ერთი ნაბიჯი სტაბილურობისკენ
04-11-2013
ერთი ნაბიჯი სტაბილურობისკენ
ორხელისუფლებიანობა დასრულდა - კიდევ რა უშლის ხელს ეკონომიკის აღმავლობას

ბოლოდროინდელი ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების შემცირება, გარკვეულწილად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებულ ორხელისუფლებიანობას უკავშირდებოდა. ხშირად იმასაც გაიგონებდით, რომ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას პრეზიდენტი სააკაშვილი აფრთხობდა. რას ელიან ბიზნესსა და ეკონომიკაში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ და გახდება თუ არა სტიმული ბიზნესისთვის აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოლიტიკურ ძალთა ჭიდილის დასრულება?

ლევან კალანდაძე (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში): "სამწუხაროდ, ეს იგივე რიტორიკაა, რასაც ხელისუფლებაში მოსვლის დროს სააკაშვილი თავის წინამორბედზე ამბობდა. პიროვნებები არ
აფრთხობენ ინვესტორებს, ინვესტორებს აფრთხობს პოლიტიკა, რომელსაც ესა თუ ის ხელისუფლება წარმართავს. ინვესტიციების შემცირების მიზეზებიც სწორედ ამ პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ. მთავარია სწორი დიაგნოზი დავსვათ, რა განაპირობებს ქვეყანაში არასასურველ ეკონომიკურ გარემოს. სხვა საკითხია, რატომ არის მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუარესებული და ამ თვალსაზრისით, რატომ არის საქართველო ჯერ კიდევ არამიმზიდველი
უცხოელი ინვესტორებისთვის. ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის მოხსნა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა, რომ როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ინვესტორების ნდობა გაიზარდოს და გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყანაში უსაფრთხო და პროგნოზირებადი ბიზნესგარემო შეიქმნას. მთავარი სამოტივაციო ფაქტორი ინვესტორისთვის სტაბილურობის განცდაა, რომ მის დაბანდებულ ინვესტიციას არაფერი დაემუქრება. მოქმედ ხელისუფლებას კი შეექმნა ილუზია, რომ მხოლოდ პრემიერის განცხადება - ბიზნესი თავისუფალია და მის საქმიანობაში ხელისუფლება არ ერევაო - პროგრესისთვის საკმარისი პირობა იქნებოდა. სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო სტაბილურობის განცდა სხვადასხვა მიზეზით. ჯერ გაჩნდა კითხვები ინფრასტრუქტურულ, რეგიონულ პროექტებთან, შემდეგ კი პრემიერის განცხადებაზე პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. ბიზნესმა ვერ გაიგო, ვის ხელში რჩებოდა აღმასრულებელი ხელისუფლება.

საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან შევა და ეს ბიზნესმა ძალიან კარგად იცის, პრეზიდენტის ფუნქცია ქვეყანაში ნომინალურია, მთავარი ფაქტორი მთავრობაა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის მუდმივად ამბობდა, რომ კოაბიტაციის თემა ერთგვარი ბარიერი, შემაფერხებელი ფაქტორია ეკონომიკური წინსვლისთვის, მაგრამ მერწმუნეთ, ასე არ არის. მთელი აღმასრულებელი ბერკეტები მთავრობას ჰქონდა და 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტად აქვს. იმისთვის, რომ მშპ-ის ზრდის ტემპი შენელდა, შემცირდა დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის თვალსაზრისით ხელშესახები ცვლილებები არ არის, არ მიუღიათ ის კანონები, რომელთა შესახებ წინასაარჩევნოდ მიაწოდა გზავნილები ამ ხელისუფლებამ საზოგადოებას, პასუხი მხოლოდ მოქმედ ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ. იყო დაპირება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესზე ორიენტირებული საკანონმდებლო ბაზა ჩამოყალიბდებოდა. ვინ უშლიდა ხელს ხელისუფლებას, რომ საგადასახადო კოდექსში გაეჩინა რეალური მცირე ბიზნესის ცნება და გაემარტივებინა მცირე ბიზნესისთვის დაბეგვრის რეჟიმი? ვინ უშლიდა ხელისუფლებას ანტიმონოპოლიური რეგულირების შემოღებას? ჩემი აზრით, ხელისუფლება უშვებს შეცდომებს კონცეპტუალურ ნაწილში.

მან აირჩია მკვეთრად მემარცხენე ორიენტაცია, რომელსაც სოციალისტური ელფერი დაჰკრავს. ასეთივე ელფერი აქვს ბიუჯეტსაც, რეგულაციებსაც და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსაც, მთელი პოლიტიკა უნდა იყოს ორიენტირებული ბიზნესის განვითარებაზე. თუ ბიზნესს განვითარების შესაძლებლობას არ მივცემთ, მაშინ ტყუილად ნუ გვექნება იმედი, რომ საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება და ნუ გაგვაკვირვებს, რომ სახელმწიფო ვალი წლეულს 1 მილიარდ 300 ათასი დოლარით იმატებს".

* * *
გამოკითხვა

"მარჯვნივ, თუ მარცხნივ?"საით მიჰყავს ეკონომიკა ახალ ხელისუფლებას


ირაკლი იაშვილი ("ისტ გეიტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე):
"ბოლო ოცწლეულში იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ, რადგან სულ დაძაბულ რეჟიმში ვცხოვრობდით. ეკონომიკა ვერ გაჩერდებოდა, რაღაცნაირად უნდა გვემუშავა და ეს იმუნიტეტიც გვაქვს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გვსურს, პოლიტიკური არასტაბილურობა გაგრძელდეს. ეს პირველი ნაბიჯი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად გაიმართა ნამდვილი არჩევნები, წონიანი დადებითი სიგნალია სამომავლო სტაბილურობისთვის, მაგრამ ერთი არჩევნები საკმარისი არ არის, ეს უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც სისტემა. ბიზნესამყარო, ეკონომიკა, ცხადია, ამ ყველაფერს ყურადღებით ადევნებს თვალს, გვაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი წარმოდგენა და შეხედულება ექნება ეკონომიკაზე ხელისუფლებას - იმოქმედებს მემარჯვენე პრინციპებით, თუ მემარცხენე პოზიციების გამტარებელი იქნება და სახელმწიფო დახმარებებსა და სუბსიდიებს განახორციელებს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ჯერჯერობით ეს არ არის გამოკვეთილი.

რაღაც ნაბიჯები იდგმება მემარჯვენე მიმართულებით, გვაქვს მემარცხენე ნაბიჯების მაგალითებიც სოციალურ სექტორში. მე ჯერ თავადაც ვერ გავერკვიე, საით მიჰყავს ეკონომიკა ახალ ხელისუფლებას. როცა ამას დავინახავ, მერე ჩემთვის ადვილი იქნება გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება. საშუალოვადიან პროგნოზებზე საუბარი ამ პირობებშიც შეიძლება, დროა ვიფიქროთ გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობაზე. მთავარია, კანონმდებლობა ყოველ წამს ისევ არ იცვლებოდეს, იყოს პარიტეტული დამოკიდებულება ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. პირველი სწორი პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგა, ახლა მთავარია, ეკონომიკაშიც გადაიდგას ასეთი სწორი ნაბიჯები და დავინახოთ, როგორ ხედავს ახალი მთავრობა საქართველოს ახალ ეკონომიკას".

თემურ ჭყონია ("კოკა-კოლის ბოტლერს ჯორჯიას" პრეზიდენტი): "ის, რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილი აკეთებს სამოქალაქო სექტროში გადასვლით, უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში. ის, ფაქტობრივად, ადამიანებს ეუბნება, რომ ქვეყნის განვითარება მათ ჭკუაზე, ენერგიასა და ძალაზე იქნება დამოკიდებული და არა პრემიერსა და პრეზიდენტზე.

ჩემი აზრით, აქამდე ბრძოლა მიმდინარეობდა პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად, ახლა კი მუშაობა გაგრძელდება ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
რაც შემეხება მე, როგორც ბიზნესმენს, არასდროს არავისგან არავითარი მოლოდინი არ მქონია. ჩემი მოლოდინი არის ჩემი ჭკუა, ენერგია, ჩემი გუნდი, ვისთან ერთადაც ვმუშაობ. არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, ვინც ელოდება, როდის შეიცვლება მთავრობა. ამას რომ ველოდო, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ამასობაში დავბერდები".

ირაკლი გურჩიანი ("ტოიოტა ცენტრის" პრეზიდენტი): "ნამდვილად არ გახლავართ წინა მთავრობის მებაირაღე, მაგრამ დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ერთადერთი, ცოცხებით არ დაგვდევენ და ეგ არის. ბიზნესგარემო გიორგი მარგველაშვილის მოსვლა-წასვლით არ იცვლება. ამ ქვეყანაში სამართლიანობა არ დამკვიდრებულა და რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ისევ ისინი "გულაობენ" და არიან კოაბიტაციაში, ვინც დაგვაწიოკა და გაგვასწორა მიწასთან. დღეს საქართველოში ბიზნესი მკვდარია. 300-400 ათასი ადამიანია, ვისაც წინა ხელისუფლების დროს ქონება წაართვეს, ფაქტობრივად, დააყაჩაღეს. ეს ის ადამიანები არიან, ვინც საქმეს აკეთებდა და ქვეყნის ეკონომიკას ქმნიდა. ეს ხალხი დღეს გაკოტრებულია და ბიზნესი ვინ უნდა გააკეთოს? მცირე სუპერმარკეტებმა და ჯიხურებმა? ბიზნესის მეორე ნაწილი, ვინც ნაციონალებთან იყო შეკრული, თავის ფულს "ასხედან". გამოდის, რომ ჩვენ ახლა დუხჭირ სახელმწიფოში ვცხოვრობთ..."
გია
11 ნოემბერი 2013 17:11
ისე საინტერესოა ეს ამდენი ქონება საიდან იშოვნეთ? არ მითხრათ ახლა პატიოსანი შრომითო,არ მომკლათ სიცილით. ქარის მოტანილის ამბავი ხომ იცით, წაიღო უკვე.
ისე კი ვართ ღირსი,ეს ჩვენზე ახეული ქონება, რაც წაგართვათ მიშამ,ისევ ჩვენ,ხალხს აგვახიო,სამართლიანობის აღდგენის პრინციპით და ... გავკარი ასეთ სამართლიანობას.
glaxuna
09 ნოემბერი 2013 23:55


ირაკლი გურჩიანი ...
,,...ვისაც წინა ხელისუფლების დროს ქონება წაართვეს, ფაქტობრივად, დააყაჩაღეს. ეს ის ადამიანები არიან, ვინც საქმეს აკეთებდა და ქვეყნის ეკონომიკას ქმნიდა...,,

2003 წლამდე საქართველოს ეკონომიკა არსებობდა ?!...და მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტი , 800 მლიონი რატომ იყო?!!!... ან პენსია მხოლოდ 15 ლარი,ან მუდმივი სეკვესტრები ...

ესეც დაგვიკონკრეტე...ისე ობიექტურობისათვის...
apa!
05 ნოემბერი 2013 22:12
ნოემბრიდან ახალი ხელისუფლება დგება უმწვავესი პრობლემის წინაშე - ამიერიდან ვიღას გადააბრალოს თავის უნიათობა და ბიუჯეტში უზარმაზარი გარღვევა?!!

თუმცა ჭკვიანი კაცი აქაც იპოვის გამოსავალს. ცოტა დავფიქრდეთ და აი, მიზეზი, სულო ჩემო, აი, მიზეზი:

ევრიკა, შალვა ნათელაშვილი! აი, ვინ შეგვიშლის ხელს მწვერვალების დაპყრობაში!

რედაქტორის რჩევით