მაღალი ფასი ვაშლის ექსპორტს აბრკოლებს - კვირის პალიტრა

მაღალი ფასი ვაშლის ექსპორტს აბრკოლებს

კვების პროდუქტის გადამმუშავებელი მრეწველობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დარგად არის მიჩნეული. ევროპელი სპეციალისტებიც გვირჩევენ, აქცენტი სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტზე გავაკეთოთ, განსაკუთრებით, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე. მით უმეტეს, ქართული ხილი და ბოსტნეული გემრიელი და უსაფრთხოა, ცხადია, ეს ვაშლზეც ითქმის. შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოდან რუსეთში თხილის, ციტრუსის, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და კომშის შეტანა გახდა შესაძლებელი. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ამ გადაწყვეტილებას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა. ჩვენ დავინტერესდით, რა ვითარებაა დღეს ამ სფეროში.

ზურაბ ლიპარტია (სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი): - 14 ოქტომბრიდან რუსეთის ბაზარი გახსნილია ნებისმიერი სახეობის ქართული ხილისთვის, მათ შორის, ვაშლისთვისაც. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა იმ კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებსაც ხილი ექსპორტით გააქვთ. ამ ეტაპზე რუსეთში ვაშლის ფასი მაღალი არ არის. გადაწყდა პროდუქციის მაცივრებში შენახვა და რუსულ ბაზარზე წინასაახალწლოდ გატანა. სრულიად სხვა ვითარებაა ციტრუსის ბაზარზე. რუსეთში ძალიან პოპულარულია ქართული ციტრუსი, ამიტომ მუშაობა მსხვილ შეკვეთებზე მიმდინარეობს.

საკმაოდ მაღალია მოთხოვნებიც: პროდუქცია ხარისხიანი უნდა იყოს, დიდი ყურადღებით ამოწმებენ პესტიციდების რაოდენობასა და ბოლო წამლობის ვადას, საიდანაც მოსავლის აღებამდე 20-30 დღე უნდა იყოს გასული. ყოველივე ამას საგულდაგულოდ ამოწმებს "როსსელხოზნადზორი". თუ პროდუქტში მავნე ნივთიერებების დოზირება დარღვეული იქნება, მას ქსელიდან ამოიღებენ.

ბოლო წლებში ვაშლის ბაღების ფართობი შემცირდა, თუმცა უკვე ევროპულ ჯიშებზეა ორიენტაცია აღებული. არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობს. მათ შორის უნდა დასახელდეს ფირმა "ჰიპი", რომელსაც ქართული ხილისგან დამზადებული პროდუქცია ევროპის ქვეყნებშიც გააქვს. ვმუშაობთ, რომ ვაშლის წარმოებითა და ექსპორტით ბიზნესი დაინტერესდეს და ეს სფერო უფრო მომგებიანი გახდეს.

ვახტანგ ბეჟიტაშვილი (კომპანია "ფრუტილიას" დამფუძნებელი): - სამი წელია, ხილი ექსპორტით გაგვაქვს - ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ციტრუსი, ატამი. სოფლის მეურნეობა წლების განმავლობაში იყო მიტოვებული, ვაშლის ძველი ნარგავები გაიჩეხა და მათი ექსპლუატაციის ვადაც ამოიწურა. საბჭოეთისდროინდელი ბაღები ზოგს შენარჩუნებული აქვს, ზოგს არა, ახალი ჯიშების გაშენება კი სამი-ოთხი წლის დაწყებულია. ეს ჯიშები უფრო ნაყოფიერია და უფრო ხარისხიან პროდუქციას იძლევა. აზერბაიჯანი, ბელორუსი, უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი - ვაშლი ძირითადად ამ ქვეყნებში, დსთ-ის სივრცეში გაგვაქვს. დაახლოებით 100 ტონა საადრეო ვაშლი უკვე გავიტანეთ ყაზახეთში, თუმცა ძალიან დაბალი, 5-ცენტიანი მოგების მარჟით. დსთ-ის ქვეყნების ბაზრებზე საკმაოდ პოპულარულია პოლონეთისა და მოლდავეთის ვაშლი, ვაშლი აქვს აზერბაიჯანსაც და რუსეთსაც. სამწუხაროდ, ქართული პროდუქცია ძვირია და კონკურენციას ვერ უძლებს: ფერმერები 1 კგ კარგ ვაშლს საშუალოდ, 1,5 ლარად გვიფასებენ. ამას შეფუთვისა და ტრანსპორტირების ხარჯიც ემატება. გამზადებულ და შეფუთულ ვაშლს პოლონეთსა და მოლდავეთში 60, მაქსიმუმ, 70 ცენტად მანქანაში გიტვირთავენ, ხოლო თურქეთის მთავრობა 10 ცენტს იხდის თითოეული კილოგრამი ვაშლის გატანისთვის. საქართველოში კი 80 ცენტი მარტო მეპატრონეს უნდა გადაუხადო, 10 ცენტზე მეტი შეფუთვაზე მიდის, მუშახელიც ხომ საჭიროა დასატვირთად და საბოლოო ფასი 1 დოლარს სცილდება. ბუნებრივია, ამ პირობებში ქართული ვაშლი კონკურენტუნარიანი ვერ იქნება.

- ელოდებით ვითარების შეცვლას?

- ყველაფერი ფასებზეა დამოკიდებული. თუ ვაშლის ფასი 1 ლარამდე მაინც ჩამოვა, რუსეთშიც გავიტანთ. ამ სეზონზე რუსულ ბაზარზეც აქვთ საკუთარი ვაშლი, შედის ევროპიდანაც, ამიტომ ჩვენ ალბათ დეკემბრიდან დავიწყებთ ვაშლის გატანას. თუ აქაური ფასი საშუალებას მოგვცემს, სულ ცოტა, 1 ათას ტონას მაინც გადავიტანთ, შეიძლება 2 ათას ტონამდეც ავიდეთ.

თუ რუსეთის ბაზარზე დავმკვიდრდებით, ვაშლის და საერთოდ, ხილის გაყიდვა პრობლემა აღარ იქნება. წლების განმავლობაში ეს დარგი უკან წავიდა. მართალია, ვაშლის ახალი ჯიშები ბევრმა ფერმერმა გააშენა, მაგრამ დღეს მხოლოდ ათამდე კომპანია ოპერირებს. გამოსავალი ახალი ჯიშების გაშენებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაშია: მეწარმეს 10-20-ჰექტარიანი ფართობები რომ ექნება და თან ახალ ჯიშებს გააშენებს, მეტ მოსავალს მოიყვანს. როგორც კი რაოდენობა გაიზრდება, დაიკლებს ფასიც. აუცილებელია, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, სამაცივრე სისტემების მოგვარება პროდუქციის შესანახად. ორი-სამი წლის წინ გლეხებს მოსავალი ულპებოდათ და სტიმული დაიკარგა. ერგნეთის ბაზრობიდანაც გაჰქონდათ და ის რომ დახურეს, ზოგმა ბაღები გაჩეხა, ზოგმა აღარ მოუარა და დღეს ქართლში იმდენი ვაშლი აღარ არის, რამდენიც ადრე იყო. თუმცა პერსპექტივა, რომ ხილის ბიზნესი ერთ-ერთ წამყვან ბიზნესად იქცეს, არსებობს. თუ სახელმწიფოც ჩადებს თანხას და რუსულ ბაზარსაც ავითვისებთ, უკვე ბევრი იფიქრებს ვაშლის მოყვანაზე. ევროპის ბაზრის სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებთ, თურქეთის ბაზარი გამორიცხულია, ამიტომ ისევ დსთ-ში უნდა ვცადოთ პროდუქციის გატანა და ბაზარზე დამკვიდრება.

ხათუნა ჩიგოგიძე