მეცხოველეობა "თეთრი ხალათებით" - კვირის პალიტრა

მეცხოველეობა "თეთრი ხალათებით"

როცა ქვეყანაში საბჭოეთისდროინდელი მეცხოველეობის კომპლექსები მოიშალა, გამოთავისუფლებული ნიშა იმპორტირებულმა პროდუქციამ დაიკავა. სახორცე პირუტყვს, ძირითადად, ოჯახური მეურნეობები აწვდიდნენ აგრარულ ბაზრებს და მოთხოვნას მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებდნენ. ცოტა ხნის წინ სოფელ კოდასთან მეღორეობის კომპლექსი აშენდა. იმედია, ადგილობრივი ღორის ხორცის წარმოება გაიზრდება და ბაზრის ხელშესახებ წილს დაიკავებს...

სოსო მურვანიძე (პროექტის ხელმძღვანელი, მეღორეობის ფერმა "კალანდა"): "სანამ იდეა საქმედ იქცეოდა, სოფლის მეურნეობის სექტორში დასამკვიდრებლად პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ გადაიდგა. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ ყაზახეთში მცხოვრები ქართველი, რომელიც იქ სოფლის მეურნეობის ბიზნესითაა დაკავებული. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მოჰყავს მარცვლეული კულტურები, აგრეთვე ამუშავებს მეცხოველეობის დიდ კომპლექსს. მან აქაურ პარტნიორებს საქართველოში იმავე ბიზნესის დაწყება შესთავაზა.

განვითარება აქაც მემარცვლეობიდან დაიწყო, რათა სანამ მეცხოველეობის კომპლექსის შექმნაზე გადავიდოდნენ, კომპანიას საკვების ბაზა ჰქონოდა - ხორცის ფასში საკვების წილი, დაახლოებით, 70%-ია. ამ მიზნით ჯერ კომპანია "ჯეოაგრო" ჩამოყალიბდა, მას 3500 ჰექტარამდე მიწა აქვს კახეთში და მარცვლეული კულტურები მოჰყავს.

ამით წინასწარ ვუპასუხეთ იმ რისკების ნაწილს, რომლებიც შესაძლოა მეცხოველეობის კომპლექსის ამოქმედებას მოჰყოლოდა. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ მეღორეობის კომპლექსის ჩამოყალიბება. ამისთვის ბევრი წინასწარი სამუშაო იყო საჭირო. რამდენიმე ქვეყანაში გავეცანით დარგის თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს. ვიყავით გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, ბელგიაში - ქვეყნებში, სადაც მეღორეობის ეს მიმართულება ძალიან კარგად არის განვითარებული. 2011 წლის სექტემბრიდან უკვე კონკრეტულად პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ, "ჯეოაგრომ" კი დააფუძნა კომპანია "კალანდა". მეღორეობის კომპლექსი 13 ჰექტარს იკავებს. რაც შეეხება ფინანსურ რესურსს, პროექტის ნაწილი "საქართველოს ბანკმა", ნაწილი კი საპარტნიორო ფონდმა დააფინანსა, ნაწილიც კომპანიის საწესდებო კაპიტალით გაკეთდა. ლანდრასისა და იორკშირის ჯიშის 800 პირუტყვი სპეცმანქანებით ბრიტანეთიდან ჩამოვიყვანეთ. ჩვენი წარმოება ბიოუსაფრთხოების მაღალი დონით გამოირჩევა. მაღალი რისკის ქვეყანა ვართ ღორების დაავადებების, განსაკუთრებით, ღორის აფრიკული ცხელების თვალსაზრისით, რომლის ვაქცინაც კი არ არსებობს. ეს ბიზნესრისკებს საგრძნობლად ზრდის და მეწარმეებს უსაფრთხოების მაღალი ზომების მიღებას აიძულებს. ჩვენი ფერმის ტერიტორიაზე უცხო მანქანა ვერ შევა. თუ შესვლა აუცილებელია საწარმოო მიზნებისთვის, მაღალი სადეზინფექციო ბარიერი უნდა გაიაროს. ფერმაში ვერ შევა ადამიანი, თუ შხაპი არ მიიღო, თავისი სამოსი გარეთ არ დატოვა და "სუფთა ზონაში" შესაბამისი აღჭურვილობა არ ჩაიცვა.

შარშან საქართველოში იმპორტით 20 ათასი ტონა ღორის ხორცი შემოვიდა, ხოლო ადგილობრივი წარმოება 10 ათასი ტონა იყო. ამ ვითარებისთვის ვიღაცას უნდა ეპასუხა. ჩვენი პროდუქცია პირველად ბაზარზე დეკემბერში გამოჩნდება, ამ ეტაპზე 2 ათას ტონამდე ღორის ხორცს შევთავაზებთ მომხმარებელს. გაისად კი წარმოების გაორმაგებას ვაპირებთ".

* * *

მომზადება "თითქმის გარანტიით"

ბიზნესი ზოგჯერ უბრალოდ კარგი იდეით კი არ იწყება, არამედ ადამიანი დგება აუცილებლობის წინაშე, აკეთოს საკუთარი საქმე. მიზეზი ხან ოჯახური გარემოებებია, ხანაც სურვილი, დაუმტკიცო ყველას, რომ თავადაც შეგიძლია გახდე დამქირავებელი.

ცირა თევდორაშვილი (სასწავლო ცენტრ "პროფესიონალი 2010-ის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი): "პროფესიით ფილოლოგი ვარ, ერთ-ერთ სასწავლო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორად ვმუშაობდი. ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებამ მასწავლებლები ცოტა დააბნია და პირველ ორ წელიწადს ჩვენც ბავშვებთან ერთად ვსწავლობდით და ვემზადებოდით ახალი მოთხოვნებისთვის. ის სასწავლო ცენტრი ერთ-ერთი პირველი ასეთი პროფილის დაწესებულება იყო თბილისში. სამ წელიწადს ვიმუშავე იქ და 350 მოსწავლე მოვამზადე. შემდეგ კი დავდექი აუცილებლობის წინაშე, რაღაც სხვა მეკეთებინა, რადგან მხოლოდ ხელფასი, როგორც მარტოხელა დედას, არ მყოფნიდა. ცხოვრებამ წამომიყენა მოთხოვნა, საკუთარი საქმე დამეწყო. ძალიან დამეხმარა ჩემი ნათესავი, რომელმაც მიკარნახა, თავადვე გამეკეთებინა აბიტურიენტთა და მოსწავლეთა მომზადების ცენტრი, რადგან ამ საქმეში კარგი გამოცდილება მქონდა და საქმეც სარფიანი ჩანდა. უკვე მყავდა ჩემი მოსწავლეებიც, რომლებიც რეკომენდაციას მიწევდნენ ახლობლებთან და როცა იმ სასწავლო ცენტრში მოდიოდნენ, სადაც ვმუშაობდი, ითხოვდნენ, მე მომემზადებინა. გარდა ამისა, ვიცნობდი მასწავლებლებს, ვისაც სიამოვნებით ავიყვანდი სამუშაოდ.

სტარტაპის თანხა - 5 ათასი ლარი, იმ ნათესავმა მომცა და მითხრა: თუ ეს საქმე არ გამოგივა, ჩათვალე, რომ ეს ფული არ მომიციაო. უბან-უბან დავდიოდი და სასწავლო ცენტრისთვის შესაფერის ფართს ვეძებდი. რაც ვიპოვე, დაახლოებით 60 კვმ დუპლექსის ტიპის ბინა იყო, რომელიც პატარ-პატარა ოთახებად გავტიხრე, სადაც მასწავლებელი და სამი მოსწავლე კომფორტულად მოთავსდებოდა. შევიძინე ინვენტარი: მაგიდები, სკამები და რამდენიმე კომპიუტერი. როგორც კი ჩემმა კოლეგებმა შეიტყვეს, რომ სასწავლო ცენტრი გავხსენი, ჩემთან მუშაობის სურვილი გამოთქვეს. თავიდან სულ რამდენიმე მასწავლებელი გვყავდა იმ ძირითად საგნებში, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად იყო საჭირო. როცა სასწავლო გეგმას საატესტატო გამოცდებიც დაემატა, ავიყვანეთ ქიმიის, ფიზიკასა და ბიოლოგიის პედაგოგები. ჩემი სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი პირველი მოსწავლე ჩემი ყოფილი მოსწავლის ძმა იყო. შემდეგ ყოფილი მოსწავლეებიდან ზოგს ახლობელი მოჰყავდა, ზოგს ბიძაშვილი, ზოგსაც მეზობელი. ყოველგვარი რეკლამის გარეშე პირველ წელიწადს 87 მოსწავლე შევაგროვეთ და მათგან ყველა სტუდენტი გახდა.

რადგან დიპლომსა ან სერტიფიკატს არ გავცემთ, განათლების სამინისტროსგან რამე ნებართვის აღება არ დამჭირვებია, მხოლოდ საგადასახადო სამსახურში დავარეგისტრირე შპს. ფული, რომელიც ნათესავმა საქმის დასაწყებად მომცა, პირველივე წელს დავაბრუნე.

წარმატების საიდუმლო, მასწავლებელთა პროფესიონალიზმის გარდა, არის საკმაოდ შეღავათიანი სწავლის საფასური, ცოდნა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. საკმაო შეღავათები გვაქვს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და მათთვის, ვისი ოჯახიდანაც ორი და მეტი შვილი დადის ჩვენთან. წლეულს იმ აბიტურიენტებს, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარა, მორალური კომპენსაციისთვის 30%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ - ჩემი გუნდი მაძლევს ამბიციის საფუძველს, რომ ჩვენთან მომზადებული ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდება".

მის.: ჭოველიძის #5.

ტელ: 230-71-13; 555-63-48-01

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში. გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.