"მეცხოველეობის პრიორიტეტი ბიზნესისთვის საუკეთესო პოლიტიკაა"
19-08-2013
"მეცხოველეობის პრიორიტეტი ბიზნესისთვის საუკეთესო პოლიტიკაა"
მრავალი წელია, საქართველოს მაღალი უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდო აქვს. იმპორტი საგრძნობლად აჭარბებს ექსპორტს და ადგილობრივ წარმოებას მეტი ხელშეწყობა სჭირდება კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. რეალური ვითარება კერძო სექტორის წარმომადგენლებთან საუბრისას იკვეთება. მომხმარებელი იცნობს "სამგორის" კარაქს, თუმცა მისი ბიზნესისტორია ბევრისთვის უცნობია...

ლაშა ღვინიაშვილი (კომპანია "სამგორის" ფინანსური დირექტორი):
"კომპანია 1994 წელს ამოქმედდა. მაშინ არ იყო ბიზნესისთვის საუკეთესო დრო, წარმოება და მით უმეტეს, სრული ციკლის აწყობა სარისკო საქმე იყო, ამიტომ "სამგორმა" საქმიანობა კარაქის დაფასოებით დაიწყო. პოსტსაბჭოთა
ქვეყნებიდან, აგრეთვე ახალი ზელანდიიდან, არგენტინიდან, ურუგვაიდან შემოტანილი მზა კარაქის ბრიკეტირება და შეფუთვა საქართველოში ხდებოდა. ეს ქვეყნები კარაქის მსხვილი მწარმოებლებია, იქ მეცხოველეობა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა აყვანილი და ხარისხიანი პროდუქციის მოწოდება შეუძლიათ. იმ დროს საქართველო იმპორტირებულ კარაქს მოიხმარდა და თავად არ იყო მწარმოებელი.

განსაზღვრულ ეტაპზე მივხვდით, რომ
აუცილებელი იყო შემდეგი ნაბიჯის გადადგმა და კარაქის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები შევიძინეთ. აქ უკვე ნედლეული დაგვჭირდა, ნაღების კარაქის წარმოებისთვის რძე აუცილებელია. თავიდანვე ვცდილობდით წარმოებაში ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებას, მაგრამ საქართველოში რძე ბევრი არ არის, არ ხდება მისი ცენტრალიზებულად შეგროვება, შენახვა. რძის პროდუქტების მწარმოებელ ყველა კომპანიას თავად უწევს რძის მოძიება, ეს კი სარისკოა, რადგან მთელი ნედლეული, ყოველი ლიტრი რძე, რომელსაც ჩაიბარებ, მაშინვე უნდა შეამოწმო ლაბორატორიაში. ამიტომ წარმოებისას ხშირად გვიწევს რძის ფხვნილის გამოყენება, ჩვენს პირობებში ეს უფრო უსაფრთხო და მარტივი გზაა. ნაღების კარაქის გარდა, ვამზადებთ ე.წ. კომბინირებულ კარაქს - სპრედს, სადაც ცხოველური დანამატების გარდა, გამოყენებულია მცენარეული ცხიმები. მის მწარმოებლებში ყველაზე კარგი პროდუქცია შვედებს აქვთ და ჩვენც მათგან შემოგვაქვს. იქაური მცენარეული ცხიმი უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე, თუნდაც, უკრაინული მზა კარაქი. ამ ეტაპზე ათი სახეობის კარაქსა და სპრედს ვაწარმოებთ. რა თქმა უნდა, ბევრად მომგებიანია, როცა თავად შეგიძლია პროდუქციის შექმნა და მომხმარებლის მოთხოვნაზე უფრო ზუსტად მორგება, ასე უფრო კონკურენტუნარიანი ხდები. როცა პროდუქტი მხოლოდ შემოგაქვს და აფასოებ, ამ მხრივ შეზღუდული ხარ.

საქართველოში კარაქს ორი-სამი კომპანია თუ აწარმოებს და ჩვენი ძირითადი კონკურენტები იმპორტიორები არიან. მათ ჯანსაღ კონკურენციას ვუწევთ, რადგან ჩვენი პროდუქციის ხარისხი მკაცრად კონტროლდება. ადგილობრივად წარმოებული კარაქის შენახვის ვადა 20 დღეა, იმპორტირებულის კი ძირითადად ექვსი თვე, ზოგჯერ თორმეტიც. როცა პროდუქტი ამდენ ხანს ინახება, გამოდის, ის კონსერვანტებით არის გაჯერებული და ნატურალური შემადგენლობა ვერ ექნება.

ადგილობრივად წარმოებულ ხარისხიან კარაქზე მოთხოვნა არსებობს. ვფიქრობთ, სახელმწიფო მნიშვნელობის რანგში უნდა იქნას აყვანილი მეცხოველეობის განვითარება, შეიქმნება საფუძველი რძის შემგროვებელი პუნქტების გასახსნელად და ჩვენც წარმოებისთვის ადგილობრივი და ნატურალური ნედლეული გვექნება. მაგალითად, მეზობელ თურქეთს რძის პროდუქციის წარმოებაზე 50%-იანი დოტაცია აქვთ დაწესებული და ცდილობენ, ყველანაირად დაეხმარონ ადგილობრივ მწარმოებლებს, რათა შიდა ბაზარიც მოამარაგონ და პროდუქცია საექსპორტოდაც გაიტანონ".


* * *

"ხარისხიანი ნიშა" დაბალი ფასების პირობებში

ოჯახის წევრებთან ერთად დაწყებული ბიზნესი და ნოვაცია, რომელმაც, შესაძლოა, საქართველოს სამშენებლო ბაზარი შეცვალოს - "ბი-ემ ჯგუფი" საკუთარი ბიზნესისტორიით გადაცემა "ბიზნესფაილს" ესტუმრა.

კახაბერ ხუხუნაიშვილი ("ბი-ემ ჯგუფის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი): "ინჟინერ-გეოფიზიკოსი გახლავართ, მაგრამ ისეთ ეპოქაში მოგვიხდა ცხოვრება, პროფესიას ვითარებისა და საჭიროების გათვალისწინებით ვირჩევდით. ჩემი მეგობრის ბიზნესში აღმოვჩნდი, სადაც ხის იატაკსა და სხვა მასალებს აწარმოებდნენ. შევისწავლე ხის დამუშავება - მისი მოჭრიდან მასალის დამზადებამდე. შემდეგ ამავე პროფილით სხვადასხვა კომპანიაში ვმუშაობდი, 2005 წლიდან კი ბიზნესის დამოუკიდებლად წამოწყება გადავწყვიტე. მანამდე გაყიდვების მენეჯერი ვიყავი და გადავწყვიტე, ის მეკეთებინა, რაც ყველაზე უკეთ ვიცოდი და გამომდიოდა. მოვიძიე თანხები, ადგილობრივი საბითუმო საწყობებიდან, ძირითადად, ხისა და ლამინირებულ იატაკს ვიღებდით და ვყიდდით. ბაზარზე იმ დროს უმეტესად, თურქული კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი, რომლებსაც ევროპული პროდუქცია შემოჰქონდათ რეექსპორტით, აგრეთვე ჩინური და თურქული წარმოების ლამინირებული იატაკი. ბიზნესში ჩემი ოჯახის წევრებიც ჩავრთე და გადავწყვიტეთ, პროდუქცია ჩვენვე შემოგვეტანა. ასე გაჩნდა 2008 წელს კომპანია "ბი ემ ჯგუფი", რომლის სახელწოდებაში ჩემი შვილების ინიციალებია.

ერთ-ერთი გერმანულ ენას ფლობს კარგად, შვეიცარიაში საქმიანი კონტაქტები დავამყარეთ და "კრონო სვისის" ფირმის ლამინირებური იატაკის შემოტანა დავიწყეთ. თითქოს ყველაფერი გავთვალეთ, მაგრამ ბიზნესში გამოცდილების ფასი არაფერია და პირველ სირთულეს სწორედ გამოუცდელობით წავაწყდით. პროდუქციის ტრანსპორტირება, ფაქტობრივად, ბრმად შევუკვეთეთ ერთ-ერთ სატრანსპორტო კომპანიას. მან ტვირთის ჩამოტანას თითქმის ორჯერ მეტი დრო მოანდომა, გზაში საქონელიც დაზიანდა, ჩვენ კი იმგვარი კონტრაქტი არ გვქონდა, რომ ზარალის ანაზღაურება მოგვეთხოვა. მოკლედ, საკმაოდ ვიზარალეთ, მაგრამ ამან გვასწავლა სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა და მათი სწორად შერჩევა. დღეს ლამინირებული იატაკი და პარკეტი შემოგვაქვს ასევე გერმანიიდან და ბელგიიდან.

ეს პროდუქცია დიდ მოგებას არ ტოვებს. ამ შემთხვევაში მოგება დიდ ბრუნვაზეა დამოკიდებული და ჩვენი ბაზრის მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, ამის იმედი ადგილობრივ კომპანიას ნაკლებად უნდა გვქონდეს. ბაზარზე ფართოდ წარმოდგენილ პროდუქციას ფასებით ვერ ვუწევთ კონკურენციას და ნიშას პროდუქციის მაღალი ხარისხით ვინარჩუნებთ. მაგალითად, როცა ბაზარზე ახალი ევროპული პროდუქცია შემოდის, ჩინეთში მაშინვე იგზავნება მისი ნიმუში და ძალიან მალე იქიდან ევროპულის ანალოგი შემოდის, დაბალი ხარისხის, მაგრამ, დაახლოებით, 25-30%-ით უფრო იაფი და მომხმარებელიც მას ევროპული პროდუქციისგან ვერ არჩევს. ყველას ვურჩევ, ხის პარკეტისა და ლამინირებული იატაკის შეძენისას წარმოშობის სერტიფიკატი მოითხოვონ.

ცოტა ხნის წინ ახალი ბიზნესმიმართულების ათვისება გადავწყვიტეთ და გავხდით პოლონური კომპანია "იზოდომ 2000-ის" წარმომადგენელი საქართველოში. ის სრულიად ახალი ტექნოლოგიით ამზადებს პოლისტიროლის ბლოკებს, სადაც ისხმება ბეტონი და მონოლითური სახლები შენდება. ეს ეკოლოგიური, ეკონომიური, ცეცხლგამძლე სამშენებლო მასალაა, რომლითაც 5-7-ჯერ უფრო სწრაფად შენდება და მისი ექსპლუატაციის ვადა 100 წლამდეა. ასეთი ბლოკების მწარმოებელი ქარხანა საქართველოშიც უნდა აშენდეს, ამას დიდი ინვესტიცია სჭირდება, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო პროექტია. ის საგრძნობლად შეცვლის ვითარებას სამშენებლო სექტორში".

მის.: ვაჟა-ფშაველას ქ. 51
ტელ.: 223-86-86; (790)-79-97-99; 571-420-079
parkett.ge@gmail.com


P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში. გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით