ბიუჯეტი ყველაფერს ზიდავს?! - კვირის პალიტრა

ბიუჯეტი ყველაფერს ზიდავს?!

"მინიმალური ხელფასის მომატება უმუშევრობას ზრდის - ეს ეკონომიკის თეორიაში ცნობილი ჭეშმარიტებაა"

ეკონომიკის ექსპერტები საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას ითხოვენ. როგორც გავარკვიეთ, ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროც მუშაობს. საარსებო მინიმუმი "საქსტატთან", ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებთან შეთანხმებით დადგინდება. წინასაარჩევნო დაპირების მიხედვით, საარსებო მინიმუმის ახალი მაჩვენებელი წლის ბოლომდე უნდა განისაზღვროს.

გაზრდილი მაჩვენებლის საფუძველზე გაისად, შესაძლოა, პენსიებმა და მინიმალურმა ხელფასებმაც მოიმატოს, ამის დაფინანსებას კი ეკონომიკის ზრდა სჭირდება, რაც ჯერჯერობით შეფერხებულია. თუმცა მაჩვენებლების გაუარესებას დროებით მოვლენად მიიჩნევს მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ საქართველოს ბიუჯეტში არანაირი პრობლემა არ არის და დაფინანსდება ყველა სოციალური ვალდებულება, მათ შორის, 1-ელი სექტემბრიდან გაზრდილი პენსიებიც. აღსანიშნავია, რომ ასევე დასაფინანსებელი იქნება დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათიც - მოქალაქეებს, რომელთა წლიური შემოსავალი 6 ათას ლარს არ აღემატება, წლის განმავლობაში გადახდილი 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი უნდა დაუბრუნდეთ...

2012 წლის იანვრიდან დეკემბრამდე შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 157,2 ლარიდან 149,1 ლარამდე დაიკლო, 2013 წლის ივნისში კი 149,7 ლარს შეადგენდა. საარსებო მინიმუმის გაანგარიშება ეყრდნობა მინიმალურ სასურსათო კალათას, რომელშიც 40 დასახელების პროდუქტი შედის და ზრდასრული მამაკაცისთვის დღეში 2300 კილოკალორიაა გათვლილი. ექსპერტთა თქმით, კილოკალორიები გაზრდილია პურის ხარჯზე, რომელსაც მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, თუმცა ასეთი კვებით ორგანიზმი საჭირო მინერალებსა და ვიტამინებს ვერ იღებს. ამიტომ მაჩვენებელი 5000 კკალ-მდე უნდა გაიზარდოს. მათივე შეფასებით, საქართველოში საარსებო მინიმუმი 250 ლარამდეა გასაზრდელი.

ირაკლი ლექვინაძე ("ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" გენერალური დირექტორი): "საარსებო მინიმუმის გაზრდა და მასთან მინიმალური ხელფასისა თუ პენსიის გათანაბრება წინასაარჩევნო დაპირება გახლდათ. წლის ბოლომდე ეს ინიციატივა რამდენად მოესწრება, ალბათ მთავრობაზეა დამოკიდებული და ვითარება საპრეზიდენტო არჩევნების მერე უფრო ნათელი გახდება. მოქმედი მეთოდოლოგია აუცილებლად გადასახედია, ის არ მოიცავს ადამიანისთვის აუცილებელ მინიმალურ პროდუქტებსა თუ მომსახურებას. სურსათის გარდა ადამიანს მგზავრობა, გადასახადების გადახდა, სამოსი, მედიკამენტები და მომსახურებები სჭირდება.

ოპტიმალური მაჩვენებელი, რაც დღეს საქართველოში მცხოვრები მოქალაქისთვის აუცილებელია, დაახლოებით 220-დან 250 ლარამდეა. თუ საარსებო მინიმუმი გაიზრდება, მთავრობას უკვე ექნება პასუხისმგებლობა, მინიმალური პენსია და ხელფასი ამ მაჩვენებელს გაუტოლდეს. ამის გაკეთება სახელმწიფო სექტორში უფრო შეიძლება, თუმცა ამას საკმაო თანხა დასჭირდება. კერძო სექტორში მინიმალური ხელფასის გაზრდა უფრო გართულდება, რადგან კერძო სექტორს ვერ დაავალდებულებ.

მინიმალური პენსიისა და ხელფასის გაზრდა დამატებით ხარჯებს, დამატებით რესურსს მოითხოვს, რომლის მოძიებაც არ იქნება ადვილი. შესაძლოა, საარსებო მინიმუმი შეიცვალოს, მაგრამ პენსია და ხელფასი მაშინვე ვერ გაიზარდოს. მაშინ მას კანონის ძალა უნდა მიეცეს, სხვანაირად იგი სავალდებულო არ იქნება. თანაც მინიმალური ხელფასის გაზრდა და ამის დაკანონება ყოველთვის ზრდის უმუშევრობას - ეს ეკონომიკის თეორიაში ცნობილი ჭეშმარიტებაა. გააჩნია, სახელმწიფოს რამდენად ექნება პენსიების გაზრდის საშუალება. როგორც ვიცით, სექტემბრიდან პენსია 150 ლარი უნდა გახდეს, შემდგომი ზრდა კი ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ყოველივე ამას დრო დასჭირდება. აუცილებელი არ არის, მინიმალური ხელფასი ან პენსია საარსებო მინიმუმზე მაღალი იყოს. პირველ რიგში, ეკონომიკა უნდა განვითარდეს ისე, რომ ეს ყველაფერი რეალურად განხორციელდეს".

ახალი მთავრობის სოციალური ვალდებულებები მიაჩნია ეკონომიკური ზრდის შემცირების ერთ-ერთი მიზეზად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს. დავით ონოფრიშვილის თქმით, ინვესტიციებს ამცირებს ძალაუფლების გადაცემის გარდამავალი პერიოდიც, თუმცა ის ელის, რომ წლის მეორე ნახევარი უკეთესი შედეგებით დასრულდება.

სოსო არჩვაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "დღევანდელი საარსებო მინიმუმი მოძველებულია და სინამდვილეს ვერ ასახავს. ზოგიერთი ისეთი საქონელი უნდა გახდეს საარსებო მინიმუმის განუყოფელი ნაწილი, რომელიც ადრე არ მოიხმარებოდა, მაგრამ დღეს ყოველდღიურობა უიმისოდ წარმოუდგენელია. მაგალითად, მობილური ტელეფონი ჩვენი ყოფის ნაწილი არ იყო, დღეს კი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის შემოსავალს, მობილური თითქმის ყველას აქვს. ამიტომ მისი ხარჯები საარსებო მინიმუმში აუცილებლად გასათვალისწინებელია. იგივე შეიძლება ითქვას ავტომობილზე, რომელიც ფუფუნების საგნად უკვე აღარ ითვლება. დროთა განმავლობაში საარსებო მინიმუმის ზრდა სავსებით ლოგიკურია.

ჩვენს სასურსათო კალათაში დაბალია ცხოველური წარმომავლობის პროდუქტის წილი, საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ამით ხელოვნურად არის შემცირებული. ერთი რამის გაკეთება უკვე შეიძლება - სასურსათო და არასასურსათო კომპონენტებს შორის პროპორციის გადახედვა. საარსებო მინიმუმის 70% სასურსათო კომპონენტზე მოდის და ეს უნდა შეიცვალოს. პირობითად, თუ ავიღებთ პროპორციებს 50/50-ზე, საარსებო მინიმუმი 70-80 ლარით გაიზრდება. ეს კი ახლოსაა 250-ლარიან მაჩვენებელთან. აშშ-ში საარსებო მინიმუმი საშუალოდ 900 ლარია, ჩვენთან კი 151 ლარი. ეს მაშინ, როცა ფასები ჩვენთან საკმაოდ მაღალია. ამავე დროს, წლიურად ერთ ადამიანზე საბიუჯეტო ხარჯი საქართველოში არის  $1100, როცა ამერიკაში ეს ხარჯი საშუალოდ  $20 ათასამდეა... ბოლო წლებში საქართველოში საშუალო ხელფასი კი იზრდებოდა, მაგრამ თითქმის არ შეცვლილა დასაქმებულთა რაოდენობა. მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას, რათა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რიცხვი შემცირდეს".

ხათუნა ჩიგოგიძე