SAMSUNG-ის პრეზიდენტმა საქართველოში კომპანიის პირველ მაღაზია და სმარტ სკოლა გახსნა - კვირის პალიტრა

SAMSUNG-ის პრეზიდენტმა საქართველოში კომპანიის პირველ მაღაზია და სმარტ სკოლა გახსნა

9 აგვისტოს საქართველოს საგანგებო ვიზიტით კომპანია SAMSUNG-ის პრეზიდენტი ბი ქეი იუნი (Boo-Keun Yoon) ესტუმრა. მსოფლიოში ტექნიკის ბაზარზე ლიდერი კომპანიის პრეზიდენტმა ერთდღიანი ვიზიტის დროს საქართველოში SAMSUNG-ის პირველი ოფიციალური მაღაზიია და კომპანიის ინვესტიციით გაკეთებული სმარტ სკოლა გახსნა.

ვიზიტის ფარგლებში ბი ქეი იუნმა საზეიმო ვითარებაში, სრულიად ახალი კონცეფციის მქონე პრემიუმ კლასის მაღაზია ჭავჭავაძის N48-ში გახსნა. ახალ მაღაზიაში წარმოდგენილი ტელევიზორების, მობილურების, ფოტოაპარატებისა და სხვა ტექნიკის ასორტიმენტი წარმოადგენს მოწინავე ტექნოლოგიებსა და პრემიუმ კლასის მოდელებს. „ამ მაღაზიაში აქცენტი გაკეთდება არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. მომხმარებლებს მოემსახურებიან SAMSUNG-ის კონსულტანტები ეწ „ელჩები“, რომლებიც დაწვრილებით გააცნობენ და აუხსნიან პროდუქციის უპირატესობებსა და ფუნქციებს. ამ მაღაზიით ჩვენ წარმოვადგენთ ახალ ხედვას, თუ  როგორი უნდა იყოს პრემიუმ კლასის მაღაზია და მომსახურება,“ - აცხადებს SAMSUNG-ის პრეზიდენტი ბი ქეი იუნი.

მაღაზიის გახსნის ცერემონიის შემდეგ, სამსუნგის პრეზიდენტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში გადაინაცვლა, სადაც განათლების და ეკონომიკის მინისტრებთან და რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად სმარტ სკოლის კლასი გახსნა.

კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც SAMSUNG-მა საქართველოში  განახორციელა. სმარტ სკოლა წარმოადგენს სასწავლო აუდიტორიას, რომელიც აღჭურვილია SAMSUNG-ის მაღალი ტექნოლოგიის „თაჩ სქრინით“ და ქსელურად მასზე მიბმული პლანშეტებით. სექტემბრისთვის ანალოგიურ კლასს SAMSUNG-ი GIPA-შიც გახსნის. მსგავსი კლასების მოწყობა პირველ საჯარო სკოლაში და პროფესიულ სასწავლებლებშიც იგეგმება.

„მოხარული ვართ ბატონი ბი ქეი იუნის საქართველოში სტუმრობით, მივესალმებით კომპანია  SAMSUNG-ის მიერ განხორციელებულ პროექტს და სამომავლო გეგმებს. განათლების სფეროში კერძო სექტორის ჩართულობა განათლების სამინისტროს სტრატეგიულ ნაწილს წარმოადგენს. ვფიქრობ ახალგაზრდების სწავლის დონის ამაღლებაში კომპანია დიდ წვლილს შეიტანს, “ -  განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

„მოხარული ვართ, რომ სმარტ სკოლის პირველი კლასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპანია შამსუნგ-ის მხარდაჭერით გაიხსნა. ეს არის კერძო კომპანიის და უნივერსიტეტის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი და იმედი გვაქვს, სმარტ სკოლის გახსნა უნივერსიტეტში ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობის დასაწყისი იქნება. ეს სიახლე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უნივერსიტეტის განვითარებაში“, - განაცხადა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

„მოხარული ვარ საქართველოში სტუმრობით. სოციალური პასუხიმგებლობის პლატფორმის ფარგლებში სმარტ სკოლა არის ჩვენი პირველი პროექტი, რომელსაც ძალზედ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და უფრო მასშტაბურს გავხდით. ვაპირებთ ასევე დავაწესოთ SAMSUNG-ის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის და ხელი შევუწყოთ განათლების დონის ამაღლებას,“ - განაცხადა SAMSUNG-ის პრეზიდენტმა ბი ქეი იუნმა.

ბი ქეი იუნი SAMSUNG-ის გენერალურ დირექტორად და პრეზიდენტად 2012 წელს დაინიშნა. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გახდა SAMSUNG-ი LED ტელევიზორების, მონიტორების, მოწინავე ტექნოლოგიების, 3D TV, Smart TV-ს და სხვა მიმართულებების მხრივ № 1 კომპანია მსოფლიოში.

კომპანია SAMSUNG-ი 1938 წელს შეიქმნა და სადღეისოდ, ელექტროტექნიკის მწარმოებელ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს.

R