ჯანი ვერსაჩეს "მცირე ბიზნესი" - კვირის პალიტრა

ჯანი ვერსაჩეს "მცირე ბიზნესი"

როგორ გავყიდოთ სილამაზე სარფიანად

მოშურნეები ამბობდნენ, რომ ჯანი ვერსაჩე მეტისმეტად მოშილიფებულ კაბებს კერავდა, ლამის მსუბუქი ყოფაქცევის ქალების შესაფერისს, თუმცა მაშინდელ ქალებს სწორედ ამის გამო უყვარდათ... ვერსაჩე თავისი დროის უდიდესი მოდელიერი იყო და შექმნა იმპერია, რომელიც დღემდე წარმატებით უწევს კონკურენციას მსოფლიოს მოწინავე სამოდელო სახლებს.

ჯანი 1946 წელს დაიბადა იტალიის პატარა პროვინციულ ქალაქ რეჯო-დი-კალაბრიის ასევე პატარა საკოსტიუმეროში. დედამისი, პროფესიონალი მკერავი, ჯანის ყურადღებას არ აქცევდა, მას მეორე შვილი, სანტო უყვარდა. დედის უყურადღებობით გულმოკლული ბიჭუნა მას წუთითაც არ შორდებოდა, სკოლიდან დაბრუნებული მაშინვე სამკერვალოს მიაშურებდა, რომ უსაყვარლესი და ყველაზე ახლობელი ადამიანის შორიახლოს ეტრიალა და უბრალო თარგის გამომჭრელებს შენატროდა - მათ დედამისი დღეში ერთხელ მაინც ხომ შეხედავდა და დაელაპარაკებოდა!

მახვილი თვალი

ბიჭი ირჩევდა მისი აზრით საუკეთესო ადგილს და საათობით გაუნძრევლად აკვირდებოდა ირგვლივ გახურებულ მუშაობას. ჯანი შეესწრო, როგორ უღებდა ზომებს დედამისი საცვლებში გამოწყობილ მშვენიერ ქალს. ფრანჩესკა ორი საათი სხეულს შავ ხავერდში "ფუთავდა", ქინძისთავებით ნიშნავდა ნაკეცებს და ყოველ დეტალს ზედმიწევნით ითვალისწინებდა... ბიჭი ცოტა მოშორებით იდგა, მისი აღფრთოვანებული მზერის წინაშე ნახევრად შიშველი უცნობი ქალი იმოსებოდა საოცარი მორთულობით, რომელიც ხაზს უსვამდა ბუნებრივ მშვენიერებას, ხოლო ზადს მალავდა. ეს მომენტი ბავშვს სამუდამოდ დაამახსოვრდა. დედის წყალობით ის მიხვდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ სხეულთან მუშაობა, როცა გრძნობ და ხედავ, როგორ "აჰყვება და დაჰყვება" ქსოვილი ქალის ფორმებს.

ყოველ ცისმარე დღეს ჯანი და დედამისი ფრანჩესკა 7:30 საათზე იღვიძებდნენ, საუზმობდნენ და პირდაპირ ატელიეში მიდიოდნენ. გზად პატარა საროსკიპოსთან უნდა გაევლოთ, რომელიც მათი სამკერვალოს გვერდით იყო. ბავშვს თვალი გაურბოდა, დედა კი მუჯლუგუნით შეახსენებდა, გვერდით არ გაეხედა. ბიჭიც მორჩილად იბრუნებდა პირს.

9 წლის იყო ჯანი, როცა ბიჭის ყოფა-ქცევით აღშფოთებულმა სკოლის დირექტორმა ფრანჩესკა დაიბარა. "დროა, ყურადღება მიაქციოთ თქვენს ვაჟს. ნამდვილი სექსუალური მანიაკი გეზრდებათ!" - გამოაცხადა დირექტორმა და "ნივთმტკიცებად" ცხვირწინ ჯანის ესკიზები აუფრიალა. ეს იყო ბავშვური, გაუწაფავი ხელით დახატული ჯინა ლოლობრიჯიდა და სოფი ლორენი უმშვენიერეს საღამოს კაბებში, რომლებიც ბიჭმა საგანგებოდ მათთვის შექმნა! დირექტორის შეშფოთების მიუხედავად, ჯანი სულაც არ ყოფდა ცხვირს მოზრდილთა სექსუალურ საიდუმლოებებში. მისთვის ქალის სხეული მოდელი იყო, რომელიც ზღაპრული კაბით უნდა შეემოსა.

ოჯახური ბიზნესი

დრო გადიოდა. ჯანი კვლავ ხატავდა. მან არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა და ალბათ, თავის ცხოვრებას მყუდრო, ვიწრო საპროექტოში დაასრულებდა მორიგი იტალიური სასაუზმის პროექტზე მუშაობაში, მაგრამ საქმეში ფრანჩესკა ჩაერია. პირველად და მტკიცედ - ვაჟიშვილი აიძულა, მისი სრულუფლებიანი თანაშემწე გამხდარიყო. ბიჭი უსიტყვოდ დათანხმდა. 18 წლისამ უყოყმანოდ მიატოვა სწავლა, რათა ტანსაცმელი შეექმნა.

დედასთან ერთად "ოთხ ხელში" მუშაობის მიუხედავად, თვალყურს ადევნებდა მოდის ცვალებადობას, ესწრებოდა ჩვენებებს პარიზში, ლონდონში, ფლორენციაში, რომში და შეუჩერებლად ქმნიდა სამოსს. ამან შედეგი გამოიღო. ყმაწვილი ვერსაჩეს ვირტუოზული ნიჭის შესახებ ერთმა მილანელმა ბიზნესმენმა შეიტყო. 1970 წლის ერთ მშვენიერ დღეს იგი ახალგაზრდას პირდაპირ ატელიეში მიადგა და პარმაღიდანვე თანამშრომლობა შესთავაზა. ყმაწვილმა უყოყმანოდ აიღო ბილეთი და იმავე დღეს გადაფრინდა მილანში. ჯერ მიწაზე არ დაედგა ფეხი, რომ მიხვდა - ეს მისი შანსი იყო. ვერსაჩე მუშაობას შეუდგა.

ენცო ნიქოზიამ, "ფლორენტინ ფლაუერზის" მფლობელმა, ვერსაჩე "სასწრაფო დახმარებად" გამოიძახა ახალი კოლექციის შესაქმნელად. მომხმარებელი სულ უფრო მომთხოვნი ხდებოდა, მას უკვე ცნობილი სახელი, ძლიერი ბრენდი სჭირდებოდა ხარისხის გარანტად. ამგვარ გარანტად ახალგაზრდა იტალიელი იქცა. მასზე უკვე ხმები დადიოდა, ერთ-ერთი პირველი კოლექცია თვალის დახამხამებაში გაიყიდა. ვერსაჩე "მოხეტიალე მკერავი" გახდა, ფაბრიკები მას ახალ-ახალ დაკვეთებს აყრიდნენ. ჯანი ღამეებს ათენებდა ესკიზების შექმნაზე და საკუთარ, დამოუკიდებელ ბიზნესზე ოცნებობდა. თუმცა საქმის ფინანსური მხარე შემოქმედებით მიღწევებს ჩამორჩებოდა...

ერთხელაც, მოკრძალებულ ბინაში ფრანჩესკასგან "მეგობრული ვიზიტით", ძმა ესტუმრა... ისინი მარტინის წრუპავდნენ და თავ-თავიანთ მიღწევებსა თუ წარუმატებლობებზე საუბრობდნენ. სანტო წარმატებული ფინანსისტის პოზიციიდან ლაპარაკობდა, ჯანი - პროფესიულ დამოუკიდებლობას მიელტვოდა. სანტომ უბის წიგნაკი ამოიღო და რაღაცას გამალებით წერდა და ანგარიშობდა. დილით ძმა გაემგზავრა. არ გასულა სამი თვე და სანტო ფულით დაბრუნდა... 1976 წელს ძმებმა მარკა "ჯანი ვერსაჩე" შექმნეს და საქმეში და - დონატელაც ჩართეს.

ბიზნესის მწვერვალზე

ჯანი ვერსაჩეს ხანა 1977 წლის ივლისში დაიწყო. მოდელიერი უტყუარი ალღოთი გრძნობდა დროის განწყობას, მისი დიდებული სტილი ვარსკვლავურ ოთხმოციანებს ეხამებოდა. ოსტატის ნახელავი გამომწვევი იყო - მეტისმეტად თამამი, მეტისმეტად კაშკაშა. ვერსაჩემ შეძლო, კიჩის ზღვარზე გაევლო და სხვადასხვა ახალგაზრდული და ექსტრემალური სტილი მიესადაგებინა ფუფუნების მოყვარული მდიდარი და ჭირვეული კლიენტურისთვის. ეს იყო როგორც შემოქმედებითი, ისევე ბიზნესგარღვევა.

თავშეკავებული ლონდონელები დიდხანს არ აღიარებდნენ დიზაინერს და მას ვულგარულად მიიჩნევდნენ ძალიან მოკლე კაბების, ღრმად ამოჭრილი გულისპირისა და მეტისმეტად მაღალი ქუსლების გამო. ჯორჯო არმანი ვერსაჩეს მაღალი მოდის პორნოგრაფიულ შოუდ გადაქცევაში ადანაშაულებდა და, შესაძლოა, არცთუ შორს იყო ჭეშმარიტებისგან. ვერსაჩემ არაერთხელ აღიარა, რომ მისი შთაგონების წყაროდ ხშირად ქცეულა ბავშვობისდროინდელი მოგონებები მსუბუქი ყოფაქცევის ქალებზე მშობლიური ქალაქიდან.

ქალთა კოლექციის დებიუტი 1978 წლის მარტში გაიმართა. ეს იყო სრული წარმატება. მოდელიერი კულისებში ქალღმერთებივით მანეკენებს დასტრიალებდა - ვერსაჩემ ჩვენებაზე 16 საუკეთესო მანეკენი გამოიყვანა და თითოეულს  $10 ათასს უხდიდა დღეში. საფირმო ნიშნად, ანტიკურობის დიდმა თაყვანისმცემელმა ჯანი ვერსაჩემ, მედუზა გორგონას თავი აარჩია - ჩვენი წელთაღრიცხვის მიჯნაზე მარმარილოში შესრულებული, ძვ.წ. V-IV სს. ბერძნული დედნის რომაული ასლი (რონდანინის მედუზა). ის ვერსაჩეს ყველა მოდელსა და ნაკეთობას ამშვენებს 1978 წლიდან. ჯანი მოსავდა პრინცესა დაიანას, ექსცენტრიკულ მადონას, ელტონ ჯონს, სტინგს, ელიზაბეთ ჰარლის, ჯონ ბონ ჯოვის, ქმნიდა კოსტიუმებს მორის ბეჟარის ბალეტებისთვის.

1981 წელს ქალის პირველი სუნამო გამოვიდა, 1986 წელს - მამაკაცის. 1990-იანი წლებში ვერსაჩე უკვე მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი გახლდათ. პრესა მას ლამის აღმერთებდა... ჭურჭლის ხაზის გახსნის შემდეგ, ვერსაჩემ ფაიფურით სავსე რამდენიმე ყუთი სილვესტერ სტალონეს გაუგზავნა. მისი სახლი ათასობით დოლარის ბალიშებით, ქსოვილებით, სკივრებით აავსო, იგივე გაიმეორა კლაუდია შიფერთან. ესოდენი ყურადღების სანაცვლოდ, ერთიცა და მეორეც სიამოვნებით და უსასყიდლოდ დათანხმდა, სრულიად შიშვლებს ეპოზიორათ ჟურნალებისთვის - მხოლოდ სასირცხვო ადგილზე იფარებდნენ "ვერსაჩეს" საფირმო ლანგრებს. ოდესღაც დაჩაგრულ ბიჭუნას, აწ კი მსოფლიო მოდის დიდ დიქტატორს, შეეძლო, ყველაფრის უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის.

ჯანი ყიდულობდა მრავალსართულიან სახლებსა და უზარმაზარ ვილებს, გამოსცემდა წიგნებს, მოგზაურობდა, აცარიელებდა ანტიკვარულ მაღაზიებს... მაგრამ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელებულა. 1997 წლის 15 ივლისის დილით ჯანი ვერსაჩე მაიამიში საკუთარი ვილიდან ახალი ჟურნალების საყიდლად ქუჩაში გამოვიდა. მხოლოდ ამ ქალაქში აძლევდა თავს უფლებას, მარტო, დაცვის გარეშე გასულიყო გარეთ. ცხრა საათისთვის ვერსაჩე თავისი სამსართულიანი სახლის ჭიშკარს მიადგა და ორი გასროლის ხმაც გაისმა... პოლიციამ მალე დაადგინა მკვლელის ვინაობა - 27 წლის ენდრიუ კუნანანი, სერიული მკვლელი, რომელიც ჰომოსექსუალური პროსტიტუციითაც შოულობდა ფულს. გამომძიებლებს არ უთქვამთ, აკავშირებდათ თუ არა რამე მსხვერპლსა და მოძალადეს, თუმცა გავრცელდა ხმები, რომ კუნანანი უიღბლოდ იყო შეყვარებული ვერსაჩეზე. მკვლელს ეძებდნენ და როცა პოლიციამ მის იახტას ალყა შემოარტყა, თავი მოიკლა.

"ვერსაჩეს" სახლი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მოდის სამყაროში. მისი მართვა მთლიანად დონატელა ვერსაჩეს დააწვა და უნდა ითქვას, რომ ქალმა წარმატებით გაართვა თავი ამ საქმეს. "ვერსაჩეს" კლიენტები არიან: მადონა, ბექჰემები, გვინეტ პელტროუ და სხვ. ბიზნესჯგუფში საკვანძო პერსონა დონატელა ვერსაჩეა. კომპანიები საჯარო არ არის, თუმცა ცნობილია, რომ 2011 წელს "ვერსაჩეს" მოგებამ 340 მილიონი ევრო შეადგინა. ეს სულაც არ გახლავთ ვეებერთელა კორპორაცია - დონატელას საწარმოებში სულ 500 ადამიანი მუშაობს...

მოამზადა ნატა ენუქიძემ