ბიზნესი პიცერიის გავლით
26-08-2013
ბიზნესი პიცერიის გავლით
პიცერია სარესტორნო ბიზნესის ერთ-ერთი რენტაბელური მიმართულებაა. კერძი იტალიურია, მაგრამ ის ბევრ ქვეყანაში უყვართ და საქართველოშიც მოსწონთ. სადაც პიცა პოპულარულია, პიცერიის გახსნაც სარფიანი საქმე უნდა იყოს, თუმცა ამ ბიზნესის წარმატების საიდუმლო პროფესიონალიზმშია. გემრიელი პიცისთვის ადამიანი რიგშიც ჩადგება, უგემურს კი მეორედ არავინ გაეკარება.

საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ პიცერიის მეპატრონეს ყველა შანსი აქვს, ბიზნესი მომგებიანი გახადოს, თუ პროდუქტი მუდმივად მაღალხარისხიანი და გემრიელი იქნება. მით უმეტეს, რომ საკმაოდ მაღალია მოგების მარჟა. ზოგ ქვეყანაში
კეთდება გათვლები, რომ პიცა თვითღირებულებაზე შვიდჯერ ძვირადაც კი იყიდება(?!). მაგრამ მთავარი მაინც კლიენტია, ფართობი კი, შესაძლოა, 50 კვმ-ც იმყოფინო.

ანა ლეკიშვილი (პიცერია "პიცა-პიცას" კონსულტანტი):
"ჩვენი პიცერია ეგვიპტელი ინვესტორების ბიზნესია. მათ უყვართ ექსპერიმენტები: კაიროში ოთხი რესტორანი აქვთ, ორიც დუბაიში. ლონდონშიც ჰქონდათ მსგავსი ბიზნესი. დაახლოებით ათი თვის
წინ ბიზნესი საქართველოშიც წამოიწყეს და აღმაშენებლის გამზირზე რესტორანი გახსნეს, სადაც შერეულ სამზარეულოს, ქართულ და უცხოურ კერძებს სთავაზობენ მომხმარებელს.
საქმე კარგად წავიდა და მათაც ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტეს. დაახლოებით ერთი თვის წინ პეკინის ქუჩაზე ამერიკული ტიპის პიცერია "პიცა-პიცა" გახსნეს. გაკვირვებული არიან, რა ადვილია თქვენთან ბიზნესის დაწყებაო, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა მხოლოდ ქართული ბაზრისთვის დამახასიათებელი ნიუანსები, რასაც ვერ გაითვალისწინებდნენ.

ჩვენთან ერთდროულად, დაახლოებით, 30 ადამიანის მიღება შეიძლება. ქუჩა შეირჩა ხალხმრავლობის, უმაღლესი სასწავლებლებისა და სკოლების სიმრავლის გამო. ჩვენი კლიენტები, ძირითადად, 18-30 წლის არიან და გათვლა სწორედ მათზე გაკეთდა. ყველაზე მეტი თანხა სამზარეულოს აღჭურვილობისთვის დაიხარჯა: პიცის საცხობი ღუმელები, პროდუქტის შესანახი და დახლმაცივრები. საერთო ჯამში, პიცერიის გახსნა სულ $6 ათასი დაჯდა. აღსანიშნავია, რომ მზარეული ეგვიპტელია, მუშაობდა კაიროსა და დუბაიში, ახლა კი ინვესტორებმა ბაზრის ასათვისებლად აქ ჩამოიყვანეს. მას მოწაფეებიც მიუჩინეს, რომლებსაც პიცის ცხობას ასწავლის.

ხშირად გვეკითხებიან, რატომ გადავწყვიტეთ ამერიკული ტიპის პიცერიის გახსნა და არა იტალიურის. ამერიკული უფრო მრავალფეროვანია და ინგრედიენტებით დატვირთულია. ეს არის, ფაქტობრივად, პიცა თქვენი გემოვნებით. კლიენტს შეუძლია, თავად აირჩიოს ცომის სახეობაც და ინგრედიენტებიც. მენიუში გვაქვს სხვა იტალიური კერძები და სალათებიც, ალკოჰოლიდან მხოლოდ ლუდი და ბევრი გამაგრილებელი, გაზიანი სასმელი. პიცა ადგილზე ჯერ მხოლოდ პეკინის ქუჩის მასშტაბით მიგვაქვს, სექტემბრიდან კი თბილისს მოვემსახურებით, მოსახლეობის დაბრუნებას ველოდებით. სწორედ ეს ვერ გაითვალისწინეს ეგვიპტელმა ინვესტორებმა, როცა პიცერიის გრანდიოზული გახსნა შუა ზაფხულს დაამთხვიეს. ამბობენ, მთელი სამი თვით ქალაქი, ფაქტობრივად, არსად იცლებაო.

პიცისთვის ყველა ინგრედიენტს იშოვი საქართველოში, მაგრამ საკმაოდ ძვირი ჯდება, რადგან მოცარელა და პეპერონი უცხოეთიდან შემოდის. შესაბამისად, პიცის თვითღირებულება რომ მის გასაყიდ ფასზე დაახლოებით შვიდჯერ ნაკლებია, ქართულ სინამდვილეში ასე არ არის. ამ ბიზნესში მნიშვნელოვანია ერთგული მომხმარებელი, ვისაც საკვები და გარემო მოსწონს. თუ საქმე კარგად წავიდა, ქსელის გაფართობას ვაპირებთ".

ტელ.: 218-15-25; 574-743-377
www.pizza-pizza.ge


* * *


კრიზისისას ნაპოვნი გამოსავალი

წლეულს შვიდ თვეში საქართველოს 2 797 910 უცხოელი ტურისტი ეწვია. საქართველოდან ბევრად ნაკლები გაემგზავრა უცხოეთში დასასვენებლად, თუმცა მოგზაურობის მსურველთა რიცხვი წლიდან წლამდე იმატებს. ასეთ ვითარებაში იზრდება მოთხოვნა ე.წ. გამყვან ტუროპერატორებზე, ისინიც ცდილობენ, კონკურენციაში ექსკლუზიური შეთავაზებებით იმარჯვონ.


დავით მანიჟაშვილი (ტურისტული კომპანია "აი-ემ გლობალის" ხელმძღვანელი): "ტურისტული კომპანია 2009 წელს დავაარსეთ და დღევანდელ შედეგებამდე საკმაოდ რთული გზა განვვლეთ. "აი-ემ გლობალი" არის საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრი და IATA-ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) აკრედიტებული აგენტი საქართველოში. ამის მიღწევა ადვილი არ ყოფილა, თუმცა შრომა წარმატების საწინდარია. ტურისტული კომპანიის გახსნას სჭირდება როგორც დიდი მატერიალური, ასევე ადამიანური რესურსი. კადრების პრობლემა კომპანიის დაარსებიდანვე დადგა. გამოვაცხადეთ ვაკანსია ტურების დაგეგმვის მენეჯერისა და ავიაბილეთების რეალიზაციის ოპერატორის პოზიციაზე და ისეთი განაცხადები შემოვიდა, რომ გადავწყვიტეთ, მიგვეღო ადამიანები, ვისაც ზოგადად გაყიდვების გამოცდილება ჰქონდა და მერე მათთვის ტრენინგები მოგვეწყო. შემდეგ მოვიპოვეთ მალტის კულტურის ასოციაციის წევრობა და ბაზარს მალტაზე, საზაფხულო სკოლებში გამგზავრება შევთავაზეთ.

იმ დროს ფირმაში სულ სამნი ვიყავით, მაგრამ ვახერხებდით მსხვილ კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციას, პირდაპირ გეტყვით, კარდაკარ დავდიოდით და ჩვენს მომსახურებას ვთავაზობდით. ზოგი გვთანხმდებოდა, ზოგიც უარს გვეუბნებოდა. სწორედ ასე კარდაკარ სიარულით მოვიპოვეთ საკმაოდ მსხვილი დაკვეთა და პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით, მალტაზე 250 მოსწავლე გავუშვით დასასვენებლად და სასწავლებლად. კარგად შესრულებული სამუშაოს შემდეგ კიდევ ერთი სახელმწიფო დაკვეთა მივიღეთ და საქართველოში უცხოელი მოხალისე მასწავლებლები ჩამოვიყვანეთ. რაც შეეხება ტურისტების გაყვანას, ჩვენი პირველი კლიენტები "თეგეტა მოტორსის" ხელმძღვანელები იყვნენ, რომლებიც უბრალოდ გვენდნენ და ჩვენი დახმარებით ხორვატიაში გაემგზავრნენ. მახსოვს, პირადად მოვემსახურე, რადგან იმ დროს კომპანია პირველ ნაბიჯებს დგამდა და არ იყო ჩამოყალიბებული სუბორდინაცია, რომ მე დირექტორი ვარ, სხვა მოლარეა და ა.შ. ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებდით.

როგორც ტუროპერატორი, საბოლოოდ წლეულს ჩამოვყალიბდით. ბაზარს ექსკლუზიური პროდუქტი - ბულგარეთში დასვენება შევთავაზეთ. საინტერესოა, რომ ამ გადაწყვეტილებამდეც გაჭირვებამ მიგვიყვანა. 2009 წელს 54 ადამიანს მოვემსახურეთ, 2010-ში, დაახლოებით, 1 ათასი ტურისტი გავამგზავრეთ საქართველოდან დასასვენებლად, 2011-ში კი - 3 ათასამდე. შემდეგ პოლიტიკურმა ცვლილებებმა გავლენა მოახდინა ჩვენს ბიზნესზე და ისევე, როგორც ბევრ ბიზნესში, ჩვენც შეგვიმცირდა გაყიდვა. დავიწყეთ ფიქრი, რა შეგვეთავაზებინა კონკურენტებისგან განსხვავებული. ხანგრძლივი კვლევა-ძიების შემდეგ ბულგარეთზე, ოქროს ქვიშებზე შევჩერდით. ქვეყანაში თურქეთისა და ეგვიპტის ბუმია, ტურისტულ ბაზარს კი თითქოს რაღაც განსხვავებული და მონატრებული აკლდა. არ შევმცდარვართ, მხოლოდ ამ სეზონზე ბულგარეთში დასასვენებლად უკვე 800 ადამიანი გავამგზავრეთ.

დღეს ჩვენთან 16 ადამიანი მუშაობს. საწყის ეტაპზე ჩვენი შეთავაზებები დიდად არ განირჩეოდა კონკურენტებისგან. აქცენტს ვაკეთებდით კურიერის მიერ ბილეთის შინ მიტანაზე და სხვ. ახლა სამი ოფისი გვაქვს დაქირავებული, ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ბაზარზე სანდო მოთამაშედ დავმკვიდრდეთ. რადგან სიახლემ გაამართლა და კრიზისის დაძლევაში დაგვეხმარა, სექტემბრიდან სხვა სიახლე შემოგვაქვს - მოგზაურობა იორდანიაში და პირდაპირი ავიარეისი აკაბის მიმართულებით".

მის.: კოსტავას #47
ქოლცენტრი: 291-91-91
ტელეფონი: 230-72-22/333/444,
231-00-31

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში. გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით