შინაურ ავტოიმპორტიორს "შენდობა" არ აქვს - კვირის პალიტრა

შინაურ ავტოიმპორტიორს "შენდობა" არ აქვს

სხვა ქვეყნებში ხელშეწყობის საპირისპიროდ, ავტომობილით მოვაჭრეებს პრობლემები საქართველოში აქვთ

2013 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს საიმპორტო პროდუქციაში მსუბუქი ავტომობილები კვლავ მეორე ადგილზეა $516 მილიონით (მთელი იმპორტის 9%), ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა ($512 მილიონი) ავტომობილების რეექსპორტმაც. ავტოიმპორტიორები კი იმ პრობლემებზე საუბრობენ, რაც მათ ბიზნესს წინა ხელისუფლებიდან ერგოთ. არაერთი მიმართვის მიუხედავად, მათ დახმარებას არც მოქმედი ხელისუფლება ჩქარობს. ავტოიმპორტიორები შიშობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ზარალის გამო საქმიანობის შეწყვეტა მოუწევთ.

თეიმურაზ ბაღდადაშვილი (ავტოიმპორტიორი): "ჩვენი ქვეყნის გარდა, ქართველ ავტოიმპორტიორებს ყველგან ხელს გვიწყობენ. ავიაკომპანიებმა შეღავათებიც კი დაგვიწესა: ავტოტურის ბილეთი გაცილებით იაფი ღირს. ყოველ 30-35 ათას კილომეტრზე ყველა უცხოური ავიაკომპანია ერთ ბილეთს უფასოდ გვაძლევს. გერმანიისა და ჰოლანდიის საელჩოებმა ჩვენთვის შემოიღეს 6-თვიანი და 1-წლიანი ვიზებიც, ახლა უკვე 3-წლიანიც. სხვა საელჩოებმაც იგივე გააკეთეს, ჩვენებმა კი საზღვარზე საიდენტიფიკაციო კამერებისა და ახალი მრგვალი ბეჭდის შემოღების გარდა, არაფერი მოიმოქმედეს.

სხვათა შორის, ევროპაში ყველგან ოთხკუთხედი ბეჭედია და პასპორტის ერთ გვერდზე ათი ბეჭედი ეტევა, ჩვენი კი - მხოლოდ ექვსი. მრგვალი ბეჭედი მხოლოდ თურქეთს აქვს და ისიც უფრო მცირე ზომის. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ პასპორტი რაც შეიძლება ხშირად აგვეღო და დამატებით 100 ლარი გადაგვეხადა.

ყველა ავიაკომპანიისთვის სასურველი მგზავრები ვართ, 5-15 ავტოიმპორტიორი ყველა რეისზეა, რომელიც თბილისიდან ევროპისკენ მიფრინავს. გერმანიის თითქმის ყველა დიდ ქალაქში მოწესრიგებულია დახვედრის, დაბინავებისა და სხვადასხვა მომსახურების სერვისები, სადაც მრავალი ადამიანია დასაქმებული.

ყველა ვსარგებლობთ ხელმისაწვდომი ფასის (15-30 ევრო) სასტუმროებით, შევდივართ მაღაზიებში, სადაც პროდუქტი იაფია... არსად არავითარი პრობლემა არ გვექმნება, რადგან ევროპელებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ჩვენზეა დამოკიდებული არაერთი ბიზნესი და მრავალი სამუშაო ადგილი.

ძირითადად ორი მარშრუტით ვმოძრაობთ - ზღვით (იტალია, საბერძნეთი, თურქეთი), სადაც გემის ყოველი მე-5 ბილეთი ჩვენთვის უფასოა. ხმელეთით კი აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებზე (ჩეხეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი) დაახლოებით 2300-2600 კმ-ს გავდივართ. ამ ქვეყნების ეკონომიკაშიც შეგვაქვს მცირე წვლილი, რადგან ვიხდით გზის გადასახადს, ვასხამთ საწვავს, ვიკვებებით, ვისვენებთ, ვსარგებლობთ ავტოპროფილაქტიკით. პრობლემას არც იქ ვაწყდებით.

ავტომობილების ნაწილის შეკეთება, საქართველოში შემოსვლამდე, თურქეთში ხდება. ყოველდღე საშუალოდ 40-50 მანქანა ჩერდება სამსუნსა და ტრაპიზონში. მსუბუქ ავტომობილს შესაკეთებლად საშუალოდ 1-3 დღე სჭირდება, მიკროავტობუსს - 5-7 დღე, ხარჯებიც, შესაბამისად, 200-400 ევრო და 300-700 ევროა. ვჩერდებით თურქეთის სასტუმროებში, შევდივართ კვების ობიექტებში, ვსარგებლობთ ტელეფონით, სხვა მომსახურებით. ამიტომ თურქეთის მოქალაქეები - ხელოსნები, სასადილოს, სასტუმროს მეპატრონეები კმაყოფილი არიან ჩვენთან თანამშრომლობით. თურქი ხელოსნები მანქანებს "პოსლეზეც" გვიკეთებენ. საშუალოდ, ყოველდღიურად ე.წ. "პერეგონშიკები" 10-15 ათას ევროს ხარჯავენ ამ ორ ქალაქში, თუმცა ავტოიმპორტიორები თურქეთის სხვა ქალაქებშიც ჩერდებიან. რამე პრობლემა არც იქ გვექმნება.

ჩვენი პრობლემები სარფის საბაჟოზე იწყება. თურქეთის მოქალაქეების, ვიზიტიორების თუ ტურისტების რიგში 3-5 საათი გვიწევს დგომა. საბუთების კომპიუტერული დამუშავებისა და გაფორმების შემდეგ მებაჟე გვაფრთხილებს, რომ მანქანის განსაბაჟებლად 45 დღე გვაქვს. ეს ვადა წელიწად-ნახევრის წინ 20-დღიანი იყო და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა, განმეორებითი შემთხვევისთვის - 200 ლარს და კიდევ სხვა მრავალ სანქციას. ამიტომაც მოეწყო ავტოიმპორტიორების მომსახურება თურქეთშივე, საზღვრის გადმოკვეთამდე, რაშიც ფული დღესაც იდება.

ხმელეთით შემოყვანილი ავტომობილების დიდ ნაკადს ემატება იაპონიიდან, ევროპიდან, ამერიკიდან გამოგზავნილი მანქანები, რომლებსაც ასევე სჭირდება სასაქონლო სახის მიცემა. აქაური ხელოსნების სიზარმაცის თუ შესაბამისი კვალიფიკაციის არქონის (ცხადია, ეს ყველას არ ეხება), აგრეთვე შეკვეთების დაგროვების გამო, მსუბუქი ავტომანქანის მომზადებისთვის (თუნუქის, სამღებრო და ტექნიკური სამუშაოები) 10-20 დღეა საჭირო, მიკროავტობუსისთვის კი 20-30 დღე და განბაჟების ვადაც იწურება.

ამიტომაც ურჩევნია ავტოიმპორტიორს ავტომობილის თურქეთში შეკეთება. თურქი ხელოსნები მდიდრდებიან, ადგილობრივები კი... კანონები, რომელიც "ნაციონალებმა" მოიგონეს, ჩვენს ერთად შეყრასა და გატყავებას ემსახურებოდა და სამწუხაროდ, დღემდე ასეა. მართალია, 20-დღიანი განბაჟების ვადა 45 დღემდე გაგვიზარდეს, სამაგიეროდ, დაამატეს კონტროლის ზონა ტერმინალის სახით. ანუ, 45-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ არსებობს განბაჟების დროის გახანგრძლივების პერიოდი - პირველი ხუთი დღე 20 ლარი ღირს დღეში, დანარჩენ დღეებზე კი 10 ლარი. საერთო ჯამში კი ეს ვადა 45 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. შემდეგ კი თუ მანქანას არ განაბაჟებ, სავალდებულოა ტერმინალზე მისი გადაყვანა. არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი განბაჟებულ ავტომობილებს არ ყიდულობს, ყაზახებიც არ ყიდულობდნენ. შესაბამისად, დღეს ტერმინალი ავტომობილებით გადავსებულია.

კონტროლის ზონა ანუ ტერმინალი ჩვენთვის სასაფლაოა - შესვლა 15 ლარი ღირს, ყოველდღე ავტომობილის გაჩერებისთვის 7 ლარის გადახდა გვიწევს. მოგებით მანქანის გაყიდვა შეუძლებელია, რადგან ხარჯები ძალიან გაზრდილია. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს როგორც ჩვენს საქმიანობაზე, ასევე ჯიბეზე. ასობით მეწარმეს თვეების განმავლობაში უწევს მანქანის მოვლა-შენახვა. პლუს ამას, თუ მიკროავტობუსის ტვირთამწეობა 1500 კგ-ს არ აღემატება, განბაჟებისას სავალდებულოა შეფასება, რომელსაც მხოლოდ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები აკეთებენ. ჩვენი სახელმწიფო არ ითვალისწინებს გერმანიის ავტომაღაზიებსა და კერძო პირებთან შტამპით დამოწმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, ხელმოწერითა და ტელეფონის ნომრით, რომელიც სავალდებულო წესით აღირიცხება გერმანიის საელჩოში. ექსპერტები წინასწარ შედგენილი ცხრილით, მანქანის შეუმოწმებლად, ორმაგად და სამმაგად გვიფასებენ ავტომობილებს, რათა განსაბაჟებლად რაც შეიძლება მეტი ფული გადავიხადოთ. დაჩქარებული წესით გაწეული მომსახურებისთვის კი სავალდებულოა 160 ლარის გადახდა. შესანიშნავი "ფულის საჭრელი საამქრო" ჰქონდათ გახსნილი "ნაციონალებს", რადგან ეს ზედმეტი რგოლია, რომლის ფუნქციებს კარგად ასრულებდნენ მანამდე და თუ ახალი ხელისუფლების ნება იქნება, მომავალშიც შეასრულებენ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ოფიცრები.

დღეს ავტომობილებით ვაჭრობის წილი ეკონომიკაში ძალიან დიდია, ეს დიდი შემოსავალია ჩვენი ქვეყნისთვის, ამ საქმით დაკავებული მეწარმეების 99% კი უმძიმეს მდგომარეობაში ვართ და კრიზისს ვუახლოვდებით. ავტოიმპორტიორები იძულებული არიან, მანქანების რეექსპორტი მოახდინონ, რაც $200-მდე ჯდება - ნახევარი დოკუმენტაციის მოწესრიგებას სჭირდება, $100-ს კი აზერბაიჯანის მოქალაქეს უხდი, რომელსაც ვითომდა ავტომობილი მიჰყიდე. შემდეგ კი ისევ უკან შემოგვყავს და განბაჟების ვადის ათვლა თავიდან იწყება.

ეს სისტემა შესანიშნავად ჰქონდათ დარეგულირებული ბალტიისპირეთის ქვეყნებს, სანამ ევროკავშირის წევრები გახდებოდნენ. საზღვარზე მანქანის საბუთების კომპიუტერული დამუშავების შემდეგ, ავტომობილის ძირითად საბუთზე შტამპს ურტყამდნენ ბეჭედთან ერთად, სადაც აღნიშნული იყო, რომ ავტომობილი გასაყიდია და იხდიდნენ $100-ის ეკვივალენტს, ამის შემდეგ გაყიდვამდე არავითარი სანქციის დაწესების უფლება არ ჰქონდათ - რა თქმა უნდა, ავტომობილს არ უნდა ემოძრავა. ყველაფერს აკეთებდნენ თავისი მოქალაქეების ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ათასობით ავტომობილი გაჰყავდათ რუსებსა და შუა აზიის მოქალაქეებს ბალტიისპირეთიდან.

თქვენი დახმარებით მინდა მივმართო ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს, მთავრობას, სასწრაფოდ შეიმუშაონ ახალი მიდგომა და ფორმა ამ დარგისთვის, რათა ნორმალურ პირობებში მუშაობის შესაძლებლობა მოგვეცეს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკასა და ჩვენი ოჯახების ბიუჯეტში".