სად "მიდიან" სამოსის მაღაზიები
26-08-2013
სად "მიდიან" სამოსის მაღაზიები
ტანსაცმლის ბაზარზე ზემოქმედებს როგორც ვაჭრობის შემცირება, ასევე კონკურენციის ზრდა

ცარიელი ვიტრინები, შიშველი მანეკენები და აბრა, რომელიც იუწყება, რომ ფართი ქირავდება - თბილისის ყველაზე ხალხმრავალ ქუჩებზე ბოლო დროს ასეთ სურათს საკმაოდ ხშირად შეხვდებით. თვალში საცემია, რომ რამდენიმე მაღაზია კომერციულად ყველაზე მომგებიან პეკინის ქუჩასა და ჭავჭავაძის გამზირზე ერთდროულად დაიკეტა. მათ შორის, როგორც ბრენდული, ძვირად ღირებული სამოსის შემომტანი, ასევე იაფი პროდუქციით მოვაჭრე.


მაღაზიის დახურვის მიზეზად რამდენიმე გარემოება სახელდება - გაყიდვის შემცირება, მანქანების პარკირების
პრობლემა, რომელიც მომხმარებლისთვის შოპინგს არაკომფორტულს ხდის და ფართის მაღალი საიჯარო გადასახადი, რაც შემცირებული გაყიდვის პირობებში მეტად მძიმე ტვირთი აღმოჩნდა. მაღაზიის მეპატრონეები ამბობენ, რომ ზოგმა საბოლოოდ შეწყვიტა საქმიანობა, ზოგიც დროებით შეჩერდა უკეთესის მოლოდინში, სხვამ კრიზისული ვითარების "გადაგორება" ნაკლებად პრესტიჟულ ადგილას, უფრო იაფი ფართის დაქირავებით გადაწყვიტა და
მაღაზიაც იქ გადაიტანა. სამოსის ბაზრის ბოლოდროინდელი ტენდენცია ექსპერტებისთვისაც საყურადღებო აღმოჩნდა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სამომხმარებლო აქტივობის შემცირებასთან ერთად, მაღაზიების დახურვას ხელი კონკურენციის ზრდამაც შეუწყო.

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში):
"ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა, სამომხმარებლო აქტივობის შემცირება იყოს, რომელიც მცირედით, მაგრამ მაინც აღირიცხება, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირებასთან ერთად. კლება უფრო მეტად შესამჩნევია ძვირად ღირებული ბრენდების სეგმენტში. მეორე გარემოება, რამაც ბაზრიდან ზოგი მაღაზიის გასვლა გამოიწვია, კონკურენციის ზრდაა. ეს ბაზარი საკმაოდ დინამიკურად ვითარდებოდა, ბოლო წლებში არაერთი ახალი ბრენდი შემოვიდა და გაზრდილი კონკურენციის შედეგად, ფასებმა ამ ტიპის საქონელზე დაიკლო. ამიტომ ბრენდებმა, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდნენ და ფასდაკლებების მოქნილი სისტემა აქვთ, მომხმარებელი წაართვეს ბევრ მაღაზიას, რომლებიც ადრე, შესაძლოა, განსაზღვრული პოპულარობით სარგებლობდნენ. შესაბამისად, ამ ბაზარზე ახლა არიან ბიზნესჯგუფები, რომლებიც რამდენიმე ბრენდს ერთდროულად ფლობენ და საქართველოში უცხოური კომპანიების უშუალო წარმომადგენლები არიან. კონკურენციის გაზრდა და გამსხვილება ამ სეგმენტში გამოიწვევს იმას, რომ ვიღაცები ალბათ გავლენ ბაზრიდან.

პეკინი და ჭავჭავაძე კომერციული თვალსაზრისით ყველაზე ძვირად ღირებული ქუჩებია, მაგრამ ბოლო დროს თბილისში შოპინგისთვის ძალიან ხელსაყრელი რამდენიმე სავაჭრო ცენტრი გაჩნდა. შესაბამისად, ზოგიერთი მაღაზიის პეკინიდან და ჭავჭავაძიდან გასვლის მიზანი შესაძლოა ადგილის შეცვლა იყოს, იქ, სადაც უკეთეს ფასში უკეთეს პირობებსაც სთავაზობენ.

- ეს ქუჩები კომერციულ მიმზიდველობას ხომ არ დაკარგავს?
- პეკინი და ჭავჭავაძე მაინც დარჩება კომერციული თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელ ქუჩებად. ვიღაცები გადიან, მაგრამ ახალი მოთამაშეებიც შემოვლენ და გამოთავისუფლებული ფართი ისევ დაიტვირთება.
სხვათა შორის, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის ჩრდილოეთი კავკასიიდან ტურისტების ნაკადის ზრდა მნიშვნელოვანი წამახალისებელია იმისა, რომ თბილისი რეგიონში სავაჭროდ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილად ყალიბდება. მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები დიდ თანხას ხარჯავენ თბილისში. შესაბამისად, მაღაზიების დაცლა შიდა მიზეზებით განპირობებული პროცესი უნდა იყოს. ეს ბაზარი საქართველოში მაინც დინამიკურად განვითარდება და კონკურენციაც კიდევ უფრო გაიზრდება".
anci
02 სექტემბერი 2013 11:51
როგორც არ ვიცოდით ვაჭრობა არც არსოდეს ვისწავლიათ....
DINO_ZAUR
28 აგვისტო 2013 15:30
და კიდევ: უკვე რამდენი წელია თუ რამე ნორმალურის ყიდვა მინდა ინტერნეტით ვიწერ (პაჭა-პუჭებს აქაც ვყიდულობ) და ჰოი საოცრებავ , ერთიდაიგივე ბრენდის ერთიდაიგივე მოდელი ამერიკიდან ჩამოტანილი 3-ჯერ უფრო იაფი მიჯდება :))))
DINO_ZAUR
28 აგვისტო 2013 15:04
gaiare-ს და სხვებს...

საქართველოში გბერილი ფასების პრობლემა სულ იყო ალბათ, და შეიძლება ვერც ვერაფერი ეშველოს იმიტომ რომ დიუმას "კავკასიაში" აღწერილი აქვს ფოთის "სასტუმროში" , რომელის ქვეშაც ღორები დარბოდნენ, პარიზის ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომერზე მეტი გადაახდევინეს ...:D

რედაქტორის რჩევით