ბიზნესი პენსიებზე - კვირის პალიტრა

ბიზნესი პენსიებზე

"ეს არის ფსევდოსოციალური, სინამდვილეში კი ბიზნესპროექტი"

საახალწლოდ "სახალხო ბანკის" მენეჯმენტმა პენსიონერებს ზარ-ზეიმით ამცნო, რომ ამიერიდან ხუთთვიანი საპენსიო სესხით შეუძლიათ სარგებლობა. მაშინ, როცა საქართველოში საშუალო პენსია 90 ლარია და ეს თანხა საახალწლო სამზადისს ნამდვილად ვერ გასწვდება, ამგვარი საბანკო პროდუქტი შექების ღირსიც იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება...

პენსიონერებს მანამდე ერთმაგი ან სამმაგი პენსიის ოდენობის სესხით შეეძლოთ სარგებლობა. პირველ შემთხვევაში, ბანკი 3%-იან სარგებელს იტოვებდა, ხოლო სამთვიანი სესხის შემთხვევაში პენსიონერს თანხის 5%-ს აჭრიდა. როგორც "ეკოპალიტრამ" "სახალხო ბანკის" მენეჯმენტთან საუბრისას გაარკვია, ხუთმაგი პენსიის ოდენობის სესხით სარგებლობისთვის, ბანკი მთლიანი თანხის 15%-ს იტოვებს, რაც თითქმის ერთი თვის პენსიის ტოლია. მაგალითად, 90-ლარიანი პენსიის შემთხვევაში, მისი ხუთმაგი ოდენობა 450 ლარია, ხელზე კი პენსიონერი 382 ლარსა და 50 თეთრს მიიღებს, ანუ 67 ლარითა და 50 თეთრით ნაკლებს. როგორც "სახალხო ბანკში" განმარტავენ, სესხის მისაღებად პენსიონერმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საპენსიო პლასტიკური ბარათი უნდა წარადგინოს.

გიორგი არველაძე (სს ,,საქართველოს სახალხო ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე): "გაზრდილი საპენსიო სესხით სარგებლობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს, რომელიც ჩართულია საპენსიო პროგრამაში. ვიმედოვნებ, ეს წინასაახალწლო წამოწყება პროგრამის მონაწილეთათვის სასიხარულო იქნება. სესხი ჩვენი ბანკის ყველა ფილიალსა და სერვისცენტრში გაიცემა, მომხმარებლებისთვის უკვე კარგად ცნობილი გამარტივებული პროცედურით".

გია ხუხაშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): "ეს მორიგი კლასიკური შემთხვევაა, როგორ იწყებენ რაღაც პროექტს, ვითომ პენსიონერების ინტერესების დასაკმაყოფილებლად, სინამდვილეში კი კონკრეტულ ბიზნესინტერესებს ატარებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა. როცა საუბარი იყო იაფ დაზღვევაზე, ვეჭვობ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მეტად სადაზღვევო კომპანიების ინტერესები აწუხებდათ. შესაბამისად, ხელისუფლებასთან დაახლოებული განსაზღვრული ლობისტური ჯგუფები, მუდმივად ამუშავებენ ასეთ პროექტებს. "სახალხო ბანკის" ხელისუფლებისგან განცალკევებით განხილვა ძნელია, თუნდაც იმიტომ, რომ ბანკის მფლობელს, არც თუ შორეულ წარსულში, მთავრობის პრემიერის პოსტი ეკავა. აქედან გამომდინარე, ეს არის მორიგი ფსევდოსოციალური, სინამდვილეში კი ბიზნესპროექტი. მიაქციეთ ყურადღება, რომ საპენსიო სესხის შემთხვევაში გარანტირებულ თანხებზეა საუბარი, ანუ ბანკი საერთოდ არ რისკავს, რადგან გასესხებულ ფულს ბიუჯეტიდან მიიღებს. როცა გშია და გწყურია, ნაკლებად ფიქრობ, ხვალ რა იქნება, ამიტომ ვფიქრობ, კაბალური პირობების მიუხედავად, ბევრი პენსიონერი მაინც ისარგებლებს ამ ახალი სესხით".

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და "საქართველოს ბანკის" ყოფილი მმართველი ლადო გურგენიძე "სახალხო ბანკს" 2009 წლის 22 სექტემბრიდან მართავს. მას შემდეგ, რაც მისი და რუმინელი ბიზნესმენის, დინუ პატრიჩუს დაფუძნებულმა ფონდმა Liberty Capital LLC, ბანკის აქციების 91,2% 15 მილიონ ამერიკულ დოლარად შეისყიდა. ვრცელდება ცნობა, რომ ბანკი სახელწოდების შეცვლას გეგმავს.

ბანკი  სახელწოდებას იცვლის

სს "სახალხო ბანკი" სახელწოდებას იცვლის. როგორც GBC-ის სარწმუნო წყარომ აცნობა, ბანკი Liberty Bank-ის სახელწოდებით წარსდგება. "სახალხო ბანკის" აღმასრულებელი თავმჯდომარე ლადო გურგენიძე კომენტარს არ აკეთებს. სახელწოდების შეცვლა სავარაუდოდ "სახალხო ბანკის" მფლობელი კომპანია Liberty Capital-ის გეგმებს უკავშირდება, რომელიც საბანკო ბიზნესის აფრიკის კონტინენტსა და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში გაფართოებას გულისხმობს.