლომატიაა. უცხოელი მომწოდებელი უნდა დაარწმუნო, შემოვიდეს საქართველოს ბაზარზე, რომელიც, შესაძლოა, მასშტაბით სულაც არ გამოიყურებოდეს მომხიბვლელად, მაგრამ სწორი გათვლებისას, კარგი მოგების მოტანა შეუძლია.

პირველივე მოგება რეინვესტიციას მოვახმარეთ და მეორე მაღაზია ექვს თვეში გავხსენით. დღეს 19 მაღაზია გვაქვს, ფრანჩაიზების ჩათვლით. ჩვენ უკვე ვთავაზობთ მცირე მეწარმეებს "დელფოსის" ბრენდით მაღაზიის გახსნას, სრულ მომსახურებას, რაც ბიზნესის დაწყებას სჭირდება - პროდუქციას, მაღაზიის შიდა და გარე დიზაინს, კადრების აყვანა-გადამზადებას. მათი მხრიდანაც საჭიროა საწყისი კაპიტალი საბანკო გარანტიის სახით".

მის.: თბილისი, პეკინის ქ. #19

ტელ.: 790-25-57-99; 574-124-499

delfossi@yahoo.com

www.delfosi.ge

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში. გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.