შობა-ახალი წელი ფასდაკლებების და არა გაძვირების დროა - კვირის პალიტრა

შობა-ახალი წელი ფასდაკლებების და არა გაძვირების დროა

წინასაახალწლოდ მომხმარებელი გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე წლის სხვა დროს. საახალწლო სამზადისი, საჩუქრები ახლობლებისთვის, ინტერიერის განახლების სურვილი - ამ ყველაფერს ხშირად მთელი თვის ბიუჯეტი და დანაზოგიც კი ეწირება. მიმწოდებელი მომხმარებლის ფსიქოლოგიას ითვალისწინებს და საახალწლო ფასდაკლებებით თუ სასაჩუქრე აქციებით ცდილობს მის წახალისებას.

ნინო მელაშვილი (წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსის" გაყიდვის მენეჯერი): "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში საახალწლო ფასდაკლებების აქცია 14 იანვრამდე გაგრძელდება. წლის ამ დროს ყოველთვის იზრდება მოთხოვნა წიგნებზე, მით უფრო საბავშვო ლიტერატურაზე, ამიტომ ჩვენს მომხმარებელს წლეულსაც მრავალფეროვან ფასდაკლებებს შევთავაზებთ. საახალწლო ფასდაკლების მინიმალური ზღვარი 20%-იდან დაიწყება, მაქსიმალური კი 50%-საც კი მიაღწევს. საახალწლოდ წიგნს მეტწილად საჩუქრად ყიდულობენ. ამიტომ ვისაც ახლობლებისთვის ინტელექტუალური საჩუქრის გაკეთება სურს, სარფიანი შენაძენისთვის უკეთეს დროს, ვიდრე ახალი წელია, ვერ შეარჩევს. ასეთი გრანდიოზული ფასდაკლებები სადღესასწაულო დღეებში გაყიდვას მნიშვნელოვნად ზრდის. "ბიბლუსს" საქართველოს მასშტაბით 14 მაღაზია აქვს და წლის ამ დროს ყველა მაღაზიაში მომხმარებლის სიმრავლეა. საახალწლო ფასადაკლებით მომხმარებელი "ბიბლუსის" ყველა მაღაზიაში ისარგებლებს".

მაია ჯაფარიძე (საბავშვო სამოსისა და აქსესუარების მაღაზია "ქიდსტილის" კონსულტანტი): "გაყიდვა საახალწლოდ მნიშვნელოვნად იზრდება, განსაკუთრებით საბავშვო პროდუქციაზე. საახალწლო აქციები და ფასდაკლებები კი უფრო იზიდავს მომხმარებელს. ახალი კოლექციის ყველა სახის პროდუქტზე 10%-იანი ფასდაკლება გვაქვს. მათ შორის საახალწლო სათამაშოებსა და აქსესუარებზე. გარდა ამისა, გვაქვს სპეციალური კუპონები, ვინც ჩვენთან ხუთჯერ შეიძენს და ხუთ კუპონს დააგროვებს, პლასტიკურ ბარათს ვუმზადებთ, რომლის მფლობელიც ჩვენს ქსელში 10%-იანი ფასდაკლებით მთელი წლის განმავლობაში ისარგებლებს. ძველ კოლექციაზე გრანდიოზული 70%-მდე ფასდაკლებები გვაქვს. გარდა ამისა, ყველა მყიდველი, ვინც ახალი წლის დღეებში ჩვენთან შეიძენს, დასაჩუქრდება. სხვადასხვა საფასურის შენაძენზე შესაბამისი საჩუქარია დაწესებული. საახალწლოდ, ბავშვების სამოსისა და აქსესუარების გაყიდვა მნიშვნელოვნად იზრდება. ახალ წლამდე ჯერ ორი კვირაა, მაგრამ მომხმარებელი უკვე აქტიურობს".

ოთარ ოქროჯანაშვილი (ელექტროსაქონლით მოვაჭრე კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი): "ჩვენი მომხმარებელი საახალწლოდ ყოველთვის განებივრებულია ფასდაკლებებითა და სასაჩუქრე აქციებით. საახალწლო აქციისთვის ისეთი პროდუქტები შევარჩიეთ, რომლებზეც წლის ამ დროს ყველაზე დიდი მოთხოვნაა. წლეულს საახალწლოდ ჩვენს მაღაზიათა ქსელში ვინც სარეცხ მანქანას შეიძენს, საჩუქრად ტელევიზორს მიიღებს. მისი საცალო ღირებულება კი ჩვენს ქსელში 320 ლარია. ასეთსავე ტელევიზორს ვაჩუქებთ გაზქურის ან მაცივრის მყიდველებსაც. საახალწლო აქცია საჩუქრების გარდა ფასდაკლებებსაც გულისხმობს. თუ მომხმარებელს არ სურს საჩუქრად ტელევიზორის მიღება, შენაძენზე 190-ლარიან ფასდაკლებას გავუკეთებთ. ყველა სხვა პროდუქტზე საახალწლოდ 10%-იანი ფასდაკლება გავრცელდება. გაყიდვის თვალსაზრისით წლის ბოლო კვირა საუკეთესოა და მომხმარებლის გააქტიურებასაც სწორედ ამ დროს ველოდებით. თუმცა აქცია კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ფაქტია, რომ ფასდაკლებები და სასაჩუქრე აქციები წლის ამ დროს მომგებიანია როგორც მომხმარებლის, ასევე ბიზნესისთვისაც".

ლალი ყურაშვილი (ევროპული ავეჯის სალონ "ელიტის" დირექტორი): "კრიზისის ფონზე გაყიდვა მნიშვნელოვნად შემცირდა, პროდუქციის ფასი შევამცირეთ და მთელი წლის განმავლობაში, ყველა სახის ავეჯზე 10, 15 და 20%-იანი ფასდაკლება გამოვაცხადეთ. ამიტომ საახალწლოდ აქციები და ფასდაკლებები აღარ დაგვიგეგმავს. შარშანაც მსგავსი ვითარება იყო. ფაქტობრივად, ომის შემდეგ ბიზნესში რამეს გათვლა და პროგნოზირება ძალიან გართულდა, ამიტომ ვერც საახალწლო სტრატეგიას ვგეგმავთ. ვფიქრობთ, რომ წინასაახალწლოდ მომხმარებელი გააქტიურდება და ავეჯის გაყიდვა გაიზრდება".

თავისუფალი ბაზრის ქვეყნებში დიდი ხნის ტრადიციაა, საშობაოდ და საახალწლოდ დიდი ფასდაკლებებით მყიდველის მიზიდვა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი, მათ შორის საქართველოში, რადგან მყიდველი საახალწლოდ ისედაც აქტიურდება, ფასებს პირიქით ზრდიან. მაგრამ ბაზარი ბიზნესს აიძულებს, ნაცადი ტაქტიკა გადმოიღოს. ახლა საახალწლოდ პროდუქციას ძირითადად უკვე კერძო მოვაჭრეები აძვირებენ...