"მანი, სენიორა!"
19-08-2013
"მანი, სენიორა!"
მთავარ ტურისტულ ქუჩაზე კარგი ამინდია მოწყალების სათხოვნელად

საქართველოში, შეიძლება ითქვას, ტურისტული სეზონის პიკია. თვალში საცემია უცხოელი ტურისტების სიმრავლე კურორტებსა და დედაქალაქში. თბილისში ისინი მეტწილად ისტორიულ უბნებს სტუმრობენ. ტურისტების მატებასთან ერთად, თბილისის ძველ უბნებში მოწყალების სათხოვნელად გამოსული ადამიანების რაოდენობაც იზრდება.

თბილისის ძველი უბნებისკენ ტურისტები ძირითადად ლესელიძის ქუჩით მიდიან. წლის ამ დროს ხალხის ნაკადი აქ დღე-ღამის განმავლობაში არ წყდება. მიმდებარე საფეხმავლო ქუჩებში ღია კაფე-ბარებია, სადაც ე.წ. უპოვართა დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ სტუმრებთან
მიახლოების საშუალებას, ამიტომ ისინიც იმ ქუჩას არიან შეფენილი, სადაც ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტები მოძრაობენ. ჩვენ დღისა და ღამის მონაკვეთში მოვიარეთ ტურისტებით დატვირთული ქუჩები და ფოტოკამერით აღვბეჭდეთ სურათი, რომელიც ასე აკვირვებს უცხოელ ტურისტებს. უპოვრები აქ თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდებიან და სხვა დროს თუ ფოტოკამერის გამოჩენას გააპროტესტებდნენ,
ახლა ლამის ხალისით პოზირებენ ობიექტივის წინ და თან ფულს ითხოვენ უცხო სიტყვათა უცნაური ნაზავით: "სენიორა, მანი"!

ყველას ერთი და იმავე გაჭირვების ისტორია აქვს: ზოგს მარჩენალი არ ჰყავს და ზოგსაც იქით ჰყავს სარჩენი. ამბობენ, რომ წლის სხვა დროს ქალაქის სხვადასხვა უბანში "მუშაობენ", ახლა კი უცხოელი ტურისტების "სეზონია" და აქეთაც ამიტომ მოაშურეს. ეგ არის, ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე ადგილის "დამკვიდრება" ჭირს, რადგან კონკურენცია დიდია და კარგი ადგილები უკვე დაკავებულია, ზოგ ადგილზეც მიმდებარე ობიექტების მეპატრონეები არ აძლევენ "მათხოვრობის" საშუალებას.

ბედუკუღმართობასა და მწვავე კონკურენციას უცხოელი ტურისტების სიძუნწეც ემატება. "ისეთი დამწვრები არიან, კაპიკს ვერ გააგდებინებ. ისევ ჩვენი ქართველები გვეხმარებიან, ან უცხოეთიდან ჩამოსული ქართველები", -მითხრა მოწყალების სათხოვნელად გამოსულმა მამაკაცმა, რომელმაც, გასაგები მიზეზით, ვინაობის გამხელა არ ისურვა. სწორედ მისგან გავიგე, რომ ზაფხულის სეზონზე მონდომებული და დაუზარელი "მათხოვარი" დღის განმავლობაში, სულ ცოტა, 20 ლარს შოულობს. თვეში ეს დაახლოებით 600 ლარია. გამოდის, ჩვენს ქვეყანაში "მათხოვარი" უფრო მდიდარია, ვიდრე პენსიონერი. მოწყალების სათხოვნელად გამოსულთა დიდი ნაწილიც სწორედ საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანებია.

"მათხოვრების" სიმრავლე უკვირთ უცხოელ ტურისტებსაც. "უკრაინაშიც ითხოვენ ქუჩაში მოწყალებას, მაგრამ ასე ყოველ ნაბიჯზე ტროტუარზე ჩამომსხდარ ადამიანებს ჩვენთან ვერ ნახავთ. ვიცოდი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან უჭირდა, მაგრამ ასეთ რამეს არ ველოდი. რა თქმა უნდა, ეს ცუდ განწყობაზე გაყენებს, არადა, ადამიანი აქ დასასვენებლად და ღირსშესანიშნავი ადგილების დასათვალიერებლად ჩამოდიხარ", -მითხრა უკრაინელმა ტურისტმა, მაქსიმმა.

წლის ამ სეზონზე თბილისის ძველი უბნების "სამათხოვრო მიმზიდველობა" არც ე.წ. პროფესიონალებს გამოჰპარვიათ, რომლებსაც სხვაგვარად მათხოვართა მაფიის წევრებსაც უწოდებენ. ტურისტებით დატვირთულ ქუჩებზე ბოშებიც მრავლად არიან და მერწმუნეთ, გასაცოდავებულ პენსიონერებზე უკეთ იციან, როგორ წაართვან ტურისტს შავი დღისთვის გადანახული დოლარი.
vai
01 სექტემბერი 2013 16:51
ჩვენ ქვეყანას არაფერი არ ეშველება არასოდეს აქ არაფერი არ იცვლება , სახელმწიფო უნარ დაკარგულია გაჭირვებული ხალხისთვის ძალიან უჭირს ხალხს
დათო
26 აგვისტო 2013 12:43
რა სისულელეა... საზვარგარეთ პენსია იმხელაა რო ჩვენ ახლოსაც ვერ მივალთ ვერასდროს... იგივე რუსეთში 400$ შეადგენს საშუალოთ, დენი კიდე ჩვენ ფულზე 4 თეთრი ღირს...
ჯერ ევროპული ხელფასები და პირობები უნდა შექმნან და მერე უკვე აკრძალვებზე ისაუბრონ...
buxuti
21 აგვისტო 2013 17:07
რატომ მარტო აზერბაიჯანში? სსრკ-შიც აკრძალული იყო მათხოვრობა. ამ ნამგალი და უროიან აზრებს როდესმე არ უნდა გადავეჩვიოთ? უნდა და მათხოვრობს, ვისი რა საქმეა. მიზანი ის უნდა იყოს, ვისაც მათხოვრობა არ უნდა გაჭირვებისგან არ უწევდეს, ანუ პენსია უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე მეტი.

რედაქტორის რჩევით