უცხოელი ინვესტორი ყოველთვის მართალია?! - კვირის პალიტრა

უცხოელი ინვესტორი ყოველთვის მართალია?!

ბიზნესმენი, რომელმაც სასამართლოში ფინანსური დავა მოიგო, პროკურატურამ იმავე საქმისთვის ბრალდებულად შერაცხა

გასულ კვირას "ეკოპალიტრის" მთავარი თემა თხილის ბიზნესს მიეძღვნა. ბოლო წლებში ევროპულ ბაზრებზე ქართულ თხილზე მოთხოვნა გაიზარდა. შესაბამისად, თხილის ექსპორტი საკმაოდ სარფიან და შემოსავლიან საქმედ იქცა. თუმცა თხილის მწარმოებლები და ექსპორტიორები მთელ რიგ პრობლემებზე საუბრობენ. მათ შორის, თაღლითურ სქემებზე, რომლის მსხვერპლიც ბოლო წლებში თხილის ბიზნესით დაკავებული რამდენიმე მეწარმე გახდა.

შინაურ მღვდელს რომ შენდობა არ აქვს, ჩვენს სინამდვილეში სიახლე არ არის. ადეიშვილის პროკურატურას ეს ანდაზა კარგად ჰქონდა გათავისებული, განსაკუთრებით, ბიზნესის მიმართ. საკმარისი იყო, რომელიმე ვაიინვესტორს მის ქართველ პარტნიორზე პროკურატურაში განცხადება შეეტანა, რომ ქართველი ბიზნესმენი ელვის სისწრაფით გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა ხოლმე. მნიშვნელობა არ ჰქონდა საქმის რეალურ გარემოებებს, წილების ოდენობას, დაბანდებულ ინვესტიციებს, ქართული მხარის არგუმენტებსა და მტკიცებულებებს. ინვესტორი ყოველთვის "მართალი" იყო.

დრო შეიცვალა. ქვეყანას სხვა ხელისუფლება მართავს, სამართლიანობის აღდგენის იმედიც გაჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ, ადეიშვილის დაუწერელი კანონები ჯერ ისევ მოქმედებს, განსაკუთრებით, რეგიონებში. ბიზნესმენ არჩილ ვეკუას საქმე ამის ნათელი მაგალითია.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საქართველოში 2009 წელს თურქეთის მოქალაქე ალი რიზა კიზილდაგი ჩამოვიდა და თხილის ბიზნესში ჩართვა გადაწყვიტა. მან თავი ქართველ პარტნიორებს გააცნო, როგორც შვეიცარიის საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელმა და დიდი კავშირების მქონე ბიზნესმენმა.

არჩილ ვეკუა (ბიზნესმენი): "პირველი, რაც ალი რიზა კიზილდაგმა გააკეთა, შპს "ანკა გეორგია" დააფუძნა, რომლის 80%-ის მფლობელი და ერთ-ერთი დირექტორიც თვითონ გახდა, ხოლო ძმები, გიგა და გედევან კორძახიები, მცირე წილის პარტნიორებად დაარეგისტრირა.

ალი რიზა კიზილდაგის სქემა მარტივი იყო. მან სოფელ დარჩელში, ძმები კორძახიების მეშვეობით, ფრიდონ კოდუას თხილის ქარხანა დაიქირავა, მცირე ფერმერებისგან თხილის მიღება "პოსლეზე" დაიწყო და პროდუქცია უცხოელ მყიდველებს გაუგზავნა.

სულ რაღაც წელიწად-ნახევარში ამ ბიზნესიდან ისე გამოვიდა, რომ გიგა კორძახია, როგორც კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების გამო ციხეში აღმოჩნდა, ხოლო ქარხნის მეპატრონე ფრიდონ კოდუას ფინანსური პრობლემები შეექმნა. თავად ალი რიზა კიზილდაგი მშრალად გამოძვრა შექმნილი ვითარებიდან და ხელი ქართველი პარტნიორებისკენ გაიშვირა, რომ თითქოს მას ატყუებდნენ, არ იცოდა ქართული კანონები და მეტიც, ისიც კი არ იცოდა, რომ თავისივე კომპანიის დირექტორი იყო.

ამის შემდეგ ალი რიზა კიზილდაგი მე დამიკავშირდა. გამეცნო, როგორც სერიოზული ბიზნესმენი და შვეიცარიის ელჩთან დაახლოებული პირი. შემომთავაზა პარტნიორობა და სანაცვლოდ მამაჩემის, თენგიზ ვეკუას თხილის ქარხნის საქმეში ჩადება მომთხოვა.

ალი რიზა კიზილდაგი ამჯერადაც ჩვეული სქემით მოქმდებდა. პროდუქციას მცირე ფერმერებისგან "პოსლეზე" იღებდა, უცხოელი მყიდველებისგან კი ფულს წინასწარ რიცხავდა მის კუთვნილ კომპანიაში, რომელიც ამჯერად შვეიცარიაში დაარეგისტრირა და სახელად "ანკა ფუდი" დაარქვა, რომლის 20%-იც, ჩვენი ზეპირი შეთანხმებით, მე მეკუთვნის, თუმცა აქაც მომატყუა.

შემდეგ, ჩემი ფირმიდან 250 ათასი ლარი გამომატანინა და თავისი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სვის კრედიტი" დააფუძნა, რომელშიც ასევე 20% უნდა მოეცა, თუმცა არც ეს პირობა შეასრულა.

როცა ზეპირი შეთანხმებების შესრულება მოვთხოვე და თან დაინახა, რომ დასახულ მიზანს - ჩვენი ოჯახის თხილის ქარხანას ხელში ჩაგდებას ვერ მიაღწევდა (მანამდე ის ბანკში ჩამადებინა კრედიტის სანაცვლოდ) 2013 წლის გაზაფხულზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა და იმ თანხების მითვისებაში დამდო ბრალი, რომლითაც თავისი კუთვნილი ფირმა დააფუძნა.

პროკურატურის რეაგირებამ არ დააყოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო დავა მიმდინარეობდა, არ დაელოდა საქმის დასრულებას, სასწრაფო წესით ბრალი წამიყენა და 35 ათასი ლარის გირაო შემიფარდა".

ლაშა ნოდია (არჩილ ვეკუას ადვოკატი): "ყველანაირი ლოგიკითა და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, პროკურატურა მხარეებს შორის სამოქალაქო დავის დასრულებას უნდა დალოდებოდა. ბრალის წარდგენიდან ერთი თვის თავზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ალი რიზა კიზილდაგის სარჩელი არჩილ ვეკუას მიმართ არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. მეტიც, შემხვედრი სარჩელით, რომლითაც არჩილ ვეკუა ითხოვს ალი რიზა კიზილდაგის მიერ სხვადასხვა დროს მითვისებული, ჯამში 371 ათასი ლარის დაბრუნებას, სწორედ ამ უკანასკნელის წილი დააყადაღა მის მიერ დაფუძნებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სვის კრედიტში". გამოდის, ერთსა და იმავე საქმეზე არჩილ ვეკუა სამოქალაქო წესით მოგებულია და ამავე დროს, სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულად არის ცნობილი. ეს სრული სამართლებრივი ნონსენსი და აბსურდია, რადგან იურიდიულ მეცნიერებაში არ არსებობს დანაშაული ზიანის გარეშე. ვფიქრობთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა პროკურატურამ აშკარად იჩქარა გადაწყვეტილების გამოტანისას. ჩვენ საჩივარიც გვაქვს შეტანილი პროკურატურაში ალი რიზა კიზილდაგის წინააღმდეგ, მაგრამ ჯერჯერობით საქმე მხოლოდ არჩილ ვეკუას წინააღმდეგ მიმდინარეობს, რაც აშკარად განსხვავებულ სტანდარტებს აწესებს ქართველი და უცხოელი ბიზნესმენის მიმართ. იმედს ვიტოვებთ, რომ მთავარი პროკურორი ამ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს".

სასამართლო განხილვებზე ისიც გაირკვა, რომ ალი რიზა კიზილდაგი სინამდვილეში თურქეთის მოქალაქეა და წარსულში თურქეთის მთავრობის გადატრიალების მცდელობის ბრალდებით არის გასამართლებული. შვეიცარიაში რეზიდენტის სტატუსით ცხოვრობს და მცირე ბენზინგასამართი სადგური აქვს ნაქირავები, რითიც ოჯახს არჩენს. ინვესტიციას კი იმ თანხებს ეძახის, რომლებსაც თხილის შემსყიდველები საქართველოში პროდუქციის შესაძენად რიცხავენ. ასე რომ, ვიდრე პროკურატურა შინაურის დასჯაზე იფიქრებს, ალბათ უმჯობესი იქნება ჯერ ე.წ. ინვესტორის პიროვნება შეისწავლონ და საქმის რეალური გარემოებები დაადგინონ.

ლეილა ფხაკაძე (ალი რიზა კიზილდაგის ადვოკატი): "ალი რიზა კიზილდაგი შვეიცარიაში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეა. ის ადრიანო ტარანოსთან ერთად გახლავთ შვეიცარიული კომპანია "ანკა ფუდის" დირექტორი და თანადამფუძნებელი. მან საქართველოში ბიზნესსაქმიანობა აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში დაიწყო, როცა განსაკუთრებით უჭირდა საქართველოს და ბევრი ინვესტორი თავს იკავებდა ინვესტიციების დაბანდებისგან. 2008 წლიდან დღემდე შპს "ანკა გეორგიას", ალი რიზა კიზილდაგს, "ანკა ფუდსა" და სხვა უცხოელ ბიზნეზმენებს, ევროპის ბაზარზე საქართველოდან გატანილი აქვთ 4 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების თხილის პროდუქცია. მისი ძალისხმევით მოხერხდა, რომ თხილის მდგრადი მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის პროექტით დაინტერესდნენ შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოები. მათ გადაწყვიტეს, საკუთარი წვლილი შეეტანათ ტრენინგებითა და სერტიფიკაციის დაფინანსებით. 2012 წელს "ანკა ფუდი" ჩაერთო საქართველოს ფერმერთა პროექტში.

ეს ის შემთხვევა გახლავთ, როცა შვეიცარიული ინდუსტრია დათანხმდა და ქართული თხილი შეიძინა. ამჟამად კი საინვესტიციო პროექტი დახურვის საფრთხის წინაშე დგას. მიზეზი გახლავთ შპს "ანკა ფუდისა" და ალი რიზა კიზილდაგის კუთვნილი თანხების დიდი ოდენობით მითვისება, რომელიც ჩამოირიცხა "აბვ ჯგუფის" ანგარიშზე. ეს თანხები თხილის პროდუქციის შესასყიდად ირიცხებოდა. ამ შემთხვევაში უცხოელი ინვესტორის ნდობა ბოროტად იქნა გამოყენებული. ერთ მაგალითს მოგიყვანთ მხოლოდ. არჩილ ვეკუას მიერ 2012 წლის 4 სექტემბერს, ხელმოწერილი იყო დოკუმენტი, სადაც ის ადასტურებს, რომ მიწა, მდებარე ზუგდიდში, მარჯვენა სანაპიროს ქ. #50-ში, რომელიც ეკუთვნის თითქოს მას, არის 1470 კვმ და ღირს $200 ათასიდან $250 ათასამდე. დამერწმუნებით, სამეგრელო ლას-ვეგასი არ არის. ამ ქონებას ის დებს კომპანია "ანკა ფუდში" 20%-იანი წილის სანაცვლოდ. ჩვენ ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრში გადავამოწმეთ და მივიღეთ ოფიციალური დადასტურება, რომ არჩილ ვეკუას სახელზე ეს ქონება რეგისტრირებული არ იყო".

დასასრულ, ამ საქმეში ასევე ერთობ უცნაურად გამოიყურება შვეიცარიის საელჩოს უჩვეულო აქტიურობა. საელჩოს მდივანი, ფლორან დუბლერი პირადად ესწრება სასამართლო პროცესებს და კომენტარებს აკეთებს მედიის წინაშე, ხოლო ალი რიზა კიზილდაგი პროცესზე მისი დიპლომატიური ავტომობილით დადის. გაუგებარია, რატომ იჩენს ასეთ ყურადღებას შვეიცარიის საელჩო წარსულში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული თურქი ბიზნესმენის მიმართ. მით უმეტეს, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საელჩო ძიების პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული. თუმცა, მეორე მხრივ, ეს უნდა ნათელი სიგნალი იყოს ჩვენი ხელისუფლებისათვის, თუ როგორ იცავს ევროპული ქვეყანა თავის რეზიდენტს სხვა სახელმწიფოში, მაშინ როცა ჩვენთან ქართველი ბიზნესმენი, როგორც წესი, მუდამ "დამნაშავეა".