სოფლის მეურნეობა - ადვილი გამოსავალი არ არსებობს
26-08-2013
სოფლის მეურნეობა - ადვილი გამოსავალი არ არსებობს
მოსავლის დაბალი ხარისხი საწყობ-მაცივრებში მის შენახვას აძნელებს

ხშირი უამინდობისა და ზოგან სტიქიის მიუხედავად, წლეულს საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის კარგი მოსავალია. კახეთში ბევრი ატამი მოვიდა, ქართლში კი მსხმოიარე ვაშლის იმედი აქვთ. თუმცა იმისგან დამოუკიდებლად, მცირეა თუ უხვია ჭირნახული, გლეხებს პრობლემები მაინც ექმნებათ. ცუდი მოსავალი თავისთავად ცუდია, ბარაქიანის ფასი კი, ბაზარზე ერთბაშად შესვლის გამო, ეცემა და ეს მეურნეთა ამონაგებს ძალიან ამცირებს, თუნდაც გაყიდვა მოხერხდეს.

ცვალებადი მოსავლისა და ორი მხრიდან "ჩასაფრებული" პრობლემების პირობებში,
როგორც წესი, გამოსავალს ეძებენ. უნდა შეიკრას სრული ციკლი, რაც დოვლათის მოწევას, შენახვასა და გაყიდვას სჭირდება. წლეულს კახეთში გლეხებმა ტონობით არასასუფრე ხარისხის, ე.წ. საწარმოო ატამი გადაყარეს, მსგავსი უკიდურესობის წინაშე არაერთხელ დამდგარან ციტრუსის, ვაშლის, ბაღჩეულის მწარმოებლები. სანამ ადგილობრივი ხილ-ბოსტნეული სანაგვეზე ლპება, ბაზარს იმპორტირებული პროდუქცია ავსებს და კვლავაც
მწვავედ ისმება ლამის მარადიული კითხვა - მაინც რა არის საჭირო, ადგილობრივი პროდუქციის შენახვის, გადამუშავებისა და გაყიდვისთვის?

ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება ამბობდა, რომ მოწეულ მოსავალს შენახვა სჭირდება და სამაცივრე მეურნეობების მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობდა. ცოტა ხნის წინ გადაცემა "ბიზნესფაილში", რომელიც რადიო
"პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ის ეთერში გადის, ერთ-ერთი სამაცივრე მეურნეობის წარმომადგენელმა თქვა, რომ ადგილობრივი პროდუქცია საკმარისი არ არის უკვე მოქმედი მაცივრების სიმძლავრეების დასატვირთავად და დღეს ეს ბიზნესი, ძირითადად, იმპორტირებული პროდუქციის შენახვაზე მუშაობს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით კი, ქვეყნის სამაცივრე ინფრასტრუქტურას 95 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შენახვა შეუძლია. სამაცივრე და შესანახი მეურნეობების არსებობის მიუხედავად, გლეხებს ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვის პრობლემა მაინც აქვთ. სამინისტროში ამბობენ, რომ გაისიდან ეს საკითხი მოგვარდება, რადგან წლეულს დაწყებული შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაიხსნება არაერთი გადამმუშავებელი საწარმო, სამაცივრე თუ სასაწყობე მეურნეობა. ეს შენახვის ფასებს შეამცირებს და უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

"ფერმერთა და აგრომეწარმეთა უმეტესი ნაწილი დარგში მიმდინარე პროცესებს არ იცნობს. ძალიან დაბალია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების დონე, უხეშად ირღვევა კულტურათა თესვისა და მოვლის აგროტექნიკური ღონისძიებები და ვადები, ეს ყველაფერი კი მოსავალზე აისახება. შედეგად, მიღებული პროდუქცია არ ექვემდებარება სამაცივრე მეურნეობებში დიდი ხნით შენახვა-დასაწყობებას. დიდი პრობლემაა აგრეთვე მონაცემთა ბაზის არარსებობა, რაც ართულებს ანალიზს, როგორი იყო კულტურათა წარმოება და საშუალო მოსავლიანობა, ცხოველთა სულადობა და სხვ., რის მიხედვითაც დარგის რესურსი და პოტენციალი უნდა განისაზღვროს.

ამიტომ ყველა მუნიციპალიტეტში რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები შეიქმნა.
მათი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ადგილობრივი აგროსაინფორმაციო ბაზის შექმნაა - სახნავი და მრავალწლოვანი ფართობები, კულტურათა წარმოება, საშუალო მოსავლიანობა, საშემოდგომო და საგაზაფხულო სამუშაოების მონაცემები, ტექნიკა, პირუტყვისა და ფრინველის სულადობა, გადამმუშავებლებისა და შესანახი მეურნეობების რაოდენობა და სხვ. ნებისმიერი დაინტერესებული პირი კონკრეტულ რჩევებსაც მიიღებს აგროტექნიკურ ღონისძიებებსა და ვადებზე", - ამბობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ამ უწყების ცნობით, ქვეყანაში 34 მოქმედი სამაცივრე მეურნეობაა. აქედან ექვსი შიდა ქართლშია, ორი კახეთში, ექვსია იმერეთში, ერთიც სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში ხუთია, თბილისში - ცხრაა; ქვემო ქართლში - სამი და ორი - მცხეთა-მთიანეთში. "სამაცივრე მეურნეობების დიდი ნაწილი, დაახლოებით 80%, სხვადასხვა მიზეზით არ მუშაობს. ძირითადი მიზეზებია პროდუქციის მწარმოებელსა და სამაცივრე მეურნეობების მეპატრონეთა შორის არასწორი კომუნიკაცია, პროდუქციის მეურნეობამდე ტრანსპორტირების პრობლემა, პროდუქციის არასათანადო ხარისხი, რაც გამოწვეულია აგროტექნიკური წესების დარღვევით ან სტიქიის მიერ.
სამაცივრე კამერის გაქირავების ღირებულება 1 ტონაზე, საშუალოდ, 35 ლარია თვეში (გააჩნია პროდუქციის დასახელებას, მის მოცულობასა და ხარისხს). მაცივარი არ იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროდუქცია არ გაფუჭდება. ამიტომ პროდუქციის მეპატრონეს ძალიან დიდი რისკის გაწევა უხდება, რადგან მას წარმოდგენა არ აქვს, რამდენად ვარგისია პროდუქცია მაცივარში შენახვისთვის.

ამ ყველაფრის ალტერნატივაა, რომ მაცივრების მეპატრონეებმა თვითონ შეიძინონ პროდუქცია, შეინახონ და გაყიდვაზეც იზრუნონ, მაგრამ აქაც დიდ პრობლემებს აწყდებიან. ეს გახლავთ ხარისხიანი პროდუქციის დიდი მოცულობით შესყიდვა. 100 ტონა ერთი სახისა და ხარისხის პროდუქციის მოსაგროვებლადაც კი საჭიროა რამდენიმე მწარმოებელთან მოლაპარაკება და მათთვის მოვლის ტექნოლოგიების სათითაოდ ახსნა, იმ დონეზე, რომ მათი პროდუქცია შესანახავად ვარგისი იყოს. 34 სამაცივრე მეურნეობიდან 14-ის ტევადობა 1 ათასი ტონა და მეტია. მათი შესანახი კამერების დიდი მოცულობების გამო, რენტაბელობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დიდი რაოდენობით პროდუქციის შენახვისას. იმპორტს თუ გამოვრიცხავთ, ამ რაოდენობის ხარისხიანი პროდუქციის მოგროვება საქართველოში ფიზიკურად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, სამაცივრე მეურნეობების 80%-ის ამუშავება, დღევანდელი წარმოების პირობებში არარეალურია, ხოლო ამხელა მასშტაბებით იმპორტირებულ პროდუქციაზე მუშაობა დიდ საბრუნავ კაპიტალსა და დიდ რისკებს უკავშირდება.

გლეხს, რომელიც პროდუქციას აწარმოებს, მოსავლის აღების მომენტში ყველაზე მეტად სჭირდება ფული და იმის მიუხედავად, რომ სამაცივრე მეურნეობებმა შესაძლოა ანაზღაურება დააცადონ და რეალიზაციის შემდეგ მოთხოვონ, მათ მაინც ურჩევნიათ, პროდუქციის ნაწილი აღებისთანავე გაყიდონ. ყველაზე ჭარბად წარმოებულ კულტურებზეც კი, როგორიც არის, მაგალითად, კარტოფილი და ვაშლი (ესენი შესანახავად იდეალური პროდუქტებია), სამაცივრე მეურნეობებზე გამოკვეთილი მოთხოვნა არ არის, რადგან წარმოების დიდი მასშტაბის მიუხედავად, თვითონ მწარმოებლები იმდენად ბევრნი არიან, რომ მთლიანი წარმოება მათზე იყოფა და ისინი უკვე საკუთარი ძალებით ახერხებენ შენახვა-გაყიდვას. თითქმის ყველას აქვს სარდაფის ტიპის შესანახი საწყობები, სადაც ოჯახის წევრების დახმარებით და ელემენტარული პირობების დაცვით ინახავენ პროდუქციას. იციან, რომ დანაკარგები არის, მაგრამ სანაცვლოდ ზოგავენ ტრანსპორტირების, პროდუქციის ჩალაგება-გადმოტვირთვისა და სამაცივრე მეურნეობის ხარჯებს. არასწორი დაგეგმარების გამო კი, სამაცივრე მეურნეობების ნაწილი არახელსაყრელ ადგილასაა აშენებული და მათთან პროდუქციის მიტანა დანახარჯებს კიდევ უფრო ზრდის.

მოსავლის შენახვისას ძირითადი პრობლემა პროდუქციის მოყვანისას საჭირო აგროტექნიკის დაუცველობაა. მისი გაკონტროლება კი, თუ წარმოება საკუთარი არ არის, პრაქტიკულად შეუძლებელია და სწორად შესრულდა თუ არა ყველაფერი, ეს მხოლოდ შენახვისას პროდუქციის გაფუჭებით ვლინდება. ასე რომ, სამაცივრე მეურნეობების მუშაობის მთავარი წინაპირობა დიდი რაოდენობით (ათასობით ტონა) ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაშია, რომელიც შესანახად ვარგისი იქნება", - განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

რაც შეეხება ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელ საწარმოებს, ისინი 22-ია და განთავსებულია მარნეულში, სენაკში, ზუგდიდში, ყვარელში, ოზურგეთში, გორსა და ბათუმში. მართალია, გადამმუშავებელი ქარხნები ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებენ მოსავალს, მაგრამ მზა პროდუქციის გაყიდვის პრობლემა აქვთ. მათი თქმით, მცირე ბიუჯეტის გამო, მარკეტინგული თვალსაზრისით ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას ვერ ახერხებენ და ამიტომ ჯეროვან კონკურენციას ვერ უწევენ იმპორტირებულ პროდუქციას, რომელთა უკან ხშირად ძლიერი ფინანსური ჯგუფები დგანან და ლამის მუდმივმოქმედ სარეკლამო კამპანიებს აწყობენ.

ამდენად, სოფლის მეურნეობაში კომპლექსური პრობლემები იკვეთება, შესაბამისად, ისინი ერთობლივად უნდა გადაიჭრას, რათა ადგილობრივ ხილ-ბოსტნეულს მომხმარებელი მხოლოდ სეზონზე არ იღებდეს, აგრეთვე ჯეროვნად დაფასდეს და ანაზღაურდეს მეურნეთა შრომაც - უხვი მოსავალი ისევე რომ არ აშინდებდეთ, როგორც მოუსავლიანობა.
. s
02 სექტემბერი 2013 11:46
მიტომ რომ ტავად გამდიდრდნენ! მაშ რისტვის ?
არც ახალი ხელფუსფლებაა ხალხიტსვის, არაფერი სასიკეტო მატა ჯერ არ უქნიატ, სად არის სეპირებული 100 საწარმო?!
მიშა დასაწყისში მაიცნ ვარგოდა და ესენი ახლავე არაფრის მაქნისები არიან და ამას ვამბობ მე ოცნებას რომ ვუჭერ/დი მხარს :(
22
02 სექტემბერი 2013 09:01
რომ წერთ საკონსულტაციო ცენტრები შეიქმნაო არ გრცხვენიათ მაინც? ისეთი კადრი დანიშნეთ [ვითომდა კონკურსის წესით/ ვინც არაფერი იცის სოფლის მეურნეობის და ამით გინდათ საქმის კეთება? ვაი შენ საქართველო.......
.
30 აგვისტო 2013 13:43
ნაოზის წვენების ქარხანა რომ მოსპეს ის ვიღას ინტერესებში იყო ან ახლა რა ხდება იქ ვინმე დაინტერესდა? დიდი თანხები არ უნდა მის ხელახლა ამუშავებას მოსახლეობაც დასაქმდება და დამაგრდება ადგილებზე , აღარ მოუწევთ აქეთ იქით წანწალი იქაურ ქალებს, და ქვეყანაც ამოისუნთქავს ცოთა ერთი ასეთი გორსადა კახეთსაც არ აწყენდა რატომ გინდათ ეს ოხერი თურქული მაგავით ამოწყვიტოთ მოსახლეობა ? ვერ ხედავთ ამდენი ხალხი რომ დაავადდა ლეიკემიითა და ათასი უბედურებებით? ნუთუ ძნელია იმისი მიხვედრა რომ ჯანმრთელი ადგილობრივი პროდუქცია ჯობია იმ საზიზღარ ქიმიკატებით გატენილ ოხრობას? რომელიც ბიზნესმენებს ამდიდრებს?

რედაქტორის რჩევით