ყველაზე მოკლევადიანი ბიზნესი მომხმარებლის ნაკლებობას არ უჩივის - კვირის პალიტრა

ყველაზე მოკლევადიანი ბიზნესი მომხმარებლის ნაკლებობას არ უჩივის

"ვერ ვიტყვი, რომ წინასაახალწლო სამზადისს ეკონომიკური კრიზისი ეტყობა"

საახალწლო აქსესუარებით ვაჭრობა მხოლოდ რამდენიმე კვირას გრძელდება, მაგრამ მაინც სარფიანი საქმეა. კრიზისისა და სიდუხჭირის მიუხედავად, უკეთესი მომავლის იმედით, ადამიანი შინ ნაძვის ხესაც მორთავს, ტრადიციისამებრ, ბარაქისთვის რამდენიმე ახალ აქსესუარსაც შეჰმატებს და შუშხუნებსაც ააციალებს. მოთხოვნის შესაბამისად, ბაზარს სხვადასხვა ხარისხისა და ფასის პროდუქცია მიეწოდება...

იამზე მათეშვილი (ჩიჩილაკებით მოვაჭრე): "საახალწლოდ მივდივარ მარტვილის რაიონში, სადაც ჩიჩილაკებს ამზადებენ და ბითუმად ვყიდულობ. შემდეგ სავაჭროდ თბილისის ხალხმრავალ ადგილს ვირჩევ და 15-დან 31 დეკემბრამდე ვვაჭრობ. ადამიანი არ მეგულება, საახალწლოდ "ქართული ნაძვის ხე" არ მიიტანოს შინ, ამიტომ გაყიდვას ნამდვილად არ ვუჩივი. რა თქმა უნდა, გაცილებით იაფად ვყიდულობ და შემდეგ ფასნამატით ვყიდი. არ დაგიმალავთ, ზოგჯერ ორმაგსაც ვიგებ. მრავალფეროვანი ასორტიმენტი მაქვს, ყველანაირი შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის. ყველაზე პატარა ჩიჩილაკს ლარად ვყიდი, ყველაზე დიდი კი 30 ლარი ღირს. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად გაყიდვაც იზრდება. დღეში რამდენიმე ასეული ჩიჩილაკიც კი გამიყიდია".

მალხაზ ბედოიძე (საახალწლო აქსესუარებით მოვაჭრე): "ბაზრობაზე ძირითადად საშუალო და დაბალშემოსავლიანი მომხმარებელი შემოდის. პროდუქციაც შესაბამისი გვაქვს. მეტწილად ჩინური იაფფასიანი საახალწლო აქსესუარებით ვვაჭრობთ. ხელოვნური ნაძვის ხის ფასი საშუალოდ ათი ლარიდან იწყება და 200 ლარამდეა. უმეტესობა 40-45 ლარიან ნაძვებს ყიდულობს. ნაძვის ხის მოსართავებიც სხვადასხვა ფასის გვაქვს. ვისაც უჭირს, ლარიან სათამაშოს სჯერდება, ვისაც მეტის დახარჯვა შეუძლია, სათამაშოებს გემოვნებითა და შეხამებით არჩევს და თითოში ხუთ ლარსაც არ იშურებს. ვეფხვის წელი მოდის და კარგად იყიდება პლუშის ვეფხვები. მაღალია მოთხოვნა ხელოვნურ თოვლზე, საახალწლო განათებაზე, სადღესასწაულო ნიღბებზე, საკარნავალო ფორმებზე. მართალია, საახალწლო აქსესუარებით ვაჭრობა ყველაზე მოკლევადიანი ბიზნესია, მაგრამ თუ სწორად გათვლი მოთხოვნას, მოგებით უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩები".

ეკა დათუნაშვილი ("დაჩ დიზაინ გარდენის" გენერალური მენეჯერი): "ჩვენი კომპანია მომხმარებელს ჰოლანდიურ ნაძვის ხეებს, საახალწლო-საშობაო აქსესუარებსა და დეკორაციებს სთავაზობს. ფასები საკმაოდ მრავალფეროვანი გვაქვს, დაწყებული ლარ-ნახევრიდან, ცხრა ათასი ლარით დამთავრებული. სწორედ ამდენი ღირს ჩვენთან ნაძვის ხე, რომლის მსგავსი მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმეა. ის მთლიანად ხელნაკეთი სათამაშოებით არის დამშვენებული. ხელოვნური ნაძვის ხის მინიმალური ფასი ჩვენთან 240 ლარია. გვაქვს ბუნებრივი ნაძვებიც და მათი ფასი უფრო დაბალია. მრავალფეროვანი საფასო პოლიტიკის გამო, ჩვენთან ყველა სოციალური ფენის მყიდველი მოდის. შესაძლოა შემოვიდეს მომხმარებელი და მხოლოდ ერთი, ლარნახევრიანი სათამაშო შეიძინოს. მაგრამ ისეთებიც გვყავს, რომლებიც საახალწლო დეკორაციებში საშუალოდ 3 ათას ლარს ხარჯავენ. ზოგისთვის ხარისხია მნიშვნელოვანი. ურჩევნიათ საახალწლო განათებაში 85 ლარი გადაიხადონ და სამაგიეროდ ყოველ წელს არ შეცვალონ. გვაქვს ნაძვის ხის მოსართავი ბურთები, რომელიც ცალი 15 ლარი ღირს. ფასს ზომასთან ერთად ისიც განსაზღვრავს, რომ ხელით არის ნაქარგი. ვერ ვიტყვი, რომ წინასაახალწლო სამზადისს ეკონომიკური კრიზისი ეტყობა. შარშანდელ მონაცემებს თუ შევადარებთ, პირიქით, გაყიდვა მეტია. ქართველი მომხმარებელი ამ დღესასწაულს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომ დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახიც კი საახალწლო სამზადისშია".