რამდენს "მოიწველება" გახარჯული მილიარდი - კვირის პალიტრა

რამდენს "მოიწველება" გახარჯული მილიარდი

სოფლის მეურნეობაში წიწილების დათვლის დრო მოდის...

სოფლის მეურნეობაში გაზაფხულზე საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო და ახლა შედეგის მომკის დრო მოდის. სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ ბოლო ცხრა თვეში ამ სფეროსთვის მეტი გაკეთდა, ვიდრე ბოლო ცხრა წელიწადში. ატმის ჭარბი მოსავლის მსგავსად ხომ არ გაუჭირდებათ გლეხებს სხვა ჭირნახულის გაყიდვა, რატომ არ იქმნება კოოპერატივები და რა რისკებს შეიცავს რუსეთის ბაზარი მეღვინეებისთვის - ეს იმ თემების ნაწილია, რაზეც სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ გადაცემა "ემას შოუში" ისაუბრა.

- სოფლის მეურნეობაში ბევრი რეფორმა განხორციელდა. ბოლო ცხრა თვეში უფრო მეტი გაკეთდა, ვიდრე ცხრა წელიწადში. მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 710 ათასმა ოჯახმა მიიღო სასოფლო-სამეურნეო დახმარება, რითაც მოხდა მათი დანახარჯების 40-45%-ის სუბსიდირება. წლეულს პირველად დამუშავდა 430 ათას ჰექტარამდე სავარგულები, რაც წინა წლების მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია. მოსავალი ძალიან კარგია ყველა მიმართულებით - ახლა რთველია და ყურძნის კარგი მოსავალი გვაქვს; ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში ძირითადი კულტურა, რომელიც, დაახლოებით, 170 ათას ჰექტარზე დაითესა, სიმინდია.

ასევე ბევრი მოიყვანეს კარტოფილიც. ჩვენ საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ საირიგაციო არხების აღსადგენად და თუ შარშან მთელ ქვეყანაში მხოლოდ 24 ათასი ჰექტარი მიწა ირწყვებოდა, წლეულს, მაისის ბოლოსთვის, ირწყვებოდა 50 ათასი ჰექტარი, წლის ბოლომდე კი თვითდინებით 70 ათასი ჰექტარი მოირწყვება.

- თუმცა ეს სარწყავი მიწების მცირე ნაწილია...

- სულ ქვეყანაში თვითდინებით, დაახლოებით, 300 ათასი ჰექტარი შეიძლება მოირწყას. მომავალი წლის ბიუჯეტშიც გვაქვს ამისთვის თანხები გათვალისწინებული. ჩვენი მიზანია შემდეგ ოთხ წელიწადში 250 ათას ჰექტარამდე ფართობის გასარწყავება.

- სად გაიყიდება ეს გაზრდილი მოსავალი? ატმის მაგალითი ხომ არ განმეორდება, როცა წლეულს გლეხებმა ჭარბი მოსავლის გაყიდვა ვერ შეძლეს.

- სტატისტიკას თუ გადახედავთ, წლეულს საექსპორტოდ ატმის 40%-მდე გავიდა - მეტი, ვიდრე წინა წლებში. უბრალოდ, მოსავალი იყო ძალიან დიდი. მაგრამ ვინც თავის ბაღებს კარგად მოუარა და ხარისხიანი ნაყოფი მოიწია, გაყიდვის პრობლემაც არ შექმნია. ის, სამწუხაროდ, შედარებით დაბალი ხარისხის ატამს დაუდგა და აქაც საუბარი იყო ფასზე, რადგან ამ ხარისხის ნაყოფში მომხმარებელი მაღალ ფასს არ იხდიდა.

- სამრეწველო ატამსაც თავისი მუშტარი უნდა ჰყავდეს, უნდა არსებობდეს გადამმუშავებელი ქარხანა, რომელიც მას ჩაიბარებს.

- გეთანხმებით, უნდა არსებობდეს და ჩვენ გვაქვს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე, დაახლოებით, 131 მილიონი ლარია გაცემული. ნებისმიერ კომპანიასა თუ კერძო პირს შეუძლია, 1%-იანი სესხი მიიღოს 600 ათასი დოლარის ფარგლებში და გადამმუშავებელი საწარმო გახსნას.

- თუმცა, ვაშლისგან განსხვავებით, ატმის კონცენტრატზე მოთხოვნა დიდი არ არის...

- მართალი ხართ, ვაშლისგან განსხვავებით, რომელიც საბაზო მასალაა ყველა სხვა წვენის დასამზადებლად, ატმის კონცენტრატზე მოთხოვნა გაცილებით ნაკლებია. თუმცა ატმისგან შეიძლება ბევრი სხვა პროდუქციის დამზადება, მათ შორის, სპირტი და ატამი ამ მხრივ საკმაოდ მაღალი გამოსავლიანობითაც გამოირჩევა. რაც მთავარია, ეს კერძო სექტორმა უნდა გადაწყვიტოს. სახელმწიფოს ხელშეწყობა არის ის, რომ მათ საკრედიტო რისკებს უმცირებს და სესხის პროცენტის მნიშვნელოვან ნაწილს აფინანსებს.

- თუ აღმოჩნდება, რომ წლეულს ვაშლის, კარტოფილისა და ბოსტნეული კულტურების კარგი მოსავალი გვაქვს, მათი გასაღების პრობლემაც ხომ არ დადგება?

- ატამი სპეციფიკური შემთხვევა იყო. მაგალითად, დღეს ქართული პომიდორი საკმაოდ კარგ ფასად გადის მეზობელ აზერბაიჯანში. გარდა ამისა, არ დგას მარცვლეული კულტურების შენახვის პრობლემა. იმავეს თქმა შეიძლება კარტოფილზე, მათი შესანახი საწყობებიც არსებობს.

- მსხვილი შესყიდვებისას სახელმწიფო უწყებები ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციას ანიჭებენ უპირატესობას, დაბალი ფასისა და სტაბილური მიწოდების გამო.

- სახელმწიფო შესყიდვების დიდი ნაწილი ქართულ პროდუქციაზე იქნება ორიენტირებული. შესაძლოა ყველა პროდუქცია ადგილობრივი წარმოებისა ვერ იყიდონ, მაგრამ უწყებები, რომლებიც სურსათს ყიდულობენ, დიდი რაოდენობით სწორედ რომ ადგილობრივს შეიძენენ. ჩვენი ბაზარი, სამწუხაროდ, ყოველთვის დიდწილად იმპორტზე იყო დამოკიდებული. მაგალითად, შარშან აგროიმპორტი აგროექსპორტს, დაახლოებით, სამჯერ აღემატებოდა. თეორიულად, ადგილობრივ პროდუქციას აქვს პოტენციალი, რომ დიდწილად ჩაანაცვლოს იმპორტი. დავიწყეთ მუშაობა ხარისხის კონტროლზე, სურსათის უვნებლობის სამსახურის ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა და ნოემბრიდან დღემდე ამ სამსახურმა თითქმის სამჯერ მეტი ინსპექტირება მოაწყო, ვიდრე 2010-2012 წლებში. უხარისხო იმპორტირებული პროდუქცია საბაჟოზე გაჩერდა, უკან გააბრუნეს ან გაანადგურეს.

- სუბსიდიის გარეშე ყურძენი ვერც წლეულს გასაღდა. კმაყოფილი ხართ რთვლის მიმდინარეობით?

- ყურძნის განსაკუთრებულად კარგი მოსავალი გვქონდა, რაოდენობითაც და ხარისხითაც. ამ დროისთვის 70 ათას ტონამდე ყურძენი ჩაიბარეს გადამმუშავებელმა ქარხნებმა, შარშან კი სულ 46 ათასი ტონა ყურძენი მიიღეს. მევენახეებისგან წლეულს 67 კერძო კომპანია იბარებდა ყურძენს მთელ კახეთში და 50-ზე მეტი ჩამბარებელი პუნქტი იყო გახსნილი.

- სუბსიდიის გარდა, ღვინის ქარხნების ენთუზიაზმს რუსეთის ბაზრის გახსნამაც შეუწყო ხელი. მთელი ყურადღების აქეთ გადატანა სხვა ბაზრების დაკარგვას ხომ არ გამოიწვევს?

- ხშირად გვისაუბრია ამაზე მეღვინეებთან. გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი გარემოება: წლეულს რვა თვეში შარშანდელზე 43%-ით მეტია ღვინის ექსპორტი და აქედან მხოლოდ 20% მოდის რუსეთის ბაზრის წილად. არ ვფიქრობ, რომ კომპანიები, რომლებმაც შვიდწლიანი შრომით მოიპოვეს სხვადასხვა ბაზარი, თავქუდმოგლეჯილი გაიქცევიან რუსეთის ბაზრისკენ და სხვებს მიატოვებენ. უბრალოდ, ეს დამატებითი კარგი პერსპექტივაა.

- არსებობს რისკი, ერთ მშვენიერ დღეს ის კვლავ დაკარგონ და მოგების მისაღებად შესყიდული ყურძენი ზარალად ექცეთ?

- რისკები ყოველთვის არსებობს. აქ არის პოლიტიკური რისკებიც. ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით კი სისტემა კარგადაა აწყობილი და წესით, ამ მხრივ პრობლემა არ უნდა შეიქმნას.

- კანონი კოოპერატივების შესახებ ძალაში შევიდა, თუმცა ჯერ არც ერთი კოოპერატივი არ ჩამოყალიბებულა. როგორც ვიცი, სამინისტროში შესაბამისი უწყებაც არ მოქმედებს... გლეხები ცოტა სკეპტიკურად უყურებენ ამ საკითხს და კოოპერატივებს კოლმეურნეობებსაც კი ადარებენ.

- სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობით ჩვენ ველოსიპედი არ გამოგვიგონებია. ეს არის ნაკვეთების კონსოლიდაციის ფართოდ მიღებული ფორმა იმ ქვეყნებში, სადაც მიწის ფონდი შეზღუდულია და ისიც დანაწევრებულია. მთელი ევროპა, იაპონია და სამხრეთი ამერიკის ქვეყნები კოოპერაციით განვითარდნენ. ზოგჯერ ავლებენ კოლმეურნეობასთან პარალელებს, მაგრამ საერთო განწყობა მაინც დადებითია. ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა - კოოპერატივის წევრობა ნებაყოფლობითია და ერთი წევრი ერთ ხმას ნიშნავს, ნაკვეთის ზომის მიუხედავად. არ ველი, რომ მოკლე ხანში სოკოებივით შეიქმნება ათასობით კოოპერატივი. შეიქმნას თუნდაც ასეული, მაგრამ წარმატებული. რაც შეეხება უწყებას, თვის ბოლოს გვექნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობის სააგენტო და ის იქნება პასუხისმგებელი კოოპერატივის სტატუსის მინიჭებაზე.