საკნატუნოს კომერციალიზაცია - კვირის პალიტრა

საკნატუნოს კომერციალიზაცია

ერთი შეხედვით უბრალო იდეა, მონდომებისა და სწორი მენეჯმენტის პირობებში, საკმაოდ შემოსავლიან საქმედ შეიძლება იქცეს. მოხალული თხილი ქიშმიშსა და ჩირთან ერთად, ალბათ, ბევრს გაუსინჯავს, მაგრამ ამ ყველაფრისთვის სასაქონლო სახის მიცემა მხოლოდ ორ მეგობარს მოუვიდა აზრად. დღეს მათი პროდუქცია "ქალაქურის" სამარკო ნიშნით იყიდება.

გურამ ყოჩიაშვილი (შპს "ქალაქურის" დირექტორი): "ამ ბიზნესიდეაზე ბევრი არც გვიფიქრია, მე და ჩემმა მეგობარმა ხუთი წლის წინ გადავხედეთ ბაზარს და აღმოვაჩინეთ, რომ არ არსებობდა ქართული კომპანია, რომელიც დაფასოებული თხილის მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებდა მომხმარებელს. შევიძინეთ თხილი, სახლის პირობებში, პატარა ღუმელში ვხალავდით და ვაფასოებდით. ძალიან ხელმომჭირნედ, სტამბებს დავაბეჭდინეთ პოლიეთიენის პარკები ჩვენი ლოგოთი. ბევრი ვიფიქრეთ სახელწოდებაზე და შევჩერდით ვარიანტზე, რომლის მსგავსიც მხოლოდ რესტორანს თუ ჰქვია თბილისში. ასე გაჩნდა სამარკო ნიშანი "ქალაქური", ლოგოდ კი ქარავანი ავირჩიეთ, რადგან თბილისი ოდითგანვე მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. შემდეგ, მივდიოდით სავაჭრო ობიექტებში და ჩვენს პროდუქციას ვთავაზობდით. აქ გამოგვადგა სადისტრიბუციო ქსელში მუშაობის ადრინდელი გამოცდილება.

ერთი დასახელების პროდუქციით ძნელია ბაზარზე დამკვიდრება, ამიტომ რაღაც დროის შემდეგ მოხალულ თხილს ქიშმიშიც დავუმატეთ და მომხმარებელს ამ სახით შევთავაზეთ. შემდეგ მოვიფიქრეთ, რომ მოხალულ თხილს ჩირიც მოუხდებოდა. ასე გაჩნდა ჩირისა და თხილის ასორტი, რომელიც დღეს საკმაოდ პოპულარულია.

მინდა გითხრათ, ბიზნესი სულ რაღაც $100-ით დავიწყეთ. თვეში დაახლოებით 100 კგ თხილს ვყიდულობდით, ვხალავდით, ვაფასოებდით და ვყიდდით. არც მოხალვის ტექნოლოგია ვიცოდით და ხშირად გვიფუჭდებოდა კიდეც. ახლა თვის განმავლობაში ტონაზე მეტ პროდუქციას ვყიდით. ბიზნესის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ თხილის სარჩევი დანადგარი და თხილის მოსახალავი ღუმელი შევიძინეთ და შეიძლება ითქვას, ახლა სრულფასოვანი წარმოება გვაქვს. თხილის მოხალვის ტექნოლოგიაც დავხვეწეთ. მონდომებისა და დაუღალავი შრომის შედეგია, რომ დღეს ჩვენი პროდუქცია თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტშია წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ".

* * *

ტექნიკის სხვადასხვა ბრენდი ერთმანეთს ავსებს

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე "მეგატექნიკა" დღეს ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. მისი ბიზნესისტორია კი ჯერ კიდევ 1996 წლიდან, ბუკიას ბაღთან მდებარე მონობრენდული მაღაზიით იწყება...

ლაშა ხუციშვილი ("მეგატექნიკის" დირექტორის მოადგილე): "ჩვენი ბიზნესი 1996 წლიდან იწყება. მაშინ ორგანიზებული ვაჭრობა მხოლოდ ბაზრობებზე მიმდინარეობდა. ჩვენმა დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, რომ დადგა დრო, უფრო ცივილიზებული ფორმით გახსნილიყო მაღაზია, სადაც შესაბამისი მომსახურებაც იქნებოდა. პირველი ასეთი მაღაზია პეკინის #11-ში დაფუძნდა, ბუკიას ბაღის მოპირდაპირედ, დარწმუნებული ვარ, ბევრ თბილისელს ახსოვს კიდეც. ეს ერთადერთი მაღაზია იყო იმ პერიოდში. თავიდან გახლდათ კორეული "დეუს" ბრენდმაღაზია, შემდეგ გადაკეთდა იაპონური ბრენდ "ჯეივისის" მაღაზიად. 2005 წლიდან, როცა ბაზარი განსაზღვრულ დონემდე განვითარდა, დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, რომ მონობრენდების დრო დამთავრდა და "მეგატექნიკა" ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბაზარს ერთ სივრცეში თავმოყრილი რამდენიმე ბრენდის პროდუქცია შესთავაზა. სახელადაც ამიტომ არის შერჩეული "მეგატექნიკა", და ნიშნავს ადგილს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ და შეიძინოთ მსოფლიო მწარმოებლების უდიდესი ნაწილის საუკეთესო შემოთავაზებები. რაც უნდა ძლიერი კომპანია ან ბრენდი იყოს, შეუძლებელია ერთნაირი სრულყოფილებით ამზადებდეს, მაგალითად, გამათბობელსაც და ტელევიზორსაც. ყველა ბრენდს რომელიმე მიმართულებით აქვს უპირატესობა. მაგალითად, გაზქურების წარმოებით წამყვანი პოზიცია თურქულ ფირმებს უკავია.

"მეგატექნიკის" ბიზნესი მინიმალური სახსრებით დაიწყო, თანხა $5 ათასზე ნაკლები იყო. საინტერესოა, როგორ ჩამოჰქონდათ მაშინ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ამ ბაზრის მოთამაშეებს. ისინი ერთი თვითმფრინავით, ჩარტერული რეისით მიფრინავდნენ დუბაიში, ყიდულობდნენ პროდუქციას და ამავე თვითმფრინავით უკან ბრუნდებოდნენ. მაშინ იმდენად რთული იყო ქვეყანაში საქონლის შემოტანა, რომ კონკურენციას ვინ დაეძებდა, ოღონდ კი რამე შემოეტანათ.

დღეს ჩვენც და ჩვენს კონკურენტებსაც ყველა ცნობილ მწარმოებელ ბრენდთან კონტრაქტები გვაქვს ხელმოწერილი. ბრენდების უმეტესობა ირჩევს, რომ ბაზარზე რამდენიმე დილერი ჰყავდეს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ექსკლუზიური კონტრაქტები ფორმდება. ბაზარი საკმაოდ ათვისებულია და ახალ მოთამაშეს გაუჭირდება ადგილის დამკვიდრება, თუ, რა თქმა უნდა, რუსული, უკრაინული ან რომელიმე ევროპული მწარმოებელი _ რადგან ამ მიმართულებით არის ბრენდები, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში წარმოდგენილია, მაგრამ საქართველოს ბაზარზე ჯერ არ შემოსულან. დღეს ტექნიკის ბაზარზე დაახლოებით ათი მოთამაშეა. როცა დუბაიდან შემოდიოდა პროდუქცია, შემომტანი თავად იყო შუამავალი და გადამყიდველი, დღეს კი პროდუქცია უშუალოდ მწარმოებელი ქარხნებიდან მოდის. ამან კი გაზარდა პროდუქციის მოცულობა და გასაყიდ ფასებზეც აისახა. "მეგატექნიკას" დღეს უკვე ათი მაღაზია გვაქვს".

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში. გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.