შრომითი მიგრანტები: ინვესტორები თუ კონკურენტები?
12-08-2013
შრომითი მიგრანტები: ინვესტორები თუ კონკურენტები?
ჩინელები, ინდუსები, ტაივანელები, ეგვიპტელები, ირანელები - საქართველოში ბოლო დროს შრომითი მიგრანტები მომრავლდნენ. ზოგი მაღაზიას ხსნის, ზოგი სარესტორნო საქმიანობას მისდევს, ზოგიც პირდაპირ ქუჩაში ვაჭრობს. კოსტავას ქუჩაზე ერთმანეთის მიყოლებით გაიხსნა ერაყული კომპანიები, რომლებსაც სარეკლამო აბრებზე არაბული წარწერები აქვთ და ტურისტულ მომსახურებას, ავიაბილეთებს სთავაზობენ. არაბული განცხადებები, ყოველგვარი ქართული თარგმანის გარეშე, თბილისის შენობების კედლებზეც გამოჩნდა.

ჩინური მაღაზიები საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, უკვე რამდენიმე წელია მუშაობს და საკმაოდ წარმატებულადაც. ამავე დროს, ჩინელები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ყიდულობენ
სახლებს და განსაკუთრებით, მიწებს. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესით დაინტერესებულ ჩინელებს საქართველოში შემოსვლისას პრობლემები ექმნებათ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მათ ისეთი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვეს, რაც აქამდე არ მოუთხოვიათ. ჩინელები ამბობენ, რომ მსგავსი შეზღუდვები ტაილანდის მოქალაქეებზეც ვრცელდება.

ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ამბობენ, რომ
ჩინეთის მოქალაქეებისთვის არანაირი რეგულაცია არ გამკაცრებულა. არ გამორიცხავენ, რომ მათ ენობრივი ბარიერის გამო, შესაძლოა, კომუნიკაცია უჭირდეთ საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან.

მომრავლდნენ ქრისტიანი კოპტებიც. საქართველო და სომხეთი იმ კოპტების თავშესაფრად იქცა, რომლებიც სამშობლოდან ძალადობასა და დისკრიმინაციას გაერიდნენ. ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადაყენებიდან ორი წლის შემდეგ ეგვიპტელი კოპტები მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ: ან დატოვონ ეგვიპტე, ან დარჩნენ და იცხოვრონ დისკრიმინაციისა და ძალადობის რისკის ქვეშ, რამდენადაც ამ ქვეყანაში რელიგიური დაძაბულობა იმატებს. ეგვიპტეში ძნელია აშშ-ისა და ევროპის ვიზის მიღება და კოპტებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლეს. წლეულს საქართველომ ეგვიპტელებისთვის 2 ათასამდე ვიზა გასცა და თითქმის ყველა მათგანი ქრისტიანი კოპტია. შარშან კი გაცემული ვიზების რაოდენობა 222 იყო. საქართველოში ამ დროისთვის 2500-მდე ეგვიპტელი ცხოვრობს. ისინი, ძირითადად, წვრილი ბიზნესით ან მიწათმოქმედებით არიან დაკავებული. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ფული მცირე ტიპის სასტუმროში დააბანდა. არაბების "შემოსევა" იგრძნობა დედაქალაქში, განსაკუთრებით ძველ თბილისში. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ფულს სამშენებლო ბიზნესში აბანდებენ და თბილისის ძველი უბნების განაშენიანებით ინტერესდებიან.

მირეთ ლათი (მცირე მეწარმე, თბილისიდან): "სამი თვის წინ ეგვიპტიდან ჩამოვედით მე, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი. თავიდან ჩამოვედით, როგორც ვიზიტორები. აქაურობა მოგვეწონა და გადაწყვეტილი გვაქვს, აქ დავმკვიდრდეთ და საცხოვრებლად დავრჩეთ. კერძო სახლში ფართის ნაწილი ვიქირავეთ და იქ დავბინავდით. გადავწყვიტეთ, საქართველოს კერძო სექტორში ჩვენი მცირე ინვესტიცია ჩაგვედო და სურსათის მაღაზია გავხსენით. მაღაზიით დავიწყეთ აქ ბიზნესის წარმოება და სამომავლოდ გაფართოებასაც ვფიქრობთ. მაგალითად, გვინდა ვიყიდოთ მიწის ნაკვეთი, ავაშენოთ სახლი და შემდეგ ჩვენ გავაქირაოთ საცხოვრებელი ფართები. შესაძლოა, სხვა სასურსათო მაღაზიები შევიძინოთ და შემდეგ მათ განვითარებაზე ვიზრუნოთ.

მაგრამ საქართველოში ბიზნესის წარმოება სულაც არ არის ადვილი საქმე. პირველ რიგში, ვხედავთ ძალიან დიდ ბარიერს ქართველი მომხმარებლისგან უცხოელის მიმართ. მომწოდებლები ჩვენ განსაკუთრებით ძვირად გვაძლევენ საქონელს იმის გამო, რომ უცხოელები ვართ. ხშირად მოუციათ დისტრიბუტორებს განსხვავებული საქონელი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ წავიკითხეთ, რა უნდა აგვეღო. მარტივად რომ ვთქვათ, გვატყუებენ. როცა სხვა საქონელს გაძლევენ, შესაბამისად, ფასებიც ირევა და ჩვენი ბიზნესიც. კლიენტებიც გვატყუებენ ყიდვის დროს, მაგალითად, თუ სხვაგან იმატებს ფასები და ჩვენ ისევ ძველი ფასებით განვაგრძობთ მუშაობას, ამას არავინ იმჩნევს, არავინ გვეუბნება, ახლა ამ პროდუქტს სხვა ფასი აქვს და თქვენ რატომ ყიდით ძველ ფასშიო. თუ შემთხვევით აღმოვაჩინეთ და შევცვალეთ ეს ფასი, მერე ბრაზდებიან: რატომ მოუმატეთო. ზოგადად, ვცდილობთ, ისეთ პროექტში ჩავდოთ ფული, რომელიც მომგებიანი იქნება ჩვენთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც. ვეკითხებით კიდეც ქართველებს, რაში ურჩევნიათ, რაში სჯობს ჩვენი ინვესტიციის დაბანდება, მაგრამ ან არ გვეუბნებიან, ან უბრალოდ არ იციან".

საქართველოში ცხოვრების, ბინადრობის უფლებას ამჟამად ფლობს ირანის, დაახლოებით, 2500 მოქალაქეც. საქართველომ 1-ელი ივლისიდან ცალმხრივად გააუქმა 45-დღიანი უვიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისთვის, რაზეც საქართველომ და ირანმა 2010 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტისას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს შეთანხმება 2011 წლის იანვრის მიწურულს ამოქმედდა და ირანიდან საქართველოში ვიზიტიორების რაოდენობის გაზრდას შეუწყო ხელი. 2013 წლის 1-ელი ივლისიდან ირანის მოქალაქეებს ქართული ვიზების აღება უწევთ. ირანს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ჯერ არ გაუუქმებია.

ბოლო წლებში კახეთში მიწებს ინტენსიურად ყიდულობდნენ ინდოელები. ზოგი ადგილზე ჩადიოდა და სოფელ-სოფელ ეძებდა სასურველ ფართობს, ზოგიც ამისთვის საშუამავლო სააგენტოს მიმართავდა. ჩროწნ Iმმიგრატიონ-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია იმ კომპანიათა შორის, რომელიც, მიწების პრივატიზებაზე პარლამენტის მიერ მორატორიუმის გამოცხადებამდე, ინდოეთის, ირანისა და ეგვიპტის მოქალაქეებს საქართველოში მიწისა და უძრავი ქონების შეძენისას შუამავლობდა. კომპანიას სათავო ოფისი ინდოეთში აქვს, ფილიალები კი საქართველოს გარდა კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მხოლოდ ამ სააგენტოს შუამავლობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სიღნაღის რაიონში ასეულობით ჰექტარი მიწა გაიყიდა და 2 ათასი ინდოელი ფერმერი ჩამოვიდა. ჩროწნ Iმმიგრატიონ-ის აღმასრულებელი დირექტორი დიეზ საინი ამბობს, რომ ირანიდან, ეგვიპტესა და ინდოეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს საქართველოში უძრავი ქონების გარდა სასტუმრო ბიზნესიც აინტერესებთ. არიან ისეთებიც, ვისაც წარმოებაში სურთ ფულის დაბანდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით