წვიმიანმა ზაფხულმა დამსვენებლები ვერ დააფრთხო?! - კვირის პალიტრა

წვიმიანმა ზაფხულმა დამსვენებლები ვერ დააფრთხო?!

ბიზნესტურიზმი დანაკლისს ანაზღაურებს

წლევანდელი ზაფხული შავიზღვისპირეთის კურორტებისთვის საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა: წვიმები და უამინდობა, დამსვენებლებზე არანაკლებად, საოჯახო ტიპის სასტუმროთა მფლობელებს აწუხებდა, რომელთა შემოსავალი ზაფხულის სეზონზე დიდწილად არის დამოკიდებული. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სასტუმროები და ტურისტთა განთავსების ობიექტები ყველაზე მეტად დატვირთული, აგვისტოს ნაცვლად, ივლისში იყო. აჭარის სასტუმროების მომსახურებით რვა თვეში 311 819-მა ადამიანმა ისარგებლა. ეს რიცხვი შარშანდელზე 11,67%-ით მეტია. ტურისტები მარტო შავიზღვისპირეთს არ სტუმრობენ. წლეულს ძალიან პოპულარულია თბილისი (44%), რომელიც ბათუმსაც (43%) უსწრებს, აგრეთვე საქართველოს სხვა რეგიონებიც. თუმცა ამ სფეროში დასაქმებულნი აღიარებენ, რომ წლეულს გაცილებით შემოსავლიან ზაფხულს ელოდნენ, ვიდრე რეალურად გამოდგა.

თამაზ გოგიბერიძე (საოჯახო სასტუმრო "ფიჭვნარის" მფლობელი): "წვიმებმა და უამინდობამ მართლაც საგრძნობი ზარალი მოგვაყენა. ქობულეთში ზღვა კი თბილი იყო, მაგრამ მზიანი, ცხელი ამინდები თითქმის არ ყოფილა. კატასტროფული წვიმა მოვიდა სამჯერ. დამსვენებლები, ყველაზე მეტი, ხუთი-შვიდი დღით ჩერდებოდნენ.

ამას დაერთო სინოპტიკოსთა პროგნოზი, რომლებმაც შტორმი და წყალდიდობა იწინასწარმეტყველეს. ამ განცხადების ავტორებს ძალიან დიდ საყვედურს ვეტყოდი, რადგან ქობულეთში არც შტორმი ყოფილა, არც ქარიშხალი, დამსვენებლები კი შეშინდნენ და კურორტი ყველამ დატოვა. ეს იყო ბოლო დარტყმა, რომელიც წლეულს მივიღეთ. მართალია, დამსვენებლები ახლაც გვყავს, მაგრამ ძალიან ცოტა. ამინდები რომ ყოფილიყო, ხალხიც მეტი იქნებოდა და ჩვენი შემოსავალიც მოიმატებდა, თუმცა ზღვის სიყვარულით მაინც ჩამოდიოდნენ ტურისტები საქართველოს რეგიონებიდან და მეზობელი ქვეყნებიდანაც. წლეულს ბევრი გვყავდა აზერბაიჯანელი, განსაკუთრებით კი რუსი და უკრაინელი ტურისტები, ისინი თითქმის ყველა ოჯახში იყვნენ და ახლაც არიან. ჩვენთან პროდუქტი იაფია, თანაც ეს მათთვის ნაცნობი მხარეა, გვეუბნებიან - შეიძლება თურქეთში უკეთესი პირობები იყოს, მაგრამ ჩვენ აქ უკეთესად ვისვენებთო".

რუსუდან მამაცაშვილი (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმვისა და განვითარების განყოფილების უფროსი): "თუ საზღვრის კვეთის მონაცემებს გავითვალისწინებთ, რვა თვეში 3 568 513 უცხოელი მოგზაური შემოვიდა. ეს შარშანდელზე 26%-ით მეტია. მხოლოდ ზაფხულის მონაცემების მიხედვით კი ზრდა 23%-ია. წლეულს ძალიან მოიმატა სომეხი და აზერბაიჯანელი ვიზიტიორების რიცხვმა, მოგეხსენებათ, ვიზიტიორების დიდი წილი სწორედ მეზობელ ქვეყნებზე მოდის. მათ შორის ლიდერი კვლავაც თურქეთია, შემდეგ მოდიან სომხეთი და აზერბაიჯანი, მათ მერე კი რუსეთი და უკრაინა, საიდანაც წლეულს 63%-ით მეტი ვიზიტიორი შემოვიდა.

მართალია, უამინდობა გვარიანად დამაბრკოლებელია, თუმცა, ჩვენი მონაცემების მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ რამე ხელშესახები ზარალი გვქონდა. ეს ალბათ იმითაც აიხსნება, რომ აჭარაში წლეულს მრავალი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ამგვარი ღონისძიებები ძირითადად მაღალი დონის, 4-5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ეწყობა. ამიტომ ამ სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელი წლეულს საკმაოდ მაღალია. ჩვენი მიზანი ბიზნესტურიზმის განვითარებაა და ამ მხრივ წლეულს არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული სტუმრები ხშირად კითხულობენ საშუალო ფასის სასტუმროებსაც. ერთი სიტყვით, ზაფხულის უამინდობით მოყენებული ზარალის კომპენსაცია სხვა სეგმენტით შევძელით და საერთო მაჩვენებლებით ნამდვილად არ ვართ უკმაყოფილო. ამიტომ არ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდა. მით უმეტეს, ზაფხულშიც მრავალფეროვანი კალენდარი გვქონდა და შემოდგომაზეც ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი".

ია თაბაგარი (საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე): "რასაკვირველია, უამინდობამ ძალიან შეუშალა ხელი ზღვისპირა რეგიონს, თუმცა მთაში და საქართველოს ქალაქებში ტურისტების რაოდენობა არ შემცირებულა. არანაკლებ მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორია და ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ნაკლებობა. როცა ტრანსპორტი არასაკმარისია, პრობლემები არა მარტო ტურისტებს, არამედ ტურისტულ კომპანიებსაც ექმნებათ. დიდი პრობლემაა კომუნიკაციების არარსებობაც, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, სადაც არ არის ტელეფონი, ინტერნეტი და ტურისტების გადაადგილებაც საკმაოდ სახიფათოა. ეს უნდა გაითვალისწინონ შესაბამისმა ორგანოებმა, თუ გვინდა, რომ საქართველოში ტურიზმი განვითარდეს და ამ სფერომ სახელმწიფოს მოგება მისცეს.

- როგორ შეაფასებდით წლევანდელ ტურისტული სეზონს და რომელ სასტუმროებს მეტი სტუმარი ჰყავდათ?

- ჯერ მხოლოდ რვა თვის მონაცემებზე შეიძლება ვისაუბროთ, მთლიანი წლის შეფასება ნაადრევია. ჩემი დაკვირვებით, წლეულს არა მარტო 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები იყო დატვირთული, არამედ საშუალო დონისა და საოჯახო ტიპის სასტუმროებიც. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ხარისხის გარანტიას ქმნის, თუმცა როცა საშუალო შეძლების მქონე ტურისტი ჩამოდის, ის უპირატესობას სწორედ 3-ვარსკვლავიანს ანიჭებს. ამიტომ ქვეყანაში ყველანაირი სასტუმრო უნდა იყოს, რათა ჩამოსულ სტუმარს არჩევანის საშუალება ჰქონდეს. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სასტუმროების ქსელის გაფართოება და იმ პრობლემების აღმოფხვრა, რომელთა მცირე ნაწილი ზემოთ ჩამოგითვალეთ - ეს არის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების რეალური გზა საქართველოში".

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა, რომ ქვეყანაში უკვე არის სასტუმროების დეფიციტი. წლეულს დაიგეგმა 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების გახსნა გუდაურში, ბაკურიანში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში. მან მოუწოდა ინვესტორებს ფულის სასტუმრო ბიზნესში დაბანდებისკენ, რადგან მოთხოვნაც მზარდია - სასტუმროები გადავსებულია ბათუმში, თბილისში, კახეთში, იმერეთში და ტურისტების ნაკადის მატების გათვალისწინებით, 2017 წელს 10 ათასი სასტუმრო ადგილის დეფიციტი გვექნება. "მით უმეტეს, ეს ბიზნესი საქართველოში ძალიან მომგებიანია", - განმარტა გიორგი სიგუამ.

ხათუნა ჩიგოგიძე