"ყოველი კმაყოფილი მომხმარებლის უკან 50 პოტენციური კლიენტია" - კვირის პალიტრა

"ყოველი კმაყოფილი მომხმარებლის უკან 50 პოტენციური კლიენტია"

მოსახლეობის საერთო დანახარჯებში ყველაზე დიდი წილი ჯანდაცვაზე მოდის. ჯანმრთელობა რომ ფასდაუდებელია, ნებისმიერმა იცის, თუმცა მასზე ზრუნვა საკმაოდ ძვირი ჯდება. უცხოეთშიც და საქართველოშიც სამედიცინო ბიზნესი შემოსავლიანია, მით უფრო, თუ ბაზარზე განსხვავებულ ნიშას დაიკავებ.

ადა მჭედლიძე (ოზონოთერაპიის კლინიკა "აინოს" დამფუძნებელი): "ოზონოთერაპია საუკუნეზე მეტი ხნისაა. ოზონოთერაპიის ინსტიტუტი ჯერ კიდევ 1898 წელს მოქმედებდა ბერლინში. მედიცინა საკმაოდ კონსერვატიულია და ოზონოთერაპიას საუკუნოვანი გზა დასჭირდა, სანამ მედიცინის დარგად ჩამოყალიბდებოდა. ეს არ არის პანაცეა, მაგრამ ბევრი დაავადების მართვისას შეუძლია დახმარება. ექიმი-პედიატრი გახლავართ, ჩემი პროფილით ვმუშაობდი, შემდეგ კი გერმანიაში გამგზავრება მომიხდა, სადაც ოზონოთერაპიით დავინტერესდი. ეს არის კეთილშობილი, ნატურალური თერაპია, მავნე მოქმედების გარეშე, ხელმისაწვდომი და შედარებით იაფი. მაგალითად, ჩ ჰეპატიტის მკურნალობა ოზონოთერაპიით დაახლოებით ათჯერ იაფი ჯდება, ვიდრე ტრადიციული მედიკამენტოზური საშუალებებით, შედეგები კი თითქმის იგივეა.

გერმანიაში გამოცდილების მიღების შემდეგ გადავწყვიტე, საქართველოში პატარა კერძო კლინიკა გამეხსნა. გერმანიაში ამას პრაქსისს ეძახიან. იქ თითქმის ყველა ექიმს აქვს საკუთარი პრაქსისი, დიდ, მრავალპროფილურ კლინიკებში მათი 20-30% თუ მუშაობს. კლინიკის გახსნამდე საჭირო იყო ბაზარზე თავისუფალი ნიშის შერჩევა. ბოლო 20-30 წელია, მედიცინაში სულ უფრო მკვიდრდება აზრი, რომ ტრადიციული მედიცინა ყოვლისშემძლე არ არის და რომ მასთან ერთად სხვა - კომპლიმენტური ანუ შემავსებელი მიმართულებები უნდა გამოვიყენოთ. რატომ არ უნდა მივმართოთ მათ თუნდაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას, მით უფრო, რომ სიმსივნის განვითარება ორგანიზმში ჟანგბადის დეფიციტის ფონზე იწყება.

ასე გაჩნდა საქართველოში ოზონოთერაპიის პირველი და ერთადერთი კლინიკის გახსნის იდეა. ეს სადიაგნოსტიკო დარგი არ არის და დიდი კაპიტალდაბანდება არ დაგვჭირვებია. შენობა იმ ჰონორარით ვიქირავეთ, რომელიც გერმანიაში მუშაობისას დავაგროვე, შევიძინეთ ოზონის ორი აპარატი და საქმე დავიწყეთ. სამედიცინო ბიზნესის განვითარების ქვაკუთხედი კმაყოფილი პაციენტი და რეკლამაა. ჩვენთან ყველა ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილია და ერთი კმაყოფილი პაციენტის უკან, სულ ცოტა, 50 პოტენციური პაციენტი დგას. ხოლო სადაც ხმას პაციენტები და მათი ახლობლები ვერ აწვდენენ, იქ რეკლამამ უნდა იმუშაოს.

თვით გერმანიაშიც კი ოზონოთერაპია ელიტურ სამედიცინო მიმართულებად მიიჩნევა, სადაზღვევო კომპანიები მას არ აფინანსებენ და პაციენტი საკუთარი ჯიბიდან იხდის 4000-მდე ევროს. ჩვენთან კურსი ათჯერ ნაკლები ჯდება, რადგან ბიზნესს ბევრად ნაკლები გადასახადი და ხარჯი აქვს.

ჯერჯერობით კლინიკის შემოსავალი ძირითადად, რეინვესტირებას ხმარდება. მუშაობა ორი ოზონგენერატორით დავიწყეთ, შემდეგ სხვა აპარატები შემოვიტანეთ, მათ შორის ოზონის საუნა, სახის აპარატები და ახლა ოცამდე მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მოწყობილობა გვაქვს. ვგეგმავთ პაციენტთან კონტრაქტის შემოღებას, ოღონდ მას შემდეგ, როცა ადგილობრივად გვექნება დიაგნოსტირებისა და ანალიზების გაკონტროლების შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ყველა ლაბორატორია მეტ-ნაკლებად განსხვავებულ შედეგებს დებს. ამიტომ, როცა პაციენტს მომსახურების სრულ სპექტრს შევთავაზებთ, - დიაგნოსტირებიდან შედეგების გაკონტროლებამდე - განსაზღვრულ დიაგნოზებზე მათთან კონტრაქტს გავაფორმებთ და მკურნალობის შედეგით უკმაყოფილო პაციენტს თანხა უკან დაუბრუნდება".

მის.: მცხეთის ქუჩა #8, V სადარბაზო.

ტელ.: 225-31-39

* * *

ურეკლამოდ ნატურალურ პროდუქციასაც უჭირს

100%-ით ნატურალური და 100%-ით ქართული - კომპანია "ლივო" საქართველოში წვენებს ადგილობრივი ნედლეულისგან, პირდაპირი გამოწურვის მეთოდით აწარმოებს. ხილის ნატურალურ წვენებზე რომ მოთხოვნა დიდია, ამას ვრცელი საბაზრო ასორტიმენტიც ადასტურებს, თუმცა უპირატესი პოზიცია მაინც იმპორტირებულ პროდუქციას უჭირავს. ადგილობრივ ხილსა და ციტრუსს გასაღების პრობლემები ექმნება მაშინ, როცა მოთხოვნაც არის, წარმოებაც და უხვი მოსავალიც...

რომეო სარია (ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია "ლივოს" დირექტორი): "2001 წელს ბათუმში შეიქმნა შპს "ციტრო", რომელიც წვენებს, მურაბებს, ჯემებს, ტყემლის საწებელსა და კეტჩუპს უშვებდა. პროდუქცია ბრენდირებული არ ყოფილა და ძირითადად ბათუმში იყიდებოდა. 2009 წელს კომპანია მონაწილეობდა "მილენიუმის" პროგრამაში, რომლის ფარგლებში საწარმო გადაიარაღდა და მაღალხარისხიანი ტექნოლოგიური ხაზით სრულად დაკომპლექტდა. გადაწყდა, ბაზარზე ნატურალური წვენებით დავმკვიდრებულიყავით. მივიჩნიეთ, რომ ამ სეგმენტში უპირატესობა რამდენიმე გარემოების გამო გვქონდა: ნედლეული დიდი რაოდენობით მოდის იქ, სადაც ქარხანა მდებარეობს; კონკრეტულად ჩვენს სეგმენტში კონკურენცია შედარებით დაბალია; კომპანიის გამოცდილება და ტექნოლოგიური დონე. 2013 წელს უკვე შპს "ლივო" შეიქმნა და ამ ბრენდით ექვს თვეზე მეტია, ბაზარზე წვენები გაგვაქვს. ჩვენი ძირითადი მიმართულება ციტრუსის ნატურალური წვენებია, რომელიც ადგილობრივი ნედლეულისგან მზადდება. თავიდან ხუთი სახეობის წვენი გვქონდა, ახლა კი შვიდია. საცდელად კახეთში შევიძინეთ ვაშლატამა და ვფიქრობთ, ბაზარს კიდევ ერთი დასახელების წვენი შევთავაზოთ.

ტექნოლოგიას, რომლითაც წვენებს ვამზადებთ, ორი-სამი კონკურენტი თუ იყენებს, მაგრამ ინფორმაციის სიმცირის გამო მომხმარებელს უჭირს, განასხვაოს ნატურალური წვენი კონცენტრატით დამზადებულისგან. წვენს პირდაპირი გამოწურვის მეთოდით ვამზადებთ და ის ვიტამინებს მაქსიმალურად ინარჩუნებს. მეორე კატეგორიაა აღდგენილი, ანუ კონცენტრატებისგან დამზადებული წვენები. აქ კონკურენცია ძალიან დიდია. არიან ადგილობრივი მწარმოებლები, ბევრია იმპორტირებული პროდუქცია. მესამე კატეგორია დაბალი კონცენტრაციის წვენებია (ე.წ. ნექტარი).

უცხოურ პროდუქციასთან შედარებით, ქართული ნატურალური წვენი, დაახლოებით 40%-ით იაფია. პარადოქსია, მაგრამ ადგილობრივად წარმოებულ, პირდაპირი გამოწურვით მიღებულ წვენს კონკურენციას უწევს უცხოური, კონცენტრატის წვენები. თუმცა მომხმარებელი ნელ-ნელა იწყებს ვითარებაში გარკვევას. ადგილობრივი პროდუქცია ნაკლები იმიტომ ღირს, რომ აქაური ნედლეული უცხოურზე ბევრად იაფია. ყოველ სეზონზე ამა თუ პროდუქტის გასაღების პრობლემა ჩნდება, რაც ქართულ კომპანიებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების მეტ სტიმულს აძლევს. ჩვენი პრობლემა მომხმარებლის უკეთ ინფორმირებაა, რაც ძალიან ძვირია. ქართული კომპანიებისთვის ერთგვარი მოჯადოებული წრე იკვრება - პროდუქციას უშვებენ, მაგრამ მის პოზიციონირებას ვერ ახერხებენ. იმპორტიორი კომპანიები ფინანსურად საკმაოდ ძლიერი არიან და არც ძვირად ღირებული სარეკლამო თუ მარკეტინგული კამპანიის წარმართვა უჭირთ. ჩვენთვის კი ბაზარზე ადგილის დამკვიდრება ძვირი სიამოვნებაა. ყველამ ვიცით, რომ ნატურალური კარგია, მაგრამ თუ ეს ყოველდღიურად არ მოვისმინეთ ტელევიზიით, რადიოთი და არ წავიკითხეთ სარეკლამო ბილბორდებზე, ვერ გავიგებთ, ვინ გვთავაზობს ნატურალურ პროდუქციას. ვფიქრობ, სახელმწიფო კერძო სექტორს არა მხოლოდ წარმოების აწყობაში უნდა დაეხმაროს, არამედ მარკეტინგული კამპანიების წარმართვაშიც, რაც წაახალისებს მეწარმეობას და შესაბამისად, სოფლის მეურნეობასაც".

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში. გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.