ეკონომიკა მსუბუქი გრიპით - კვირის პალიტრა

ეკონომიკა მსუბუქი გრიპით

ეპიდემია დიდ ეკონომიკებზე მოახდენს გავლენას, სადაც უმუშევრობა ნაკლებია

უცხოეთში ეკონომისტებმა და აუდიტორებმა ღორის გრიპის შედეგები დაითვალეს და ისიც გაიანგარიშეს, რამდენად დაზარალდება ეკონომიკა მომდევნო თვეებში, თუ გრიპი ფართოდ გავრცელდება და პანდემიად იქცევა. საქართველოში მსგავსი რამ, ჯერ არავის გამოუთვლია და არც შესაბამისი ციფრები არსებობს. თუმცა ვინ იზარალა გრიპით და ვინ - პირიქით, ამის შესახებ ზოგადი ანალიზი რთული არ არის. ეკონომიკამ გრიპის გავლენა იგრძნო.

გრიპის ეპიდემია თუ 50%-იან ზღვარს მიაღწევს, აუდიტის ამერიკული კომპანია "ერსტ ენდ იანგის" შეფასებით, დასაქმებულები ბევრ ბიზნესს გამოაკლდება, შემცირდება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, შესაბამისად შეუმცირდება გაყიდვა რითეილის (საცალო გაყიდვების) ბაზარს, ხალხი ნაკლებს დახარჯავს ტრანსპორტზე, ტურიზმზე. ადამიანები შეეცდებიან, გაერიდონ ხალხმრავალ, მათ შორის, გასართობ ადგილებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წლეულს საერთაშორისო ეკონომიკა 4,2%-ით შემცირდება, მაგრამ 2010 წელს 0,2%-ით მოიმატებს.

ე.წ. ღორის გრიპის მიზეზით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის შემცირებას წლის ბოლოსთვის აზიაშიც ელოდებიან. ვარაუდობენ, რომ მოხმარება მოიკლებს და განსაკუთრებით მომსახურების ინდუსტრია დაზარალდება.

ჩვენთან ასეთი გაანგარიშებისთვის არც სახელმწიფო უწყებებში იწუხებენ თავს და ანალიზით არც ქართველი ექსპერტები დაკავებულან. გათვლები არც "ერსტ ენდ იანგის" ქართულ ოფისში ჩაუტარებიათ. არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ ქართული ეკონომიკა მცირე მასშტაბისაა და გრიპის გავლენაც დიდი არ იქნება. თუმცა დაკვირვებული თვალი შენიშნავდა, რომ გრიპის გამო იკლო ეკონომიკურმა აქტივობამ. ეს ტრანსპორტის მოძრაობასაც დაეტყო, რადგან ბევრი ავადმყოფობის გამო სამსახურში ვერ დადის, ბევრიც გრიპის შიშით შინ დარჩენას ამჯობინებს. ბუნებრივია, ეს ადამიანები საყიდლებზეც ნაკლებად დადიან და მხოლოდ აუცილებელი საკვები პროდუქტების შეძენას სჯერდებიან.

ზურაბ ნიკვაშვილი (აშშ-ის სერტიფიცირებული ბუღალტერი, "ერნსტ & იანგის" პარტნიორი საქართველოში): "გრიპის ეკონომიკური გავლენის დათვლა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ, რამდენია დასნებოვნებული, რამდენი იქნება განსაზღვრულ დროში და და რამდენია შენიღბული პაციენტი, ანუ რამდენია შინ. საბოლოოდ გრიპის გამო რამდენი კაც/საათი დაიკარგება და მშპ-ის მიმართ რამდენი იქნება ეს რაოდენობა. ზუსტად გათვლა რთულია, მაგრამ შედეგის დათვლა მაინც შესაძლებელია. კარგი ეკონომისტი, მათემატიკოსი დათვლის, სახელმწიფო შეკვეთა რომ არსებობდეს, მაგრამ ეს რას მოგვცემს? გრიპი იმ ქვეყნების ეკონომიკებზე იმოქმედებს, სადაც უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელია. ჩვენს ეკონომიკაზე გაცილებით მეტად სხვა ფაქტორები მოქმედებს - რეცესია, ომისშემდგომი შედეგები, წინასაარჩევნო მზადება და სხვ. ჩვენთან გრიპის გავლენა ნაკლები იქნება. ზედაპირულად თუ შევაფასებთ, დაზარალდება რესურსტევადი სფეროები - ტაქსოპარკები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები, კინოთეატრები. სპორტული დარბაზები. ნაკლებად იზარალებს სასოფლო-სამეურნეო სექტორი, პერიფერიებში გრიპის გავლენა ნაკლები იქნება, რადგან იქ ხალხი უმეტესად თვითდასაქმებულია. ქალაქად, სადაც ინფორმაციული ნაკადები მეტად მოძრაობს, მეტია პანიკის გავრცელების საშიშროებაც".

ბადრი გელიტაშვილი (ექსპერტი, "თავისუფალი უნივერსიტეტის" პროფესორი): "ჩემი ვარაუდით, ღორის გრიპი ეკონომიკას შესამჩნევ გართულებებს არ მოუტანს. ტურიზმსაც ბევრი არ დააკლდება, რადგან ბევრმა შესაძლოა სწორედ ახლა ამჯობინოს მთაში წასვლა, სადაც სუფთა ჰაერია. გრიპი დიდ ეკონომიკებზე მოახდენს გავლენას, სადაც ინფიცირების პროცენტი მაღალია. მათ შორის უკრაინაში. ჩვენთან თვალში საცემი ეფექტი არ იქნება".

ამის მიუხედავად, გრიპი ქართულ ეკონომიკას მაინც შეეყარა. ვაჭრობამ განსაკუთრებით ტანსაცმლის მაღაზიებში იკლო, სადაც ამბობენ, რომ ხალხი სამოსზე ამ პერიოდში ფულს ნაკლებად ხარჯავს. გრიპის შიშით ადამიანები თავს არიდებენ ხალხმრავალ ადგილებს, დიდ სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებს. ვინაიდან ბავშვებს მშობლები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში აღარ უშვებენ და გრიპისგან დასაცავად შინ ტოვებენ, კლიენტი სადღესასწაულო ცენტრებსაც მოაკლდა.

ნათია ცნობილაძე (სადღესასწაულო ცენტრ "ბასტი-ბუბუს" მენეჯერი): "სტუმრების რაოდენობამ ჩვენთან საგრძნობლად იკლო. ზოგი ავად არის, ზოგსაც სტუმრების მოყვანის ეშინია... ქალაქში პანიკაა და ეს არც არის გასაკვირი".

ტურისტულ კომპანიებში კი ამბობენ, რომ ზამთრის კურორტებზე დამსვენებელთა რიცხვმა უფრო კრიზისის გამო მოიკლო, ვიდრე გრიპის. ევროპელები ე.წ. ღორის გრიპს ადვილად უყურებენ და თავს არც მოგზაურობისგან იკავებენ.

ინგა მუმლაძე ("კონკორდ-ტრეველის" შიდა ტურიზმის მენეჯერი): "შარშან ტურისტების რაოდენობამ 50%-ით ომის გამო მოიკლო. წლეულს ზრდა საგრძნობია. ჩვენი დაკვირვებით, ტურისტებზე გრიპს გავლენა არ მოუხდენია. პირიქით, თბილისის აეროპორტში რომ ჩამოხვალ და პირბადიანები გხვდებიან, უფრო გეუფლება პანიკა. ევროპაში ასეთი შიში არ იგრძნობა, ამიტომ მათი მხრიდან ინტერესი არის. იაპონიაში ჩვენმა საკონსულომ იბრძოლა და საქართველო სახიფათო ქვეყნების სიიდან ამოიღეს. კვიპროსიდან სანადირო ტურები აინტერესებთ. ზამთრის კურორტებზე ტურისტებს გრიპი არ შეამცირებს. განსაკუთრებით ბევრ ტურისტს აზერბაიჯანიდან ველოდებით. 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე თითქმის ყველა სასტუმრო დაჯავშნილია ბაკურიანშიცა და გუდაურშიც. ამ დღეებს აზერბაიჯანში გლოვის კვირეული ემთხვევა და რესტორნები და გასართობი ცენტრები არ მუშაობს. ამიტომ ბევრი დასასვენებლად და გასართობად საქართველოში მოდის".

გრიპმა ვერც რესტორნების კლიენტები შეაშინა. ახალი წლის დღეებში კი რესტორატორები განსაკუთრებულ ხალხმრავლობას ელიან.

ვანო ხოფერია (რესტორნების ქსელ "ქალაქურის" მარკეტინგის მენეჯერი): "ხალხს არც გრიპი ადარდებს, არც ომი და არც კრიზისი. ხალხი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, მხოლოდ მწვადისა და ხორციანი კერძების გაყიდვამ მოიკლო მარხვის გამო. სხვა რამეს ვაჭრობაზე გავლენა არ მოუხდენია".

სამაგიეროდ, გრიპმა დიდი შემოსავალი საავადმყოფოებსა და აფთიაქებს მოუტანა, სადაც კლიენტთა რიცხვმა რამდენჯერმე იმატა. გრიპის გავლენა ბაზარშიც იგრძნობა. გაიზარდა მოთხოვნა ნიორსა და თაფლზე, რომლებსაც ხალხი გრიპის პროფილაქტიკისთვის მოიხმარს. მაგალითად, კილოგრამი ნივრის ფასი გაორმაგდა და 5-6 ლარს აღწევს.

ნონა ქვლივიძე