რამდენად გაძვირდება სურსათი წინასაახალწლო დღეებში - კვირის პალიტრა

რამდენად გაძვირდება სურსათი წინასაახალწლო დღეებში

ბაზარი საახალწლო ფასების მოლოდინშია. ქართული სუფრის ტრადიციების გათვალისწინებით, საახალწლოდ ყველაზე მეტად ის პროდუქტები ძვირდება, რომლებიც მომხმარებელთა დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რა და რამდენით გაძვირდება რთულია, მაგრამ მოვაჭრეები ამბობენ, რომ გოჭი და ინდაური წლეულსაც ძვირი ეღირება.

ნინა ჩუთლაშვილი (ბაზარში მოვაჭრე): "ინდაური წლეულს ძვირი ღირს. ახლა 5-კილოგრამიანს 50 ლარად შეიძენ, მაგრამ ახალი წლის წინა დღეებში გაძვირდება და საშუალოდ 80-90 ლარი ეღირება. წვიმიანი წელი იყო, ინდაურს კი მწყემსვა და ბალახობა უნდა, ამის გამო ბევრმა ვერ გამოზარდა. ამიტომაც ძვირი ეღირება. გარდა ამისა, ახალგორელებს ოკუპანტები თბილისში სოფლის მეურნეობის პროდუქტის ჩამოტანის უფლებას არ აძლევენ. აღარაფერს ვამბობ შიდა ქართლის სოფლებზე, რომლებიც ომის შედეგად განადგურდა. საქართველოს ამ ტერიტორიებიდან სოფლის ნობათი აღარ შემოდის, ეს ბაზრისთვის საგრძნობი დანაკლისია. ქათამს 5 ლარად ვყიდი, საახალწლოდ კი ალბათ 10-15 ლარი ეღირება. ფასები მოთხოვნის შესაბამისად იზრდება. ჩვენც ვეხარბებით, რომ ამ დღეებში რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მივიღოთ"?

ლეილა მუხიგულაშვილი (გარემოვაჭრე): "კაკლის მოსავალს არ ვუჩივით, შარშანდელთან შედარებით გაცილებით იაფიც ღირს. უმაღლესი ხარისხის კილოგრამ ნიგოზს 13-14 ლარად ვყიდი, საახალწლოდ კი 20-მდე ეღირება. ასეთ ნიგოზზე მოთხოვნა მეტია, საცივისა და გოზინაყისთვის სწორედ ამას ყიდულობენ. არ გაძვირდება შედარებით დაბალი ხარისხის ნიგოზი, რომელსაც ძირითადად ფხალეულისთვის იყენებენ და შედარებით ცოტა იყიდება. ახლა 9-10 ლარი ღირს კილოგრამი და ალბათ საახალწლოდაც ასე ეღირება. კარგი ჩურჩხელაც ძვირი ღირს, 2-2,50 ლარის ფარგლებში. ლარად რომ ჰყიდიან, იმ ჩურჩხელის ჭამა არ შეიძლება. ძაფს აკრახმალებენ, რამდენიმე ლებანს აასხამენ, ძმრით შეზავებული ლექისგან ბადაგს მოადუღებენ და იმაში ამოავლებენ. ჩვიდმეტი წელია ამ ბაზარში ვვაჭრობ და ბოლო ორი წლის განმავლობაში, მუშტარი მნიშვნელოვნად შემცირდა".

მზეონა ლაგვილავა (ბაზარში მოვაჭრე): "თეთრი მეგრული სულუგუნი კილოგრამი 9-10 ლარი ღირს, შებოლილს 12 ლარად ვყიდით. რძიან სულუგუნს რომ ეძახიან, იმას კილოგრამს 8 ლარადაც ვყიდით, მაგრამ რად გინდა, მყიდველია ცოტა. წლეულს მოსახლების მსყიდველობითი უნარი დაეცა, დილიდან ვდგავარ, უკვე ნაშუადღევია და ჯერ ლარისაც არ მივაჭრია. იმერული ყველი კილოგრამი 6 ლარი ღირს. 25 დეკემბრიდან ვვარაუდობთ, რომ ფასები მოიმატებს, რადგან შემომტანებიც დაიწყებენ გაძვირებას. შარშან ჩვეულებრივი მეგრული სულუგუნი ახალი წლის წინა დღეებში კილოგრამი 15 ლარიც კი ღირდა. ყველაზე კარგი ვაჭრობა 30-31 დეკემბერს არის".

ქართლოს კირტავა (ხორცით მოვაჭრე): "კილოგრამი ღორის ხორცი ახლა 8-9 ლარი ღირს. იმპორტირებული ბრაზილიური ხორცი შედარებით იაფია. ალბათ საახალწლოდ ღორის ხორცი ცოტათი გაძვირდება, ასე 11-12 ლარამდე. ფასებს ბაზარი ადგენს, მოთხოვნა იზრდება და ყოფილა შემთხვევა, 31 დეკემბერს საღამოს 13-14 ლარადაც გამიყიდია კილოგრამი ღორის ხორცი. საქონლის ხორცზე ახალი წლის დღეებში მოთხოვნა შედარებით ნაკლებია, ამიტომ გადაჭრით ვერ ვიტყვი, გაძვირდება თუ არა. შესაძლოა იგივე ფასი შენარჩუნდეს, რაც ახლაა, კილოგრამი 7-8 ლარია. ყოფილა შემთხვევა, 31-ში საღამოს 8-კილოგრამიანი გოჭი 10 ლარად გაგვიყიდია. იმიტომ რომ ბაზარში გოჭი ბევრი იყო და გაყიდვა ჭირდა. შარშან კი ასეთი წონის გოჭებს 200 ლარად ვყიდდი. წლეულს გოჭი ბევრმა მოაშენა და ვფიქრობთ, 7-8 კილოგრამიანი საახალწლოდ 100-120 ლარი ეღირება. ახლა ასეთი გოჭები 60-70 ლარი ღირს".

ბაზრის მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ ახალი წლის წინა დღეებში არ გაძვირდება რამდენიმე პროდუქტი, მათ შორის, თაფლი და მისი ფასი კილოგრამზე 10-12 ლარის ფარგლებში დარჩება. ფიქრობენ, რომ არც თევზი და თევზის პროდუქტების გასაყიდი ფასი მოიმატებს, რადგან სადღესასწაულო სუფრისთვის მათზე მოთხოვნა სხვა პროდუქტებთან შედარებით მცირეა. მოვაჭრეთა თქმით, არც ადგილობრივი ხილი გაძვირდება, რადგან წლეულს მოსავალი უხვი იყო.