დაასაქმე და მოიგე! - კვირის პალიტრა

დაასაქმე და მოიგე!

ვაკანსიები - ინტერნეტით

ბიზნესი ინტერნეტში საკმაოდ სარფიან საქმედ ყალიბდება - გასართობი და ფასდაკლების საიტები, ვაჭრობა და მომსახურება ინტერნეტით... როგორ შეიძლება წამოიწყო და განავითარო ინტერნეტით დასაქმების ბიზნესი, ეს ე.წ. ვაკანსიების საიტის მაგალითზეც ჩანს.

ნოდარ შურღაია (საიტ hr.ge-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი): "ჩვენს საიტს შვიდწლიანი ისტორია აქვს. ამჟამად აქ დღეში 60-70 ვაკანსია ქვეყნდება, ანუ საიტის დახმარებით, სავარაუდოდ, თვეში ათასამდე ვაკანსია კმაყოფილდება. ამ შედეგამდე რთული გზა გავიარეთ. შვიდი წლის წინ მე და ჩემს მეგობრებს ინტერნეტით ბიზნესის დაწყების სურვილი გვქონდა. რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ, გასართობი საიტის ჩათვლით, ვსწავლობდით ინტერნეტბაზარს, რომელიც მაშინ ბევრად მცირე იყო და ბოლოს დასაქმების საიტის გაკეთება გადავწყვიტეთ. ასე გაჩნდა 2006 წელს დასაქმების ვებგვერდი საკმაოდ გრძელი სახელწოდებით ჰუმანრესოურცე.გე (მაშინ ორგრაფებიანი მისამართების დარეგისტრირება შეზღუდული იყო). საჭირო თანხა არ გვქონდა, ნაწილს ნაცნობებს დავესესხეთ, რამდენიმე მომსახურებისთვის ანაზღაურებაზე მოგვიანებით შევუთანხმდით და სხვ.

ამ სფეროში გამოცდილება არ გვქონდა და არც ბიზნესის თავისებურებებს ვიცნობდით.

როცა საიტი დაგვიმზადეს და ინტერნეტში გამოჩნდა, სრულიად ცარიელი იყო. პირველი ვაკანსია უნდა მოგვეპოვებინა. მახსოვს, ერთ კომპანიაში დავრეკე და თანამშრომლობა შევთავაზე, რაც ჩვენს საიტზე განცხადების უფასოდ განთავსებას გულისხმობდა. თანამოსაუბრემ რამდენჯერმე მკითხა საიტის მისამართი, მე კი ყველანაირად ვცდილობდი, პასუხი თავიდან ამერიდებინა, რადგან საიტი ცარიელი იყო. ბოლოს მაინც მომიწია მისამართის თქმამ და ხანმოკლე პაუზის შემდეგ ყურმილში გულიანი სიცილი გავიგონე: ეს რა არის, საიტი ცარიელიაო? ვუხსნიდი, რომ ის იქნებოდა პირველი, ვის განცხადებასაც განვათავსებდით, მართალია, შედეგს ვერ ვპირდებოდი, მაგრამ ის მაინც დაგვთანხმდა და გვენდო. მიდგომა დღემდე არ შეგვიცვლია და გარდა იმისა, რომ ვაკანსიებს ჩვენთან ინტერნეტითაც განათავსებენ, განცხადებებს დღემდე მოვიპოვებთ დამსაქმებელთან პირდაპირი მოლაპარაკებით. საიტის მაღალი რეპუტაციის მიუხედავად, ხშირად ვრეკავთ კომპანიებში, განსაკუთრებით, ახალ სუბიექტებთან.

პირველი შემოსავალი ამ ბიზნესმა დაახლოებით სამ თვეში მოგვცა. ადგილი, სადაც შესაძლებელია განცხადების უფასოდ განთავსება, ნელ-ნელა არამომგებიანი ხდება და კომპანიას თუ კარგი კანდიდატების მოძიება სურს, ურჩევნია თანხა გადაიხადოს (20-70 ლარის ფარგლებში) და ვაკანსია საუკეთესო ადგილას გამოაქვეყნოს. პირველი ორი წლის განმავლობაში მოგებას არც ვანგარიშობდით, ზარალზეც არ ვიყავით, შემოსავალი ბიზნესს ინახავდა. ძირითადი შემოსავალი დღემდე ხმარდება რეინვესტირებას, ვებგვერდის დახვეწასა და ფუნქციების დამატებას. როგორც ხშირად ხდება, მოლოდინი რეალობას აღემატება და როცა მივხვდით, რომ ჩვენი მოლოდინი საიტის შემოსავლებთან დაკავშირებით 10%-ითაც კი არ მართლდებოდა, დამატებითი მომსახურების მოძიება დავიწყეთ. მაგალითად, პერსონალის უშუალოდ შერჩევის (რეკრუტმენტის) მიმართულებით კონკურენტი არ გვყავს, რამდენიმე სახის საკონსულტაციო მომსახურება შემოსავლებით საიტს აღემატება კიდეც. ეს მომსახურებები ერთმანეთს ეხმარება, ამით მეტი კლიენტი დავაინტერესეთ და კომპანიაც ვითარდება. მხოლოდ საიტის შექმნაზე რომ გავჩერებულიყავით, ერთ წელიწადსაც ვერ ვიარსებებდით. ახლა ვმუშაობთ აზერბაიჯანის ბაზარზეც და ჩვენი საიტი იქაც წარმატებულია. მალე კიდევ ერთ ქვეყანაში შესვლას ვგეგმავთ და ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი იქ ყოფნა. ჰრ.გე-ზე დაახლოებით 55 ათასი ადამიანია რეგისტრირებული და მათი რაოდენობა კვლავაც იზრდება".

* * *

საოჯახო "გართობა", რომელიც ბიზნესად იქცა

რატომ ეწოდა ტურისტულ ბიზნესს ნაკლებად ცნობილი ფრანგული სუნამოს სახელი და სააგენტო, რომელიც მზად არის, ნებისმიერ ქვეყანაში გაგამგზავროთ - კიდევ ერთი ბიზნესისტორია "ბიზნესფაილისგან".

ია მეტრეველი ("არტისან ვოიაჟის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი): "ტურისტული კომპანიის დაარსების იდეა ჩემს დას ეკუთვნის. არ მინდოდა ამ საქმის დაწყება, მაგრამ რადგან მას სურდა, მეც ავყევი. სახელთან დაკავშირებით ძალიან სასაცილო ისტორიაა. "არტისანი" ჩემი სუნამოს დასახელებაა, რომელიც მიყვარს და დიდი ხანია ვსარგებლობ. ეს ფრანგული, ნაკლებად ცნობილი კომპანიის სუნამოა, რომელიც უკვე 200 წელია გამოდის... ჩემმა ქალიშვილმა კომპანიის ლოგო მოიფიქრა, ძმისშვილმა საიტი გააკეთა, ბინა სიძის ოფისში დავიდეთ და იქ ნახევარ წელიწადს დავყავით, სანამ საოფისე ფართის დაქირავებას შევძლებდით. ეს, ფაქტობრივად, საოჯახო ბიზნესი გახლდათ. ქალისთვის ტურისტული ბიზნესი შესაფერისი საქმეა, მაგრამ ბევრი ნერვიულობა ახლავს, პასუხისმგებლობა გაკისრია ყველა ჩამოსულ თუ შენს გაგზავნილ ვიზიტიორზე. ტურისტულ სფეროში გამოცდილება არ მქონია, თუმცა დიდხანს ვმუშაობდი ადმინისტრაციულ სექტორში და ჩემს მოვალეობებში სტუმრების მიღება-გასტუმრებაც შედიოდა. ტურისტულ ბიზნესში ეს უნარები, ცოდნა და გამოცდილება გამომადგა, ფინანსურად კი ჩემი მეუღლე დამიდგა გვერდით. პირველი კლიენტებიც ჩემი და ჩემი დის მეუღლის კომპანიაში სტუმრად ჩამოსული ადამიანები იყვნენ.

ძალიან ბევრს ვმოგზაურობდით მე და ჩემი მეუღლე და სანამ ის თავის საქმეს აკეთებდა, მე ახლომდებარე ტურისტულ კომპანიებს შემოვივლიდი, ვეცნობოდი, ვუტოვებდი ინფორმაციას ჩვენი კომპანიისა და საქართველოს შესახებ. ამ მიდგომამ გაამართლა და უცხოელ პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. სხვადასხვა ქვეყანაში პარტნიორებს მოთხოვნის შესაბამისადაც ვეძებდით. მაგალითად, ვინმე გვიკვეთდა გამგზავრებას ქვეყანაში, სადაც პარტნიორები არ გვყავდა და მაშინვე ვიწყებდით იმ ქვეყანაზე მუშაობას. ბიზნესის კანონია, რომ კლიენტი გაწბილებული არ უნდა გაუშვა. ამ ბიზნესში რომ წარმატებას მიაღწიო, უბრალოდ, მართალი უნდა იყო. გარდა იმისა, რომ სხვისი ფული უნდა ჩაიბარო და ეფექტურად განკარგო, შენ მართალი უნდა იყო ადამიანთან, ვისაც სამოგზაუროდ გზავნი. არ შეიძლება გაუშვა კლიენტი და არ იცოდე, სად უშვებ. რაც შეეხება ფასებს, ამ შემთხვევაშიც ჩვენი პრინციპი მართალი ფასებია - თვითღირებულებას დამატებული 10%. დამკვეთი თუ მოვა სულ 1000 დოლარით, შეგვიძლია უცხოეთში დავუგეგმოთ ტური, ჩვენ მოგების დაბალ მარჟაზე ვმუშაობდით და შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე დაბალი ფასები გვაქვს. ორი ადამიანით დაწყებულ ბიზნესში დღეს შვიდი ძირითადი თანამშრომელია, გვყავს დროებითი კადრებიც.

ტური ყოველთვის საინტერესო ხდება მაშინ, როცა ის შენ თვითონაც მოგწონს. უნდა იყოს მარტივი, არ უნდა იყოს დამღლელი. ჯგუფური ტურიზმი ინდივიდუალურზე დაახლოებით ათჯერ იაფი ჯდება, მაგრამ ქართველებს ჯგუფურად უცხოეთში გამგზავრება არ ხიბლავთ. ტურისტული კომპანიის დაარსება იყო გართობა, რომელიც საქმედ იქცა".

მის.: ფერისცვალების ქ.#22,

ტელ.: 223-64-86; 570-101-100;

591-916-464; 249-64-86

info@artisanvoyage.com; support@artisanvoyage.com; artisanvoyage@gmail.com

www.artisanvoyage.com

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში. გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.