საბიუჯეტო კრიზისი ჯერ არ არის, მაგრამ... - კვირის პალიტრა

საბიუჯეტო კრიზისი ჯერ არ არის, მაგრამ...

"ხელისუფლება თითქოს ზერელედ ეკიდება პარამეტრების გაუარესებას"

ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება, საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, შარშან ზაფხულში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერი შედარებითია და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, რადგან ეკონომიკური პარამეტრები უკვე 2009 წლიდან იკლებს. ოპოზიციაში გადასულ ყოფილ ხელისუფლებას კი სარეიტინგო სააგენტო "სტანდარდ & პუერზის" ბოლო მონაცემები აშფოთებს, რომლის თანახმად, წლეულს ეკონომიკა მხოლოდ 3,5%-ით გაიზრდება, ნაცვლად დაგეგმილი 6%-ისა.

რეალური სურათი ასეთია: წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის ივნისში მშპ-ის ზრდა, შარშანდელ ივნისთან შედარებით, -0,8% იყო, II კვარტალში ნავარაუდებია 1,3%-ით გაზრდა, ხოლო პირველ ექვს თვეში - 1,8%-ით. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ უკეთესი მაჩვენებელი წლის მეორე ნახევრიდან იქნება. "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,5% და მეტი იქნება. საერთაშორისო ეკონომიკური ზრდის ტემპები ყველგან დაცემულია. როცა საქართველოში შემცირებაზე ვსაუბრობთ, მონაცემები უნდა შევადაროთ გასული წლების შესაბამის პერიოდებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, პირველი ექვსი თვე სახელმწიფო ტენდერები შეჩერდა და შემცირდა, რადგან მათი გადახედვა უნდა მომხდარიყო, ბიუჯეტიდან სოციალური პროექტები შესრულდა, ანუ დაპირებები, რაც მოსახლეობას წინასაარჩევნოდ მივეცით. ამ ყველაფერმა ეკონომიკურ სურათზე გავლენა იქონია", - ამბობს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი.

ლევან კალანდაძე (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში): "ეკონომიკისთვის ცოტა რთული პერიოდი დგას და ამას განაპირობებს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური ფაქტორები. ობიექტური ფაქტორი ის არის, რომ შიდა ვითარება ვერა და ვერ დასტაბილურდა - როგორც შიდა, ისე უცხოელი ინვესტორისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხო ბიზნესგარემოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით. გაურკვევლობა ნაწილობრივ განიმუხტება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა ამან, შესაძლოა, პრობლემები ასევე ნაწილობრივ მოხსნას, რადგან ერთია პოლიტიკური დაპირისპირებისთვის ეკონომიკური და ბიზნესინტერესების არგადაყოლება და მეორეა, რა ალტერნატივას, რა სიახლეს შესთავაზებს საზოგადოებას, ბიზნესს ხელისუფლება.

სხვა ფაქტორია საერთაშორისო ფონი, რომელიც ჩვენნაირი ეკონომიკის ქვეყანას დამშვიდების საფუძველს არ უქმნის. მართალია, მსოფლიოში აქტიური კრიზისი არ არის, მაგრამ საინვესტიციო შიმშილი ნაწილობრივ მაინც შენარჩუნებულია. თუმცა ინვესტიციებზე საუბრისას სუბიექტური ფაქტორებიც უნდა გავითვალისწინოთ - არასრულფასოვანი და არასწორი გზავნილები ბიზნესისადმი, ინვესტორებისადმი; არაერთმა ბიზნესგაერთიანებამ თქვა, რომ მათთვის გაურკვეველია, რა ეკონომიკური კურსი და რა ეკონომიკური ამოცანები აქვს ხელისუფლებას. ხელისუფლებამ ძალიან კარგად დაიწყო, როცა გამოცხადა, რომ ბიზნესი თავისუფალია და მის საქმიანობაში არ ჩაერევა.

თუმცა ზოგიერთი ნაბიჯი საპირისპიროს გვაფიქრებინებს. წინასაარჩევნო დაპირებებში ორი ძირითადი გზავნილი იყო - მცირე და საშუალო ბიზნესის გადაქცევა ეკონომიკის განვითარების მთავარ საფუძვლად და ანტიმონოპოლიური რეგულაციის სრულფასოვანი ამოქმედება. ეს სწორი იყო, მაგრამ შედეგი საპირისპიროა. 11 თვეში მცირე ბიზნესის განვითარების არანაირი სახელმწიფო პროგრამა შეთავაზებული არ ყოფილა, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები არ შესულა, რასაც ველოდით, მცირე ბიზნესის სტატუსის დამკვიდრების, გამარტივებული დაბეგვრის, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ზოგადად, საგადასახადო ტვირთვის შემსუბუქების თვალსაზრისით. კვლავაც აქტუალურია კარტელური გარიგებების თემა და მონოპოლიურად მაღალი ფასები. მეტიც, გამოიკვეთა სფეროები, მაგალითად, გადაზიდვების, საფოსტო მომსახურების, რომელიც რატომღაც ხელისუფლების ექსკლუზივად გამოცხადდა. ამას დაემატა სეგმენტური შევიწროება სადაზღვევო სფეროში, როცა სახელმწიფო კვლავ პირდაპირ აფინანსებს სამედიცინო სექტორს, აგრეთვე ინიციატივები მიწების გაყიდვისა და მიწის ფონდის მართვას სფეროში. ეს ყველაფერი ბიზნესში გაურკვევლობას ბადებს და გაუარესებული მაკროეკონომიკური პარამეტრებიც ამის შედეგია.

ბიზნესი გადავიდა პასიურ მდგომარეობაში, მოლოდინში. ანუ, ფინანსური თვალსაზრისით, ის არ არის ორიენტირებული განვითარებაზე, რეკაპიტალიზაციაზე და არ აბანდებს ახალ ინვესტიციებს. არც უცხოელი ინვესტორი დააბანდებს აქ ფულს, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხო და პროგნოზირებად ქვეყანას არ დაინახავს.

არ ვამბობ, რომ ეს გაუარესებული მაკროეკონომიკური პარამეტრები ეკონომიკურ კრიზისს ნიშნავს. საბედნიეროდ, ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ არის ერთი ცუდი ტენდენცია, რომ ხელისუფლება გულგრილად, ზერელედ ეკიდება პარამეტრების გაუარესებას. რაც მთავარია, ეს ტენდენციის ხასიათს იძენს, თორემ ერთჯერად შემცირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლების არგუმენტი არის ის, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იხსენებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებასა და საინვესტიციო ფონდების მალე ამოქმედებას. სოფლის მეურნეობის ბარათების პროგრამა მართლაც საჭირო იყო, მაგრამ მას უფრო სოციალური დატვირთვა ჰქონდა, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით კი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება. ფონდებიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საინვესტიციო ფონდი კერძო სამართლის იურიდიული პირია, ის მოგების მიღებაზე იქნება ორიენტირებული ხუთ, შვიდ, ათწლიან პერიოდში. მოკლევადიანი ეფექტი არც ამას ექნება.

ყველა გაწეული ხარჯი მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შეიძლება, ეს იყოს ვინმეს ჯიბიდან ამოღებული ხარჯი. ის ბიუჯეტიდან არის გასაწევი, ხოლო მისი მთავარი წყარო ბიზნესია. თუ ის ვერ განვითარდა, საგადასახადო შემოსავლები შემცირდება და სახელმწიფო თავის ფუნქციას სრულფასოვნად ვეღარ შეასრულებს. გაჩნდება საბიუჯეტო კრიზისის პირველი ნიშანი, რომელიც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ეკონომიკურ კრიზისში. შესაბამისად, ხვალ-ზეგ დადგება საკითხი, რის ხარჯზე უნდა დააფინანსოს ხარჯები ბიუჯეტმა. არსებობს რამდენიმე გზა - სესხი საერთაშორისო ბაზარზე, გადასახადების გაზრდა და ხარჯების შემცირება. პირველი ორი მიმართულებით ხელისუფლება, როგორც ვატყობ, აქტიურად ფიქრობს და არ გამოვრიცხავ, წლის ბოლოსთვის საერთაშორისო ბაზრებზე სესხის აღების საკითხი დასვას. გადასახადებთან დაკავშირებით პირველი ნიშანი არის ის, რომ სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზის გადასახადი იზრდება. ეს სიმპტომურია, რადგან შარშანდელთან შედარებით საბიუჯეტო შემოსავლებში შემცირება შეინიშნება.

რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, როგორც ჩანს, ხელისუფლება ქამრების შემოჭერას არ გეგმავს, პირიქით, ბიუჯეტს ტვირთავს სოციალური ვალდებულებებით და იმავდროულად, ბიზნესის განვითარებისთვის ნაკლებად ირჯება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ქვეყანაში მთავარი ამოცანები გვაქვს არეული.

ციფრების ენით

- გადასახადების სახით ბიუჯეტში 2013 წლის ექვს თვეში 2981,5 მილიონი ლარი შეგროვდა. ეს შარშანდელზე 18,5 მილიონით მეტია, თუმცა წლიური გეგმა 620 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

- მთლიანი შემოსავლების ნაწილში კი (საბიუჯეტო შემოსავლები, გრანტები, და სხვა შემოსავლები) წლევანდელი ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 264,2 მილიონი ლარის მატებით. ამ დროს, ნახევარი წლის მონაცემებით, აღინიშნა 126,2 მილიონი ლარის კლება.

- 2013 წელს დღგ-ის გადასახადი უნდა აიკრიფოს შარშანდელზე 332 მილიონი ლარით მეტი. პირველ ექვს თვეში კი შეგროვებულია შარშანდელზე 34,4 მილიონი ლარით ნაკლები.