სწრაფი კვება - ქართული კერძებით - კვირის პალიტრა

სწრაფი კვება - ქართული კერძებით

სენდვიჩი, ჰამბურგერი, ჰოთდოგი - ეს ინგლისურ-ამერიკული თუ გერმანული კერძები უკვე კვების კულტურის ნაწილი გახდა საერთაშორისო ბაზარზე. პურის, ხორცისა და სხვა შიგთავსისგან მომზადებული დელიკატესი სწრაფი კვებისთვის მოსახერხებელია და შესაბამისად, სარფიან ბიზნესადაც იქცა. თუმცა წლების წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მრავალგვარ ბურგერებს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას ჩვენებური ქაბაბი გაუწევდა, თანაც ორი "ლულით"...

ლელა სიამაშვილი ("ორი ლულის" პიარმენეჯერი): "კომპანია ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა. დამფუძნებლებს სურდათ, რაღაც ახალი და განსხვავებული მოეფიქრებინათ. ეს უნდა ყოფილიყო სწრაფი კვების ობიექტი ქართული კერძებით. სწორედ ამ იდეის გარშემო აიგო საქმე. თავიდან ყველაფერი საცდელად გაკეთდა, გვაინტერესებდა, როგორ მიიღებდა მომხმარებელი რამდენიმე ქართულ კერძს სწრაფი კვებისთვის. მათ შორის იყო ჩვენი საფირმო კერძი - ორი ლულაქაბაბი. ფირმის სახელწოდებაც აქედან მოდის. ქაბაბი ძალიან პოპულარულია, მაგრამ რა გამოხმაურება ექნებოდა მას სწრაფი კვების და არა სარესტორნო ფორმატში? ცდამ წარმატებით ჩაიარა.

საგანგებოდ სწრაფი კვებისთვის შერჩეულ რამდენიმე ქართულ კერძს ჩვენ მიერ მოფიქრებულიც შევმატეთ, მაგალითად, ლობიანი შამფურზე, რაც ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან მზადდება. შემდეგ უკვე ბაზარმა გვაჩვენა, რომ ამ საქმეს საკმაოდ კარგი პოტენციალი ჰქონდა და შეიძლებოდა ბრენდად ჩამოყალიბება. პირველი ობიექტი ყაზბეგის #16-ში გავხსენით. გახსნა არ დაგვიანონსებია, ამიტომ პირველ დღეს შემთხვევითი გამვლელები და ახლობლები გვსტუმრობდნენ. თითქმის ერთ წელიწადში მეორე ობიექტიც გავხსენით. დღეს უკვე სწრაფი კვების ექვსი ობიექტი გვაქვს. ფართობს ყველგან ვქირაობთ.

ჩვენ არ ვართ ფასტფუდი კლასიკური გაგებით, რადგან ჩვენი ნიშა ხარისხიანი საკვებია. არც ერთი კერძი წინასწარ გამზადებული არ გვაქვს - არც გაყინულ მდგომარეობაში და არც ნახევარფაბრიკატი. ყველა პროდუქტი, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ, მათთვის ნაცნობი და ახლობელია. ყველა კერძს ისე ვამზადებთ, როგორც კარგი დიასახლისი მოამზადებდა სახლის პირობებში. მომხმარებელიც ამ შინაურ გემოს ანიჭებს უპირატესობას. მაღალი ხარისხის მიუხედავად, პროდუქციაზე დაბალი ფასი გვიდევს, რაც დაბალი მოგების მარჟის დამსახურებაა.

დღეში, დაახლოებით, 1500 ადამიანს ვუმასპინძლდებით.

კომპანიის ლოგო დამფუძნებლის მოფიქრებულია - ჩასუქებული მამაკაცი ლანგრით ხელში, რაც ასევე პასუხობს ქართულ ხასიათს. ლოგოს ფერები კი ყვითელი და წითელია, როგორც ზოგადად სასიამოვნო, მხიარული ფერები, რომლებიც კვების ინდუსტრიაში ხშირად გამოიყენება. მენიუ რომ მომხმარებელს ერთფეროვანი არ მოეჩვენოს, თვეში ერთხელ ახალი პროდუქტის დამატებას ვცდილობთ. მაგალითად, ბოლოს შევთავაზეთ ლულაშაურმა - ბევრი კითხვა და თხოვნა შემოდიოდა, რატომ არ გვქონდა სწრაფი კვებისთვის ასე პოპულარული შაურმა. იმიტომ, რომ ჩვენთვის მისი მომზადების წესი იყო მიუღებელი.

ვიმუშავეთ, რომ შაურმის მომზადება ჩვენი სამზარეულოს ფორმატისთვის მოგვერგო. ხორცი შამფურზე შევწვით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ის ხანგრძლივად არ გავაჩეროთ ჰაერზე, ღია სივრცეში და მომხმარებელს ჩვენებური შაურმა შევთავაზეთ. სწრაფი კვების სხვა ობიექტებისგან ისიც გამოგვარჩევს, რომ ჩვენთან თანამშრომლებს ანაზღაურება გამომუშავებული საათების მიხედვით ეძლევათ. ამგვარი მოდელი ძალიან მოსახერხებელია როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მენეჯმენტისთვის. გვყავს თანამშრომლები, რომლებიც სრული განრიგით ვერ მუშაობენ, ურჩევნიათ ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, არიან ისეთები, ვისაც სრულ განაკვეთზე მუშაობა სურს, ამიტომ ყველა იღებს იმდენს, რამდენსაც გამოიმუშავებს".

ოფისის ტელ.: 237-22-88

www.orilula.ge

* * *

საკონდიტრო ფირმა კულინარიული რეცეპტებიდან "ამოიზარდა"

საწარმოს ისტორია ერთ ოთახში, კულინარიის წიგნში ამოკითხული რეცეპტებით გამომცხვარი რამდენიმე ნამცხვრით დაიწყო. რამდენიმე წელიწადში საოჯახო წარმოება საკონდიტრო ქარხნად იქცა, მიიღო ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატიც. ამ ბიზნესის მესვეურები ხუმრობენ კიდეც, ISO ჩვენთვის იგივეა, რაც საქართველოსთვის "მაპიო".

ნანა კიკნაძე (საკონდიტრო საწარმო "ნარცისის" პიარმენეჯერი): "ბაზარზე "ნარცისი" ექვსი წლის წინ გამოჩნდა, თუმცა ბიზნესის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო. საწარმოს დამფუძნებელმა ქალბატონმა გადაწყვიტა, კულინარიისთვის, კონკრეტულად კი ნამცხვრების ცხობისთვის მოეკიდა ხელი. შეიძინა კულინარიული წიგნები, ამოიკითხა რეცეპტები, მოარგო ქართულ რეალობას, იქირავა პატარა ფართი და მშრალი ნამცხვრების ცხობა წამოიწყო. ქართველების "გურმანი" ხასიათიდან გამომდინარე, ნამცხვრები კარგად იყიდებოდა. სხვათა შორის, გვერდით არავინ ჰყოლია, ვისაც ამ საქმეში გამოცდილება, ცოდნა ექნებოდა და რჩევას მაინც მისცემდა. ბიზნესიც გამოცდილებასთან ერთად ვითარდებოდა.

ასორტიმენტში თავდაპირველად რამდენიმე დასახელების მშრალი ნამცხვარი შედიოდა, შენახვის ხანგრძლივი ვადით. რადგან ნამცხვრები კარგად იყიდებოდა, საქმიანობის მასშტაბის გაფართოება გადაწყდა. საბანკო კრედიტებით შეიძინეს შენობა და დანადგარები და საოჯახო წარმოება საკონდიტრო ქარხნად გადაიქცა. დღეს ჩვენი პროდუქცია, ფაქტობრივად, მთელ საქართველოში იყიდება, მაღალმთიანი რეგიონების გარდა. კომპანიის სახელწოდებაც მისი დამფუძნებლის სახელს უკავშირდება. ხუთი წლის წინ, როცა "ნარცისი" ბაზარზე მომძლავრდა, გაჩნდა პროდუქციის ბრენდირების აუცილებლობა. ერთგვარი მარკეტინგული სვლა იყო ლოგოს გადაწყვეტა ხალას წითელ-ყვითელ ფერებში. ამიტომ, როცა სავაჭრო ობიექტში შედიხარ, ჩვენი პროდუქცია მაშინვე თვალში გხვდება. საკონდიტრო წარმოება მოგების ძალიან მცირე მარჟაზე მუშაობს და წარმოება რომ მომგებიანი იყოს, აუცილებელია ძალიან მრავალფეროვანი ასორტიმენტი ყველა გემოვნების მომხმარებლისთვის - როგორც ზრდასრულთათვის, ისე ბავშვებისთვის.

ბიზნესის განვითარების კვალობაზე გადაწყდა საფირმო მაღაზიის გახსნაც. ის ჩვენს ქარხანასთან გავხსენით, სადაც მომხმარებელს შეუძლია საბითუმო ფასად, ანუ სხვა ობიექტებთან შედარებით 10%-ით იაფად შეიძინოს "ნარცისის" პროდუქცია. ამ სვლამაც გაამართლა და მალე ქალაქში კიდევ რამდენიმე ასეთი მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ. ნედლეულის ნაწილს ადგილობრივად ვყიდულობთ, მცენარეული ცხიმები კი უკრაინიდან შემოგვაქვს. ნამცხვრების გარდა ვამზადებთ შოკოლადის ტკბილეულსაც. ბაზრის კვლევამ გვაჩვენა, რომ მომხმარებელს საბჭოთა პერიოდის "დათუნიასა" და "წითელქუდას" ნოსტალგია ჰქონდა და ამ მოთხოვნის დაკმაყოფლება გადავწყვიტეთ. ნედლეული შოკოლადის დასამზადებლად ინდონეზიიდან ჩამოგვაქვს.

კომპანიის წინსვლაში საბანკო კრედიტები ძალიან დაგვეხმარა, მაგრამ საწარმოს განვითარება რეალურად მისი შემოსავლების წყალობით მოხდა, რადგან შემოსავალი მხოლოდ საწარმოს განვითარებას ხმარდებოდა. დღეს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების კომპანია ვართ, ვფლობთ ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატს. სხვათა შორის, ამ თემაზე ვხუმრობთ კიდეც - "ნარცისისთვის" ISO იგივეა, რაც საქართველოსთვის მაპი".'

მის.: თბილისი, დოდაშვილის ქ. #24

ტელ.: (+995 32) 274-50-70

office@nartsisi.ge

www.nartsisi.ge

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში. გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.