"მომარაგების წყვეტა კლიენტს დაგაკარგვინებთ"
28-10-2013
"მომარაგების წყვეტა კლიენტს დაგაკარგვინებთ"
15 წლის წინ ე.წ. ელიავას ბაზრობაზე დაწყებულ ბიზნესს დღეს 800 კვმ-იანი შოურუმი აქვს, - გადაცემა "ბიზნესფაილმა" შპს "პეანს" უმასპინძლა, რომელიც ბაზარზე "კაფელის სახლის" სავაჭრო ნიშნით არის ცნობილი.

ლევან რატიანი ("კაფელის სახლის" იმპორტის მენეჯერი): "იმ დროს, 15 წლის წინ, მოსაპირკეთებელი მასალის არჩევანი და ასორტიმენტი საქართველოში ძალიან მწირი იყო. შესაბამისად, გაჩნდა იდეა, ასეთი პროდუქციის იმპორტი დაგვეწყო. მაშინ თითქმის ყველაფერი თურქეთიდან შემოდიოდა, მათ შორის კაფელ-მეტლახიც. ჩვენც გაკვალულ გზაზე გავლა ვარჩიეთ და პირველი პროდუქცია
თურქეთიდან ჩამოვიტანეთ - ეს იყო კერამიკული მოსაპირკეთებელი მასალა, რომელზეც იმ დროს მოთხოვნა იყო ადგილობრივ ბაზარზე, რათა დიდი რისკები აგვეცილებინა თავიდან. ყველაფერს ე.წ ელიავას ბაზრობაზე ვყიდდით. დროთა განმავლობაში ბაზრის განვითარებამ და მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის ზრდამ წარმოქმნა აუცილებლობა, გაგვეზარდა პროდუქციის ასორტიმენტი, გაგვემდიდრებინა კერამიკული ფილების ფერთა გამა და
უფრო ხარისხიანი პროდუქცია შემოგვეტანა. დღეს მსოფლიოში ესპანეთი და იტალიაა მიჩნეული ყველაზე ხარისხიანი კერამიკული ფილების მწარმოებლებად და ჩვენც ესპანური პროდუქცია ავირჩიეთ, რადგან, ფასის თვალსაზრისით, ის უფრო მორგებულია ქართველ მომხმარებელზე.

საინტერესოა, რომ კომპანიის განვითარებასთან ერთად, იზრდებოდა მომხმარებლის მოთხოვნებიც. მასალის შემოტანისას დღეს უკვე ვითვალისწინებთ არა მხოლოდ ხარისხსა და ფერთა მრავალფეროვნებას, არამედ მოდურ ტენდენციებს, რათა დროულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მოთხოვნებს.

სპეციფიკა ამ ბიზნესსაც აქვს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დამწყებმა მოთამაშემ. მაგალითად, ესპანეთიდან მოსაპირკეთებელი მასალის ტრანსპორტირებისთვის საშუალოდ ერთი-ორი თვეა საჭირო. წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ, რომელი სახეობის პროდუქცია რამდენი გაიყიდება. შესაძლოა, მსხვილი დამკვეთი გამოჩნდეს და ერთი სახეობის მოსაპირკეთებელი ფილა დიდი რაოდენობით შეისყიდოს. ამიტომ, უნდა შეძლო, რომ პროდუქციის მიწოდებისას წყვეტა არ გქონდეს, თორემ თუ გაჩერდი და კიდევ ერთი-ორი თვე ახალი პარტიის შემოტანას დაელოდე, ხარჯიც გემატება და სამომავლოდ მომხმარებელსაც კარგავ.

ასორტიმენტის გაზრდის შემდეგ ბუნებრივად გაჩნდა მოთხოვნა, ეს ყველაფერი უფრო კომფორტულ სავაჭრო გარემოში წარმოგვედგინა. ასე გაჩნდა "კაფელის სახლი" ქავთარაძის #27-ში. შოურუმის ფართობი მომხმარებელსა და ასორტიმენტთან ერთად იზრდებოდა და დღეს 800 კვმ-ზე, კერამიკული ფილების გარდა, წარმოდგენილია სააბაზანო აქსესუარებისა და სახლის ინტერიერ-ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალა. დიდი არჩევანი მეტ ფართს საჭიროებს. გარდა კაფელ-მეტლახისა, მრავალი მომხმარებლის თხოვნით, შოურუმში ადგილი მალე სამზარეულო ტექნიკასა და ავეჯს დაეთმობა. ასეთი დაკვეთა გასაგებიც არის, მომხმარებელს სურს, სახლის რემონტისა თუ მშენებლობისთვის აუცილებელი პროდუქციის სრული ასორტიმენტი ერთ, კომფორტულ სივრცეში იხილოს".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით