ხუდონჰესი უნდა აშენდეს, მაგრამ ასე არა! - კვირის პალიტრა

ხუდონჰესი უნდა აშენდეს, მაგრამ ასე არა!

ჰიდრორესურსები ეროვნულ სიმდიდრედ უნდა გამოცხადდეს

ჰიდრორესურსების მარაგით, ნორვეგიის შემდეგ, საქართველო მეორეა ევროპაში. ნორვეგიას თავისი ჰიდრორესურსების 80% უკვე ათვისებული აქვს, რაც მისი თვალსაჩინო ეკონომიკური წინსვლისა და სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. ჩვენი ჰიდრორესურსების მარაგი კი მხოლოდ 10%-ითაა ათვისებული და სწორედ ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზეა ბევრად დამოკიდებული საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ფინანსური სტაბილურობა.

საქართველოს ჯერჯერობით არ აქვს ეკონომიკის განვითარებისა და მასთან ერთობლიობაში, ენერგეტიკის განვითარების ეკონომიკური კონცეფცია. "ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი ეკონომიკური "კონცეფციის" წყალობით - "ყველაფერი იყიდება ნამუსის გარდა" - ქვეყანაში დასრულდა არსებული ენერგეტიკული ობიექტების მუქთად გაყიდვის პრივატიზაციად წოდებული პროცესი. მაგალითად, "ენერგოპრომ" $72 მილიონად შეისყიდა ლაჯანურჰესი, რიონჰესი, გუმათჰესი, შაორჰესი, ძევრულაჰესი, აწჰესი, რომელთა საერთო სიმძლავრე 362 მეგავატია და, სულ ცოტა, $500 მილიონი ღირს, ხოლო 170 მეგავატი სიმძლავრის ვარციხეჰესი, რომლის ღირებულებაც, სულ მცირე, $300 მილიონია, $45 მილიონად გაიყიდა.

ჰიდროელექტროსადგურების "წარმატებულად" პრივატიზების შემდეგ, აქტიურად დაიწყო ჰიდრორესურსების გაყიდვა, რასაც ინვესტიციების მოზიდვას უწოდებდნენ. სამწუხაროდ, ნაციონალური ხელისუფლების დაწყებული პროცესი დღესაც გრძელდება.

ახალი ჰესების მშენებლობას არავითარი კავშირი არ აქვს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობასა და ეროვნულ ინტერესებთან, ხოლო არსებული გეგმა ქვეყნის ბუნებრივი რესურსების ძარცვის გეგმაა, რომლითაც ქვეყნის სიმდიდრე, მოსახლეობის კეთილდღეობა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა კერძო ბიზნესინტერესებს ეწირება. საჭიროა ამ პროცესის სასწრაფოდ შეჩერება, რადგან საკუთარი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების გაყიდვა იგივეა, რომ გაყიდო საკუთარი სახლი და შემდეგ მთელი ცხოვრება მასში მდგმურად იცხოვრო.

სამწუხაროა, რომ საზოგადოების ინტერესი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მხოლოდ ეკოლოგიური კუთხით იფარგლება, ხოლო ეკონომიკური მხარე ყურადღების მიღმა რჩება.

ეკოლოგიური პრობლემები, რა თქმა უნდა, აქტუალურია, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს ჰესების მშენებლობის შეჩერების მიზეზი. მაგალითად, ხუდონჰესი უნდა აშენდეს, მაგრამ არსებული პროექტის მიხედვით მისი აშენება დაუშვებელია. აუცილებელია, რომ როგორც დიდი, ასევე მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰესების მშენებლობისას მოიძებნოს ის შუალედი, როცა ელექტროსადგურის მუშაობით მიღებული სიკეთე ბევრად აღემატება ბუნებაზე უარყოფით გავლენას.

უპირველესი საკითხი, რომელიც საზოგადოების მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, ჩვენი ჰიდრორესურსების კუთვნილების საკითხია. მთავრობა ვალდებულია, საზოგადოებას დასაბუთებულად აუხსნას, რატომ უნდა გაიყიდოს ქვეყნის ჰიდრორესურსები.

რატომ მიაჩნიათ, რომ ინვესტორის მიერ აშენებული ხუდონჰესი მეტ ეკონომიკურ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, ვიდრე სახელმწიფოს მიერ აშენებული. რატომ უნდა წავიდეს ჩვენი ჰიდრორესურსების, ეკოლოგიის გაუარესებისა და მოსახლეობის მიგრაციის ხარჯზე ხუდონჰესიდან მიღებული სიკეთის 80% ვიღაც "ინვესტორის" ჯიბეში და არა სახელმწიფოს ბიუჯეტში?

ჰიდრორესურსების გასხვისების არგუმენტად ვერ გამოდგება მტკიცება, რომ სახელმწიფოს ჰიდრორესურსების ასათვისებლად ფული არ აქვს და ვერც მოიძიებს - ენერგეტიკა, პირველ რიგში კი ჰიდროენერგეტიკა, ყველაზე მიმზიდველი და დაბალრისკიანი საინვესტიციო მიმართულებაა. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის სახსრების მოძიება, როცა არსებობს სრული გარანტია, რომ ამუშავების შემდეგ მიღებული მოგებიდან ვალი დაიფარება, სახელმწიფოს არ უნდა გაუჭირდეს.

სწორედ ამიტომ იბადება კითხვა, საიდან გაჩნდა ხუდონჰესის მშენებლობის ინვესტორი, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია "ტრანს ელექტრიკა", რომლის დამფუძნებლებიც ცნობილი ინდოელი და უცნობი ქართველი ბიზნესმენები ყოფილან - როდესაც ჯერ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ხოლო შემდეგ - მსოფლიო ბანკი მზად იყო, მთლიანად დაეფინანსებინა ხუდონჰესის მშენებლობა და მისი მესაკუთრე სახელმწიფო ყოფილიყო.

ქვეყნის ჰიდროენერგეტიკის მომავალზე მსჯელობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების, პირველ რიგში, ნორვეგიის გამოცდილება, რომელიც კლასიკური ჰიდროენერგეტიკული ქვეყანაა. ნორვეგიაში მოქმედებს 24 ათასი მეგავატი სიმძლავრის 826 ჰიდროელექტროსადგური, რომლებიც წლიურად გამოიმუშავებენ საშუალოდ 18 ათას მეგავატს საათში. ჰესების 55% რეგიონული მუნიციპალიტეტების საკუთრებაა, 30% ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო კომპანია შტატკრაფტ-ს და მხოლოდ 15%-ია კერძო საკუთრებაში. ქვეყნის ერთიანი ელექტროსისტემა ეკუთვნის ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ კომპანია შტატნეტტ-ს.

ნორვეგიის კანონმდებლობით, ქვეყნის ჰიდროენერგორესურსები ეროვნულ სიმდიდრედ არის გამოცხადებული და უცხოელ კომპანიებს ამ სფეროში მუშაობა ეკრძალებათ. ცხადია, ნორვეგიას ვერავინ დასწამებს, რომ ის კერძო საკუთრების ან საბაზრო ეკონომიკის წინააღმდეგია. მათი გადაწყვეტილება - ქვეყნის ჰიდრორესურსების სახელმწიფო საკუთრებაში დატოვება - ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

დროა, ქვეყანაში დასრულდეს ნეოლიბერალური იდეოლოგიის ბატონობა და ის, რაც ხალხს ეკუთვნის, ხალხის სამსახურში ჩადგეს. აუცილებელია, შეიქმნას ჰიდროენერგეტიკის სახელმწიფო კომპანია, რომლის განკარგულებაშიც შევა ქვეყნის მთელი ჰიდრორესურსების მარაგი, დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, და რომელიც გახდება ქვეყანაში ელექტროენერგიის ძირითადი მწარმოებელი კომპანია.

პარადოქსია, მაგრამ დღეს ჰიდროენერგეტიკის სფერო არ წარმოადგენს საბიუჯეტო შემოსავლების წყაროს. ის ჯერაც სახელმწიფოს დოტაციაზეა და მხოლოდ კერძო კომპანიების გამდიდრებას ემსახურება.

აუცილებელია შემუშავდეს ჰიდროენერგეტიკის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა და მასთან მჭიდრო კავშირში - ქვეყნის მრეწველობისა და ეკონომიკური განვითარების კონცეფცია. ჰიდროენერგეტიკა უნდა გახდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილური საბიუჯეტო შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო.

სანამ არ იქნება მიღებული, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ენერგეტიკის განვითარების სახელმწიფო კონცეფცია, რომელსაც კანონის ძალა ექნება, ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უნდა შეწყდეს.

არჩილ ქავთარაძე