ყურძნის ფასი "დაღვინდა" - კვირის პალიტრა

ყურძნის ფასი "დაღვინდა"

"რთველი არის ბიზნესი და არა სოციალური პროგრამა"

ახალმა მთავრობამ რთვლის წარმართვა ახლებურად, წინა წლებისგან განსხვავებულად გადაწყვიტა. ითქვა, რომ ადრე ყურძენზე ვაუჩერების გაცემა არაეფექტური იყო, ხოლო მეღვინეების, მეწარმეების თუ საჯარო მოხელეებისთვის ყურძნის იძულებით მიყიდვა - დანაშაული. "რთველი 2013" დედოფლისწყაროდან დაიწყო.

რთვლისთვის მზადება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ეწყობოდა სამუშაო შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, ღვინის ასოციაციის წევრებთან, მევენახეებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებთან. გადაწყდა, რომ არ მოხდება მცირე და დიდი ფართობებიდან მიღებული ყურძნის დიფერენცირება და მეწარმეები და მცირე ფერმერები თანაბარ პირობებში იქნებიან. ახლებური მიდგომით, 1 ლარად ან მეტ ფასად ყურძნის შესყიდვისას, სახელმწიფო პირდაპირი დახმარების წესით ღვინის კომპანიებს თანხით შეეშველება - სუბსიდია მათთვის ყოველგვარი ვაუჩერის გარეშე გაიცემა. 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე სუბსიდია 40 თეთრი, ხოლო 1 კგ საფერავზე - 25 თეთრი იქნება. რთველთან დაკავშირებით, შეღავათიანი აგროსესხების პროექტს მე-5 კომპონენტი დაემატა, რომელიც გულისხმობს შეღავათიან სესხებს ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის. 15-თვიანი, 12%-15%-იანი სესხის 9%-ს სახელმწიფო ფარავს.

ლევან დავითაშვილი (ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი): - ცვლილება არაერთია. გავაუქმეთ ვაუჩერი და გლეხებს არ მოუწევთ ორმაგად რიგში დგომა - ვაუჩერის გასანაღდებლად და კომპანიებისგან თანხის მისაღებად. ისინი ფულს ყურძნის ჩაბარებისას მიიღებენ ან საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხებათ. მეორე, ჩვენთვის მთავარია, რთვლის დროს საბაზრო ურთიერთობები დავამკვიდროთ და სახელმწიფო ხისტად არ ჩაერიოს. ის არ დაადგენს ფასს და კერძო კომპანიებს კონკურენტად არ მოევლინება. კერძო სექტორის წასახალისებლად და მათი მხრიდან მოთხოვნის გასაზრდელად დაწესდა მიზნობრივი შეღავათიანი სესხები, კომპანიებს ის 3%-6% დაუჯდებათ, 9%-ს კი სახელმწიფო დაფარავს. ასეთი შეღავათიანი აგროკრედიტის პირობებში მათგან ყურძენზე მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. მესამე, ელექტრონულად აღვრიცხავთ ყოველ ჩაბარებულ კილოგრამს, შესაბამისად, სამომავლოდ ზუსტი სტატისტიკა გვექნება, რთველსაც უკეთ დავგეგმავთ და ხარისხის კონტროლიც გაუმჯობესდება. სრული მონაცემი გვექნება, რომელ კუთხეში რა ჯიშის ყურძენი, რამდენი და რა ფასად ჩაბარდა. ყველა საწარმოში იქნება ოპერატორი, რომელიც ამ სტატისტიკას აღრიცხავს.

- ადრე, როცა ლამის ძალდატანებით აბარებინებდნენ ყურძენს, მოსავლის გაყიდვა რომ მოესწროთ, გლეხები ხშირად შემოუსვლელ ყურძენს კრეფდნენ. წლეულს რამდენად დაზღვეული ვიქნებით ამისგან?

- მართალი ბრძანდებით, ერთი მხრივ, მეღვინეობისთვის კარგ პირობებს ვქმნით, მაგრამ ხარისხზე მოთხოვნაც მაღალი იქნება. დაუმწიფებელი, არაკონდიციური ყურძნის ჩაბარებით ხარისხიან ღვინოს ვერ მივიღებთ და ასე ვერც ქართული მეღვინეობის კონკურენტუნარიანობას გავზრდით.

ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო არ ჩაერიოს, კომპანიებს თავად აცალოს მოთხოვნის წამოყენება, ყურძენიც შემოვიდეს და ხარისხიანი იყოს. მესმის, გლეხი ჩქარობს, თუნდაც, სტიქიას უფრთხის, მაგრამ თუ ნედლეული ხარისხიანი არ გვექნება, დარგი ვერ განვითარდება. ვერც სახელმწიფო იქნება მუდმივად ძიძის როლში. რთველი არის ჯანსაღი ბიზნესურთიერთობები და არა სოციალური პროგრამა.

- ყურძნის საბაზრო ფასი შედარებით მაღალია წლეულს და კილოგრამზე უკვე 1 ლარს აღწევს...

- ადრეული ჯიშების ჩაბარება დაიწყო კახეთში, ფასი კილოგრამზე 1 ლარია, რაც მევენახისთვის საკმაოდ კარგი ფასია. თუმცა ფასებს მაინც ბაზარი, მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. ჩვენ შევეცადეთ მოთხოვნის სტიმულირებას, მაგრამ ფასები ხელოვნურად არ აგვიწევია, რამე თამაშის წესი არ შემოგვიღია. კმაყოფილი უნდა იყოს მევენახეც, რომელიც მაღალ ფასს მიიღებს და მეწარმეც, რომელიც შეღავათით ისარგებლებს, რათა რთველს მომზადებული დახვდეს. ორივე მხარის ინტერესები გავითვალისწინეთ.

- ფასების ზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის შესვლაც იყო... მეღვინეები ამბობენ, რომ წინასწარ ხდება უკვე მევენახეებთან გარიგება ჯერ დაუკრეფავი ყურძნის შესყიდვაზე...

- ეს ძალიან კარგია. ჩვენი მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში მიწოდებისა და მოთხოვნის კოორდინირებაა. ასეთი კერძო ინიციატივა მხოლოდ მისასალმებელია. რუსეთის ბაზრის გახსნამაც, რა თქმა უნდა, დიდი როლი შეასრულა. ეს არის დამატებით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბაზარი, სადაც ქართული ღვინის ცნობადობა ყველაზე მაღალია. დიდია ქართული დიასპორა, პოპულარულია ქართული კულინარია და რესტორნებიც ქართული ღვინის გარეშე არ დარჩებიან, რაც ღვინის გაყიდვის გარანტირებულ არხს ნიშნავს. თუმცა ცხადია, ეს ერთადერთი ბაზარი არ არის, ეს დამატებითი დახმარებაა. წლეულს უკვე 43%-ით მეტი ექსპორტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე წინა წელს.

- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყურძნის ფასი რთვლის დასასრულამდე კიდევ გაიზრდება?

- შესაძლებელია, ზოგიერთ მიკროზონაში, ზოგ იშვიათი ხარისხის ყურძენზე ცოტა მეტი ფასი ჩამოყალიბდეს. ამასაც მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. არის მიკროზონები განსაკუთრებული მოთხოვნით, იქ ფასიც განსხვავებულია, მაგალითად, ქინძმარაული, ხვანჭკარა.

- როგორი მოსავალი გვექნება წლეულს?

- ბოლო ხუთ წელიწადში ყურძნის ყველაზე მაღალი მოსავალი გვაქვს. ეს ერთ-ერთი გარემოებაა, რის გამოც ბევრი მასტიმულირებელი მექანიზმი ავამოქმედეთ. ჩვენი შეფასებით, 150 ათასი ტონა მოვა კახეთში და დანარჩენ საქართველოშიც 6 ათასი ტონა. მომავალ წლებში ვიზრუნებთ, რომ ვენახები გაშენდეს ქართლში, იმერეთში, გურიაში - ტრადიციული მევენახეობის ზონებში, სადაც ყურძნის უნიკალური ჯიშები მოდიოდა. შესაბამის სახელმწიფო პროგრამას 2014 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

- ყურძნის ხარისხი რამდენად კარგია, ზაფხულში კახეთს სტიქიამ არაერთხელ შეუტია...

- ხარისხიანი მეღვინეობა მთავარი პრიორიტეტია, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ხარისხიანი და დასეტყვილი ყურძენი. ის შეიძლება საბრენდე და საკონიაკე სპირტებისთვის გამოდგეს, მაგრამ ღვინისთვის არა. რა თქმა უნდა, ის ნაკლებ ფასებში ჩაბარდება და ამასაც ბაზარი დაარეგულირებს. მოსავალი ძირითადად კარგია, დაზიანებული ზონებიდან დაახლოებით 10 ათას ტონამდე ყურძენი დაიკრიფება.

ზურაბ ჩხაიძე (კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" დამფუძნებელი): "რთველთან დაკავშირებით სახელმწიფოს შემოთავაზება აბსოლუტურად ახლებურია. პირველ რიგში, ყურძენი სიმწიფის მიღწევის შემდეგ იკრიფება, რაც ბოლო წლებში არ ხდებოდა; უფრო მკაცრად იქნება დაცული ყურძნის გეოგრაფიული ადგილწარმოშობა; უპრეცედენტოა ყურძნის ფასიც, თუ შარშანდელ შემოდგომას არ ჩავთვლით, როცა ყურძენს პოლიტიკური ფასი დაედო და მას საბაზრო ფასთან საერთო არაფერი ჰქონდა. დიდი შეღავათია, რომ სახელმწიფო ახდენს ამ ფასის დამატებით სუბსიდირებას. საკმაოდ ჭარბია მოსავალიც.

უფრო თამამად გასცემენ კრედიტებს ბანკები, რადგან სახელმწიფო მის სუბსიდირებას ახდენს. გასულ წლებში რთველთან დაკავშირებით სესხის აღება მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს შეეძლოთ. გამოდიოდა, რომ კერძო სექტორს სახელმწიფო კონკურენციას უწევდა. ეს რადიკალურად შეიცვალა და კრედიტის აღება შეიძლება დაახლოებით 4-5%-ში. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, მეტი ინვესტიცია დავაბანდოთ ინდუსტრიაში, უფრო მოქნილი გავხადოთ ურთიერთობა ჩვენსა და მევენახეებს შორის. გონივრულია, რომ კრედიტი 15-თვიანია. ეს საშუალებას მოგვცემს, დავასრულოთ ღვინის წარმოების სრული ციკლი, ექსპორტზე გატანის ჩათვლით.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, წლეულს იმდენ ყურძენს მივიღებთ, რამდენიც არასოდეს მიგვიღია და გადაგვიმუშავებია. 6-8 ათასი ტონის გადამუშავებას ვგეგმავთ, რამდენის რესურსიც აქვს ჩვენს ქარხანას.

დარგში კარგი სიახლეების საფუძველზე წლეულს თანხა დავაბანდეთ და აშენდა ახალი ქარხანა პატარძეულში, დაახლოებით $5 მილიონის ღირებულების, რომელსაც ათიოდე დღეში გავხსნით. ეს ნიშნავს, რომ მეღვინეობა, როგორც დარგი, უფრო მიმზიდველი ხდება".

ციფრების ენით

- სოფლის მეურნეობის "მილიარდიანი ფონდით" სარგებლობა ღვინის 18 კომპანიას სურს. "კომერსანტის" ცნობით, ბანკები 44 მილიონი ლარის ღირებულების 18 კომპანიის განაცხადს ამუშავებენ.

- ფონდი წლეულს მარტის ბოლოდან ამოქმედდა და მის ყველა კომპონენტში სულ 81 მილიონამდე ლარია გაცემული.