"თავდასხმა" სმს-რეკლამებით - კვირის პალიტრა

"თავდასხმა" სმს-რეკლამებით

ყოველდღიურად თითოეული ჩვენგანი პირად მობილურ ტელეფონზე რამდენიმე სარეკლამო შინაარსის გზავნილს იღებს. მოკლე ტექსტური შეტყობინებით ვის ფასდაკლებით საბურავების შეძენას სთავაზობენ, ვის - დასვენებას ანტალიაში, ვის კი უმტკივნეულო ეპილაციას. სმს-მარკეტინგი მთელ მსოფლიოში გავრცელებული და პროდუქციისა თუ სერვისის რეკლამირების იაფი და ეფექტური საშუალებაა, მაგრამ საქართველოში მისი გამოყენება მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ხარჯზე ხდება.

ნინო ლებანიძე (ერთ-ერთი მობილური ოპერატორის აბონენტი): "ჩემი მობილური აკლებულია სარეკლამო მესიჯებით, ხან ავეჯის სახლი მიგზავნის ფასდაკლების შეთავაზებას, ხან აქსესუარების მაღაზია, ხანაც ესთეტიკური მედიცინის კლინიკა. ელექტრონულ ფოსტაზე შეძლებისდაგვარად ვბლოკავ სპამს და ახლა მობილურზეც მიტევენ. ვერაფრით მივხვდი, საიდან აქვთ ჩემი ნომერი. დავურეკე მობილურ ოპერატორს და მეუბნებიან: ჩვენ არ მიგვიცია, ალბათ თქვენ გქონდათ რამე შეხება იმ კომპანიებთან, რომლის რეკლამაც მოგდით და თქვენვე დაუტოვეთ ტელეფონიო. არც ერთ ამ ორგანიზაციასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია და ვერ გავიგე, ჩემი ნომრები საიდან აქვთ".

გიორგი ლეჟავა (ერთ-ერთი მობილური ოპერატორის აბონენტი): "როცა შეტყობინება მომდის, სადაც კინოს ან თეატრის აფიშაა, პრობლემა არ არის, შეიძლება საინტერესოც იყოს. მაგრამ წარმოიდგინეთ, როცა კაცი დაბადების დღის სუფრასთან ზიხარ, მოგდის შეტყობინება, გგონია მორიგი მილოცვა და აღმოჩნდება, რომ ერთ-ერთი კლინიკა გთავაზობს ფასდაკლებას გინეკოლოგიურ მომსახურებაზე, კონკრეტულად კი ინტიმურ პლასტიკაზე. გადავირიე კაცი, მაგრამ რა უნდა ქნა, ვის უნდა მიმართო? მობილური ოპერატორი გეუბნება, რომ მისგან ინფორმაცია არ გასულა, კერძო კომპანიებს კი ვინ ჩამოივლის, რომ ყველას აუკრძალო შენს ნომერზე სარეკლამო ტექსტის გამოგზავნა. ძალიან დიდ უხერხულობას გიქმნის ასეთი გზავნილები საქმიანი შეხვედრისას, ან როცა მნიშვნელოვან ინფორმაციას ელოდები. გახსნი და გწერენ, რომ უნდა იჩქარო და შეიძინო გაზქურა ფასდაკლებით და საჩუქრად მიიღო უთო. ეს პირადი ინფორმაციის ხელყოფაც არის და ადამიანის უფლებების დარღვევაც, ვიღაც კი ამით ფულს შოულობს".

როგორც გაირკვა, საქართველოში არცთუ მცირეა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც მომხმარებელს სმს-მარკეტინგს სთავაზობენ. რეკლამის დამკვეთს შეუძლია აირჩიოს აბონენტების რაოდენობა, აგრეთვე მიზნობრივი ჯგუფი ასაკისა და სქესის მიხედვით. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, საიდან აქვთ ამ ფირმებს სხვადასხვა მობილური ოპერატორის აბონენტებზე დეტალური ინფორმაცია და რამდენად ლეგალურია მათი ქმედება. "ეკოპალიტრა" რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა. მაგალითად, კომპანია SMSco-ში გვითხრეს, რომ სარეკლამო ტექსტურ შეტყობინებებს მხოლოდ იმ აბონენტებს უგზავნიან, ვინც რეკლამის დამკვეთი კონკრეტული კომპანიის მომხმარებელია და თავისი სურვილით აქვს მათთვის გადაცემული მობილური ტელეფონის ნომერი.

კომპანია myfirm-ში გვითხრეს, რომ რეკლამას შუამავალი კომპანიის, "სმს კლაბის" დახმარებით ავრცელებენ. ამ უკანასკნელის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ აბონენტთათვის მოკლე ტექსტური შეტყობინების დაგზავნას მათი ტექნიკური ჯგუფი ემსახურება, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ხოლო ბაზა ინტერნეტიდან აქვთ მოპოვებული. სარეკლამო კომპანია "მობილ მარკეტინგ გრუპში" კი უარი მითხრეს წყაროს დასახელებაზე, საიდან აქვთ აბონენტთა მონაცემები: მომგებიანი ბიზნესია და ალბათ შენც გინდა გააკეთოო. ბიზნესი რომ მომგებიანია, არავინ დაობს, მაგრამ ეს, ფაქტობრივად, იძულებაა, რადგან თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეთი რამ მხოლოდ აბონენტის თანხმობით ხდება, ხოლო კომპანიას, რომელიც რეკლამას აბონენტის ნებართვის გარეშე დააგზავნის, შესაძლოა სოლიდური ჯარიმა დაეკისროს.

პერსონალური ინფორმაციის სარეკლამო კომპანიებისთვის გადაცემას უარყოფენ მობილური ოპერატორები. "ჯეოსელის" მხრიდან ყველა აბონენტის პერსონალური ინფორმაცია დაცულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად. კომერციულ სარეკლამო სმს-ებს გზავნიან ბიზნესორგანიზაციები, რომლებიც დაკავებული არიან სარეკლამო სმს-ების გაგზავნით, კერძო სუბიექტების მოთხოვნის შესაბამისად, მათ მიერვე მითითებულ აბონენტებთან. უშუალოდ "ჯეოსელი" გზავნის მხოლოდ "ჯეოსელის" მომსახურებასა და სერვისებთან დაკავშირებულ შეტყობინებებს, რაც ნებაყოფლობითია და ყველა აბონენტს შეუძლია უარი თქვას ამგვარი ინფორმაციის მიღებაზე", - აცხადებენ კომპანია "ჯეოსელში".

მადონა კოიძე (საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე): "რეკლამის მიღება მომხმარებლისთვის ნებაყოფლობითი არჩევანი უნდა იყოს. კანონმდებლობაში ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. კანონი უნდა კრძალავდეს სატელეფონო რეკლამას, თუ ის არ არის მომხმარებლისგან ნებადართული. ამასთან დაკავშირებით ფედერაციაში არაერთი საჩივარია შემოსული უკმაყოფილო მომხმარებლისგან. ვაპირებთ მივმართოთ კომპანიებს, რომ თუ რეკლამა არ არის მომხმარებლისთვის მისაღები, ის უნდა აღიკვეთოს. საკმაოდ შემაწუხებელია, როცა საქმიან შეხვედრაზე ხარ და ქაოსურად მოგდის სარეკლამო შეტყობინებები. პირადად მეც არაერთი გზავნილი მომდის საბურავებსა და სხვა შემოთავაზებებზე, რომლებიც არ მჭირდება. მიმაჩნია, რომ ამით ირღვევა ჩემი, როგორც მომხმარებლის უფლებები. მხოლოდ მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა იყოს ნებადართული მისთვის სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა. კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ახლა მუშავდება და ეს საკითხები იქ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ტელეფონის ნომრებისა და აბონენტთა შესახებ პირადი ინფორმაციის გაცემა კი პირადი მონაცემების ხელყოფაა და ნამდვილად საინტერესოა, ვინ და რატომ ავრცელებს აბონენტთა პირად ინფორმაციას მათთან შეუთანხმებლად".

ცოტა ხნის წინ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ამ პრობლემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედი კომპანიები აქტიურად მიმართავენ პირდაპირ მარკეტინგს მოკლე ტექსტური და ელექტრონული შეტყობინებების დაგზავნის გზით. თუმცა ხშირად ტელეფონის ნომრის ან ფოსტის მფლობელმა არ იცის, როგორ მოხვდა მისი პირადი მონაცემები სარეკლამო ან სავაჭრო კომპანიების ბაზაში. თამარ ქალდანი კომპანიებს ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობს: "ამ საკითხში ჩვენ აქტიურად ვერ ჩავერევით, რადგან კანონი, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვას არეგულირებს, 2016 წლამდე მხოლოდ სახელმწიფო სექტორზე ვრცელდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ კომპანიებს კონსულტაციებს ვთავაზობთ. არსებობს მარტივი პრაქტიკა, როგორ შეიძლება მოქალაქეს მიაწოდო ინფორმაცია ისე, რომ მისი გაღიზიანება არ გამოიწვიო. სმს-ის შემთხვევაში, აბონენტს ეკითხებიან, კიდევ სურს თუ არა მსგავსი სარეკლამო განცხადებების მიღება. ეს საზღვარგარეთ კარგად აქვთ დანერგილი თავად მობილურ ოპერატორებს, რაც საქართველოში არ არსებობს. ნებისმიერ აბონენტს აქვს უფლება, დათანხმდეს ან უარი თქვას ამა თუ იმ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაზე. სარეკლამო ტექსტის მიმღებმა ისიც უნდა იცოდეს, საიდან იღებს კომპანია მის შესახებ პირად ინფორმაციას. თავად კომპანიებიც დაინტერესებული უნდა იყვნენ, რომ მათი რეკლამა ანტირეკლამაში არ გადაიზარდოს", - ამბობს თამარ ქალდანი.

სანამ კომპანიები ამით თავად დაინტერესდებიან, ალბათ ბევრი წყალი ჩაივლის. უფრო საიმედო იქნება, თუ მართლაც კანონი დაავალდებულებთ აბონენტებისგან ნებართვების მიღებას. მაგრამ რა კანონით უნდა გამართლდეს პერსონალური მონაცემების მთელი ბაზების არსებობა, რომლებსაც ფირმები ერთმანეთზეც კი ყიდიან და რომლებზეც, წესით, ხელი მხოლოდ მობილურ ოპერატორებს უნდა მიუწვდებოდეთ... მით უმეტეს, რომ აბონენტებს წარმოდგენა არ აქვთ, რომელ ბაზებშია შეტანილი მათი პერსონალური მონაცემები.