პროტექციონიზმი - ბაზრის დასაცავად?!
30-09-2013
პროტექციონიზმი - ბაზრის დასაცავად?!
ადგილობრივ წარმოებასა და ექსპორტს ხელშეწყობას ჰპირდებიან

საქართველოს შიდა ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის ბუმია. ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც იმპორტის კვოტირებასა და შეზღუდვას ითვალისწინებს, წლის ბოლომდე შევა ძალაში. ცვლილებები ბაზრის დასაცავად მზადდება, რათა იმპორტმა ადგილობრივი წარმოება მეტისმეტად არ შეზღუდოს და კომპანიებს განვითარების შესაძლებლობა მიეცეთ. როგორც გავარკვიეთ, ამ ეტაპზე საკანონმდებლო პაკეტს სწავლობს ეკონომიკის სამინისტრო, სადაც იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროდან შევიდა. კანონმა უნდა დაიცვას ადგილობრივი მწარმოებლები და წაახალისოს ექსპორტიორები - ამის მაგალითებს მეზობელი ქვეყნები გვაძლევენ.

თურქეთიც, სომხეთიცა და აზერბაიჯანიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა (მსო) თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები არიან, მაგრამ იმპორტის შეზღუდვითა და თავისი მწარმოებლების დახმარებით მსო-ს მოთხოვნებს კი არ არღვევენ, პირიქით, ამ ორგანიზაციის წევრობას ისინი შიდა ბაზრის უკეთ დაცვისთვის იყენებენ. რა მოჰყვება ახალი კანონმდებლობის შემოღებას, რა უნდა გაითვალისწინონ მისმა
ავტორებმა? - ამ შეკითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს.

თემურ მაისურაძე (საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე):
- მართალია, მსო-ში შემავალი ქვეყნები განსაზღვრულ წესებს იცავენ, მაგრამ იმავდროულად, თვითონ მათაც ბევრი რამის დარეგულირება შეუძლიათ ქვეყნის შიგნით. დიახ, მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის თურქეთს, არჩეული აქვთ წარმატებული პროტექციონისტული პოლიტიკა. მაგალითად, როცა თურქეთის მოქალაქე ან იურიდიული პირი თურქეთიდან სხვა ქვეყანაში ექსპორტს ახდენს, უქმნიან მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა იმ ქვეყანაში ადგილის დამკვიდრება შეძლოს. ალბათ კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება ჩვენს საზღვარზე პროდუქციის ხარისხის მაქსიმალური კონტროლის დაწესება. უნდა შემოვიღოთ ნორმები, როგორი პროდუქცია შეიძლება შემოვიდეს ჩვენთან და როგორი - არა. აუცილებელი უნდა გახდეს, რომ მეწარმემ თავის ნაწარმს დააწეროს კონკრეტული ინფორმაცია და სხვ.

შიდა ბაზარს რაც შეეხება, აქ სულ სხვა პოლიტიკის წარმართვაა საჭირო. კერძოდ, უნდა შევუმსუბუქოთ მეწარმეს გადასახადები, რათა მისი პროდუქცია კონკურენტუნარიანი გახდეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ახალ წარმოებებს - ე.წ. სტარტაპებსაც, რაც ასევე დიდი შეღავათი იქნება მეწარმეებისთვის. ამგვარი ნაბიჯები საქართველოს ეკონომიკას ხელს შეუწყობს. ჩვენ მართლა ძალიან გვჭირდება საერთაშორისო ბაზარზე გასვლა.

თავისუფალი ბაზარი გულისხმობს, რომ მეორე ქვეყანას შესაძლებლობას ვაძლევ, პროდუქცია ჩემს ტერიტორიაზე თავისუფლად შემოიტანოს. მაგრამ ქვეყნის შიგნით დარეგულირება, უკვე ჩემი ნებაა. დავუშვათ, თუ დღგ-ს შევამცირებ და ამით მეწარმეებს წავახალისებ, ვერც ერთი ქვეყანა ვერ მეტყვის, რომ რაღაც ნორმას ვარღვევ, მაგრამ არ შეიძლება, შეზღუდვა დავუწესო სხვა სახელმწიფოს პროდუქციას და ამით ადგილობრივ ნაწარმს შევუწყო ხელი.
მეზობელი ქვეყნებიც ასე იქცევიან: საერთაშორისო ნორმებს არ არღვევენ, მაგრამ აქვთ ფიტოსანიტარიული ნორმები და თუ პროდუქცია ამ ნორმებში არ ჯდება, თავიანთ ტერიტორიაზე არ შეუშვებენ. თავისუფალი ბაზარი ყველაფრის შემოსვლას სულაც არ ნიშნავს, უნდა შემოვიდეს დაწესებული ნორმების შესაბამისი პროდუქტები. საამისოდ ძალიან ბევრი ბერკეტი არსებობს, მრავალი ფორმა შეიძლება მოიძებნოს, რათა ადგილობრივმა წარმოებამ შვება იგრძნოს.
ძალიან დიდი შეღავათი იქნება დღგ-ის შემცირება, რადგან ის საქართველოში საკმაო პრობლემაა, მაგრამ ამ გადასახადის შემცირება რომ ბიუჯეტს არ დაეტყოს, ეკონომიკური სუბიექტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ამავე დროს, თუ შევძლებთ საქართველოში მაღალი ხარისხის, ნატურალური პროდუქციის მოყვანას, ის კონკურენციას გაუწევს იმპორტულ სურსათს და ეს ფაქტორი იქნება სოფლის მეურნეობისთვის ერთ-ერთი წამახალისებელი. დიდი იმედი მაქვს, საბოლოოდ საქართველოში კონკურენტული გარემო შეიქმნება და აქაური კომპანიები ადგილობრივ ბაზარზე უპირატესობის მოპოვებას შეძლებენ. იმპორტის შეზღუდვა შეუძლებელია, მაგრამ აუცილებლად მიმაჩნია შეზღუდვების დაწესება საქონლის სტანდარტებსა და ხარისხზე.

ირაკლი ლექვინაძე ("ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" გენერალური დირექტორი): - კანონი, რომელიც შემოდის, ცოტა არ იყოს, რისკის შემცველად მეჩვენება. ხომ არ მოჰყვება მის შემოღებას ტარიფების ზრდა, სპეციალური პირობების შემოღება და პროდუქციის გაძვირება? ეს სასურველი ნამდვილად არ არის. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად იქნება ეს კანონი მსო-ს პრინციპების შესაბამისი და შიდა ბაზარზე პროდუქტის გაძვირებას, ან უარეს შემთხვევაში, კორუფციასაც ხომ არ გამოიწვევს? ამიტომ ყველაზე ბევრი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს საზღვრებზე ხარისხის კონტროლია, რაც პრინციპში უკვე ხორციელდება.

თურქულ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ კომპანიებთან პრობლემები არსებობს. ისინი თანაბარ პირობებში უნდა აღმოჩნდნენ ქართულ კომპანიებთან კონკურენციისას - ამას მოლაპარაკებები სჭირდება და არა შემზღუდავი და ამკრძალავი ღონისძიებები. თუ რომელიმე ქვეყანა ჩვენ მიმართ შემზღუდავ ღონისძიებებს იყენებს, ჩვენ უნდა ვცადოთ, მოლაპარაკების გზით მოვახსნევინოთ ეს შეზღუდვები, ჩაკეტილობით უფრო მეტ პრობლემას შევქმნით და ბაზარსაც უფრო გავაძვირებთ, ვიდრე გახსნილობით. თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სოფლის მეურნეობის ზოგიერთ პროდუქტზე თავისუფალ კვოტას აწესებს, მაგალითად, თაფლზე, ღვინოზე, პომიდორზე, ციტრუსზე, ატამზე და სხვ. თუმცა ფორმალური პროცედურების გამო ძნელია შეტყობა, კვოტების რა ნაწილია ათვისებული. აზერბაიჯანისა და უკრაინის საზღვარზე პროდუქცია აწყდება როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ შეზღუდვებსაც, აგრეთვე, გადასახადის გაზრდას.

ხარისხზე კონტროლის გამკაცრება აუცილებელიც კია, ამით მოგებული დავრჩით, მაგალითად, კვერცხის ბაზარზე. ამჟამად პროდუქციის ხარისხიც უკეთესად კონტროლდება და აღარც გაურკვეველი წარმოების კვერცხი იყიდება საცალო ქსელში. სხვათა შორის, არც ფასები არ ავარდნილა საგანგაშოდ. ანუ ამგვარად მოიძებნა მსო-სთვის მისაღები გზა. პირდაპირ რომ აგვეკრძალა კვერცხის იმპორტი, დაგვიპირისპირდებოდნენ.

მოკლედ, ხარისხის მოთხოვნის გამკაცრებასთან ერთად, იმპორტის შეზღუდვა გამართლებულად არ მიმაჩნია. შეზღუდვები და ტარიფების დაწესება შიდა ბაზარზე ფასებსაც გაზრდის და კორუფციულ ელემენტებსაც წარმოშობს. დღეს ქართულ კომპანიებს სულ სხვა პირობები სჭირდებათ კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. რა უფლებებიც აქვთ თურქულ და აზერბაიჯანულ კომპანიებს ჩვენთან, იგივე უფლებები უნდა ჰქონდეთ ქართულ კომპანიებს ამ ქვეყნების ბაზრებზე - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვაგრძოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
Tushi
30 სექტემბერი 2013 17:50
თუ დღგ შეამცირებენ, იმპორტიორისთვისაც შემცირდება. რა აზრი აქვს, ისედაც 18% , ამაზე მაკლები როგორ უნდა იყოს?
კვოტებს ვერ დაადებ იმიტომ რომ ზოგჯერ რეექსპორტი მიმდინარეობს...
ასე რომ ხარისხი უნდა აწიოთ და თვით ღირებულება უნდა შეამციროთ, ამისთვის კადრები გინდათ "თექნიკუმის" დონეზე განათლებული და ახალი ტექნოლოგიები...



რედაქტორის რჩევით