საგადასახადო კოდექსი - ბუნდოვანი მუხლების გარეშე?
14-10-2013
საგადასახადო კოდექსი - ბუნდოვანი მუხლების გარეშე?
"კოდექსში ცვლილებების შეტანა არა მარტო ფინანსთა მინისტრს, არამედ საგადასახადო სამსახურის უფროსსაც შეუძლია"

საგადასახადო კოდექსში რჩება ბუნდოვანი მუხლები, რომლებიც შესაძლებელია, ორგვარად იკითხებოდეს. შემოსავლების სამსახურში არ უარყოფენ ბუნდოვანი მუხლების არსებობას. ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ბიზნესთან ერთად კოდექსში ლაფსუსების აღმოსაფხვრელად მუშაობს. შემოსავლების სამსახურში ასევე მიიჩნევენ, რომ ცვლილებების სიხშირე მინიმუმზე უნდა დავიდეს, რათა ბიზნესს სტაბილურობის შეგრძნება გაუჩნდეს.


თამარ ანდრიაძე (შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი): - ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილმა
სპეციალურმა კომისიამ საკანონმდებლო ინიციატივები შეიმუშავა. მაგალითად, უქმდება საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, ფინანსთა მინისტრს კოდექსის ცალკეული ნორმების განმარტების უფლება აქვს და შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ მთავრობასაც შეუთანხმოს.

დაზუსტდება შემთხვევები, როცა გადამხდელის შემოწმებისას საგადასახადო ორგანომ შეიძლება არაპირდაპირი მეთოდები გამოიყენოს; ეკონომიკურ საქმიანობად მიიჩნევა საქონლის უსასყიდლოდ
მიწოდება ან დახმარების გაწევა, თუ ამას საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გააკეთებენ. ეს არის ძირითადი, რისი შეცვლაც უკვე გადაწყვეტილია. თუმცა მუშაობა გრძელდება და ცვლილებებს მომავალშიც უნდა ველოდოთ.

თამაზ ვაშაკიძე (საქართველოს მცირე მეწარმეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი): - ამჟამად მოქმედი კოდექსი მეწარმეებს ძალიან ცუდ ვითარებას უქმნის. მაგალითად, კომპანია "ყაზბეგის" დამფუძნებელმა გოგი თოფაძემ აზერბაიჯანში გადაიტანა წარმოების ერთი ნაწილი და ამის მიზეზად საგადასახადო სისტემას ასახელებს. გავიხსენოთ, რამდენი მცირე საწარმო დაიხურა ბოლო წლებში და რამდენი იქ დასაქმებული ადამიანი დარჩა უმუშევარი. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ასეულობით საწარმოზე ზემოქმედებს, ამიტომ, პირველ რიგში, ამ ცვლილებების აპრობაცია სამეწარმეო სფეროში უნდა ხდებოდეს. ჩვენთან კი მეწარმის აზრი გათვალისწინებული არ იყო. სწორია, რომ ფინანსთა მინისტრმა კოდექსი არ უნდა შეცვალოს, მაგრამ 282-ე პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ არა მარტო ფინანსთა მინისტრს, არამედ საგადასახადო სამსახურის უფროსსაც შეუძლია კოდექსში ცვლილებების შეტანა. ამიტომ ამ პუნქტის ამოღების საკითხიც აუცილებლად უნდა განიხილონ. არ შეიძლება ერთი ბუნდოვანი პუნქტი ამოვიღოთ და იგივე შეზღუდვა მეორეში დავტოვოთ. ასეთი მაგალითის დასახელება კიდევ შეიძლება.

მთელ კოდექსშია გაფანტული მუხლები, რომლებიც საგადასახადო შემოწმებას ეხება და მათ მიხედვა სჭირდება. არ შეიძლება ერთნაირად დაიბეგროს ნავთობპროდუქტების შემომტანი მსხვილი ფირმა და პატარა მაღაზიის ან თონის პატრონი. ჩვენს საგადასახადო კოდექსში შემოწმებას რამდენიმე პუნქტი აქვს დათმობილი, ხოლო შეღავათებზე ნაკლებად არის ლაპარაკი. მაგალითად, ახალგახსნილი საწარმოებისთვის დაწესებული ერთთვიანი შეღავათი არაფერია, მათ სამი თვე მაინც უნდა ჰქონდეთ, რომ წელში გაიმართონ. ასევე მიუღებელია, 30-ათასლარიანი ბრუნვის მქონე წარმოება მივიჩნიოთ მცირე საწარმოდ მაშინ, როცა ევროპაში 2 მილიონი ევრო ითვლება ზღვრად. მცირე საწარმოს ყველგან ეხმარებიან გრანტებითა თუ სხვა შეღავათებით. არც ერთ ქვეყანას, სადაც მცირე საწარმოებს ხელს არ უწყობენ, ჯერ დასაქმების პრობლემა არ გადაუწყვეტია. საგადასახადო კოდექსიც ყოველ წელს არ უნდა იცვლებოდეს. კარგი იქნება, ვთქვათ, 2014 წლიდან გამოცხადდეს 3-წლიანი მორატორიუმი და ამ ვადაში არაფერი შეიცვალოს. თუ რამის შეცვლას დააპირებენ, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები უნდა მივიდნენ მეწარმესთან და აუხსნან, ყველაფერი წინასწარ შეათანხმონ. სტაბილურობის განცდა ბიზნესისათვის აუცილებელი პირობაა.

გონერ ურიდია (ეკონომიკის დოქტორი): - საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილებები, რომლებიც საგადასახადო ნორმის უკეთ მოქმედებას შეუწყობს ხელს. ზუსტდება ბუნდოვანი და ორაზროვანი პუნქტები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია მომავალში ხელმისაწვდომი გახდება საგადასახადო ომბუდსმენისთვის. ზუსტდება პროცედურები, რომლითაც საგადასახადო ორგანო გადამხდელს დოკუმენტს ჩააბარებს, აგრეთვე, გარდაცვლილი პირის საგადასახადო ვალდებულების შესრულების წესები. მემკვიდრეს, რომელიც გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას განაგრძობს, უფლება ეძლევა, მოითხოვოს გარდაცვლილი პირის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან სანქციის თანხის დაბრუნება, ანდა მომავალი გადასახადების ანგარიშში ჩათვლა, გარდაცვლილი პირის პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენება ანგარიშგებისას და სხვ. მთავრობა უფლებამოსილი იქნება, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული ფიქსირებული გადასახადი დააწესოს, რადგან სხვადასხვა რეგიონში, შესაძლოა, განსხვავებული შემოსავალი იყოს.

როგორც ვიცი, უქმდება შემოსავლის ბენეფიციური მფლობელის ცნებაც, რომელიც ბუნდოვან დებულებებს მოიცავს.
საგადასახადო კოდექსს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, თვის განმავლობაში გაცემული თანხისა და დაკავებული გადასახადის შესახებ არასწორი ინფორმაციის წარდგენისთვის წესდება ჯარიმა - ზედმეტად დაბრუნებული თანხის 100%. საგადასახადო დავალიანების შემცირების გარდა, უქმდება ყველა სხვა სახის საგადასახადო შეთანხმება, თუმცა ამ კანონის ამოქმედებამდე გაფორმებული შეთანხმებები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს. გადასახადის გადამხდელები ითხოვენ საგადასახადო რეგულაციებისა და შესაბამისად, კანონმდებლობის მოცულობის რაც შეიძლება შემცირებას. ისიც სათქმელია, რომ საჭიროა გაქცევა იმ მენტალობიდან, რომელიც გადასახადებთან ასოცირდება. სიტყვა "გადასახადი" უკავშირდება სიტყვა "სახადს" ანუ ჭირს. გერმანულად კი გადასახადი არის შტეურ-ი, რაც "მხარდაჭერას" ნიშნავს. გერმანელები გადასახადს განიხილავენ, როგორც მოქალაქეების მხარდაჭერას სახელმწიფოსადმი, რაც სწორი პოზიციაა, ჩვენთვის კი გადასახადს მკვეთრად უარყოფითი დატვირთვა აქვს...

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით