საწვავის გაიაფების სქემა -იმუშავებს თუ არ იმუშავებს?!
21-10-2013
საწვავის გაიაფების სქემა -იმუშავებს თუ არ იმუშავებს?!
თურქმენეთიდან ნავთობპროდუქტი საქართველოში აქამდეც შემოდიოდა

არსებობს საწვავის ფასის კიდევ უფრო შემცირების საფუძველი? ეს კითხვა კვლავ წამოიჭრა პრემიერის განცხადების შემდეგ, რომ აზერბაიჯანის მხარესთან საწვავის ფასის შემცირებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა "სოკარის" პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა მალევე დააზუსტა, რომ საწვავის ფასი ვერ შემცირდება მაშინ, როცა მსოფლიოში ნავთობი ძვირდება.


მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო საწვავის გაიაფებას სხვაგვარად ფიქრობს -ძვირი რუმინული საწვავი იაფი თურქმენულით უნდა ჩაანაცვლოს. ამ პროდუქციას კი საქართველოში ტრანსპორტირებისთვის დერეფანი აზერბაიჯანმა უნდა გაუხსნას.
საუბარია რეგულარის ტიპის ბენზინსა და L62 ტიპის დიზელის საწვავზე, რომელზეც ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა და ამჟამად ძირითადად აზერბაიჯანიდან შემოდის. გამოდის, თურქმენული საწვავის გამოტარებით აზერბაიჯანულმა მხარემ საკუთარი თავი უნდა დააზარალოს. ჩნდება კითხვები -ვინ შემოიტანს თურქმენულ საწვავს ქართულ ბაზარზე და ვინ გაყიდის? ხომ არ იქნება ეს, ხელისუფლების
მხარდაჭერით, ბაზრის ახალი მოთამაშე, რომელიც კონკურენტებს არათანაბარ პირობებში ჩააყენებს?

ვანო მთვრალაშვილი ("ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის" თავმჯდომარე):
"საწვავი 12-20 თეთრით არის გაიაფებული. შარშანდელთან შედარებით. ადგილობრივი ფასები პირდაპირ არის დამოკიდებული საერთაშორისო ბაზარზე და ეს გაიაფება, გარკვეულწილად, საერთაშორისო ფასის ცვლილებებმაც განაპირობა. მაგრამ იყო სხვა გარემოებაც, რომელმაც ასევე მოახდინა გავლენა -საზოგადოების დაკვეთა და პოლიტიკური ნება. საწვავის ფასი ყველა ქვეყანაში აქტუალური თემაა და წინასაარჩევნოდ ხშირად კეთდება სხვადასხვაგვარი განცხადება. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაც საწვავის ფასებს უკავშირდებოდა. კომპანიები გარკვეულწილად ამას ანგარიშს უწევენ და როცა შესაძლებლობა აქვთ, საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე, ფასებს ამცირებენ. მაგალითად, "სოკარმა" მთავრობის თხოვნით, საშემოდგომო სამუშაოებისთვის დიზელის საწვავზე ფასები 15 თეთრით შეამცირა. მასზე პირდაპირ არის დამოკიდებული სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის განვითარება, ენერგეტიკის სექტორი. მთლიანად მოხმარებული საწვავის 55-60% სწორედ დიზელზე მოდის.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბრენდირებულ კომპანიებთან ერთად, ბაზარზე წარმოდგენილია არაბრენდირებულები ავტოგასამართი სადგურებიც და მათი ფასები 5-10 თეთრით ნაკლებია.
როცა საუბარია საწვავის კიდევ უფრო გაიაფებაზე, გასათვალისწინებელია, რომ კომპანია ზარალზე ვერ წავა, მიმდინარე ხარჯები უნდა დაფაროს და განვითარებაზეც იფიქროს. ხუთი ბრენდირებული კომპანია ჩვენი ბაზრისთვის საკმაოდ ბევრია და კონკურენტულ გარემოს ქმნის. ამასთან, საერთაშორისო ფასების დინამიკას თუ გადავხედავთ, კიდევ უფრო მეტად გაიაფება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ხოლო თურქმენული საწვავი, განსაზღვრული რაოდენობით, ბოლო წლებში სტაბილურად შემოდის. თუ ხელისუფლება გეგმავს, კომპანიებს ახალი ბაზრების ათვისებაში დაეხმაროს იაფი ნავთობპროდუქტის მეტი მოცულობით იმპორტირებისთვის, ეს ნორმალურია. მაგრამ დასაზუსტებელია კონკრეტული საკითხები ამ გადაწყვეტილების მიღმა -ვინ შემოიტანს საწვავს თურქმენეთიდან, ვინ გაყიდის და რა კატეგორიის საწვავზეა საუბარი. მოქმედი კომპანიები ევროპულ საწვავზე არიან ორიენტირებული და გადამმუშავებელი საწარმოებიც აქვთ. მათი პოლიტიკა მაღალ ხარისხსა და, შესაბამისად, მაღალ ფასს გულისხმობს. თუ რომელიმე კომპანიას, ძველს თუ ახალ მოთამაშეს, ექნება რესურსი, რომ უფრო იაფად გაყიდოს საწვავი, ხომ არ ჩააყენებს ეს ბაზრის სხვა მოთამაშეებს არაკონკურენტულ პირობებში? ხელისუფლების მოქმედებამ ხელი უნდა შეუწყოს კომპანიების განვითარებასა და კონკურენციას, და არა პირიქით".

ბექა კემულარია (მოძრაობა "პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს" ხელმძღვანელი): "საქართველოში საწვავის ბაზრის მონოპოლიური ნაწილი აზერბაიჯანის სახელმწიფოს ხელშია, რადგან "სოკარი" აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიაა. ის საწვავს ჩვეულებრივ საბაზრო ფასად გვაწვდის. მეტიც, შედარებით დაბალი ხარისხის მიუხედავად, ევროპული საწვავის ფასად ყიდის აზერბაიჯანულს. შესაბამისად, რეალურად არის შესაძლებლობა, აზერბაიჯანიდან შემოტანილი რეგულარის საწვავი 20-30 თეთრით იაფი იყოს. შესაძლებელია, ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე გადაწყდეს.

სამ წელზე მეტია, საწვავის ბაზრის შესახებ კვლევებს ვაქვეყნებ. ყოველთვის ვამბობდი, რომ იმ დროს საწვავი, დაახლოებით, 70-თეთრიანი ფასნამატით იყიდებოდა და 20-30 თეთრი ყოველი გაყიდული ლიტრიდან ე.წ. შავი ყულაბის წილი იყო და მაშინდელი ხელისუფლების ჯიბეებში ილექებოდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კომპანიები საწვავს სახელმწიფო შესყიდვებისთვის 20-თეთრიანი ფასნამატით ყიდიან, ხოლო საცალო ქსელში -40-თეთრიანი ფასნამატით. რატომ არავინ ინტერესდება, სად მიდიოდა ეს ფული? იმის თქმა, რომ დღეს ბაზარზე არ არის ოლიგოპოლია და მონოპოლიური ფასები, ტყუილი იქნება, რადგან ბაზარზე იგივე კომპანიები ოპერირებენ და არ გამოჩენილა სხვა მსხვილი კომპანია, რომელიც მათ კონკურენციას გაუწევს. შესაბამისად, დღესაც მონოპოლიური ფასია, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ადრე იყო.

რაც შეეხება ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებას თურქმენული საწვავის შემოტანის სქემასთან დაკავშირებით, მათი მხრიდან ეს არასერიოზულად მეჩვენება. სამინისტრო არ არის მეწარმე სუბიექტი და არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს. რუმინეთიდან საწვავი ძირითადად "რომპეტროლს" შემოაქვს. გამოდის, ენერგეტიკის სამინისტრო ახლა დაარტყამს "რომპეტროლს" და ეტყვის, არ გაყიდო რუმინული საწვავი და თურქმენული გაყიდეო. კი ბატონო, უნდა იყოს ალტერნატივა, დაბალფასიანი საწვავი, მაგრამ იმ სტანდარტების შესაბამისი, რომელიც საქართველოშია მიღებული და შემდეგ მომხმარებელმა გადაწყვიტოს, 1,5-ლარიან ბენზინს ჩაასხამს თუ 2,5-ლარიანს. თურქმენეთიდან საწვავი ისედაც შემოდის და ამას ფასებზე საგრძნობი გავლენა არ მოუხდენია. მგონია, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო განცხადებები უფროა, ვიდრე რეალური საქმე".
კახა
26 ოქტომბერი 2013 12:41
საწვავის ფასზე ლაპარაკი საქართველოში მარაზმია, მაშინ როცა "საწვავი" ჩვენთან სულ სხვა რაღაცაა. ეს არის ქიმიური ნაგავი, რომლის გამონაბოქვის გამო ჩვენთან ავადმყოფობების მთელი ბუკეტი (რომელთაგან ასთმა ყველაზე "უმანკოა") კატასტროფულად მომატებულია.
კეთილი ინებეთ და ჯერ ხარისხზე კონტროლი შემოიღეთ,და გაუშვი დაჯდეს ის ფასი რაც დაჯდება - თუნდაც გაძვირდეს! და მერე აი უკვე იმ "ნამდვილ" საწვავზე ფასის დაგდებაზე იმუშავეთ. რატომ არავინ არ ითვლის ამ ავადმყოფობების მიერ წარმოქმნილ ხარჯს (თუნდაც სუფთა ეკონომიკურ ხარჯს (ანუ მკურნალობას და სამუშაოდან გაცდენილ დროს), ადამინურ ტრაგედიებს რომ თავი დავანებოთ!)?. ღირს ლიტრ ბენზინზე 10-20 თეთრის გულითვის ამდენი ხალხის ჯანმრთელობის გაწირვა? ამოვიდა ნაირნაირი მთავრობების პოპულისტობა ყელში! რატომ არავინ იღებს ხმას იმაზე თუ რას ასხამენ ბენზგასამართ სადგურებში ჩვენს მანქანებში?! თურმე ქართველ ერზე ზრუნავენ! იმდენი...

რედაქტორის რჩევით