დიდი სარგებელი მცირე იძულებით?!
21-10-2013
დიდი სარგებელი მცირე იძულებით?!
როგორ დავაინტერესოთ მცირე ნაკვეთების მფლობელები

საქართველო იმ ქვეყნებს შორის უნდა დასახელდეს, სადაც მიწის საკმაო ფართობი დაუმუშავებელი და გამოუყენებელია. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 800 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწაა. ბოლო წლებში 200 ათას ჰა-ზე ოდნავ მეტი მუშავდებოდა, მხოლოდ წლეულს გაიზარდა ეს ფართობი 430 ათასამდე. ქონების გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს, მანაც, ვინც კუთვნილ ნაკვეთებს არ ამუშავებს, - ამგვარი მოსაზრება გამოთქვა პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილმა.

ამჟამად 5 ჰა-მდე ნაკვეთის მფლობელები გადასახადს არ
იხდიან, ხოლო ვისაც მეტი ფართობი აქვს, ქონების გადასახადს იხდის სხვადასხვა რეგიონისთვის დაწესებული განაკვეთების მიხედვით. `თუ პირველ წელიწადს მიწა არ დამუშავდება, ნუ გადავახდევინებთ, ხოლო შემდეგაც თუ არ დაამუშავა, მაშინ სტანდარტული გადასახადი დავუწესოთ~, - ამბობს გიგლა აგულაშვილი. ახალმა ამბავმა მცირემიწიანი ფერმერები შეაშფოთა, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ ამგვარი
წესის შემოღება აუცილებელიც კი არის.

გიგლა აგულაშვილი (აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე): - ეს არ არის საკანონმდებლო ინიციატივა. ეს ჩემი მოსაზრებაა, რომელიც პარლამენტში ჯერ არ დარეგისტრირებულა, თუმცა აქტიურად განვიხილავთ ფერმერებთან, ექსპერტებთან, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩემს კოლეგებთან ერთად. შესაძლოა, მომხრეც ბევრი იყოს და მოწინააღმდეგეც, მაგრამ ის მხოლოდ საფუძვლიანი განხილვის შედეგად ამოქმედდება. კანონი კარგად მაშინ მუშაობს, როცა აწონილ-დაწონილი და მხარეებთან შეთანხმებულია.
იდეის ძირითადი მიზანი არა გადასახადის დაწესება, არამედ მიწის გამოყენება და დამუშავებაა. მთავარი ბიუჯეტის შევსება კი არ არის, არამედ მიწის მფლობელის დაინტერესება ამ მიწის დამუშავებით, მისგან სარგებლის მიღებით. რამდენი მიწის მფლობელი ვიცი, რომელიც ამბობს: იყოს, არც პურს მთხოვს და არც წყალსო... ეს მიდგომა როგორმე უნდა შეიცვალოს.

- თუ იდეა კანონად იქცევა, მცირემიწიან მოსახლეობას ხომ არ დააზარალებს?
- არ დააზარალებს და ახლავე აგიხსნით, რატომ: ქონების გადასახადი 1 ჰა-ზე ძირითადად 80 ლარია, რეგიონების მიხედვით კი 50-დან 100 ლარამდე მერყეობს. არსებობს კულტურები, რომლებმაც 1 ჰა-ზე შესაძლოა 5-10, ან 20 ათასი ლარის მოგება დატოვოს. ჩემი ინტერესი ბიუჯეტში 80 ლარის შეტანა კი არ არის, არამედ მიწის დამუშავება, რათა გლეხმაც და სახელმწიფომაც გაცილებით მეტი შემოსავალი მიიღოს. თანაც დამუშავებაში სახელმწიფო ფერმერებს მაქსიმალურად დაეხმარება, იმ მოგებასთან შედარებით კი 80 ლარი არაფერს ნიშნავს. მიწას რეალური საბაზრო ღირებულება უნდა ჰქონდეს და ის მხოლოდ მოსავლის მოყვანის შემთხვევაში მიეცემა. ზოგიერთი პარლამენტარი იზიარებს ამ იდეას, ზოგიერთი კი - არა, თუმცა დიდი იმედი მაქვს, ეს იდეა საკანონმდებლო ინიციატივად გადაიქცევა.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით