ბიზნესდიაგნოზი ამერიკულად - კვირის პალიტრა

ბიზნესდიაგნოზი ამერიკულად

მოსახლეობის მიერ ჯანდაცვისთვის გაწეული ხარჯი შთამბეჭდავია და ზოგჯერ მთლიანი დანახარჯების 60-70%-ს აღწევს. შესაძლოა, სხვა ქვეყნებთან შედარებით სამედიცინო სერვისი ჩვენთან ძვირი არ ღირდეს, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობისთვის ის მძიმე ტვირთია. თუმცა სამედიცინო სერვისით მაინც თითქმის ყველა სარგებლობს. უპირატესობა გამოცდილებასა და კომპეტენციას ენიჭება, ხოლო თუ ამას თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკაც ემატება, პაციენტების სიმცირით ვერ დაიჩივლებ...

დიმიტრი ტვილდიანი ("ქართულ-ამერიკული კლინიკის" დამფუძნებელი და დირექტორი): "სამედიცინო ბიზნესში კარგა ხნის წინ ჩავერთეთ. 1988 წელს პირველად ჩავედი ამერიკაში ტურისტად და აღმოვაჩინე, რომ იქ შეიძლება ექიმმა რეზიდენტურაში ისწავლოს, ანუ კვალიფიკაცია აიმაღლოს და იმავდროულად, მთავრობისგან ხელფასს იღებდეს. თბილისში დაბრუნების შემდეგ მე, ჩემმა ძმამ და მამაჩემმა, რომელიც მაშინ სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი გახლდათ, საქართველოშიც გადავწყვიტეთ სწავლის მეთოდოლოგიის შეცვლა. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა. გადავწყვიტეთ ახალი, უცხოური სტანდარტების შესაბამისი ინსტიტუტი დაგვეარსებინა. ასე გაჩნდა 1989 წელს სამედიცინო ინსტიტუტი "აიეტი", შემდეგ მას "დავით ტვილდიანის უნივერსიტეტი" დაერქვა და დღესაც ამ სახელით მოქმედებს.

"აიეტში" სტუდენტების მომზადება საერთაშორისო პროგრამების შესაბამისად დავიწყეთ. ექიმებს საგანგებოდ ვამზადებთ, რათა საერთაშორისო გამოცდები ჩააბარონ და რეზიდენტურა გაიარონ აშშ-ის წამყვან კლინიკებში. იქ უკვე ორასამდე ქართველი ექიმი მუშაობს და უმრავლესობა ჩვენი კურსდამთავრებულია, რითაც ძალიან ვამაყობთ.

თავის დროზე "აიეტმა" შესაძლებლობა მოგვცა, ექიმები სხვადასხვა სპეციალობით მოგვემზადებინა, მათ ჩაებარებინათ საერთაშორისო გამოცდები და ეს რესურსი შემდეგ კლინიკის გახსნისთვის გამოგვეყენებინა. უცხოეთში ექიმების მომზადება ძვირია. ამიტომ პარტნიორებთან ერთად ნიუ-იორკში დიაგნოსტიკური კლინიკა გავაკეთე, რომელიც წლების განმავლობაში ფინანსურად ეხმარებოდა ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. ამ კლინიკამ შესაძლებლობა მოგვცა, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები შეგვეძინა, რომლებიც საქართველოში ჩამოვიტანეთ. ასე, წლების განმავლობაში, კადრების აღზრდასა და ტექნოლოგიების შეძენაში ჩადებული ინვესტიციებით, ცოტა ხნის წინ თბილისში შევძელით ქართულ-ამერიკული კლინიკის გახსნა.

მისი უპირატესობა ისიც არის, რომ კვალიფიციური კადრების გარდა, გვყავს ექიმებიც, რომლებიც აშშ-ში მუშაობენ და ჩვენთან თანამშრომლობენ. მედიცინა რთული დარგია და ხშირად არის აუცილებელი ფართო კონსულტაციები. სამედიცინო კონსილიუმებზე, ჩვენი კლინიკის მუშაობაში ჩართული არიან ამერიკაში მყოფი კოლეგები და სწორედ მათთან ვამოწმებთ დიაგნოზებს. პაციენტის მონაცემებს აშშ-ში ჩვენს კონსულტანტებს ვუგზავნით, ისინი, ფაქტობრივად, მედიცინის ყველა დარგში გვყავს. რა თქმა უნდა, ეს დამატებითი ხარჯია, მაგრამ პაციენტი დარწმუნებულია დიაგნოზის სიზუსტესა და მკურნალობის ეფექტურობაში.

ცხადია, დიდი ბიზნესრისკი იყო საქართველოში ასეთი კლინიკის გაკეთება და ძვირად ღირებული აპარატურის შემოტანა, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ვფიქრობ, მალე ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდება, ჯანდაცვის სამინისტროც დაგვეხმარება, რომ სახელმწიფო დაზღვევამ მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯების დიდი წილი იტვირთოს და ერთ-ორ წელიწადში კლინიკა მოგებაზე გავა".

მის.: გოთუას ქუჩა #3 (ბაქტერიოფაგის ტერიტორია)

ტელ.: 243-00-73

* * *

"მომგებიანი" ავტონაწილები გერმანიიდან

უკვე წლებია, მსუბუქი ავტომობილები ქვეყნის უმსხვილესი საიმპორტო პროდუქციის ჩამონათვალში შედის. მართალია, შემოყვანილი ავტომობილების ნაწილი შემდეგ რეექსპორტით მეზობელ ქვეყნებში გადის, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზეც ბევრი რჩება. იმპორტირებული ავტომობილების უმეტესობა მეორადია და დიაგნოსტირებასა და შეკეთებას საჭიროებს. ისედაც, სათადარიგო ნაწილებზე მოთხოვნა ნებისმიერ მძღოლს უჩნდება. ასე რომ, საქმე საკმაოდ სარფიანია, ცხადია, სწორი მენეჯმენტის პირობებში.

კახაბერ რურუა (საქართველოში "ატეს" წარმომადგენლობის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი): "ავტონაწილების ბიზნესი 18 წლის წინ დავიწყე, სწორედ მაშინ, როცა ე.წ. ელიავას ბაზრობა გაიხსნა, სადაც ავტოსათადარიგო ნაწილების ჯიხური გავხსენი. მანამდე ვმუშაობდი BMW-ის ცენტრსა და კომპანია "კასტროლში". იქ მიღებულმა გამოცდილებამ მიბიძგა, გერმანიაში წარმოებული სათადარიგო ნაწილები თურქეთიდან ჩამომეტანა და აქ გამეყიდა. როგორც კი შევნიშნე, რომ მოთხოვნა დიდი იყო, კონტაქტების დამყარება გერმანიაში დავიწყე. გერმანელები მაშინ ცუდად გვიცნობდნენ და საქმიანი ურთიერთობების აწყობა ძალიან გაგვიჭირდა. დიდი შრომისა და წვალების ფასად მივაღწიე იმას, რომ 15 წელიწადია, ავტონაწილების უდიდესი გერმანელი მწარმოებლის, "ატეს" ოფიციალური წარმომადგენელი ვარ საქართველოში. "ატე" კი დავითანხმე თანამშრომლობაზე, მაგრამ პირველი დაკვეთისთვის ფული მჭირდებოდა. ყველა კომერციულ ბანკს მივაკითხე სესხისთვის, მაგრამ უარი მითხრეს, "პროკრედიტის" გარდა. ისინი დამთანხმდნენ და სესხად $2000 მომცეს. ეს მოცულობა "ატესთვის" სასაცილო იყო, მაგრამ უარი არ უთქვამთ და პირველი შეკვეთაც ჩამოვიდა. ორ-სამ წელიწადს მოგება არ მქონია, თუმცა არც წაგებაზე ვმუშაობდი.

წლების წინ ყველა მარკის ავტომობილის მომხმარებელი ელიავას ბაზრობაზე შემოდიოდა სათადარიგო ნაწილებისთვის. შემდეგ ქალაქში ბრენდული მაღაზიებიც გაჩნდა და მომხმარებელმა სპეციალიზებულ მაღაზიებში დაიწყო სიარული. გადავწყვიტე, ტენდენციისთვის ფეხი ამეწყო და დიღომში "ატეს" ბრენდირებული მაღაზია გავხსენი. გავაკეთე ვებსაიტიც (ate.ge), მაგრამ შვიდი წლის წინ ინტერნეტგაყიდვა ნაკლებად პოპულარული იყო. შემდგომ კი ბაზარმა დამანახვა, რომ მომხმარებლის უფრო მეტად ინფორმირება იყო საჭირო. ბიზნესის "მესამე სიცოცხლე" ახალი საიტი გახდა, საინფორმაციო და ონლაინგაყიდვებისთვის შექმნილი detali.ge.

$2000-ით დაწყებული ბიზნესის ბრუნვა დღეს წელიწადში დაახლოებით $1 მილიონია. წარმატების საიდუმლო ხარისხიანი გერმანული პროდუქცია და კვალიფიკაციაა. როცა ამ ბიზნესში შემოდიხარ, სულ ცოტა, ავტომობილის აგებულება მაინც უნდა იცოდე. ახლაც, გერმანიაში ყოფნისას სერტიფიცირებას გავდივარ, ჩამომაქვს უამრავი სპეციფიკური ლიტერატურა. მომხმარებლისთვის კვალიფიციური რჩევის მიცემა ძალიან ბევრს ნიშნავს. რაც უნდა კარგი პროდუქცია დადო დახლზე, ვერ გაყიდი, თუ მომხმარებლამდე სწორად არ მიიტან.

ერთადერთი, რაც ადგილობრივ ბაზარზე კეთილსინდისიერ მოთამაშეს პრობლემას უქმნის, კონტრაფაქტული საქონელია. გერმანელები ფულს გვიხდიან, რათა იურისტი ავიყვანოთ და ყოველი ასეთი ფაქტის აღმოჩენისას მართლმსაჯულებას მივმართოთ, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობის პირობებში, ფალსიფიკატორებთან სამართლებრივ ბრძოლას აზრი არ აქვს. კანონის თანახმად, მათ წინააღმდეგ საქმე მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიძვრება, თუ მაგალითად, სავაჭრო ობიექტში 400 ერთეული კონტრაფაქტული პროდუქცია აღმოჩნდება. ხოლო თუ, ვთქვათ, 350 ცალია, პასუხისმგებლობა არ დგება. არადა, რაც უფრო პოპულარულია ბრენდი, მით მეტია ფალსიფიცირების შემთხვევა".

მისამართი: ჩაჩავას ქ.#4

detali.ge

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში. გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.