დაწერილი და დაუწერელი კანონები ბიზნესის კულუარებში
14-10-2013
დაწერილი და დაუწერელი კანონები ბიზნესის კულუარებში
ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის სტუმრობას "ემას შოუში" საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა. მან ისაუბრა რამდენიმე კონკრეტული ბიზნესის შექმნა-განვითარებაზე, კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ კონკურენციაზე, აგრეთვე ხუთი, ათი და ოცი წლის წინ ბიზნესის სამყაროში მოქმედ კანონებსა თუ დღევანდელ ვითარებაზე. გადავწყვიტეთ, მისი ბიზნესსაქმიანობის შესახებ უფრო დეტალურად გამოგვეკითხა.

ცეზარ ჩოჩელი (მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი):
- ბიზნესსაქმიანობა 1991 წელს დავიწყე. ლომისობაზე მეგობრები დავპატიჟე. შინაური ლუდით რომ შევზარხოშდით, გამიჩნდა იდეა, ლუდის წარმოება გაგვეკეთებინა. ერთგვერდიანი წესდება დავწერეთ, პრეფექტურაში წარვადგინეთ, არყის
რამდენიმე ქვაბი შევიძინეთ და ტრადიციული მეთოდით ლუდის ხარშვა დავიწყეთ, რომელსაც ჩალაში ვფილტრავდით. სამ-ოთხ თვეში მივხვდით, რომ ამ მეთოდით მოხარშული ლუდით ბიზნესს ვერ ავაწყობდით. ამის შემდეგ ლუდის წარმოების შესახებ ინფორმაცია წავიკითხე, რჩევებიც მივიღე და მცირე, კუსტარული ქარხანა გავაკეთე. 1993 წელს დღეში, დაახლოებით, 100-150 ბოთლ ლუდს ვყიდდით,
რომელსაც "ლომისი" ერქვა.

1994 წელს წარმოების განვითარებისთვის ბანკიდან კრედიტი ავიღეთ - $9000-ს ეკვივალენტი. შემდეგ კი დოლარის კურსი გამყარდა და ბანკი ჩვენგან, დაახლოებით, $60-$70 ათასის გადახდას ითხოვდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მაგრამ წარმოება არ შეგვიჩერებია, 1997 წლისთვის 10 ათას ბოთლ ლუდს ვასხამდით. შემდეგ კი, როგორც ხდება ხოლმე, იმდროინდელ ხელისუფლებას თვალში გავეჩხირეთ და წარმოება დაგვიკეტეს. მაგ დროს ლუდისა და არყის წარმოება გვქონდა. დახურვის მიზეზი ის იყო, რომ თანხის გადახდა მოგვთხოვეს. ფაქტობრივად, გვიბრძანეს, $20 ათასი მიგვეტანა, რაზეც ჩვენგან უარი მიიღეს. ქარხანა დალუქეს, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყეს ჩვენი დევნა. ამასობაში ქარხანა გაკოტრდა. საქართველოდან წასვლაზეც კი ვფიქრობდით... იძულებული გავხდით, ლუდისა და არყის წარმოებას შორის ერთ-ერთი აგვერჩია მეორის გადასარჩენად და არყის საწარმო გავყიდეთ.

- ამბობენ, რომ ბიზნესის დაწყებაში თქვენი ოსი ნათესავი, ასლან ხადარცევი დაგეხმარათ...
- ის ჩემი მეგობარია, რომელთანაც 20-წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. ჩვენ ერთმანეთს ჭიდაობიდან ვიცნობდით. როცა გაკოტრების პირას აღმოვჩნდით, მართლაც ჩავედი მასთან ფულის სასესხებლად ვლადიკავკაზში. $15 ათასი ვთხოვე და დამეხმარა, დაახლოებით 9 თვის შემდეგ კი მოვაგვარე ჩემი პრობლემები და ფული დავუბრუნე.

მოკლედ, ახალგორში არყის წარმოება გავყიდეთ, ბანკიდან სესხი ავიღეთ და ეს ფული ისევ ლუდის ბიზნესში ჩავდეთ. დღე და ღამე ვმუშაობდით, ტექნოლოგებიც ჩვენ ვიყავით, მშენებლებიც და დისტრიბუტორებიც. 2000 წელს "ლომისს" საქართველოს ლუდის ბაზრის 8% ეკავა, 2001 წელს 10%-იან ნიშნულს გავცდით, 2003-ში კი 18%-ს მივაღწიეთ. მივხვდით, რომ ბიზნესს გაფართოება სჭირდებოდა, ახალგორის ქარხნიდან საქართველოს მომარაგება ძალიან რთული იყო.

ახალი ქარხნის გაკეთება ნატახტარში გადავწყვიტეთ. ტრიალ მინდორში ავაშენეთ ქარხანა. ოთხი დამფუძნებელი ვიყავით: მე, ჩემი ძმა, ჩემი მეგობარი დევი ოვაშვილი და ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკი. ეს ბიზნესი სუფთა და გამჭვირვალე რომ არ ყოფილიყო, EBRD-ი არ შემოვიდოდა.

- წარმატებული ბიზნესი გქონდათ, პოლიტიკაში რატომ მოხვედით?

- შეიძლება ითქვას, პოლიტიკაში შემთხვევით მოვხვდი. ახალგორის მოსახლეობამ, ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს, დეპუტატად მეყარა კენჭი. 1995 წლიდან იმ დროს, როცა გაზმომარაგების პრობლემები თბილისშიც კი იყო, ახალგორის ბუნებრივი აირით მომარაგება არ შეწყვეტილა, რადგან ქარხნისთვის შევისყიდეთ აირი და მოსახლეობასაც უწყვეტად ვაწვდიდით. მაგრამ კიდევ ბევრი რამ იყო გასაკეთებელი: გზა, წყალი, კომუნიკაცია. არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვე. დეპუტატობის დროს გავიცანი ვანო მერაბიშვილი. მაშინ ახალგორის რაიონში ოსური ბანდფორმირებები დათარეშობდნენ. მივედი მერაბიშვილთან და სპეცდანიშნულების რაზმის ჩაყენება ვთხოვე, ხალხის დაწიოკების შესაწყვეტად. მეტი მე წინა ხელისუფლებისთვის არაფერი მითხოვია. მართლაც ჩააყენეს. აგვისტოს ომამდე, თვეში ერთხელ მაინც ავდიოდით მე და ვანო იმ ბიჭების სანახავად, ვინც მოსაზღვრე სოფლებს იცავდა. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა.

- თუ "ნატახტარის" ქარხანა წარმატებით მუშაობდა, გაყიდვა რატომ გადაწყვიტეთ?
- მაშინ ყოველდღიურად იმართებოდა მიტინგები, რომელსაც ძირითადად შალვა ნათელაშვილი აწყობდა. იყო მოწოდებები, ხალხს არ დაელია ლუდი "ნატახტარი" და სხვ. იმავდროულად, "ყაზბეგი" აწარმოებდა მოლაპარაკებებს სოლიდურ უცხოურ კომპანიებთან და მათ შემოყვანას აპირებდა. ჩვენ კი $13 მილიონი გვქონდა ვალი და თუ "ყაზბეგში" სტრატეგიული პარტნიორი შემოვიდოდა, ასეთ შემოტევას ვერ გავუძლებდით. ამიტომ სწრაფად დავიწყეთ მოლაპარაკებები "ნატახტარის" გაყიდვასთან დაკავშირებით.

- საკმაოდ სარფიანი იყო გარიგება "ანადოლუ ჯგუფთან"...
- დღემდე კერძო ბიზნესში დადებულ გარიგებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია. "ნატახტარის" ლუდის ქარხანა $78 მილიონად გავყიდეთ, თუმცა ქარხნის ღირებულება მეტი იყო. მე და ჩემს ძმას იქიდან $19-$19 მილიონი გვერგო. ასე რომ, ეს ფული მანამდე მქონდა, სანამ გუბერნატორი გავხდებოდი.

- თქვენი გუბერნატორობის პერიოდს თქვენი ბიზნესის "მეორე სიცოცხლე" ემთხვევა. "ბარამბო", "ბერტა", "ზედაზენი", "ინტერპლასტი", "მიქსორი", რკინა-ბეტონის შპალის ქარხანა - ყველა ეს საწარმო თქვენი გუბერნატორობის დროს შეიქმნა...
- "ინტერპლასტი" მანამდე, 2007 წელს დააფუძნეს ჩემმა მეგობრებმა, სადაც მე და ჩემმა ძმამ 10%-10% შევიძინეთ. მე, ჩემს ძმასა და ჩვენს მეგობარ დევი ოვაშვილს "ნატახტარის" ქარხნიდან გაყიდვიდან ჯამში $60 მილიონი გვქონდა. ეს ფული ბანკში რომ შეგვეტანა, წელიწადში $6 მილიონის საპროცენტო სარგებელს მივიღებდით. მაგ ფულით მაშინ ნახევარ რუსთაველს ვიყიდდით, ოფშორულ კომპანიას შევაძენინებდით უძრავ ქონებას და ვერავინ გაიგებდა, ვინ იყო რეალური მფლობელი. ეს იქნებოდა გამართლებული და ეს წაადგებოდა ბიუჯეტს? მაბრალებენ, თითქოს მერაბიშვილი მყავდა წილში და ჩემს ბიზნესებს მფარველობდა. ამ ლოგიკით, ახლა ახალი მფარველის ძებნა უნდა დამეწყო. ხუხაშვილი ხომ მზად იყო ამისთვის. არასდროს არავისთან შევსულვარ გარიგებაში.

- მაშინ რატომ ჩნდება ამდენი კითხვა ყველა თქვენს საწარმოსთან დაკავშირებით? ისინი დაყადაღებულია და პატიმრობა გემუქრებათ.
- ხუთი დედმამიშვილი ვართ და ყველა ამ საქმეს ვემსახურებით. როცა ხალხი ქვეყნიდან გარბოდა და კაპიტალიც გაჰქონდა, ჩვენ საქართველოს ეკონომიკაში ვაბანდებდით. მაგალითად, "ბარამბოს" წარმოებაში, დაახლოებით, $20-$25 მილიონი ჩავდეთ. ნედლეულზე, რომელიც ჩვენ "ბარამბოსთვის" შემოგვქონდა და რომელსაც კარამელის პროდუქციაში 80% უკავია, 18%-იან დღგ-თან ერთად, 12%-იან საბაჟო მოსაკრებელსაც ვიხდიდით. ამ დროს კი უკრაინიდან, ბელორუსიიდან თურქეთიდან, რუსეთიდან შემოდის კარამელი, რომლის შემადგენლობაში 80% ასევე შაქარია, განბაჟებისას მხოლოდ 18%-ის გადახდა უწევს. გეკითხებით, თუ შემეძლო ჩემი ბიზნესისთვის მფარველობა გამეწია, რატომ ვერ ვახერხებდი, ჩემი წარმოებისთვის ხელი შემეწყო და ნაკლები ხარჯი მქონოდა?

- სამაგიეროდ, წინა ხელისუფლების დროს ძალიან ბევრი ბიზნესი იდევნებოდა, არიცხავდნენ უსამართლო ჯარიმა-საურავებს და მფლობელები ციხეში ხვდებოდნენ, თქვენ და თქვენი ბიზნესი კი ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობდით...
- 2002 წლიდან ყველა ჩვენს ბიზნესში საერთაშორისო აუდიტორული კომპანია მუშაობდა და მათ დასკვნას წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება. მაგრამ თუ გგონიათ, 90-იანი წლებიდან ჩვენთანაც არ ითხოვდნენ წილში "ჩასხდომას", ძალიან ცდებით. ახლა რა, არ არის ასეთი მცდელობა? პირადად გია ხუხაშვილი შეხვდა ჩემს მეგობარსა და პარტნიორს, დევი ოვაშვილს და უთხრა: რადგან თქვენ არ გესმით ნორმალური ლაპარაკი, მაშინ თქვენ წინააღმდეგ ჩართულია სახელმწიფო მანქანა და ვნახოთ, რა იქნებაო. ჩემმა მეგობარმა კი უპასუხა: ჩვენ წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა ჩართულია 1990 წლიდან, უბრალოდ მძღოლი არის სხვადასხვაო.

- სახელმწიფო ტენდერებში ყველაზე ხშირად თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების კომპანიები იმარჯვებდნენ. თქვენი ბრალდების მეორე ეპიზოდში, როცა საქმე რკინაბეტონის შპალის ქარხნის შესყიდვას ეხება, ლაპარაკი სწორედ გარანტირებულ მრავალმილიონიან ტენდერზე...
- სამჯერ თუ ოთხჯერ მონაწილეობდა "ბარამბო" ტენდერში და იმაზე იაფად და მეტი რაოდენობით აწვდიდა სახელმწიფო უწყებებს პროდუქციას, ვიდრე სატენდერო პირობები ითვალისწინებდა. როცა ტენდერი ეწყობა შოკოლადის მიწოდებაზე, რატომ არ უნდა მოიგოს ადგილობრივმა საწარმომ და უპირატესობა რატომ უნდა მიენიჭოს იმპორტირებულ პროდუქციას?! როცა აიხსნება ყადაღა, გპირდებით, "ბარამბო" ისევ მოიგებს ყველა ტენდერს, რადგან მსგავსი მასშტაბის საწარმო არა მხოლოდ საქართველოში, ამიერკავკასიაში არ არსებობს.

"ინტერპლასტი" კი არანაირ ტენდერებს არ იგებდა, სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც დევნილებისთვის წეროვნის დასახლებას აშენებდნენ, "ინტერპლასტმა" თავისი მოგების შემცირების ხარჯზე, საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, სამშენებლო მასალები მიაწოდა. მაშ, თურქეთიდან უნდა შემოგვეტანა სამშენებლო მასალები, რომ უფრო ძვირად აშენებულიყო? შპალების ქარხანა ტენდერიანად იყიდა ჩემმა ძმამ, იაგო ჩოჩელმა. გვაქვს ფოტომასალა, რომელიც ცხადყოფს, რეალურად რა მდგომარეობაში იყო ეს ქარხანა. ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ რომ ნახა, ქარხანას ვერ ყიდდნენ, თავად დაიწყო მისი რეკლამირება და ეს იმდროინდელ სატელევიზიო სიუჟეტებშიც ჩანს. სახელმწიფო ხვდებოდა, რომ თუ შპალების ქარხნის ინვესტორი არ გამოჩნდებოდა, რკინიგზის მშენებლობა საფრთხის ქვეშ დგებოდა. ტენდერი ღია იყო და მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. სამი დღე რჩებოდა, როცა ჩემმა ძმამ განაცხადი შეიტანა. თუ გარიგებაში ვიყავით მე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგაძე, როგორც ამას ბრალდება აცხადებს, რატომ გასაჯაროვდებოდა ქარხნის გაყიდვის ამბავი და პირობები?

- გამოძიება ასევე გედავებათ, რომ თქვენ უკანონოდ მონაწილეობდით შპს "ნიუ-ენერჯის" საქმიანობაში და ხელს უწყობდით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების კონტრაქტები ჩაეგდოთ ხელში...
- ბრალდება იმასაც ამბობს, თითქოს ჩემი დავალებით ეს კომპანია წილებს იძენდა "ბარამბოსა" და "ბერტაში". ეს შავი პიარია. სანამ სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრებოდა ჩემ წინააღმდეგ, იყო ლაპარაკი, რომ რაკი მერაბიშვილთან ვმეგობრობდი, ხელი უნდა დამედო მისთვის და მეთქვა, რომ კორუფციულ გარიგებებში ვიყავი მასთან. ეს არ გამოუვიდათ და საქმე მე შემომიტრიალეს. გამოძებნეს პირი, რომელიც მონაწილეობდა წეროვნის დასახლების მშენებლობაში და ახლა ცრუ ჩვენებებს კადრულობს ჩემ წინააღმდეგ. ეს გახლავთ ნიკოლოზ შაქარაშვილი, კომპანია "ნიუ ენერჯის" ხელმძღვანელი. მასთან დაკავშირებით აღმოვაჩინეთ ერთი საინტერესო დეტალი, რომ 2007 წლის დეკემბერში ამ პირს შვეიცარიაში გადარიცხული აქვს დაახლოებით 7 მილიონი ლარი საკონსულტაციო მომსახურებისთვის. კერძო კომპანია, რომლის ბრუნვა იმ წელს 15-16 მილიონს შედგენდა, ნახევარს საკონსულტაციო მომსახურებაში იხდის? შემთხვევით, თაღლითობასა და ფულის გათეთრებასთან ხომ არ გვაქვს აქ საქმე?

- ბრალი "ქართუს" გაკოტრების საქმეშიც გედებათ, რომელშიც ბრალდების მტკიცებით, კომპანია "ინტერპლასტი" მონაწილეობდა...
- მე "ინტერპლასტში" მხოლოდ 10% მქონდა. 2010 წელს მაგ კომპანიას შეექმნა პრობლემები და ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ არავინ გვმფარველობდა. "ინტერპლასტი" სამშენებლო მასალის კომბინატია, ძალიან ფართო პროფილი აქვს და ხარისხიან მასალასაც აწარმოებს. იმ დროს ქარხნის მენეჯმენტმა მთავრობას სთხოვა, დაეწესებინათ კონტროლი თურქეთიდან შემოტანილ პროდუქციაზე, რადგან მსგავსი სამარკო ნიშნით იაფი და დაბალხარისხიანი მასალა შემოდიოდა. ეს არ გააკეთეს, ამიტომ "ინტერპლასტი" უთანასწორო კონკურენციაში აღმოჩნდა და ქარხანა გაკოტრდა. "ქართუმ", რომლის ვალიც კომპანიას ჰქონდა, ქონების ნაწილი გადაიფორმა. "ინტერპლასტის" დირექტორი სოზარ სუბარის ცოლის ძმა, ნიკა ყუბანეიშვილი გახლდათ. სწორედ ის მოვიდა ერთ დღეს ჩემთან და მითხრა: საგადასახადოში დამიძახეს, ვალი უნდა აღიაროთო. მე რა შუაში ვარ, ჩემთან რატომ მოდიხართ-მეთქი. როგორც გითხარით, მხოლოდ 10%-ს ვფლობდი და ჩემი წილის მართვის უფლებაც ჩემს ძმას ჰქონდა. ნიკას ჩვენებაში დააწერინეს, თითქოს მე ვუთხარი, სახელმწიფოს წინააღმდეგ არ წავალ-მეთქი. ეს კი წაქეზებად ჩაითვალა, რისთვისაც ბრალი წამიყენეს.

- დაყადაღებული ქონებისა და აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ინვესტიციებს მაინც აბანდებთ. იმედი გაქვთ, რომ გამართლდებით?
- დამატებითი ინვესტიციების ჩადებას ვგეგმავდით "ბარამბოში", სადაც ჩიპსებისა და ე.წ. სნეკების წარმოება უნდა დაგვეწყო, მაგრამ მიწა, რომელზეც ეს საწარმო უნდა აშენებულიყო, დაყადაღებულია. ასევე ვგეგმავდით ყავის წარმოებას ბრაზილიურ კომპანიასთან ერთად. შოკოლადის წარმოებაში კი მილიონი ლარის ინვესტიცია ჩავდეთ მას შემდეგაც კი, რაც ჩვენ წინააღმდეგ დევნა დაიწყო. რაც შეეხება შპალის ქარხანას, გამზადებული გვაქვს მსოფლიო სტანდარტების დონის პროექტი, რომელიც რკინაბეტონის სარელსო გადამყვანების დამზადებას გულისხმობს, მაშინ როცა ჩვენთან ჯერ კიდევ ხის გადამყვანები გამოიყენება. ამიტომ ვამბობ, რომ ის, რაც ხდება, ქვეყნის ეკონომიკის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

შარშანდელ ნოემბერ-დეკემბერში "ზედაზენში" 5,5 მილიონი ევრო ჩავდეთ. ადამიანი, რომელიც დამნაშავედ მიიჩნევს თავს, ასეთ ინვესტიციებს არ დებს. "ზედაზენს" ბიუჯეტში წელიწადში 30 მილიონ ლარზე მეტი აქვს, 1100 ადამიანზე მეტია დასაქმებული და ამ წარმოების გაჩანაგება სურს ახლა ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებლო სამსახურს. ძალიან მალე გაირკვევა, არის თუ არა ეს ერთი კონკრეტული უწყების ბრძოლა კონკრეტული ბიზნესის განადგურებისთვის, თუ ხელისუფლების პოლიტიკაა, ბიზნესის წინააღმდეგ მიმართული.
tamaz
17 ოქტომბერი 2013 09:02
მაია,
დავიჯერო, მართლა ასეთი გულუბრყვილო ხარ და ჩოჩელი უფრთო ანგელოზი გგონია?
მიშას მთავრობა ყველა "ბუდკას" წილში ეჯდა, საგადასახადოს ყველა მოქმედი ფირმიდან ლამის მთელი მოგება მიქონდა ჯარიმებით და მარტო ცეზარა აკეთებდა სუფთა ბიზნესს საქართველოში? ერთი ნაცების დაკრულზე არ ეცეკვა და მეორე დღესვე ანახებდნენ, როგორი წარმატებული ბიზნესმენიცაა. თუ არ გჯერა, ქიბარ ხალვაშს კითხე.
koka
16 ოქტომბერი 2013 17:51
კაი რა ცეზარ კრავად ნუ მოგაქვს თავი ვითომ არავინ შეგივიწროვებია და მიშასაც არ უხდიდი წილებს მაგრამ გაგდის შენც და შენნაირებს და ილაპარაკებ ამდენს აბა რა
ჯონი
16 ოქტომბერი 2013 14:00
სადაც კაცის მწამებლები და მკვლელები არ დაიჭირა ოცნებამ ჩოჩელს დაანებოს თავი. ჩოჩელი ანგელოზი არაა, მაგრამ სადაც ბოკერიას არ იჭერენ, ადეიშვილს, ციხის ჯალათებს ჩოჩელმა რა დააშავა? ხალხს ასაქმებს და ხალხი არ უწამებია და კაცი არ მოუკლავს..

სამწუხაროდ ოცნება შევარდნაძის ასლია. ნუ აბა სხვანაირად არც შეიძლება, 85% შევარდნაძის კადრები დაბრუნდნენ.

ვაის გავეყარე ვუის შევეყარეო რა

რედაქტორის რჩევით