პენსია ახალგაზრდობიდანვე დაგროვდება
28-10-2013
პენსია ახალგაზრდობიდანვე დაგროვდება
საპენსიო ფონდში შეტანილ თანხას ამ ფულის დაბანდებით მიღებული მოგებაც დაემატება

მთავრობა დაგროვებითი პენსიის რეფორმის დაწყებას გეგმავს და ეს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია გაწერილი. ამ სისტემაზე გადასასვლელად შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელიც მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. ფაქტია, რომ საპენსიო ხარჯები ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება, მაგრამ ბევრი კითხვა ჩნდება საპენსიო ფონდებთან დაკავშირებითაც. მათ შორის - დაწესდება თუ არა რამე დამატებითი გადასახადი, თუ თანხა საპენსიო ფონდში უკვე არსებული საშემოსავლო გადასახადიდან შევა?

დაგროვებითი საპენსიო სისტემის სქემა
ამგვარია - დასაქმებული ადამიანი საკუთარი ანაზღაურებიდან განსაზღვრულ თანხას კერძო ან სახელმწიფო საპენსიო ფონდში იხდის, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ კი დაგროვებული თანხის შესაბამის პენსიას მიიღებს. ანარიცხებს ფონდი მომგებიან აქტივებში განათავსებს, რომლებსაც შემოსავალი მოაქვს ფონდისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ფონდში შენატანები აქვს. ხელისუფლებაში ჯერ საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულან კონკრეტულ
სქემაზე, რომლითაც დაგროვებითი პენსიის სისტემაზე გადასვლა მოხდება, თუმცა ამბობენ, რომ ყოველი შემომტანისთვის ფონდიდან თანხის დაბრუნების გარანტორი სახელმწიფო იქნება. მაგალითად მოჰყავთ ბევრ ქვეყანაში არსებული შეზღუდვები, რომელ სფეროებში შეიძლება ჩაიდოს საპენსიო ფონდის ფული და ასეთი ინვესტირება მხოლოდ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებშია შესაძლებელი. კერძო საპენსიო ფონდებისთვის ეს შეზღუდვები პრევენციაა, რომ თანხები არ გაიფლანგოს და კომპანიები არ გაკოტრდნენ. ცნობილი ხდება ისიც, რომ ხელისუფლება დაგროვებითი პენსიის სისტემაზე გასული წლის ბოლოდან მუშაობდა, თუმცა თავდაპირველად ამ სისტემაზე გადასვლა შესაძლოა შეზღუდული მასშტაბებით მოხდეს.

სოსო არჩვაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "საპენსიო რეფორმა და დაგროვებითი საპენსიო ფონდების ფორმირება ერთი ან ორი წლის ამოცანა არ გახლავთ. ეს მრავალწლიანი, კარგად დასათვლელი საკითხია, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს მტკიცე პოლიტიკური ნება, შესაბამისი კანონმდებლობა და, რა თქმა უნდა, ნდობა მოსახლეობის მხრიდან. ყველას გვახსოვს, გასული საუკუნის 90-იან წლებში როგორ იქმნებოდა საეჭვო ფონდები და როგორ დაზარალდა მოსახლეობის დიდი ნაწილი. ეს რომ არ განმეორდეს, საჭიროა ნდობის მაღალი ხარისხი, ხოლო ამ საპენსიო ფონდებმა როგორი სქემით უნდა იმუშაონ, ამაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. შესაძლოა, ეს ფონდები იყოს სახელმწიფო დაქვემდებარებაში ანდა იყოს კერძო, შესაძლოა, გაიხსნას სპეციალური ანგარიში და იქ შევიდეს მოქმედი გადასახადების ნაწილი. პირველ რიგში, ლაპარაკია საშემოსავლო გადასახადის განსაზღვრული ნაწილის აკუმულირებაზე.

დაგროვებით სისტემაზე გადასვლის მთავარი არსი ის გახლავთ, რომ საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, იმავდროულად კიდევ უფრო იზრდება ხანდაზმულთა წილი მთელ მოსახლეობაში. ეს გამოწვეულია იმითაც, რომ შობადობა დაბალია და საგრძნობლად არის შემცირებული თანაფარდობა ხანდაზმულებსა და ახალგაზრდებს შორის.

მაგალითისთვის, რუსეთის იმპერიისდროინდელი პირველი აღწერის მონაცემებს თუ ახლანდელს შევადარებთ, აღმოჩნდება, საქართველოში პენსიონერების რიცხვმა, ბავშვების თანაბარ რაოდენობაზე, რვაჯერ მოიმატა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში სულ უფრო ცოტა ბავშვი იბადება. მეზობელ ქვეყნებს თუ შევადარებთ, სომხეთში, პენსიონერთა იმავე რაოდენობაზე, ჩვენთან შედარებით, 80%-ით მეტი ბავშვია, აზერბაიჯანში - სამჯერ, ხოლო თურქეთში - ოთხჯერ მეტი. ეს აისახება პენსიონერთა წილზე მთელ მოსახლეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან საპენსიო ასაკი უფრო მაღალია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში, მოსახლეობაში პენსიონერთა წილით მათ მნიშვნელოვნად ვუსწრებთ. პენსიონერთა რაოდენობით დღეს დაახლოებით 1981 წლის დონეზე ვართ, მაგრამ მას შემდეგ საპენსიო ასაკმა ხუთი წლით მოიმატა. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა იკლებს, ანუ მცირდება მარჩენალთა რიცხვი და იზრდება დახმარების მიმღებთა რიცხვი. ამიტომ, როგორც უნდა მოინდომოს სახელმწიფომ და რაც უნდა ჰუმანური პოლიტიკა წარმართოს, მას არ შესწევს უნარი, დღეს მოქმედი საპენსიო მოდელით, სრულად და ღირსეულად დააკმაყოფილოს ჩვენი პენსიონერების კეთილდღეობა.

2014 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური დანიშნულების თანხები ორჯერ და მეტად აღემატება ათი წლის წინანდელი ბიუჯეტის მთლიან შემოსავლებს. ამის მიუხედავად, დღეს პენსიონერები ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფია, მაშინ როცა, მაგალითად, აშშ-ში პირიქით, ყველაზე უზრუნველყოფილი 45 წელს გადაცილებულები არიან. ამერიკაში 65 წლის ასაკის მოსახლეობაში სიღარიბის დონე ორჯერ და მეტად უფრო დაბალია, ვიდრე სიღარიბის საშუალო მაჩვენებელი. რაც უფრო ასაკოვანია ამერიკელი, მით უკეთესია მისი კეთილდღეობა და შემოსავალი. ამიტომ, დაგროვებითი საპენსიო რეფორმით ადამიანებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, სანამ შრომის უნარი შესწევთ, უზრუნველყოფილ სიბერეზე იზრუნონ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ხელი დაიბანოს ყველა პენსიონერის შენახვისგან, პენსია, რომელიც დღეს რეალურად სოციალური შემწეობის სახით არსებობს, უნდა შენარჩუნდეს.

თანხას, რომელიც საპენსიო ფონდებში შევა, საინვესტიციო დანიშნულება მიეცემა და პენსიაზე გასვლის მომენტისთვის, მოქალაქის პენსიის სიდიდეს განსაზღვრავს არა მხოლოდ მისი ფაქტობრივი შენატანები, არამედ ის მოგებაც, რასაც საპენსიო ფონდები მიიღებენ. ფონდებმა კი ფული უნდა დააბანდონ დაბალი რისკის მქონე, მაგრამ მომგებიან საქმეში. სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური მდგრადობა ერთ-ერთი მთავარი გარანტი უნდა იყოს იმისა, რომ ადამიანმა დანაზოგი ასეთ საპენსიო ფონდებს ანდოს".
gulnazi.zhizhiashvili@mail.ru
03 ნოემბერი 2013 16:40
მე ვერ გავიგე ახალგასრდობა სამსახურს ეზებს და ვერ სოულობს, გამეზიტ პასუხი პენსია როგორვუნდა მოაგროივოს, მე მგონი ეს კანონი პარლამენტარებისტვის იქნება
გიო
30 ოქტომბერი 2013 15:57
მაძღარ მთავრობას მშიერი ხალხის ბედი არ ადარდებს. თვითონ ათობით ათასები აქვთ, ფუფუნებაში ცხოვრობენ და მათთვის სხვისი ჭირი ღობს ჩხირია. არც არავის დაბსახურებას დაგიდევენ არაფრად, არც მდგომარეობას. აბა, რომელ ქვეყანაშია ასეთი გათანაბრებული პენსიები, თანაც ასე დაბალი? ბიუროკრატია თავისთვის წერს კანონებს და როცა პენსიაზე გავლენ ესენი, სულ სხვა პენსია მიიღებენ. ამოიღეთ ყველა პენსინერმა ხმა, იქნებ გააგებინოთ, რომ სამართლიანობა არაა ამ სფეროში ტავს რომ სამართლიანობსთვის დენენ ვითომ!
v....
30 ოქტომბერი 2013 12:46
კი,მაგრამ მე რომ 55 წელი ვიმუშავე სკოლაში და არ ვიცი რომელ წლამდე , მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში მიკავებდნენ ეგრეთწოდებულ საპენსიო ფონდისთვის 1 პროცენტს,არ დაგროვდა არაფერი?რატომა მაქვს ის მათხოვრული პენსია, რომელსაც ყველა იღებს, 1 დღეც რომ არ უმუშავია!სირცხვილია ბოლოსდაბოლოს.წუხელ ინგა გრიგოლიამ 3-ჯერ გაუმეორა კითხვა ფინანსთა მინისტრ ხადურს და სამჯერვე უპასუხა, თურმე საარსებო მინიმუნი 146 ლარი ყოფილა და 4 ლარსაც კი თურმე ზედმეტად გვაძლევს ე.ი.გვამადლის კიდეც.ის მაინცა სთქვას, ჯერ მეტი საშუალება არა გვაქვს და ჩვენც ვფიქრობთო.თვითონ რაღაცა წაიმუშავა და რამდენი ათასი მარტო პრემია აიღო.დიდი ხნის ნამოღვაწართა პენსია მაინც განასხვავეთ რაღაცით, რომ შეურაცხუოფილნი არ წავიდეთ აქედან.

რედაქტორის რჩევით