ექსპორტის ზრდამ თავი "არ დამალა" - კვირის პალიტრა

ექსპორტის ზრდამ თავი "არ დამალა"

ცალკეული მომატება თუ აღმავლობის პირველი ნიშნები?

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში საინტერესო მონაცემი აღირიცხა - წლეულს ივლისში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ბოლო წლების მაქსიმუმს მიაღწია. ექსპორტმა $240,1 მილიონი, იმპორტმა კი $708,4 მილიონი შეადგინა (ანუ ჯამში $948,5 მილიონი). ეს 2011 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია და 5,8%-ით აღემატება შარშანდელი ივლისის მონაცემს. აქ იმპორტმა 3,5%-ით მოიმატა, ხოლო ექსპორტმა - მთელი 13,5%-ით. აღსანიშნავია, რომ ივნისში ეკონომიკის ზრდის ტემპის უარყოფითი მაჩვენებელი (-0,6%) ივლისში 0,6%-იანი მატებით შეიცვალა.

მართალია, 2013 წლის შვიდ თვეში ჯამურად სავაჭრო ბრუნვამ 1,7%-ით დაიკლო შარშანდელთან შედარებით, მაგრამ ეს იმპორტის შემცირების (-5,1%) ხარჯზე მოხდა, ექსპორტი კი სტაბილურად იმატებს (+9,4%). ამ მონაცემებს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები, ცხადია, წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკით ხსნიან.

თემურ მაისურაძე (პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე): - წინასაარჩევნო და მომდევნო პერიოდში იმპორტი იმიტომ შემცირდა, რომ ბევრი სახელმწიფო პროექტი და პროგრამა შეჩერებული იყო. ახლა ამ ყველაფერმა მუშაობა განაახლა და ეს ექსპორტ-იმპორტზეც აისახა.

ბოლო ხანებში იმპორტი მცირდებოდა, სამაგიეროდ, იზრდებოდა ექსპორტი, რაც ნამდვილად დადებითი მოვლენა იყო, რადგან გამოჩნდა ეკონომიკური სისტემის გააქტიურების ნიშნები. ამასთანავე, იგეგმება ახალი პროექტები და ღრმავდება კავშირები უცხოურ ბიზნესთან, შესაძლებელია იმპორტი კვლავაც გაიზარდოს. ვიმედოვნებთ, უახლოეს წელიწადში ექსპორტიც გაიზრდება და იმპორტიც. რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ღვინის თუ სხვა პროდუქციის ექსპორტი ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახება. გვაქვს საფუძველი, რომ ეკონომიკისა და მშპ-ის ზრდას ველოდოთ. რაც შეეხება არასასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას, ამას დრო დასჭირდება, ამ მხრივ ხელშესახები წინსვლა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გვექნება.

კარგია, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია მყარდება, თუმცა მაინც თვალში საცემია მისი ჩამორჩენა იმპორტთან შედარებით. ისიც უნდა ითქვას, რომ პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს და ყველაფერი კანონზომიერების ფარგლებში ხდება. თუ გაუთვალისწინებელ კატაკლიზმებს არ ექნება ადგილი, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვითარება უფრო დალაგდება და უკეთეს ტენდენციებზეც შეგვეძლება მსჯელობა.

ავთო სილაგაძე (პროფესორი, ეკონომიკის ექსპერტი): - ექსპორტი ბოლო დროს თანმიმდევრულად იზრდებოდა, მისი ტემპები გაცილებით მაღალია, ვიდრე წინა პერიოდში. იმპორტის დაკლებით კი მცირდება მკვეთრად უარყოფითი სალდო ექსპორტსა და იმპორტს შორის, რაც დადებითი მოვლენაა. საზოგადოდ, იმპორტის შემცირება კარგი არ არის, თუ ქვეყანაში პროდუქციის დეფიციტი შეიმჩნევა, მაგრამ საქართველოში ამგვარ დეფიციტს ვერ ვხედავთ. შეიძლება ვთქვათ, რომ იმპორტი გარკვეულწილად ჩაანაცვლა ადგილობრივად წარმოებულმა პროდუქციამ.

ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა, აშკარაა, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების განახლებამ განაპირობა. თუმცა ჩვენს პროდუქციას რუსეთის ბაზრის მეტად მცირე სეგმენტი უკავია და პოტენციალი გაცილებით მეტია. ჯერჯერობით ორ მილიონ ბოთლამდე სასმელია გატანილი რუსეთში და ამან უკვე მოახდინა სასიკეთო გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, მომავალში კი ეს რიცხვი 5-10-ჯერაც შეიძლება გაიზარდოს.

შემოდგომა მოდის და რუსული ბაზრის ათვისების შემთხვევაში, სხვა ჩვენი პროდუქციის გაყიდვაც პრობლემა აღარ იქნება. გასათვალისწინებელია, რომ მარტო რუსეთის ბაზარზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, რადგან ეკონომიკურ ურთიერთობებზე მკვეთრ ზეგავლენას არამდგრადი პოლიტიკური ვითარება ახდენს. ამიტომ უნდა ვიმუშაოთ დასავლეთის ბაზრის ათვისებაზეც. იქაც უნდა შეგვეძლოს პროდუქციის გატანა და ქართველ გლეხს ამ მხრივ პრობლემები არ უნდა ჰქონდეს. იმედი მაქვს, ჩვენს გლეხობას მოსავალი აღარ გაუფუჭდება, როგორც წინა წლებში. მით უმეტეს, სექტემბრიდან რუსულ ბაზარზე ციტრუსისა და ხილის გატანაც დაიწყება.

ციფრების ენით

- 2012 წლის ცალკეულ თვეებში მაქსიმალური ექსპორტი მაისში აღირიცხა - $234,7 მილიონი.

- ერთი თვის განმავლობაში ექსპორტის მოცულობის ისტორიული მაქსიმუმი მხოლოდ ერთხელ, 2011 წლის დეკემბერში ($252,8 მლნ) აღემატებოდა წლევანდელი ივლისის მაჩვენებელს ($240,1 მლნ);

- ერთი თვის განმავლობაში იმპორტ-ექსპორტის ჯამის ისტორიული მაქსიმუმი ასევე მხოლოდ ერთხელ, კვლავაც 2011 წლის დეკემბერში ($984,6 მლნ) აღემატებოდა წლევანდელი ივლისის მონაცემს ($948,5 მლნ).

- ბოლო წლებში ექსპორტიც და იმპორტიც გაცილებით მეტია, ვიდრე რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესებამდე არსებული მოცულობები.

ხათუნა ჩიგოგიძე