მთავრობა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას იმიზეზებს და საბაჟო დაბეგვრას აფართოებს - კვირის პალიტრა

მთავრობა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას იმიზეზებს და საბაჟო დაბეგვრას აფართოებს

პროდუქტების ნუსხა, რომელიც იანვრიდან 12%-იანი საბაჟო განაკვეთით დაიბეგრება, მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივად გაზარდა. პარლამენტმა ჩაისა და საწებლების ჩამონათვალს (ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სიიდან ყავა ამოიღეს) დაუმატა კარტოფილი, საკვები ზეთი, ქატო, შოკოლადი, აგრეთვე პლასტმასის ნაწარმი, ელექტროკაბელები, ხის მორები. ფინანსთა სამინისტრომ სიაში შეიტანა ჰიგიენური საშუალებები, შამპუნი, ტუალეტის საპონი, სხვა დასაბანი საშუალებები, ასევე სარეცხი და საწმენდი საშუალებები. ნულოვანი განაკვეთის ნაცვლად 12%-ით დაიბეგრება სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიც. მათ შორის პანელები, ფილები, ბლოკები და მსგავსი ნაწარმი, რომელიც ცემენტით, თაბაშირით ან სხვა მინერალური შემკვრელი ნივთიერებებით არის წარმოებული. პლუს შავი ლითონის ლითონკონსტრუქციები და მათი ნაწილები, ყველა სახეობის ლურსმანი, ხრახნები, ჭანჭიკები. ყველაზე მაღალი განაკვეთით დაიბეგრება ასევე იმპორტირებული ჭურჭელი, აბაზანისა და სამზარეულოს მოწყობილობები, ღუმელები - გასათბობი, გასათბობ-სახარშავი და საკვების მოსამზადებელი. გაზრდილი ტარიფით დაიბეგრება საიუველირო ნაწარმიც - მარგალიტის, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებისგან დამზადებული ყელსაბამები და სამაჯურები, მოოქრული ან მოვერცხლილი ბიჟუტერია. სანაცვლოდ საბაჟო გადასახადი განულდება სიმინდზე (იბეგრებოდა 12%-ით), გადასახადისგან გათავისუფლდება დაღერღილი მარცვლული, ბურბუშელა, წიწიბურა, ჰერკულესი, სალათის ფურცლები, ხილის ექსტრაქტები, კერამიკული თიხები, აზბესტი, კვარციტის მარილი. ცვლილებები "საგადასახადო კოდექსში" 2010 წლიდან შედის.

პარლამენტმა ინიციატივის მიზეზად დაასახელა ადგილობრივი წარმოების დაცვა, იმპორტთან კონკურენციაში ხელის წაშველება. იმპორტიორს საბაჟოზე საქონლის ადგილწარმოშობის სერტიფიკატის წარდგენას მოსთხოვენ და თუ იმ ქვეყანაში წარმოებული აღმოჩნდება, რომელთანაც ორმხრივი ხელშეკრულება არ გვაქვს, 12%-ით დაბეგრავენ. მაგალითად, თურქეთის გავლით ჩინურ პროდუქციას საბაჟოზე განუბაჟებლად აღარ გამოატარებენ.

ინიაციატორთა განმარტებით, ქატოზე საბაჟო გადასახადის გაზრდა ადგილობრივ წისქვილკომბინატებს დაეხმარება ამუშავებაში. ისინი გაჩერებული არიან, რადგან მათი პროდუქცია ძვირი გამოდის და უცხოეთიდან შემოტანილს კონკურენციას ვერ უწევს. იმავენაირად დაასაბუთეს კარტოფილის იმპორტის 12%-ით დაბეგვრაც. თუმცა ახსნა გაუგებარია. ინიციატორების თქმით, საქართველოში საჭიროზე გაცილებით მეტი კარტოფილი მოჰყავთ, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. იმპორტის წილი მოხმარებაში მაინც 50%-ზე მეტია, რადგან აქ მოყვანილი კარტოფილი მოსახლეობას მხოლოდ სეზონზე ჰყოფნის. კარტოფილი ჩვენთან მხოლოდ თურქეთსა და სომხეთიდან შემოდის. ამ ქვეყნებთან კი დადებული გვაქვს ხელშეკრულებები, რომლებიც იმპორტს საბაჟო გადასახადისგან ორმხრივად ათავისუფლებს. რა აზრი აქვს გადასახადის გაზრდას, თუ ის ძირითად იმპორტიორებს არ ეხება?

იმის გამო, რომ სომხეთიდან დიდი ოდენობით კარტოფილი შემოიტანეს, ბაზარზე ერთი კილოგრამის საბითუმო ფასი 35 თეთრამდე დაეცა, რამაც ადგილობრივ მწარმოებლებს გაყიდვაში ხელი შეუშალა. ვინაიდან ბოსტნეულის სპეციალური საწყობი, სადაც კარტოფილს გამოაზამთრებენ, რამდენიმე ადგილობრივ ფერმერს აქვს, საქართველოში მოყვანილი კარტოფილი გაზაფხულისთვის აღარ რჩება. რასაც მოასწრებენ სიცივეების დადგომამდე, ფერმერები ყიდიან, ნაწილი მაინც ეყინებათ. გაზაფხულზე ქართული კარტოფილი ილევა და მას თურქეთიდან შემოტანილი ანაცვლებს. გამოდის, საბაჟო განაკვეთის ზრდა ადგილობრივი მწარმოებლების დაცვასთან არაფერ შუაშია.

დამაბნეველია ამ ჩამონათვალში ჰიგიენის საშუალებების, სარეცხი ფხვნილების მოხვედრაც, რომლებიც საქართველოში არ იწარმოება. საიუველირო ნაკეთობების იმპორტის 12%-ით დაბეგვრა კი ადგილობრივ მწარმოებლებს მოსწონთ, ხოლო დისტრიბუტორები, რომლებსაც ნაწარმი ქვეყნის გარედან შემოაქვთ, აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს მათ პროდუქციას გააძვირებს.

ეკატერინე სოფია ("ზარაფხანის" დირექტორი): "საბაჟო განაკვეთის 12%-მდე გაზრდა ჩვენი წარმოებისთვის კარგი იქნება. ეს ბაზარზე ფასებს დააბალანსებს. დღეს ჩვენ იმპორტულ ძვირფასეულობას კონკურენციას ვერ ვუწევთ. საიუველირო ნაწარმის მაღაზიათა ქსელში ძირითადად თურქული პროდუქცია შემოდის, ოქროს ბირჟებზე კი სომხური ოქროული სჭარბობს. სომხური ოქროულობის სინჯი არ შეესაბამება მასზე არსებულ დამღას, რეალურზე მაღალი სინჯი აწერია. თუმცა დაბალი ფასის გამო ყიდულობენ".

ეთერ ყიფიანი (ოქროს ბირჟა "ოქროს სამყაროს" დირექტორი): "საბაჟო გადასახადის გაზრდა ფასზე იმოქმედებს და ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით, რადგან ვაჭრობა ბირჟაზე ისედაც ძალიანაა შემცირებული. განსაკუთრებით ოქროს გაძვირების შემდეგ. ვისაც ფული აქვს, წესით ის ოქროს უნდა იძენდეს, მაგრამ მაღალფასიანი ნაკეთობები იშვიათად იყიდება. ხალხი უმეტესად დაბალფასიან ოქროს სამკაულებს სჯერდება. რაც შეეხება საქორწილო ბეჭედს, რომელიც შედარებით უკეთ იყიდება, ხალხი უმეტესად ბაჯაღლოს იძენდა, ახლა კი იძულებულია, ფასის გამო, 585 სინჯის ოქროს დასჯერდეს".

საბაჟო გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას იწონებს, ნაწილს არ მოსწონს და ამბობს, რომ ეს ფასებს გაზრდის, რაც განსაკუთრებით მტკივნეული მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენებისთვის იქნება.

გაირკვა, რომ კვლავ 5%-იანი საბაჟო განაკვეთით დაიბეგრება ყველის, ხაჭოსა და ღორის ხორცის გაცივებული ან გაყინული პროდუქციის იმპორტი. გასულ თვეში მთავრობამ განაცხადა, რომ 5%-იანი საბაჟო განაკვეთის მთლიანად გაუქმებას გეგმავდა და ამ განაკვეთით დასაბეგრი პროდუქციის ნაწილს 0%-იანი, ხოლო ნაწილს 12%-იანი განაკვეთებით დაბეგრავდა. განაკვეთი უნდა განულებულიყო ტროპიკულ ხილზე, ყველი და ღორის ხორცი (მთლიანი) 12%-ს შეუერთდებოდა. ამას ახლდა საუბრები ყველის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზეც. კანონპროექტი მინისტრთა კაბინეტმა განიხილა, მოიწონა და განხილვა პარლამენტმაც დაიწყო. მერე კი გაარკვიეს, რომ ცვლილება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. საქართველოს მთავრობამაც უკან დაიხია და ვეღარც 5%-იანი განაკვეთის გაუქმება შეძლო.

ნონა ქვლივიძე