თანაინვესტირების ფონდი: ყველა კარგ პროექტს დავაფინანსებთ! - კვირის პალიტრა

თანაინვესტირების ფონდი: ყველა კარგ პროექტს დავაფინანსებთ!

ქვეყანაში $6 მილიარდის მოცულობის პირდაპირი ინვესტიციები განხორციელდება

პრემიერ-მინისტრის დიდი ხნის წინ დაპირებული თანაინვესტირების ფონდის საჯარო პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ გაიმართა. გაცხადდა, რომ ფონდში მობილიზებული კაპიტალი $6 მილიარდს შეადგენს და ის თანაინვესტირებას გაუწევს ქართველ და უცხოელ ინვესტორებს. ფონდისთვის პრიორიტეტული მიმართულებები კი ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, წარმოება და ლოგისტიკა იქნება. ფონდის ხელმძღვანელობის განმარტებით, კერძო, პირდაპირი ინვესტიციების ფონდი, დასავლური პრაქტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა.

 

ფონდში პროექტები უკვე განიხილება. მათგან დაახლოებით ხუთი ჰესია, ათამდე სასტუმრო, ერთი სოფლის მეურნეობის და ერთი წარმოების პროექტი. მათი ჯამური ღირებულება $500-დან $600 მილიონამდეა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პროექტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ცნობილია ისიც, რომ თანადაფინანსება 25%-დან 75%-მდე იქნება. თუმცა შესაძლოა ფონდმა თავადაც დაიწყოს პროექტი და თანაინვესტორი შემდეგ ეტაპზე მოძებნოს.

რას ნიშნავს თანაინვესტირების პრინციპი, ხომ არ იქნება ინვესტირებულ კაპიტალზე გადასახდელი რამე პროცენტი და როგორ უნდა მოხდეს ფონდში პროექტის წარდგენა - ამ და სხვა კითხვებით “საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” ხელმძღვანელობას მივმართეთ.

ცოტნე ებრალიძე (“საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” მმართველი დირექტორი ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით): - თანაინვესტირების არსი ეს არის: თუ მეწარმეს პროექტის განხორციელება სურს და საკმარისი კაპიტალი არ აქვს, ფონდი მას ამ კაპიტალის მოძიებაში ეხმარება. ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი შემზღუდველი გარემოება საკუთარი კაპიტალის არქონაა. განვითარებულ ქვეყნებში კერძო საინვესტიციო ფონდები სწორედ ამაში ეხმარებიან ბიზნესს, რათა უფრო სწრაფად და დინამიკურად გაიზარდონ. მაგალითად, ძალიან წარმატებულმა კომპანიამ რომ საკუთარი ბიზნესი განავითაროს, ან გაუნაწილებელი მოგების რეინვესტირება უნდა მოახდინოს საქმეში, რასაც დიდი დრო სჭირდება, ან მოიწვიოს ახალი პარტნიორი, რომელიც საკუთარი წილით შევა ბიზნესში და გაზრდის კაპიტალს. ჩვენ სწორედ ამ ფუნქციას ვასრულებთ - ვეხმარებით ბიზნესს განვითარებასა და ახალი პროექტების განხორციელებაში. ჩვენ შევდივართ კომპანიის წილში, ვიზიარებთ არსებულ რისკებს და ამისთვის ბიზნესისგან რაიმე ტიპის გადასახადს არ ვითხოვთ.

განსხვავებით პროექტის საბანკო სესხით დაფინანსების შემთხვევისა, როცა ბანკი ითხოვს პროცენტისა და ძირის წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით დაფარვას, ჩვენს შემთხვევაში ბიზნესს სხვა მოქნილობას ვთავაზობთ, კომპანიაში ვდებთ ფულს, ვიზიარებთ რისკებს და ინვესტირებულ სახსრებზე არ ვითხოვთ საპროცენტო გადასახადს.

ფონდი აფინანსებს პროექტებს და დაარსებიდან 7-9 წლის განმავლობაში იწყებს პროექტებიდან გასვლას, კონკრეტულად მაშინ, როცა შესაძლებელი იქნება პროექტებში არსებული წილის I. რომელიმე პარტნიორზე გასხვისება; II. სტრატეგიულ თუ ფინანსურ ინვესტორზე გასხვისება, ან III. ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე პირველადი საჯარო შეთავაზება.

- ხომ არ იქნება ინვესტირებულ კაპიტალზე რამე პროცენტი გადასახდელი? და თუ იქნება, რამდენი?

- ინვესტირებულ კაპიტალზე არ არის დაწესებული არანაირი საპროცენტო გადასახადი, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფონდი ინვესტიციებს განახორციელებს კომერციულად მომგებიან პროექტებში, რაც გულისხმობს ინვესტორებისთვის კაპიტალზე მომგებიანობის კონკრეტული ნორმის უზრუნველყოფას პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის, იმ რისკებისა, რომლებსაც პროექტი შეიცავს.

- ფონდის მიზნებს შორის დასახელდა 7-9 წელიწადში სხვადასხვა პროექტიდან წარმატებული გამოსვლა. არის თუ არა წინასწარ შემოსაზღვრული ფონდის ამა თუ იმ პროექტში მონაწილეობის მაქსიმალური ვადა, თუ ზოგიერთ პროექტში შესაძლებელია ფონდი განუსაზღვრელი დროით დარჩეს?

- ვადები კონკრეტულ პროექტებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ განუსაზღვრელი დროით ფონდი არცერთ პროექტში არ დარჩება. ზოგადად, მსგავსი მანდატი ითვალისწინებს 7-დან 9 წლამდე ოპერირებას. შესაძლოა კომპანია ძალიან წარმატებული იყოს და ჩვენს ინტერესებში შედიოდეს მის წილში უფრო ხანგრძლივად დარჩენა, მაგრამ აღნიშნული ხანგრძლივობაც მანდატით დაწესებულ ვადებში ექცევა.

- სად, როდის და როგორ შეიძლება პროექტის წარდგენა ფონდისთვის?

- თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ წერილობით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (ელ-ფოსტა:info@gcfund.ge) და თავიანთი იდეები წარმოადგინონ. ამ იდეების პირველადი გაცხრილვის შემდეგ, ორგანიზებას გავუწევთ იდეების ავტორების შეხვედრებს შესაბამისი კომპეტენციის მქონე, კონკრეტული საინვესტიციო მიმართულებების წარმომადგენლებთან. ორმხრივი დაინტერესების შემთხვევაში დაიწყება პროექტების დეტალური გამოკვლევა და ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რომლის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება ინვესტირების შესახებ. ამ და ფონდთან დაკავშირებული სხვა ტიპის ინფორმაციის გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: www.GCFund.ge

- რა ხანგრძლივობის პროექტებს მიენიჭება უპირატესობა?

- პროექტების დაფინანსება მოხდება ფონდის მანდატის გათვალისწინებით, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, 7-9 წლიან პერიოდს მოიცავს. ეს ვადა და ფონდის მიერ მობილიზებული კაპიტალის მოცულობა საშუალებას გვაძლევს ყველა საინტერესო პროექტი  დავაფინანსოთ, რომელსაც დამაკმაყოფილებელი ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები ექნება.

- პრიორიტეტული სექტორები უკვე შერჩეულია, მაგრამ სხვა სექტორშიც რომ გამოჩნდეს კარგი პროექტი, შესაძლებელია, რომ ისიც განიხილონ?

- ფონდი არ შემოიფარგლება მხოლოდ უკვე განსაზღვრული პრიორიტეტული საინვესტიციო მიმართულებებით და დაინტერესების შემთხვევაში, ღიაა პროექტების განხილვისთვის ნებისმიერ სხვა დარგში. ოღონდ, ასეთ შემთხვევებში, პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გახანგრძლივდება, იმის გათვალისწინებით, რომ არაპრიორიტეტულ დარგებში ინვესტირებისას, დამატებით საჭიროა მრჩეველთა საბჭოს თანხმობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფონდი არ მიიღებს მონაწილეობას ისეთ სპეკულაციურ გარიგებებში, როგორიცაა ნედლეულით, ვალუტით ან უძრავი ქონებით ვაჭრობა.

- ალბათ არ არის გამორიცხული ისეთი ვითარების შექმნაც, რომ ფონდის სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ, საქართველოში დასაბანდებლად მეტი კაპიტალი აღმოჩნდეს მზად ”, ვიდრე დამაკმაყოფილებელი ხარისხის პროექტები მოიძებნოს. $6 თუ $10 მილიარდის 5 წელიწადში ათვისება საქართველოსთვის ადვილი არ იქნება. უშვებთ ამგვარი შესაძლებლობას? როგორი იქნება ფონდის რეკომენდაციები?

- ერთი შეხედვით, ფონდის მიერ მობილიზებული კაპიტალის მოცულობა საქართველოს მასშტაბებისთვის საკმაოდ წონადად ჟღერს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ “საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” მსგავსი საინვესტიციო ინსტიტუტი და იმ მასშტაბების საინვესტიციო შესაძლებლობები, რასაც დღეს ფონდი დაინტერესებულ ინვესტორებს სთავაზობს ჩვენს ქვეყანაში, აქამდე არ არსებობდა. ასევე, არ არსებობდა მსხვილი პროექტების იდეები, რომელთა განხორციელებაც, ხსენებული შესაძლებლობების არარსებობის პირობებში, პრაქტიკულად შეუძლებელი გახლდათ.

ფონდის მოქმედების პირველ წელს პირველი ინვესტიციები ისეთ პროექტებში განხორციელდება, რომლებიც უკვე მზად არის განსახორციელებლად ან დაწყებულია. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რომელიმე სასტუმროს მშენებლობა, რომლის დაპროექტებაც დასრულებულია. ხოლო უშუალოდ ფონდის მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელება ოდნავ მოგვიანებით დაიწყება, რადგან მათ დაპროექტებასაც დრო დასჭირდება.

რაც შეეხება დაინტერესებული კომპანიებისა თუ კერძო პირებისთვის ფონდის რეკომენდაციებს, ჩვენ მათ ვურჩევთ იდეების მაღალ დონეზე დამუშავებასა და პროექტების თანმხლები რისკების კარგად გაანალიზებას. ასევე, იდეების ჩამოყალიბებისას იმ სტრატეგიული კრიტერიუმების გათვალისწინებას, რაზეც ფუძნდება ფონდის საინვესტიციო ფილოსოფია. პირველ რიგში, პროექტი უნდა იყოს კომერციულად მიმზიდველი; აუცილებელია, რომ ის თანხვდენილი იყოს ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებთან; პერსპექტიული - იმ გაგებით, რომ პროექტი უნდა მიეკუთვნებოდეს მზარდ სექტორს; კონკურენტუნარიანი - იმ მხრივ, რომ შერჩეულ დარგში პროექტს უნდა გააჩნდეს განსაზღვრული კონკურენტული უპირატესობა. ასევე, პროექტი უნდა იყოს კაპიტალტევადი და ამავე დროს, არ უნდა მიეკუთვნებოდეს ბაზრის გაჯერებულ სეგმენტს.

- მიიღებს ფონდი შემოსავალს სხვა საქმიანობითაც (ბონდების, ობლიგაციების გამოშვება, სხვა ქვეყანაში ინვესტირება და ..)? ზოგიერთი ადგილობრივი პროექტის მომგებიანობა დამაკმაყოფილებელი რომ არ აღმოჩნდეს, ცხადია, ყველას ინტერესში იქნება, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდისმუშაობა მაინც არ შეფერხდეს...

- ფონდი არ აპირებს არანაირი სასესხო ვალდებულების აღებას, რათა რისკის ქვეშ არ დააყენოს მიმდინარე პროექტები, თუმცა თვითონ პროექტების დონეზე მოიაზრება როგორც საბანკო, ასევე საფონდი ბაზრებიდან რესურსების მოზიდვა.

როგორც ფონდის პრეზენტაციაზე განვაცხადეთ, ინვესტიციების მინიმუმ 80% საქართველოში განთავსდება. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, არ გამოვრიცხავთ მათ განთავსებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისევ და ისევ საქართველოსთან დაკავშირებულ პროექტებში. საუბარია მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც პროექტების სპეციფიკა საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოითხოვს ინვესტირებას. მაგალითად, მსგავსი შემთხვევებია: საზღვარგარეთ ქართული საწარმოს წარმომადგენლობა, ქართული კომპანიისთვის ნედლეულის საზღვარგარეთ მოქმედი მომწოდებული და სხვა.

რა თქმა უნდა, პროექტების ნაწილი შეიძლება იყოს ნაკლებად მომგებიანი, რაც დამახასიათებელია საბანკო და საინვესტიციო სფეროებისთვის, მაგრამ ფონდის მიზანი სწორედ ის არის, რომ მომგებიანი პროექტების სიმრავლემ მოიტანოს ფონდის რენტაბელურობა.

- არის თუ არა უკვე თანხა ფონდის ბიუჯეტში და თუ არის, რამდენი?

- ფონდის მიერ მობილიზებული კაპიტალის საერო მოცულობა შეადგენს $6 მილიარდ დოლარს. რაც შეეხება მოკლევადიან ბიუჯეტებს, ისინი კონკრეტული პროექტების შესაბამისად გაიწერება.

 

მოკლედ

- “საქართველოს თანაინვესტირების ფონდი” არის კერძო პირდაპირი ინვესტიციების ფონდი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ქართველ და უცხოელ ინვესტორთა ჯგუფის ძლიერი მხარდაჭერით შეიქმნა.

- ფონდის შექმნის მთავარი მიზანი საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობაა. ფონდში მობილიზებული კაპიტალი ინვესტირება მოხდებაქვეყნისთვის მნიშვნელოვან და კომერციულად მომგებიან პროექტებში.

- “საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” ინვესტორთა სია მოიცავს: დაბი ჯგუფს (Dhabi Group), რაკიას (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდს (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელ კომპანიას – ბათუმის ინდუსტრიულ ჰოლდინგს (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგს (Calik Holding A.S), მაილსტოუნ ინტერნეშენლ ჰოლდინგს (Milestone International Holdings Group Limited), ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს, ბ-ნ ალექსანდრე მაშკევიჩს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და სხვა ინვესტორებს.