SAMSUNG-ის პრეზიდენტი საქართველოში კომპანიის პირველ მაღაზიას და სმარტ სკოლას გახსნის
08-08-2013
SAMSUNG-ის პრეზიდენტი საქართველოში კომპანიის პირველ მაღაზიას და სმარტ სკოლას გახსნის
9 აგვისტოს საქართველოში საგანგებო ვიზიტით კომპანია SAMSUNG-ის პრეზიდენტი ბი ქეი იუნი (Boo-Keun Yoon) ჩამოდის. მსოფლიოში ტექნიკის ბაზარზე ლიდერი კომპანიის პრეზიდენტის ერთდღიანი ვიზიტი საქართველოში SAMSUNG-ის პირველი ოფიციალური მაღაზიისა და კომპანიის ინვესტიციით გაკეთებული სმარტ სკოლის გახსნას უკავშირდება.

ვიზიტის ფარგლებში ბი ქეი იუნი პარასკევს, 14:30 საათზე ჭავჭავაძის N48-ში მივა და საზეიმო ვითარებაში, სრულიად ახალი კონცეფციის მქონე პრემიუმ კლასის მაღაზიას გახსნის. ახალ მაღაზიაში წარმოდგენილი ტელევიზორების, მობილურების, ფოტოაპარატებისა და სხვა ტექნიკის ასორტიმენტი წარმოადგენს მოწინავე ტექნოლოგიებსა
და პრემიუმ კლასის მოდელებს. „ამ მაღაზიაში აქცენტი გაკეთდება არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. მომხმარებლებს მოემსახურებიან SAMSUNG-ის კონსულტანტები ეწ „ელჩები“, რომლებიც დაწვრილებით გააცნობენ და აუხსნიან პროდუქციის უპირატესობებსა და ფუნქციებს. ამ მაღაზიით ჩვენ წარმოვადგენთ ახალ ხედვას, თუ როგორი უნდა იყოს პრემიუმ კლასის მაღაზია და მომსახურება,“ - აცხადებს SAMSUNG-ის
პრეზიდენტი ბი ქეი იუნი.

მაღაზიის გახსნის ცერემონიის შემდეგ, სამსუნგის პრეზიდენტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაინაცვლებს, სადაც განათლების მინისტრთან და რექტორთან ერთად 15:30 საათზე საზეიმოდ გახსნის სმარტ სკოლის კლასს.  

კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც SAMSUNG-მა საქართველოში განახორციელა. სმარტ სკოლა წარმოადგენს სასწავლო აუდიტორიას, რომელიც აღჭურვილია SAMSUNG-ის მაღალი ტექნოლოგიის „თაჩ სქრინით“ და ქსელურად მასზე მიბმული პლანშეტებით. სექტემბრისთვის ანალოგიურ კლასს SAMSUNG-ი GIPA-შიც გახსნის. მსგავსი კლასების მოწყობა პირველ საჯარო სკოლაში და პროფესიულ სასწავლებლებშიც იგეგმება.

„მოხარული ვარ საქართველოში სტუმრობით. სოციალური პასუხიმგებლობის პლატფორმის ფარგლებში სმარტ სკოლა არის ჩვენი პირველი პროექტი, რომელსაც ძალზედ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და უფრო მასშტაბურს გავხდით. ვაპირებთ ასევე დავაწესოთ SAMSUNG-ის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის და ხელი შევუწყოთ განათლების დონის ამაღლებას,“ - აცხადებს SAMSUNG-ის პრეზიდენტი ბი ქეი იუნი.

ბი ქეი იუნი SAMSUNG-ის გენერალურ დირექტორად და პრეზიდენტად 2012 წელს დაინიშნა. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გახდა SAMSUNG LED ტელევიზორების, მონიტორების, მოწინავე ტექნოლოგიების, 3D TV, Smart TV -ს და სხვა მიმართულებების მხრივ № 1 კომპანია მსოფლიოში.

კომპანია SAMSUNG-ი 1938 წელს შეიქმნა და სადღეისოდ, ელექტროტექნიკის მწარმოებელ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს.

R
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით