ყურძნის ფასის რეკორდი ხვანჭკარისთვის - კვირის პალიტრა

ყურძნის ფასის რეკორდი ხვანჭკარისთვის

"30 წელია, ასეთი უხვი მოსავალი არ მახსოვს"

რთველი წლეულს სახელმწიფოს ხელშეწყობითა და მეთვალყურეობით წარიმართა, ხოლო რაჭაში უფრო მკაცრი მონიტორინგი დაწესდა, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად. მიზანი ძვირფასი ჯიშების აღრევის თავიდან აცილებაა. რაჭა "ხვანჭკარის" სამშობლოა, მაგრამ ამ დასახელებით არაერთგზის უსარგებლიათ ფალსიფიკატორებს. ღვინის ეროვნული სააგენტო ყურძნის თითოეულ ჩაბარებულ კილოგრამს აღრიცხავს, რათა სხვა ჯიშის წითელი ყურძენი არ შეერიოს. რაჭველებს ეს არ გაჰკვირვებიათ, რადგან მონიტორინგი მანამდე კახეთშიც ამოქმედდა.

ზაზა დუგლაძე ("დუგლაძის ღვინის კომპანიის" ხელმძღვანელი): - რაჭაში მიმდინარე რთველში ჩართული ვიყავით, მაქსიმალური ყურადღება მოსაწონია, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ წლეულს ძალიან კარგი მოსავალი მოვიდა. 30 წელია ამ ბიზნესში ვარ და ასეთი უხვი მოსავალი არ მახსოვს. ამასთან, სახელმწიფომ მეწარმეებს დიდი შეღავათები გაგვიწია. წარმოიდგინეთ, 11%-იანი სესხიდან 9%-ს სახელმწიფო გვიხდის და იმ 2%-ის გადახდასაც გვადროვებს.

ეს ყველაფერი ქართველი გლეხისთვის, ქართველი მეწარმისთვის გაკეთდა და მიკვირს, რომ მედიაში ფართოდ არ აშუქებენ.

ფერმერები და გლეხები ძალიან კმაყოფილი არიან, ასეთი რამ არ მახსოვს. წინა წლებში არც ყურძნის ფასი იყო მაღალი და არც სახელმწიფოს დაუხარჯავს ამხელა თანხა. წლეულს ყურძნის ის ჯიშები, რომლითაც ხვანჭკარა მზადდება, კილოგრამი 8, 9, 10 ლარიც კი ღირდა. ამ ფასად ვიბარებდით, ოღონდ რასაკვირველია, გადარჩეულ, საუკეთესო ჯიშის ყურძენს. ასეთი ფასი მსოფლიოში არ არსებობს, თვით ბორდოშიც კი არ ღირს ძვირფასი ჯიშის ყურძენი ასე ძვირი.

- რატომ გახდა საჭირო მკაცრი მონიტორინგი?

- ჩემი აზრით, კონტროლი ამ სფეროში აუცილებელია. ყველა საქმეს ცოდნა უნდა, ზოგი ვერ არჩევს, რომელია ძვირფასი ჯიშის ყურძენი. ასეთმა მეწარმემ ან მისმა წარმომადგენელმა, შესაძლოა, უბრალო ყურძენი შეისყიდოს და ვერც კი მიხვდეს, ეგონოს, რომ ძვირფასი ჯიშის ყურძენი იყიდა. ამიტომ მონიტორინგი საჭიროა. მოგეხსენებათ, ხვანჭკარა ორი საუკეთესო ჯიშის ყურძნის - ალექსანდროულისა და მუჯურეთულის შერევით მზადდება, 10%-მდე შეიძლება იყოს ძველშავი. მხოლოდ "ხვანჭკარის ზონაში", სადაც ათამდე სოფელია, მოდის ალექსანდროული და მუჯურეთული. სპეციალისტებმა ეს კარგად იციან, ზოგიერთი მეწარმე კი შეიძლება მოტყუვდეს.

- თუმცა ქართული ღვინის ფალსიფიკაცია აღარავის უკვირს. ამას წინათ რუსეთშიც გამოჩნდა გაურკვეველი ხარისხისა და წარმოშობის ღვინო, რომელსაც "ხვანჭკარა" ერქვა.

- სამწუხაროდ, ასეა. ე.წ. ხვანჭკარა ბულგარეთშიც ისხმებოდა, პოლონეთშიც, რუსეთში კი ვიღაცის სარდაფში "აწარმოებდნენ". ეს ყოველთვის ხდებოდა და ალბათ, მომავალშიც ვერ გავექცევით. მაგრამ საქართველოში არც ერთი სოლიდური კომპანია ფალსიფიკაციას არ მიმართავს და არც ადრე მიმართავდა. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს სადმე მცირე გლეხურ მეურნეობაში - ვინმემ სხვა ჯიშის ყურძენი დაწუროს და "ხვანჭკარა" დაარქვას. ბორდოში ან შამპანშიც კი ხდება ეს, როგორც ჩვენთან. ბიზნესს კი მარკეტინგი გკარნახობს, როგორი ღვინო აწარმოო ან რა ფასად შესთავაზო. მეწარმე მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოშვებით არის დაინტერესებული, რათა მკაცრ კონკურენციას გაუძლოს. მით უმეტეს, "ხვანჭკარა" საკმაოდ ძვირია. ჩვენთან ერთი ბოთლი "ხვანჭკარა" $15 ღირს, თანაც ამ ფასში არ შედის ტრანსპორტირება, განბაჟება და სხვა ხარჯები.

- სად უფრო მოსწონთ "ხვანჭკარა" და რა პერსპექტივები აქვს მას?

- არ არის სწორი მოსაზრება, რომ "ხვანჭკარა" ევროპასა და ამერიკაში მოსწონთ. ის ნახევრად ტკბილი ღვინოა, ამ ტიპის ღვინოებზე მოთხოვნილება ძირითადად აზიაშია. ევროპელები ასეთ ღვინოს ნაკლებად ეტანებიან, ისინი უფრო მშრალ ღვინოებს არჩევენ, იგივე შეიძლება ითქვას ამერიკელებზეც. ტკბილ ღვინოებზე მსოფლიოში მოთხოვნილება მცირდება, მას უფრო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სვამენ. შესაბამისად, "ხვანჭკარა" ძალიან მოსწონთ რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ჩინეთში და ჩვენც ამ ბაზრების იმედი გვაქვს, ჩვენი პროდუქციაც ძირითადად ამ ქვეყნებში იყიდება.

ხათუნა ჩიგოგიძე