თხილის ბაზარი "ცხრად გაყოფისგან" ზარალობს?! - კვირის პალიტრა

თხილის ბაზარი "ცხრად გაყოფისგან" ზარალობს?!

სტაბილური მიწოდების გარეშე მსხვილ დამკვეთს ვერ შეინარჩუნებ

თხილის მოსავალი წლეულს საქართველოში შარშანდელზე დაახლოებით 30%-40%-ით მეტია. თხილის შეგროვებას ცოტათი უამინდობამ შეუშალა ხელი, მაგრამ პროდუქციის ხარისხზე ამას გავლენა არ მოუხდენია. ქართული თხილის ხარისხიც კარგია და მოცულობაც დიდია. ჩაბარების ფასი 1 კილოგრამზე 2,40-2,50 ლარის ფარგლებში მერყეობს. ევროპის ბაზრების გარდა, წლეულს ექსპორტიორები პროდუქციის გატანას რუსეთშიც გეგმავენ.

თხილის ექსპორტი ბოლო წლებში მომგებიან ბიზნესად იქცა. საკმაოდ გაიზარდა თხილის ნარგავებიც. რამდენიმე კერძო ინვესტორმა საგანგებოდ შეიძინა გურიაში სავარგულები, ზოგმა ჩაის პლანტაცია ამოძირკვა და სანაცვლოდ თხილი გააშენა. სხვადასხვა სიდიდის თხილის პლანტაციები ადგილობრივებსაც აქვთ და ის მათთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. გლეხები დროდადრო ჩივიან, რომ ექსპორტიორები განგებ აგდებენ თხილის ჩასაბარებელ ფასს და ამ სპეკულაციით ხეირობენ. ექსპორტიორები კი თურქეთისკენ იშვერენ ხელს, რომლის წილად მსოფლიოში თხილის წარმოების 70-80% მოდის.

წინასწარი შეფასებით, სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში წლეულს დაახლოებით 40-50 ათასი ტონა თხილი შეაგროვეს, შარშან კი მოსავალი 24,7 ათასი ტონა იყო. ბოლო წლების რეკორდი 2011-ში იყო დამყარებული - 31,1 ათასი ტონა. ქართული თხილის წარმოება თურქულთან შედარებით ძალიან მცირეა, სამაგიეროდ, აქვს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა - ნაყოფის ზომა, რაშიც კონკურენციას მხოლოდ ამერიკაში წარმოებული "ბარსელონა ლარჯი" უწევს.

ბეგი სიორიძე ("საქართველოს საექსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელი): "გურიაში წლეულს დაახლოებით 15 ათასი ტონა თხილი მოვიდა, შარშანდელზე ბევრად მეტი. ახლა მოსახლეობისგან 1 კილოგრამს 2,40 ლარად ვიბარებთ, თითქმის შარშანდელ ფასად. სამომავლოდ ის ალბათ გაიზრდება, რადგან ტენიანობა შემცირდება, ნაყოფი გამოშრება და ფასიც მოიმატებს. თხილის შეგროვება აქტიურ ფაზაშია შესული. დაახლოებით 2000 ტონა თხილის მიღებას ვაპირებთ. შედარებისთვის, შარშან სულ 500 ტონა ჩავიბარეთ. წლეულს კი შეღავათიანი აგროკრედიტით ვისარგებლეთ და ბევრად უფრო ხელსაყრელი პირობები გვაქვს გლეხებისგან მეტი მოსავლის მისაღებად. შემდეგ თხილს ევროპაში გავიტანთ, ძირითადად გერმანიასა და ჩეხეთში. რუსეთის ბაზრის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, გზის გახსნას ველოდებით, რათა პროდუქცია გადავტვირთოთ.

თხილის ფასები დამოკიდებულია ბაზარზე და თურქული თხილის ფასზე. ის დაახლოებით 20-25 ცენტით ძვირია ქართულ თხილზე. დაახლოებით 50-მდე კომპანია და საწარმო ყიდულობს ადგილობრივებისგან თხილს. კიდევ 150-მდე მცირე მეწარმეა დაინტერესებული გლეხებისგან თხილის შესყიდვით.

როგორი იქნება თხილის ფასი რამდენიმე თვეში, ძნელი სათქმელია, რადგან მსოფლიო ბაზარზე ფასის დამდგენი თურქეთია და არა ჩვენ. ფაქტია, არც თურქეთი უჩივის წლეულს მოუსავლიანობას".

ალექსანდრე მოწერელია (თხილის ექსპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე): "ქართული თხილის ფასი ობიექტურია მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით.  თურქული თხილი მსოფლიოშია ცნობილი და დიდი ხანია ბაზარზეა, მას მსოფლიოს უდიდესი საკონდიტროები მოიხმარენ. მნიშვნელოვანი გარემოებაა პროდუქციის მიწოდების პირობები. თურქული თხილი სამი თვის კონსიგნაციით მიეწოდებათ, რისი შესაძლებლობაც, მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს. ამისთვის არც ფინანსური რესურსი გაგვაჩნია და ვერც მუდმივ მიწოდებას ვახერხებთ.

ამ პირობებს რამდენიმე მიზეზით ვერ ვაკმაყოფილებთ. ჯერ ერთი, ჩვენთან მცირეა მოცულობები. მართალია, მსოფლიოში თხილის წარმოებით მეხუთე ადგილზე ვართ და შესაძლოა წლევანდელმა მოსავალმა მესამეზე გადაგვიყვანოს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თურქეთი საშუალოდ წელიწადში 500 ათას ტონაზე მეტ თხილს აწარმოებს. მისი საექსპორტო პოტენციალი მილიარდებში იზომება. ჩვენთან თხილის წარმოების ზუსტი სტატისტიკაც არ არსებობს, არ არის აღრიცხული თხილის ნარგავების რაოდენობა, თურქეთში კი ლამის ყოველი ბუჩქია აღრიცხული.

რუსეთის ბაზარზე ქართული თხილი შემოვლითი გზით, რეექსპორტით მთელი ამ წლების განმავლობაში შედიოდა. ქართული თხილი ზომით თურქულზე დიდია. კომპანიებისთვის, რომლებიც დაფასოებულ თხილს სუპერმარკეტებში ყიდიან, კაკლის ზომა გადამწყვეტია და უპირატესობასაც ქართულ თხილს ანიჭებენ. რუსეთის ბაზარზე თურქული თხილიც შედის და ბაზრის დიდი წილიც უჭირავს. რუსეთში საკონდიტრო წარმოებები სწორედ თურქულ თხილს იყენებენ, ხოლო ჩვენი თხილი ძირითადად ბაზრებსა და ბაზრობებზე იყიდება და ის კომპანიები ყიდულობენ, ვინც თხილს აფასოებს. თუ რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანა გამარტივდება, ექსპორტის მოცულობაც გაიზრდება. თხილის გასაყიდი ფასიც ალბათ შემცირდება, რადგან რეექსპორტის ხარჯები მოაკლდება.

ყველაზე მეტი ქართული თხილი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გადის, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული ჩინური ბაზარია. სხვა ბაზრებზე ქართულ თხილს ძალიან დიდი კონკურენტები ჰყავს - თურქეთი, იტალია, რომელიც მსოფლიოში მეორეა თხილის წარმოებით, და აზერბაიჯანი. ჩინეთის ბაზარზე კი ქართული თხილის ერთადერთი კონკურენტი აშშ-ის არიზონის შტატში მოყვანილი "ბარსელონა ლარჯია". იქ წელიწადში 35-40 ათასი ტონა იწარმოება. თურქული თხილი ამ თვალსაზრისით კონკურენციას ვერ გვიწევს, რადგან ზომით პატარაა... მაგრამ საქართველოს ბაზარზე სხვა პრობლემებიც გვაქვს, ისინი ხელს გვიშლის, რომ მსხვილი დამკვეთებისთვის სტაბილური მიმწოდებლები გავხდეთ.

შესაძლოა ადგილობრივ ბაზარზე იყო მცდელობები, თხილის ჩაბარების ფასი ხელოვნურად შეემცირებინათ, მაგრამ რეალურად ეს წარმოუდგენელია. საქართველოში თხილის 40-ზე მეტი ექსპორტიორი კომპანიაა. ამ ბიზნესში ლომის წილი კერძო პირებს უჭირავთ. ისინი არც თხილის გადამმუშავებლები არიან და არც ექსპორტიორები. უბრალოდ სეზონზე ყიდულობენ რაღაც რაოდენობით თხილს და ფასის ზრდის მოლოდინში აჩერებენ, რათა შემდეგ უფრო ძვირად გაყიდონ. სხვაგვარად ამას სპეკულაცია ჰქვია. ისინი ძალიან ბევრნი არიან, იმდენად, რომ თხილის გადამმუშავებელი ქარხნები, ფაქტობრივად, მათ ელოდებიან, როდის გამოიტანენ თხილს გასაყიდად. ამ ადამიანებმა არ იციან ბაზრის კონიუნქტურა, სპეციფიკა. მხოლოდ სურთ, თხილს რომ იყიდიან სეზონის დასაწყისში გლეხებისგან, შემდეგ ქარხნებსა და ექსპორტიორებს ძვირად მიჰყიდონ.

შესაბამისად, ეს დასაწყობებული თხილი ბრუნვაში არ არის. ეს ხალხი ინფორმირებული არ არის, რომ თხილის ფასი "საქართველოს გარშემო" არ ბრუნავს, რომ მას ჩვენ ვერ ვადგენთ. ხშირად, თურქეთის ბაზრის გამოისობით, თხილის მსოფლიო ფასი ეცემა და ის საქართველოშიც იაფდება. მაშინ ეს ადამიანები მოგების მიღების ნაცვლად ზარალობენ. ყოველ წელს ბევრი ვალებშიც ვარდება ასეთი "ბიზნესის" გამო, ზოგჯერ საქმე ტრაგედიამდეც კი მიდის. მაგრამ მათი რიგები ახალი "ბიზნესმენებით" ივსება. 40 ექსპორტიორის ფასზე შეთანხმება ხომ გამორიცხულია, რადგან საქართველოში ორი კაცი ვერ პოულობს საერთო ენას. კერძო პირების ამ უზარმაზარ არმიასთან ფასზე გარიგება კი სრულიად წარმოუდგენელია. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ თხილის მოცულობა საქართველოში ისედაც მცირეა და ამ გაჩერებული მარაგების გამო კიდევ უფრო მცირდება. მსხვილ დამკვეთს კი სტაბილურად უნდა შესთავაზო პროდუქცია, თუ მისი დაკარგვა არ გინდა. თუ რაოდენობის ზრდასთან ერთად, სხვა ბიზნესში პროდუქციის ფასი მცირდება, აქ პირიქით არის - რაც უფრო მეტი თხილი გინდა, კილოგრამში მით მეტი უნდა გადაიხადო".

ციფრების ენით

- 2012 წელს თურქეთიდან ექსპორტით 260 ათასი ტონა თხილი გავიდა, საიდანაც თურქმა ფერმერებმა $1,8 მილიარდი იშოვეს;

- ექსპორტიდან უფრო მეტი ($1,9 მილიარდი) თურქეთის ფერმერებს მხოლოდ 2005 წელს შეუვიდათ;

- 2012 წელს თხილი ექსპორტით თურქეთიდან თითქმის 100 ქვეყანაში გავიდა.